არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიცოცხლისთვის აუცილებელი შაქრები

სიცოცხლისთვის აუცილებელი შაქრები

სიცოცხლისთვის აუცილებელი შაქრები

შაქარი — მას, ალბათ, ყავისა და სხვა სასმელების დასატკბობად ან ნამცხვრის გამოსაცხობად იყენებთ. მაგრამ იცოდით თუ არა, რომ შაქარმა შეიძლება ისეთივე რევოლუცია მოახდინოს ბიოლოგიაში, როგორიც დნმ-ს აღმოჩენამ?

ბოლო დროს მეცნიერები იკვლევდნენ იმას, თუ როგორ იყენებენ უჯრედები ისეთ მარტივ შაქრებს, როგორიცაა მაგალითად გლუკოზა, გიგანტური მოლეკულების ასაშენებლად, «რომლებიც თავისი ზომითა და სირთულით დნმ-სა და პროტეინებს უტოლდება, — ნათქვამია ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“. — შაქრები თითქმის ყველა ბიოლოგიურ პროცესში მონაწილეობენ: ისინი პოულობენ პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ხელს უწყობენ სისხლის შედედებას, ასევე მომწიფებულ კვერცხუჯრედში სპერმატოზოიდის შეღწევას». ამავე დროს, მათ სინთეზში არსებული დეფექტები ხშირად ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორიცაა კუნთთა დისტროფია და რევმატოიდული ართრიტი. «ბიოლოგები ახლა ეცნობიან ამ შაქრების მოქმედებას, — ნათქვამია „ნიუ საიენტისტში“, — და უკვე ხედავენ იმის აუცილებლობას, რომ გადაამოწმონ თავიანთი ადრინდელი შეხედულებები სიცოცხლის „ფუნქციონირების“ შესახებ».

ტერმინ „გენომის“ მსგავსად, რომელშიც გენების კომპლექსი იგულისხმება, უჯრედის შედგენილობაში შემავალი თუ მთელ ორგანიზმში არსებული შაქრების ერთობლიობის აღსანიშნავად მეცნიერებმა შემოიღეს ტერმინი „გლიკომი“. თუმცა კი, უნდა აღინიშნოს, რომ უჯრედის გლიკომი, „როგორც ჩანს, გენომზე ათასჯერ უფრო რთულია“, — ამბობს კალიფორნიის (სან-დიეგო, აშშ) უნივერსიტეტთან არსებული გლიკობიოლოგიის სასწავლო და კვლევითი ცენტრის დირექტორი, აჯიდ ვარკი. რატომ არის გლიკომი ასეთი რთული?

უჯრედის შიგნით მარტივი შაქრები — მონოსაქარიდები — ერთმანეთთან ბმის შედეგად ქმნიან პოლისაქარიდებს. ისინი კი, თავის მხრივ, ქმნიან გიგანტურ მოლეკულებს, რომლის შედგენილობაშიც შეიძლება მარტივი შაქრების 200-ზე მეტი საყრდენი ერთეული შედიოდეს. სამგანზომილებიანი მოლეკულური სტრუქტურის გამო, რაც მონოსაქარიდების ფუნქციონირებაში უდიდეს როლს ასრულებს, „მოლეკულა, რომელიც სულ რაღაც ექვსი საყრდენი ერთეულისგან შედგება, შეიძლება 12 მილიარდი სტრუქტურით წარმოგვიდგეს!“ — ნათქვამია „ნიუ საიენტისტში“.

მეცნიერების ამ ახალი დარგის — გლიკობიოლოგიის — მკვლევარების წინაშე აღმართული ურთულესი პრობლემების აღწერისას ბ-ნმა ვარკიმ თქვა: «ისეთი გრძნობა გვაქვს, თითქოს ახლახან აღმოგვეჩინოს ჩრდილოეთ ამერიკა. ახლა მზვერავთა ჯგუფები გვყავს გასაგზავნი იმის დასადგენად, თუ რამდენად დიდია ეს „კონტინენტი“».

აშკარაა, რომ ცოცხალი უჯრედის შიგნით არსებული ურთულესი მექანიზმები უდიდეს სიბრძნეზე მეტყველებს. ამ ფაქტზე დაფიქრების შედეგად ბევრს მოწიწების ღრმა გრძნობა ეუფლება. თქვენც მსგავსი გრძნობა ხომ არ გიჩნდებათ? (გამოცხადება 4:11).