არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კრისტის ღვთის სიყვარული ვასწავლეთ

კრისტის ღვთის სიყვარული ვასწავლეთ

კრისტის ღვთის სიყვარული ვასწავლეთ

ჩვენი ქალიშვილი, კრისტი, 1977 წელს მოევლინა ქვეყანას. ცოტა ხანში ექიმმა თავზარდამცემი ამბავი გვაცნობა: კრისტი სმენის სერიოზული დაზიანებითა და ცერებრული დამბლის იოლი ფორმით დაიბადა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ რა ძალიან შეცვლიდა ეს ჩვენს ცხოვრებას.

რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემი მეუღლე, გარი, და მე ქალაქ მელბურნში (ავსტრალია) დავესწარით სპეციალურ გაკვეთილებს, სადაც ვისწავლეთ, როგორ დაგვემყარებინა ურთიერთობა ჩვენს პატარასთან და როგორ აღგვეზარდა. აგრეთვე მელბურნში მივაკითხეთ აკუსტიკის ეროვნულ ლაბორატორიას, სადაც ათი თვის კრისტის შეურჩიეს შესაფერისი პაწაწინა სასმენი მოწყობილობები. მას არ მოსწონდა ისინი და ჩავუდებდით თუ არა პატარა ყურებში, მაშინვე იძრობდა მათ. ამასთანავე კრისტის სპეციალური ჩამოსაკიდით უნდა ეტარებინა მოწყობილობების აკუმულატორები, რომლებიც მისთვის საკმაოდ მძიმე იყო.

ცერებრული დამბლის გამო კრისტის ძალიან უჭირდა სიარულის სწავლა. ამიტომ საჭირო გახდა, ყოველკვირა გვეტარებინა ფიზიოთერაპევტთან. სამი წლის კრისტიმ თავისით გაიარა, თუმცა თავდაპირველად ხშირად ვარდებოდა. ფიზიოთერაპია მას ხუთი წლის განმავლობაში უტარდებოდა. ამასობაში გადავედით ახლომდებარე ქალაქ ბენალაში, სადაც გარიმ თავისი ბიზნესი განაგრძო.

კრისტის განათლება

ყრუ-მუნჯ ბავშვთა მასწავლებელმა გვითხრა, რომ კრისტის სპეციალური სასწავლო კურსის გავლა სჭირდებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ საცხოვრებლად უნდა გადავსულიყავით სხვა ქალაქში, ბენდიგოში, სადაც ყრუ-მუნჯთა სკოლა იყო გახსნილი. მაშინ მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ. ამიტომ, სანამ სკოტი არ დაიბადა და ხუთი თვის არ გახდა, ბენდიგოში ვერ გადავედით. ამ დროს კრისტი უკვე ოთხი წლის იყო. ბენდიგოს საავადმყოფოში ის ყოველკვირა დაგვყავდა მეტყველების დეფექტის სამკურნალოდ, რაც ათი წელი გაგრძელდა. ჟესტების ენის შესწავლა მე და გარიმაც დავიწყეთ.

ყველაზე მეტად კრისტის სულიერ განათლებაზე ვფიქრობდით. ვინაიდან მე და გარი იეჰოვას მოწმეები ვართ, გადავწყვიტეთ, კრისტი „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ აღგვეზარდა (ეფესელთა 6:4). მაგრამ როგორ უნდა გაგვეკეთებინა ეს? კრისტის სკოლის დირექტორმა გვითხრა: „ღვთის შესახებ რამის სწავლება კრისტისთვის ძალიან რთული იქნება. თქვენ ვერ ხედავთ ღმერთს და როგორ ასწავლით მასზე?“ მართლაც რთული ამოცანის წინაშე აღმოვჩნდით! მალე მივხვდით, რომ კრისტისთვის ამის სწავლებას მეტი დრო, ცოდნა და მოთმინება დასჭირდებოდა.

თავიდან სურათებსა და სქემებს ვიყენებდით და კრისტის შეძლებისდაგვარად უბრალო ენით ვუხსნიდით. ის ქრისტიანულ შეხვედრებსა და სამქადაგებლო მსახურებაშიც დაგვყავდა, თუმცა არ ესმოდა, რა ხდებოდა. როცა ჟესტების ენას დაეუფლა, მან სრულიად ახალი სამყარო აღმოაჩინა. მიუხედავად ამისა, ბიბლიაში იყო უამრავი სიტყვა, გამოთქმა და ცნება, რომელთა ახსნაც ძალიან გვიჭირდა. მისი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი იყო „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ *, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის არის დაწერილი. ფერადი ილუსტრაციები — იმ სქემების ჩათვლით, რომლებიც ჩვენ გავაკეთეთ — ფასდაუდებელი აღმოჩნდა. თანდათანობით ღვთის სიყვარულმა კრისტის გულში ფესვები გაიდგა.

კრისტის სკოლის დირექტორმა გაგვაცნო სხვა მოწმეები, რომლებსაც ყრუ-მუნჯი ბავშვები ჰყავდათ. ჩვენთვის დიდი აღმოჩენა იყო, როდესაც ამ მოწმეებმა აგვიხსნეს, თუ როგორ შეეძლოთ ყრუ-მუნჯებს ექადაგათ მათთვის, ვისაც მშვენივრად ესმოდა. ქადაგების ერთ-ერთი მეთოდი ის იყო, რომ ხალხისთვის შეეთავაზებინათ ბარათი, რომელზეც ბიბლიური ცნობა იყო დაბეჭდილი. ასე რომ, როცა კრისტი მზად იქნებოდა სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გასაზიარებლად, ამას ადვილად გააკეთებდა! 14 წლის კრისტი მოუნათლავი მაუწყებელი გახდა, 1994 წელს კი, როცა 17 წლის იყო, მოინათლა.

მიუხედავად იმისა, რომ კრისტის სრულფასოვანი ურთიერთობა სჭირდებოდა, უჭირდა იმათთან დამეგობრება, ვინც ყრუ-მუნჯი არ იყო. ამიტომ მე და გარიმ დავიწყეთ ჟესტების ენაზე გაკვეთილების ჩატარება ჩვენი კრების იმ წევრებისთვის, რომლებიც ყრუ-მუნჯების დახმარებით იყვნენ დაინტერესებულები. ზოგმა, რომლებიც ჩვენს გაკვეთილებს ესწრებოდნენ, მოგვიანებით თარჯიმნადაც დაიწყო მუშაობა. მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბევრმა მათგანმა, ვისაც ჟესტების ენა ვასწავლეთ, ძალიან სასიამოვნო ურთიერთობა დაამყარა კრისტისთან. ქრისტიანულ კრებებსა და კონგრესებს ახლა უფრო მეტი სარგებლობა მოაქვს კრისტისთვის. ამჟამად ის უფრო აქტიურად მონაწილეობს მათში. კრისტი ძალიან მადლიერია იმ სიყვარულისა და ყურადღების გამო, რომელსაც და-ძმები მის მიმართ ავლენენ.

ერთხელ კრისტიმ გაგვანდო თავისი სურვილი, რომ პიონერად ანუ სრული დროით სურდა მსახურების დაწყება. გარი დაეხმარა მას მართვის მოწმობის აღებასა და ზოგიერთი სხვა საკითხის მოგვარებაში, რის შემდეგაც, 1995 წელს, კრისტი პიონერად დაინიშნა. 2000 წელს მან საშუალო სკოლაში ნახევარგანაკვეთიანი სამსახურიც იშოვა. აქ ის ყრუ-მუნჯ ბავშვებს ასწავლის.

ამჟამად კრისტი, გარი, სკოტი და მე პიონერებად ვმსახურობთ. გვიხარია, რომ შეგვიძლია დრო დავუთმოთ ხალხისთვის იეჰოვას შესახებ ჭეშმარიტების სწავლებას!

‘ჩვენი გულის წადილი’

კრისტის მდგომარეობა ყველას განუწყვეტლივ გვიქმნის სირთულეებს. ხანდახან, ქრისტიანული მსახურების დროს, არავინაა, ვინც გადათარგმნის მის ნათქვამს, ამიტომ ვერავის უზიარებს თავის აზრებსა და გრძნობებს. ის ამბობს: „ამ დროს ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ყველა სხვა ენაზე ლაპარაკობს“. მიუხედავად ამისა, ყველამ ვისწავლეთ, როგორ მოვერგოთ მის სიტუაციას.

ნუგეშს ფსალმუნების 36:4-ში ვპოულობთ, სადაც წერია: „ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულისწადილს“. კრისტის სანუკვარი ოცნებაა, რომ მუსიკისა და ბუნების ხმები მოისმინოს და ბგერების საშუალებით ესაუბროს საყვარელ ადამიანებს. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა კრისტი ჩემს ხმას გაიგონებს. გვწამს, რომ ჩვენი გულის წადილი მალე აგვიხდება, რადგან ამას ბიბლია გვპირდება (ესაია 35:5). (გამოგზავნილია).

[სქოლიო]

^ აბზ. 8 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 14 გვერდზე]

წლისა და ორი თვის კრისტი „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ ხელში.

[სურათი 15 გვერდზე]

კრისტი ბარათის მეშვეობით გადასცემს სასიხარულო ცნობას.

[სურათი 15 გვერდზე]

ფორბზების ოჯახი დღეს — სკოტი, კრისტი, გარი და ჰეადერი.