არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სად შეიძლება ჰპოვოთ ნამდვილი იმედი?

სად შეიძლება ჰპოვოთ ნამდვილი იმედი?

სად შეიძლება ჰპოვოთ ნამდვილი იმედი?

მაჯის საათი გაგიჩერდათ; როგორც ჩანს, გაფუჭებულა. როდესაც მისი შეკეთება დააპირეთ და ეძებთ, ვის მიმართოთ, თქვენ წინაშე ფართო არჩევანი იშლება. ყოველი მხრიდან აწყდებით სარეკლამო განცხადებებს, რომლებიც ძალიან დამაჯერებლად ჟღერს; აქედან ზოგი ურთიერთგამომრიცხავიც კია. მაგრამ როგორ მოიქცევით, თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენს მეზობლად ცხოვრობს ოსტატი, რომელმაც წლების წინ სწორედ რომ თქვენი საათის მოდელი შეიმუშავა? გარდა ამისა, იგებთ, რომ ის მზადაა სრულიად უსასყიდლოდ შეგიკეთოთ საათი. ძნელი მისახვედრი არაა, ვისზეც შეაჩერებთ არჩევანს.

ახლა შეადარეთ ეს საათი იმედთან. თუ აღმოაჩენთ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს მცხოვრები უამრავი ხალხის მსგავსად თქვენც კარგავთ იმედს, ვის შეიძლება მიმართოთ დახმარებისთვის? უამრავი ადამიანი აცხადებს, რომ შეუძლია პრობლემის გადაჭრა, მაგრამ ის ურიცხვი რჩევები, რომლებსაც ისინი იძლევიან, შეიძლება დამაბნეველი და ურთიერთსაპირისპიროც კი იყოს. ამიტომ, განა გონივრული არ იქნებოდა, რომ პირველ რიგში მიგვემართა მისთვის, ვინც შექმნა კაცობრიობა და ადამიანებს იმედის უნარი მისცა? ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის „შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“ და ძალიან სურს ჩვენი დახმარება (საქმეები 17:27; 1 პეტრე 5:7).

იმედის უფრო ფართო განსაზღვრება

ბიბლია უფრო ვრცელ და ფართო განსაზღვრებას აძლევს იმედს, ვიდრე ექიმები, მეცნიერები და ფსიქოლოგები. „იმედად“ ნათარგმნი სიტყვები, რომლებსაც ბიბლიაში დედნისეულ ენაზე ვხვდებით, მოუთმენლად ლოდინსა და კარგის მოლოდინს ნიშნავს. იმედი, ძირითადად, ორ ფაქტორს მოიცავს. მასში შედის რაღაც კარგის წადილი და საფუძველი იმისა, რომ ამ კარგი რამის შესრულების გვჯეროდეს. ბიბლიური იმედი მხოლოდ ოცნება არ არის. ის დამაჯერებელ ფაქტებსა და მტკიცებებს ეყრდნობა.

ამ მხრივ, იმედი ჰგავს რწმენას, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს მტკიცებებზე, და არა მიმნდობლობაზე (ებრაელთა 11:1). თუმცა, ბიბლია რწმენასა და იმედს ერთმანეთისგან განასხვავებს (1 კორინთელთა 13:13).

ილუსტრაციისთვის: როდესაც რაიმე თხოვნით მიმართავთ ახლო მეგობარს, ალბათ იმედოვნებთ, რომ დაგეხმარებათ. თქვენი იმედი არ არის უსაფუძვლო, რადგან გჯერათ თქვენი მეგობრის — კარგად იცნობთ მას და გახსოვთ, როგორი სიკეთითა და დიდსულოვნებით იქცეოდა ის ადრე. თქვენი რწმენა და იმედი ერთმანეთთან კავშირშია, ერთიმეორისგან გამომდინარეობს კიდეც, მაგრამ, ამავე დროს, განსხვავდება. როგორ შეიძლება, რომ ღვთისაც ასე გჯეროდეთ და მისი იმედი გქონდეთ?

იმედის საფუძველი

ღმერთი ნამდვილი იმედის წყაროა. ბიბლიურ დროში იეჰოვას „ისრაელის იმედს“ უწოდებდნენ (იერემია 14:8). ნებისმიერი რეალური იმედი, რომელიც მის ხალხს ჰქონდა, მისგან მომდინარეობდა; ამიტომ, ის იყო მათი იმედი. ასეთი იმედი უბრალო ოცნება არ ყოფილა. ღმერთმა მათ იმედის მტკიცე საფუძველი მისცა. საუკუნეების განმავლობაში მათთან ურთიერთობისას იეჰოვამ დაანახვა თავის ერს, რომ ის ყოველთვის ასრულებდა დანაპირებს. ისრაელის წინამძღოლმა იესო ნავეს ძემ ხალხს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „შეიცანით . . . რომ არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა ყველა იმ სასიკეთო სიტყვიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს“ (იესო ნავეს ძე 23:14).

ათასწლეულების შემდეგაც ეს ფაქტი ფაქტად რჩება. ბიბლიაში ბევრგან ვხვდებით ღვთის საოცარ აღთქმებს; ბიბლია, ასევე, სავსეა მათი შესრულების ზუსტი ისტორიული ჩანაწერებით. ღვთის წინასწარმეტყველური აღთქმები იმდენად სანდოა, რომ ზოგჯერ ისინი ისეა გადმოცემული, თითქოს წინასწარმეტყველების წარმოთქმის დროს უკვე შესრულებული ყოფილიყოს.

ამიტომ, ბიბლიას შეიძლება იმედის წიგნი ვუწოდოთ. თუ ადამიანებისადმი ღვთის მოპყრობას გაეცნობით, უფრო მეტი საფუძველი გაგიჩნდებათ იმისათვის, რომ ღვთის იმედი იქონიოთ. პავლე მოციქული წერდა: „ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელთა 15:4).

რის იმედს გვაძლევს ღმერთი?

ყველაზე მეტად როდის ვგრძნობთ იმედის აუცილებლობას? განა იმ დროს არა, როცა სიკვდილს ვუყურებთ თვალებში? ბევრს ამ მომენტში — როდესაც, მაგალითად, სიკვდილი საყვარელ ადამიანს ართმევს — იმედზე თითქმის აღარც ეფიქრება. მართლაც, განა არსებობს სიკვდილზე უიმედო რამ? ის თითოეულს ულმობლად მოგვდევს ფეხდაფეხ. ჩვენ მხოლოდ მისი გადავადება შეგვიძლია, უკუგდება კი არ ძალგვიძს. ბიბლია, მართლაც რომ, მართებულად უწოდებს სიკვდილს „უკანასკნელ მტერს“ (1 კორინთელთა 15:26).

როგორ შეგვიძლია იმედის პოვნა სიკვდილთან პირისპირ დგომისას? ბიბლიურ მუხლში, რომელიც სიკვდილს უკანასკნელ მტერს უწოდებს, აგრეთვე ნათქვამია, რომ ის „მოისპობა“ (აფ). იეჰოვა ღმერთი სიკვდილზე ძლიერია. მან ეს მრავალი შემთხვევის დროს დაამტკიცა. როგორ? მიცვალებულების აღდგენით. ბიბლიაში აღწერილია ცხრა შემთხვევა, როდესაც ღმერთმა თავისი ძალა მკვდრებისთვის სიცოცხლის დასაბრუნებლად გამოიყენა.

ერთი ღირსშესანიშნავი შემთხვევის დროს იეჰოვამ თავის ძეს, იესოს, იმის ძალა მიანიჭა, რომ აღედგინა საყვარელი მეგობარი, ლაზარე, რომელიც უკვე ოთხი დღის მკვდარი იყო. იესომ ეს გააკეთა არა საიდუმლოდ, არამედ აშკარად, დამსწრეთა დიდი ჯგუფის წინ (იოანე 11:38—48, 53; 12:9, 10).

შეიძლება გაიკვირვოთ: „რატომ იყვნენ აღდგენილი ეს ხალხი? ხომ მოხუცდნენ და ბოლოს მაინც ისევ მოკვდნენ?“. ეს მართლაც ასე იყო. მაგრამ, ამგვარი სანდო მონათხრობები აღდგომის შესახებ გვარწმუნებს, რომ შეგვიძლია ვიქონიოთ არა უბრალოდ სურვილი იმისა, რომ ჩვენი საყვარელი მიცვალებულები კვლავ დაბრუნდნენ, არამედ გვაქვს საფუძველი რწმენისა, რომ ეს მართლაც ასე იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ რეალური იმედი გვაქვს.

იესომ თქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“ (იოანე 11:25). სწორედ მას მისცემს იეჰოვა მიცვალებულების აღდგენის ძალას და იესო ამას გლობალური მასშტაბით გააკეთებს. იესომ თქვა: „მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესო ქრისტეს] ხმას მოისმენენ . . . [და] გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). მართლაც, ყველასთვის, ვისაც სამარეში სძინავს, არსებობს აღდგომის იმედი სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე.

წინასწარმეტყველმა ესაიამ აღდგომის ეს ამაღელვებელი სურათი შემდეგი სიტყვებით აღწერა: «გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები! გამოიღვიძეთ და ილხინეთ, მტვრის ბინადარნო, რადგან ცისკრის ცვარი შენი ცვარია, და მიწა აჩრდილებს [„დიდი ხნის მკვდრებს“, „ახალი ინგლისური ბიბლია“] დაბადებს» (ესაია 26:19).

განა ეს მანუგეშებელი არაა? დედის საშვილოსნოში დაცული ჩვილის მსგავსად, მიცვალებულები ყველაზე უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. ისინი, ვინც სამარეში განისვენებს, შესანიშნავად არიან დაცული ყოვლისშემძლე ღვთის უსაზღვრო მეხსიერებაში (ლუკა 20:37, 38). მალე ღმერთი მათ გააცოცხლებს და ისინი იცხოვრებენ ბედნიერ მსოფლიოში, სადაც მათ ელიან მსგავსად იმისა, როგორც ელის ახალშობილს მოყვარული ოჯახი! ასე რომ, სიკვდილის საშიშროების დროსაც კი არსებობს იმედი.

როგორ შეიძლება იმოქმედოს თქვენზე იმედმა

პავლე ბევრს გვასწავლის იმედის ძალაზე. ის ლაპარაკობდა იმედზე, როგორც მეომრის სულიერი აღჭურვილობის მნიშვნელოვან ნაწილზე — მუზარადზე (1 თესალონიკელთა 5:8). რას გულისხმობდა ის ამით? ბიბლიურ დროში მეომარს ბრძოლის დროს ნაბდის ან ტყავის ქუდის ზემოდან ეხურა ლითონის მუზარადი. ამ მუზარადის წყალობით თავის არეში მიყენებული დარტყმების უმეტესობა, რომლებსაც მეომრის მოკვლა შეეძლო, უბრალოდ ისხლიტებოდა. რის ჩვენება უნდოდა პავლეს? ისევე როგორც მუზარადი იცავს თავს, იმედი იცავს გონებასა და აზროვნებას. თუ ღვთის დანაპირებების შესრულების მტკიცე იმედი გაქვთ, გაჭირვების ჟამს თქვენს სულის სიმშვიდეს ვერ დაარღვევს პანიკური შიში ან სასოწარკვეთილება. რომელ ჩვენგანს არ სჭირდება ასეთი მუზარადი?

ღვთის ნებასთან დაკავშირებული იმედის თაობაზე პავლემ სხვა ცოცხალი მაგალითი გამოიყენა. ის წერდა: „[იმედი] ჩვენი სულისათვის არის ღუზასავით სანდო და მტკიცე“ (ებრაელთა 6:19). გემის დაღუპვის დროს არაერთგზის გადარჩენილ პავლეს ძალიან კარგად ესმოდა ღუზის ფასი. ქარიშხლის დროს მეზღვაურები ღუზას უშვებენ. ფსკერს მოჭიდებული და დაჭიმული ღუზის წყალობით გემმა შეიძლება შედარებით უსაფრთხოდ გადაიტანოს ავდარი და გადაურჩეს ქარიშხალს, რომელსაც ის შეიძლება ნაპირისკენ გაეტაცა და კლდეზე მიენარცხებინა.

მსგავსად ამისა, თუკი ღვთის აღთქმები ჩვენთვის „სანდო და მტკიცე“ იმედია, ეს იმედი გადაგვატანინებს ამ მშფოთვარე დროის ქარტეხილებს. იეჰოვა გვპირდება, რომ მალე დადგება დრო, როდესაც კაცობრიობას აღარ გასტანჯავს ომები, დამნაშავეობა, მწუხარება და სიკვდილიც კი (იხილეთ ჩარჩო მე–10 გვერდზე). ამ იმედზე ჩაჭიდება უბედურებისგან დაგვიცავს და მოგვცემს სტიმულს, რომელიც გვჭირდება ღვთის ნორმების შესაბამისად ცხოვრებისთვის და იმისთვის, რომ არ დავნებდეთ დღევანდელ მსოფლიოში გავრცელებულ ქაოსურ და უზნეო სულისკვეთებას.

იმედი, რომელსაც იეჰოვა გვთავაზობს, პირადადაც გეხებათ. ღმერთს უნდა, რომ გაიხაროთ ისეთი სიცოცხლით, როგორიც ჩაფიქრებული აქვს თქვენთვის. მისი სურვილია, რომ «ყველა [„ყველანაირი“, აქ] ადამიანი გადარჩეს». როგორ? უპირველეს ყოვლისა, თითოეულმა უნდა „მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:4). ამ ჟურნალის გამომცემლებს სურთ, წაგახალისონ იმისკენ, რომ შეიძინოთ ეს სიცოცხლის მომცემი შემეცნება ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებიდან. იმედი, რომელსაც ღვთისგან ამგვარად მიიღებთ, ბევრად აღემატება ნებისმიერ იმედს, რომელიც შეიძლება ამ ქვეყნიერებამ შემოგთავაზოთ.

ასეთი იმედით თქვენ არასოდეს იგრძნობთ თავს უმწეოდ, რადგან ღმერთს შეუძლია მოგცეთ ძალა, რომელიც მის ნებასთან შეთანხმებული ნებისმიერი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ (2 კორინთელთა 4:7; ფილიპელთა 4:13). განა ასეთი იმედი არ გჭირდებათ? ამიტომ, თუ იმედი გესაჭიროებათ, თუ ეძებთ მას, გამხნევდით. იმედი არსებობს. თქვენ შეგიძლიათ ჰპოვოთ ის!

[ჩარჩო/სურათი 10 გვერდზე]

იმედის საფუძველი

ეს ბიბლიური აზრები იმედს განგიმტკიცებთ:

ღმერთი ბედნიერ მომავალს გვპირდება.

მის სიტყვაში ნათქვამია, რომ მთელი დედამიწა სამოთხედ იქცევა და ადამიანები მასზე ბედნიერ, გაერთიანებულ ოჯახად იცხოვრებენ (ფსალმუნები 36:11, 29; ესაია 25:8; გამოცხადება 21:3, 4).

შეუძლებელია, ღმერთმა იცრუოს.

მას სიცრუის ყველა ფორმა სძულს. იეჰოვა უსაზღვროდ წმინდაა, ამიტომ ტყუილის თქმა მისთვის წარმოუდგენელია (იგავები 6:16—19; ესაია 6:2, 3; ტიტე 1:2; ებრაელთა 6:18).

ღმერთს უსაზღვრო ძალა აქვს.

მხოლოდ იეჰოვაა ყოვლისშემძლე. სამყაროში ვერანაირი ძალა ვერ შეაკავებს მას თავისი ნების შესრულებისგან (გამოსვლა 15:11; ესაია 40:25, 26).

ღმერთს სურს, რომ მარადიულად იცოცხლოთ.

(იოანე 3:16; 1 ტიმოთე 2:3, 4).

ღმერთი იმედით გვიყურებს.

მას სურს, ყურადღება მიაქციოს არა ჩვენს შეცდომებსა და ნაკლოვანებებს, არამედ კარგ თვისებებსა და მისწრაფებებს (ფსალმუნები 102:12—14; 129:3; ებრაელთა 6:10). ის იმედოვნებს, რომ სწორად მოვიქცევით და სიამოვნებს, როცა ასე ვიქცევით (იგავები 27:11).

ღმერთი დახმარებას აღგვითქვამს მის ნებასთან შეთანხმებული მიზნების მიღწევაში.

მის მსახურებს არა აქვთ იმის საფუძველი, რომ თავი უმწეოებად იგრძნონ, რადგან ღმერთი გულუხვად აძლევს მათ უძლიერეს ძალას — თავის სულიწმიდას (ფილიპელთა 4:13).

ღვთის იმედი ამაო არასოდეს იქნება.

ღმერთი აბსოლუტურად სანდოა, ის არასოდეს გაგიცრუებთ იმედს (ფსალმუნები 24:3).

[სურათი 12 გვერდზე]

ისევე როგორც მუზარადი იცავს თავს, იმედი იცავს გონებას.

[სურათი 12 გვერდზე]

ღუზის მსგავსად, მტკიცე იმედს შეუძლია სიმტკიცე მოგვანიჭოს.

[საავტორო უფლება]

Courtesy René Seindal/Su concessione del Museo Archeologico Regionale A. Salinas di Palermo