არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უძველესი ფიცი თანამედროვე მნიშვნელობით

უძველესი ფიცი თანამედროვე მნიშვნელობით

უძველესი ფიცი თანამედროვე მნიშვნელობით

დაახლოებით ძვ. წ. 400 წელს ჰიპოკრატემ, ძველი საბერძნეთის ექიმმა, რომელიც მედიცინის მამად არის ცნობილი, „ჰიპოკრატეს ფიცი“ დაწერა. ამ კეთილშობილური მორალური კოდექსით ექიმები დღემდე ხელმძღვანელობენ. გასწავლიდნენ თქვენც ამას? თუ ეს ასეა, მაშინ თქვენ ერთადერთი არა ხართ. მაგრამ ნამდვილად მისი დაწერილია ეს ფიცი?

ფაქტები გვიჩვენებს, რომ ჰიპოკრატე შეიძლება სულაც არ იყოს იმ ფიცის ავტორი, რომელიც მის სახელს ატარებს. გარდა ამისა, თანამედროვე ექიმები ყოველთვის არ ეთანხმებიან ამ უძველესი მრწამსის თავდაპირველ ფორმულირებას.

ცნობილია კი, ვინ არის ამ უძველესი ფიცის ნამდვილი ავტორი? და რომც ვიცოდეთ, აქვს ამ ფიცს დღეს რაიმე მნიშვნელობა ჩვენთვის?

ჰიპოკრატემ დაწერა ფიცი?

არსებობს მრავალი მიზეზი, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს იმას, რომ ეს ფიცი ჰიპოკრატეს ეკუთვნის. პირველი ისაა, რომ ის სხვადასხვა ღმერთისადმი მიმართვით იწყება. თუმცა, ითვლება, რომ ჰიპოკრატე პირველი იყო, ვინც მედიცინა რელიგიისგან გამიჯნა და დაავადებების საწყისს ზებუნებრივის მაგივრად ფიზიკურში ეძებდა.

ამასთანავე, ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ფიცით აკრძალული ზოგიერთი ქმედება სულაც არ ეწინააღმდეგებოდა ჰიპოკრატეს დროს მედიცინაში არსებულ შეხედულებებს (იხილეთ ჩარჩო 21-ე გვერდზე). მაგალითად, აბორტი და თვითმკვლელობა არ განისჯებოდა კანონით ან იმ უმეტესი რელიგიური ნორმებით, ჰიპოკრატეს დროს რომ არსებობდა. აგრეთვე, ფიცის დამდები იძლეოდა დაპირებას, რომ არ ჩაატარებდა ქირურგიულ ოპერაციას. ამის საპირისპიროდ, ქირურგიული ხერხები შესულია წიგნში „ჰიპოკრატეს კრებული“ — სამედიცინო შრომების ნაკრებში, რომელიც ხშირად ჰიპოკრატესა და ძველ დროში მცხოვრებ სხვა ავტორებს მიეწერება.

ასე რომ, თუმცა ფიცის ავტორის თაობაზე კამათი მეცნიერებში დღემდე გრძელდება, როგორც ჩანს, ის ჰიპოკრატეს დაწერილი მაინც არ არის. ფილოსოფია, რომელსაც ეს ფიცი ირეკლავს, ჩვ. წ. IV საუკუნის პითაგორელებისას უფრო ჰგავს, რომლებიც სიცოცხლის სიწმინდეს ქადაგებდნენ და ქირურგიული პროცედურების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

დაცემა და აღმავლობა

ვინც უნდა იყოს სინამდვილეში ფიცის ავტორი, ვერ უარვყოფთ იმ უდიდეს გავლენას, რომელიც მან დასავლეთის მედიცინაზე მოახდინა, განსაკუთრებით ეთიკის სფეროში. ამ ფიცს უწოდებენ „მედიცინაში ზუსტი ეთიკური კონცეფციების განვითარების მწვერვალს“, „განვითარებულ ქვეყნებში ექიმსა და პაციენტს შორს ურთიერთობის საფუძველთა საფუძველს“ და „უდიდესი პროფესიული მორალის მაჩვენებელს“. 1913 წელს გამოჩენილმა კანადელმა ექიმმა სერ უილიამ ოსლერმა თქვა: „ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ეკუთვნის თუ არა ჰიპოკრატეს ხანას ეს ფიცი . . . ოცდახუთი საუკუნის განმავლობაში ამ მრწამსით ხელმძღვანელობდნენ მედიკოსები და დღესაც მრავალ უნივერსიტეტში გამოსაშვები კურსის სტუდენტები ამ ფიცს დებენ ექიმის დიპლომის მისაღებად“.

მიუხედავად ამისა, მეოცე საუკუნის დასაწყისში ფიცისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, რაც, ალბათ, იმ დროის მეცნიერულ მიღწევებთან იყო დაკავშირებული. რაციონალისტური შეხედულებების განვითარების გამო შეიძლება ფიცი ძველმოდური და გამოუსადეგარი გამოჩენილიყო. მაგრამ მეცნიერების განვითარების მიუხედავად, ეთიკურ ნორმებზე მოთხოვნა არ შემცირებულა. ალბათ, ზუსტად ამიტომ დაიჭირა ფიცმა ბოლო ათწლეულებში კვლავ საპატიო ადგილი მედიცინაში.

სამედიცინო ინსტიტუტებში შემსვლელთათვის ან კურსდამთავრებულთათვის ფიცის დადება კვლავ საზეიმო ცერემონიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. 1993 წელს შეერთებულ შტატებსა და კანადაში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, სამედიცინო უნივერსიტეტთა 98 პროცენტში მოითხოვებოდა ფიცის რომელიმე ვარიანტის წარმოთქმა. 1928 წელს კი მათი რაოდენობა მხოლოდ 24 პროცენტს შეადგენდა. დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა მსგავსმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ფიცის წარმოთქმას ან დეკლარაციას ასეთი უნივერსიტეტების დაახლოებით 50 პროცენტი ითხოვს. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მათმა რიცხვმა ასევე 50 პროცენტი შეადგინა.

დროთა განმავლობაში შეტანილი ცვლილებები

„ჰიპოკრატეს ფიცი“ უცვლელად ვერ გადაურჩა საუკუნეებს; დროთა განმავლობაში მან ქრისტიანული სამყაროს ზოგი შეხედულება აირეკლა. ზოგჯერ ცვლილებები სხვა დაავადებების, მაგალითად შავი ჭირის, გამოჩენის გამო ხდებოდა. არც ისე დიდი ხნის წინ კი ის თანამედროვე შეხედულებების მიხედვით გადაკეთდა.

ფიცის მრავალი ვერსიიდან ამოიღეს ის აზრები, რომლებიც არ შეესაბამებოდა თანამედროვე მედიცინის პრინციპებს და ჩაუმატეს ის ასპექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია თანამედროვე საზოგადოებაში. მაგალითად, თანამედროვე მედიცინაში გადამწყვეტია პაციენტის უფლებები, მაგრამ ძველი საბერძნეთის მედიცინაში ამის ანალოგი არ მოიპოვებოდა და, აქედან გამომდინარე, „ჰიპოკრატეს ფიცშიც“ არ მოიხსენიებოდა. ჩვენს დროში პაციენტის უფლებებს ძირითადი ადგილი უკავია მრავალ თანამედროვე დეკლარაციაში.

გარდა ამისა, შეიცვალა ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობაც — სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის უფლებას, რომ დაავადების შესახებ მეტი იცოდეს. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ შედარებით მცირე რაოდენობის სამედიცინო უნივერსიტეტი იყენებს „ჰიპოკრატეს ფიცის“ თავდაპირველ ვარიანტს.

ფიცში შეტანილი სხვა ცვლილებები, შესაძლოა, გასაკვირი უფროა. 1993 წელს შეერთებულ შტატებსა და კანადაში მიღებული ფიცის მხოლოდ 43 პროცენტი შეიცავდა ექიმის დაპირებას, რომ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებდა; უმეტეს თანამედროვე ვარიანტში კი პირობის დარღვევის შემთხვევაში არაფერია ნათქვამი სასჯელზე. სულ უფრო ნაკლებად მოიხსენიებოდა ტექსტში ევთანასიისა (უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილებით გაწამებული ადამიანის სიცოცხლის ხელოვნურად შეწყვეტა) და აბორტის აღკვეთა და ღვთაებების მოხმობა, ხოლო პაციენტთან სექსუალური კავშირის აკრძალვაზე მხოლოდ დეკლარაციათა სამ პროცენტში იყო საუბარი.

ფიცის მნიშვნელობა

მიუხედავად „ჰიპოკრატეს ფიცში“ შესული უამრავი ცვლილებისა, ექიმის ფიცის წარმოთქმა ხშირად ძალიან მნიშვნელოვნად ითვლება მათთვის, ვინც თავს უძღვნის კეთილშობილურ და მაღალზნეობრივ იდეალებს. 1993 წელს ჩატარებულმა ზემოთ მოხსენიებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმეტეს თანამედროვე ვარიანტში ყურადღება მახვილდება ვალდებულებაზე, რომელსაც მომავალი ექიმი პაციენტებთან დაკავშირებით თავის თავზე იღებს; აგრეთვე დაპირებაზე, რომ ყოველთვის პაციენტების სასარგებლოდ იმოქმედებს. ასეთი ვალდებულებების აღება ხაზს უსვამს იმ მორალური პრინციპების აუცილებლობას, რომლებიც საფუძვლად უდევს ექიმის პროფესიას.

პროფესორი ედმონდ პელეგრინო „ავსტრალიის სამედიცინო ჟურნალში“ წერდა: „შესაძლოა, ბევრისთვის სამედიცინო ფიცი მხოლოდ ძველი დამსხვრეული რელიკვიის ნატეხია. მაგრამ ამ რელიკვიის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ინახება ექიმთა შეგნებაში, რომელიც შეგვახსენებს, რომ უიმისობა მედიცინას კომერციულ, ინდუსტრიულ და პროლეტარულ წარმოებად გადააქცევს“.

აქვს თუ არ რამე მნიშვნელობა დღევანდელი საზოგადოებისთვის „ჰიპოკრატეს ფიცს“ ან მასზე დაფუძნებულ თანამედროვე დეკლარაციებს, ალბათ, კვლავაც საკამათო საკითხად დარჩება. მაგრამ დებატების შედეგების მიუხედავად, დიდ პატივისცემას იმსახურებს ექიმების მიერ ნაკისრი ვალდებულება — რომ ისინი იზრუნებენ ავადმყოფებზე.

[ჩარჩო 21 გვერდზე]

ჰიპოკრატეს ფიცი

აღებულია წიგნიდან „მედიცინის ისტორია“ (მ. შენგელია, 1988 წ.)

„ვფიცავ აქიმ აპოლონს, ასკლეპიოსს, ჰიგიეიას, პანაკეიას და ყველა ღმერთებს და ქალღმერთებს, ვიმოწმებ ყველას, რომ შევასრულო პატიოსნად, ჩემი ძალისა და შეგნების შესაბამისად, შემდეგი ფიცი და წერილობითი ვალდებულება:

ვინც შემასწავლა სამედიცინო ხელოვნება, ჩემი მშობლების სწორად ჩავთვალო, ჩემი ქონებრივი შესაძლებლობანი გავუყო მას და საჭიროების შემთხვევაში დავეხმარო გასაჭირში; მისი შთამომავლობა ჩავთვალო ჩემს ძმებად და თუ ისინი მოისურვებენ ამ ხელოვნების შესწავლას, გადავცემ მათ ყოველგვარი სასყიდლისა და ხელშეკრულების გარეშე.

დარიგებანი, ზეპირი გაკვეთილები და ყველა სხვა სახის სწავლებანი გადავცე ჩემს შვილებს, ჩემი მასწავლებლის შვილებს და მოწაფეებს, რომლებიც შეკრულ არიან ვალდებულებით და ფიცით სამედიცინო წესის მიხედვით, მაგრამ არ გადავცე სხვას არავის.

მე წარვმართავ ავადმყოფთა რეჟიმს მათი სარგებლობისა და ჩემი ძალისა და შეგნების შესაბამისად ისე, რომ თავი დავიჭიროთ ყოველგვარი ვნებისა და უსამართლობის მიყენებისაგან.

მე არ მივცემ არავის, ვინც უნდა მთხოვოს, მომაკვდინებელ საშუალებებს და არ ვასწავლი გზებს მსგავსი განზრახვის განხორციელებისთვის. ზუსტად ასევე მე არ მივცემ არც ერთ ქალს სააბორტე პერარიუმს. სპეტაკად და უზადოდ წარვმართავ ჩემს ცხოვრებას და ჩემს ხელოვნებას. მე არავითარ შემთხვევაში არ გავკვეთავ კენჭოვანი დაავადებით დასნეულებულს, რამეთუ მივანდობ მას საქმის ოსტატ ადამიანებს.

რომელ სახლშიც არ უნდა შევიდე მე, შევალ იქ ავადმყოფის სასარგებლოდ და შორს ვიქნები ყოველგვარი წინასწარ განზრახულისაგან, უმართებულოსაგან და დამღუპველისაგან, განსაკუთრებით სასიყვარულო საქმეთაგან ქალებისადმი, თავისუფალთა და მონებისადმი.

მკურნალობის ან არ მკურნალობის დროს, რაც არ უნდა დავინახო ან მოვისმინო ისეთი, ადამიანის ცხოვრების შესახებ, რომელთა გახმაურებაც არ შეიძლება, გავჩუმდები და ასეთ ამბებს მე ჩავთვლი საიდუმლოდ.

დაე, მე, ამ ფიცის ურღვევად შემსრულებელს, მქონდეს ბედნიერება ცხოვრებასა და ხელოვნებაში და დიდება ყველა ადამიანთა შორის სამარადისოდ. დაე, მის დამრღვევს და ცრუ ფიცის დამდებს ყველაფერი პირუკმოდ მოსვლოდეს“.

[სურათი 20 გვერდზე]

ფრაგმენტი „ჰიპოკრატეს კრებულიდან“.

[სურათის საავტორო უფლება 20 გვერდზე]

Hippocrates and page: Courtesy of the National Library of Medicine