არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვიარო საცეკვაო კლუბებში?

ვიარო საცეკვაო კლუბებში?

ახალგაზრდების შეკითხვები

ვიარო საცეკვაო კლუბებში?

„კლუბში მხოლოდ გასართობად დავდიოდი“ (შონი).

„გულახდილად გეტყვით, მართლა მაგარი იყო, ძალიან მაგარი — მთელი ღამე ვცეკვავდით“ (ერნესტი).

ახალგაზრდული საცეკვაო კლუბები ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა. ბევრი ახალგაზრდა გართობის მიზნით ხშირად დადის ასეთ კლუბებში.

გართობა, რა თქმა უნდა, ყველას გვინდა. ბიბლიაც ამბობს, რომ არის „ჟამი სიცილისა“ და „ჟამი ცეკვისა“ (ეკლესიასტე 3:4). მაგრამ, შესაძლებელია კი ახალგაზრდების საცეკვაო კლუბში გონივრულად გართობა? იქნებ ღირდეს, კლუბში წასვლამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონო?

„თავაშვებული დროსტარება“

ბიბლია არ განსჯის მოკრძალებულ შეკრებებს, თუმცა გვაფრთხილებს, რომ მოვერიდოთ „ღრეობებს“ ანუ „თავაშვებულ დროსტარებას“ (გალატელთა 5:19—21, „ბაინგტონის თარგმანი“). ბიბლიურ დროში ღრეობა ხშირად უმართავი ხდებოდა. ესაია წინასწარმეტყველმა დაწერა: „ვაი დილაადრიან ამდგართ, რომელნიც სასმელს მისდევენ და გვიან ღამემდე უსხედან — ღვინო აღაგზნებს მათ. და ქნარი და ებანი, დაფი და სტვირი, და ღვინოა მათ ნადიმებზე; და უფლის საქმეს არ უყურებენ“ (ესაია 5:11, 12).

ამ შეხვედრებზე ბევრ სასმელს სვამდნენ და თავაშვებულ მუსიკას უსმენდნენ. დილიდან დაწყებული ნადიმი გვიანობამდე გრძელდებოდა. ყურადღება მიაქციე მონადიმეთა განწყობასაც — ისინი ისე იქცეოდნენ, თითქოს ღმერთი საერთოდ არ არსებობდა! ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ღმერთი განსჯიდა ასეთ შეკრებებს. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: როგორ უყურებს ღმერთი იმას, რაც დღეს ბევრ ახალგაზრდულ საცეკვაო კლუბში ხდება?

დაფიქრდი შემდეგ ფაქტებზე. ზოგიერთ კლუბში დიდი პოპულარობით სარგებლობს „კრაუდ სერფინგი“ და თავაწყვეტილი ცეკვა „მოშინგი“. ერთ წყაროში ნათქვამია, რომ „მოშინგი“ «ჩამოყალიბდა ოთხმოციან წლებში, პანკების მოძრაობის შემდგომ პერიოდში. პირველად მას შეერთებული შტატების კლუბებში ცეკვავდნენ. ის განვითარდა . . . „სლემ-დენსინგიდან“, რომლის დროსაც მოცეკვავეები ერთმანეთს ეხეთქებიან». ამ ცეკვის დროს ხშირად ხტუნაობენ, გახელებულები აქნევენ თავს, ცხოველებივით შუბლით ეჯახებიან ერთმანეთს და სხვა მოცეკვავეებს ეხლებიან. კიდურების მოტეხილობა და ჭრილობები, აგრეთვე ხერხემლისა და თავის დაზიანება მოცეკვავეებში ჩვეულებრივი ამბავია. ცეკვა ზოგჯერ სიკვდილითაც კი მთავრდება. „კრაუდ სერფინგის“ დროს ახალგაზრდებს თავს ზემოთ აჰყავთ ერთ-ერთი მოცეკვავე და ისე გადაჰყავთ ხელიდან ხელში, თითქოს ტალღებზე სრიალებდეს. ბევრი მათგანი ხელიდან უვარდებათ, რის შედეგადაც ისინი ტრავმას იღებენ. ცეკვის დროს გოგონებს ხშირად უსვამენ ხელებს და უხამსად ეხებიან.

უდავოა, ღმერთს არ მოსწონს ასეთი საქციელი. მისი სიტყვა მოუწოდებს ქრისტიანებს, ‘უარყონ უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი, და იცხოვრონ აზრიანად’ (ტიტე 2:12).

მუსიკა და ნარკოტიკები

იმასაც მიაქციე ყურადღება, რა სახის მუსიკას უსმენენ უმეტეს საცეკვაო კლუბებში. ზოგან პოპულარულია „ჰარდ-როკი“ ან „ჰევი-მეტალი“ — მუსიკა, რომელსაც ახასიათებს პულსირებადი რიტმი და უხამსი ტექსტი. ბევრ კლუბში კი ახალგაზრდები უპირატესობას ანიჭებენ „რეპს“, ანუ „ჰიპ-ჰოპს“. ამ სტილის მუსიკაც განადიდებს სექსს, ძალადობასა და მოჯანყე სულისკვეთებას. მოახდენს შენზე გავლენას არაჯანსაღ გარემოში ყოფნა და ასეთი მუსიკის მოსმენა? ღამის კლუბების კონსულტანტი დეივიდ ჰოლინგუორთი აღნიშნავს: „მუსიკა უზარმაზარ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს. დიდი რაოდენობით შეკრებილ ადამიანებში მას აგრესიული განწყობის შექმნა შეუძლია“. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ შეერთებული შტატების მრავალი ქალაქის საცეკვაო კლუბებში ძალადობის გამოვლენა საკმაოდ ხშირია. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ეს პირდაპირი გავლენაა იმ მუსიკისა, რომელიც ხოტბას ასხამს უხამსობასა და სისასტიკეს *.

ბოლო წლებში საცეკვაო კლუბებში ხშირად იყენებენ ნარკოტიკებს. ერთმა მკვლევარმა აღნიშნა: „საცეკვაო კლუბების პოპულარობა იმით აიხსნება, რომ . . . იქ ადვილად შეიძლება სხვადასხვაგვარი არალეგალური ნარკოტიკის შოვნა და გამოყენება“. ფაქტობრივად, ისინი „საცეკვაო ნარკოტიკების“ სახელითაა ცნობილი. საცეკვაო კლუბების ზოგიერთი ხშირი სტუმარი რამდენიმე ნარკოტიკსაც კი იღებს ერთდროულად. ყველაზე ხშირად გამოყენებად ნარკოტიკებს შორისაა კეტამინი, რომელმაც შეიძლება დისოციაცია (ფსიქიკური პროცესების კავშირის დარღვევა), ბოდვა, სუნთქვის გაძნელება და ნევროლოგიური მოშლილობა გამოიწვიოს. მეტამფეტამინის გამოყენებას შეიძლება შედეგად მოჰყვეს მეხსიერების დაკარგვა, აგრესიისა და ძალადობის გამოვლენა, აგრეთვე გულის დაავადება და ნერვული სისტემის დაზიანება. განსაკუთრებით პოპულარულია ამფეტამინზე დამზადებული ნარკოტიკი „ექსტაზი“, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაბნელება, შფოთვა, პულსის გახშირება, მაღალი არტერიული წნევა და ჰიპერთერმია (სხეულის ტემპერატურის მომატება). ზოგ შემთხვევაში „ექსტაზის“ გამოყენება სიკვდილის მიზეზი ხდება.

არალეგალური ნარკოტიკების გამოყენება ეწინააღმდეგება ბიბლიაში მოცემულ მოწოდებას, „განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან“ (2 კორინთელთა 7:1). გონივრულია კი ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც ნარკოტიკებს იყენებენ?

ცუდი საზოგადოებები

გაიხსენე ცნობილი გაფრთხილება: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (1 კორინთელთა 15:33). ბიბლიურ დროში მცხოვრები მონადიმეების მსგავსად, ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებიც ხშირად დადიან საცეკვაო კლუბებში, როგორც ჩანს, სულაც არ ფიქრობს ღვთისთვის სიამოვნების მინიჭებაზე. მათ უმრავლესობას შეიძლება ეწოდოს „უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:4). ნამდვილად გინდა ასეთ ადამიანებთან ახლო ურთიერთობა?

ზოგი შეიძლება ამტკიცებს, რომ ქრისტიან ახალგაზრდებთან ერთად საცეკვაო კლუბში წასვლა საშიშროებას მინიმუმამდე ამცირებს. თუმცა, ქრისტიანი ახალგაზრდები, რომლებიც ნამდვილად ‘ნიმუში არიან მორწმუნეთათვის საქმეში [„საქციელში“, აქ]’, არ მოისურვებდნენ იქ წასვლას (1 ტიმოთე 4:12). ქრისტიანი ახალგაზრდები ჯგუფურადაც რომ წავიდნენ საცეკვაო კლუბში და ერთმანეთს არ დაშორდნენ, არაჯანსაღ მუსიკასა და გარემოს მაინც ვერსად გაექცევიან. ისინი შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ, თუ ვინმე საცეკვაოდ გაიწვევს მათ. ზოგი ახალგაზრდა ჩხუბშიც კი გაეხვია! ამიტომ, მტკიცდება ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება, რეგვენთა მოყვასი კი გაუბედურდება“ (იგავები 13:20).

გამომწვევი ცეკვა

ახლა მოდი უშუალოდ ცეკვაზე ვისაუბროთ. შეერთებულ შტატებში ძალიან პოპულარულია „ფრიკ-დენსინგი“, განსაკუთრებით თინეიჯერებში. ჩვეულებრივ, ეს ცეკვა სრულდება „ჰიპ-ჰოპის“ სტილის მუსიკაზე, რომელსაც თან ახლავს სექსუალური შინაარსის ტექსტი. გარდა ამისა, თვითონ ცეკვა სექსუალურ კავშირს განასახიერებს. ამიტომ, ამ ცეკვის მოძრაობებს აღწერენ როგორც „სექსს ტანსაცმელში“.

ისურვებდა კი ქრისტიანი ახალგაზრდა ასეთი ცეკვის შესრულებას? არა, თუ მას სურს ასიამოვნოს ღმერთს, რომელიც მოგვიწოდებს ‘გავექცეთ სიძვას’ (1 კორინთელთა 6:18). ზოგი შეიძლება ამბობს: ‘თუ ყველა ამას აკეთებს, შეუძლებელია ცუდი იყოს’. მაგრამ უმრავლესობა შეიძლება ცდებოდეს (გამოსვლა 23:2). იყავი გაბედული, რომ წინ აღუდგე თანატოლებს და ღვთის წინაშე სუფთა სინდისი შეინარჩუნო! (1 პეტრე 4:3, 4).

მიიღე გადაწყვეტილება

ეს არ ნიშნავს, რომ ყველანაირი ცეკვა ცუდია. ბიბლია მოგვითხრობს მეფე დავითის შესახებ, რომელიც იერუსალიმში შეთანხმების კიდობანთან ერთად დაბრუნებით იმდენად გახარებული იყო, რომ „რაც ძალი და ღონე ჰქონდა როკავდა“ (2 მეფეთა 6:14). გზასაცდენილი შვილის შესახებ იესოს მიერ მოთხრობილ იგავში ვაჟის დაბრუნებით გამოწვეულ სიხარულს თან ახლდა „სიმღერა და ცეკვა-თამაში“ (ლუკა 15:25).

თქვენს მხარეში ზოგი ცეკვა შეიძლება მისაღები იყოს ქრისტიანებისთვის. მიუხედავად ამისა, გამჭრიახობა და წონასწორობის შენარჩუნება მაინც მნიშვნელოვანია. მუსიკის მოსმენა და ცეკვა ბევრად უსაფრთხოა ქრისტიანთა მეგობრულ შეხვედრებზე, სადაც ახალგაზრდები სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე ახალგაზრდულ კლუბებში. ქრისტიანულ შეხვედრებზე, სადაც ყველაფერს კარგი კონტროლი ეწევა, ახალგაზრდები გამოყოფილები კი არ არიან, არამედ ყველა ასაკის ქრისტიანებთან აქვთ ჯანსაღი და სასიამოვნო ურთიერთობა.

შესაძლოა, თქვენს ტერიტორიაზე არის ისეთი რესტორნები, სადაც ქრისტიანებისთვის მისაღები მუსიკა და ცეკვა სრულდება. მაგრამ, სანამ ასეთ ადგილზე წასვლას გადაწყვეტ, კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს შემდეგ კითხვებს დაუსვამ: რა რეპუტაციით სარგებლობს ეს დაწესებულება? მხოლოდ ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი? თუ ასეა, რამდენად ჯანსაღი ატმოსფერო იქნება იქ? რა სტილის მუსიკა და ცეკვები შესრულდება? რა გრძნობები დაეუფლებათ ჩემს მშობლებს, იქ რომ წავიდე? ამგვარი კითხვების დასმა ზიანისგან დაგიცავს.

შონი, რომლის სიტყვებიც დასაწყისში იყო მოყვანილი, გონივრულ დასკვნამდე მივიდა. სანამ ის ქრისტიანი გახდებოდა, ხშირად დადიოდა საცეკვაო კლუბებში. ის იხსენებს: „ღამის კლუბებში ძალიან თავაშვებულად იქცევიან. მუსიკა ჩვეულებრივ მდარე ხარისხისაა, ცეკვა უზომოდ ამორალური, ხოლო იქ მყოფთა უმრავლესობას ერთი მიზანი ამოძრავებს — კლუბში ისეთი ვინმე იპოვოს, ვისთანაც სექსუალურ კავშირს დაამყარებს“. შონმა კლუბში სიარული მას შემდეგ შეწყვიტა, რაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ის ამბობს: „ასეთ კლუბებში ქრისტიანების ადგილი არ არის“.

[სქოლიო]

^ აბზ. 13 იხილეთ 1999 წლის 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“, სტატია „რატომ მოქმედებს ჩვენზე მუსიკა“.

[სურათი 26 გვერდზე]

საცეკვაო კლუბებში ყოფნისას ზოგი ახალგაზრდა უხერხულ მდგომარეობაში ვარდება.