არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სწავლისთვის დაბადებულნი

სწავლისთვის დაბადებულნი

სწავლისთვის დაბადებულნი

„ჩიტები ფრენენ, თევზები ცურავენ, ადამიანი კი აზროვნებს და სწავლობს“ (ჯონ ჰოლტი, მწერალი და განმანათლებელი).

ახალდაბადებული შვლის ნუკრი ინსტინქტურად ცდილობს, თავის გრძელ, უმწეო ფეხებზე დადგეს და დედას უკან გაჰყვეს. ახალშობილი ბავშვი კი, საშუალოდ, ერთ წლამდე ვერ სწავლობს სიარულს. მიუხედავად ამისა, ადამიანები მართლაც რომ სასწაულებრივი, ნებისმიერი ცხოველის ტვინზე აღმატებული ტვინით არიან დაჯილდოებულები. ეს უპირატესობა აშკარად აირეკლება ბავშვის დაუცხრომელ ცნობისმოყვარეობასა და სწავლისკენ სწრაფვაში.

ასეთი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ნორმალური, ჯანმრთელი ბავშვები თავიანთ სამყაროს ერთგვარ ლაბორატორიად აქცევენ. ყველაფერს, რასაც კი ხელში მისცემთ, ყოველმხრივ შეისწავლიან და გემოსაც კი გაუსინჯავენ. ექსპერიმენტი ამით არ მთავრდება. ყველა მშობელმა იცის, რომ პატარები ხშირად დიდი სიამოვნებით ღუნავენ, აფუჭებენ, ანჯღრევენ, ამტვრევენ ყველაფერს, რათა გარშემო არსებული სამყარო შეისწავლონ.

ცოდნის მიღებისადმი ბავშვების ინტერესი კიდევ უფრო აშკარა ხდება, როცა ისინი ლაპარაკს იწყებენ, რაც, თავისთავად, უკვე სასწაულებრივი მიღწევაა! უეცრად ბავშვები ცნობისმოყვარეობის განსახიერებად იქცევიან. ერთთავად მხოლოდ „რატომ“ გაისმის მათი ბაგეებიდან, რაც ბევრი მშობლის მოთმინებას სცდის. „უმეტესწილად ისინი დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით სწავლობენ“, — ამბობს მწერალი ჯონ ჰოლტი.

რამდენიმე წლის შემდეგ, ბევრ ქვეყანაში ბავშვები ახალ სამყაროში ხვდებიან, სადაც მასწავლებლებით, სახელმძღვანელოებით, მერხებითა და სხვა მოსწავლეებით არიან გარემოცული. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ბევრ ბავშვს სკოლაში სწავლისადმი ინტერესი ეკარგება. ზოგი სკოლას მოსაწყენ და დამქანცველ ადგილად მიიჩნევს. შესაძლოა, მათ არ უყვართ ესა თუ ის საგანი ან მასწავლებელი, ან კარგი ნიშნების მიღების სურვილი მათთვის აუტანელი შფოთის მიზეზი ხდება.

ბავშვობაში სწავლისადმი განვითარებული უარყოფითი დამოკიდებულება ადამიანს შეიძლება ხანდაზმულობამდეც კი გაჰყვეს, რის გამოც შეეცდება თავი აარიდოს ყველაფერს, რაც კი შესწავლასა და გამოკვლევას მოითხოვს. ხანდაზმულებს კიდევ ერთი დაბრკოლება აქვთ გადასალახავი — აზრი, რომ ასაკთან ერთად ავტომატურად ქვეითდება სწავლის უნარი. მაგრამ, როგორც დავინახავთ, ასეთი შეხედულება სრულიად უსაფუძვლოა.

გსურთ, ასაკის მიუხედავად კიდევ უფრო განივითაროთ სწავლის უნარი და მისდამი ინტერესი? თუ შვილები გყავთ, გსურთ, რომ ისინი უკეთესი მოსწავლეები გახდნენ და კმაყოფილება იგრძნონ სწავლით როგორც სკოლაში, ისე მისი დამთავრების შემდეგ? თუ ასეა, გთხოვთ წაიკითხოთ მომდევნო სტატიები.

[სურათი 2 გვერდზე]

ბავშვებს უყვართ სწავლა.

[სურათი 3 გვერდზე]

სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდისთვის სკოლაში სწავლა დაძაბულობისა და წუხილის მიზეზი ხდება.