არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სწავლის სიყვარულის განვითარება

სწავლის სიყვარულის განვითარება

სწავლის სიყვარულის განვითარება

„აღზარდე ყმაწვილი მისი გზის მიხედვით, კიდევაც რომ მოხუცდეს, არ გადაუხვევს მისგან“ (იგავები 22:6).

გიცდიათ ოდესმე ბავშვების დაძინება, როცა რაღაც საინტერესო ხდებოდა? დაღლილნი, ნამტირალევნი და გაბრაზებულნიც რომ იყვნენ, მაინც არ შეგეპუებიან — ენდომებათ, იფხიზლონ, რათა არაფერი გამორჩეთ, რაც ირგვლივ ხდება. მათში „სამყაროს შეცნობისა და ყოველივე ახლის ათვისების სურვილი იმდენადვე დიდი და ძლიერია, რამდენადაც საკვების მიღებისა და ძილის მოთხოვნილება. ზოგჯერ ეს სურვილი კიდევ უფრო ძლიერია“, — წერს ჯონ ჰოლტი.

ბავშვებისთვის პრობლემას ის წარმოადგენს, რომ სწავლის სურვილი მთელი ცხოვრების მანძილზე — და რაღა თქმა უნდა, სასკოლო პერიოდშიც — შეინარჩუნონ. მართალია, ამისათვის ერთი განსაზღვრული წესი არ არსებობს, მაგრამ არის მრავალი ნაცადი მეთოდი, რომელთა გამოყენებაც მშობლებს, მასწავლებლებსა და ბავშვებს შეუძლიათ. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი „მეთოდი“ სიყვარულის გამოვლენაა.

დაე სიყვარულმა განავითაროს ბავშვის უნარი

ბავშვებს მშობლების სიყვარული ჰაერივით სჭირდებათ. სიყვარული მათ თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს, ურთიერთობისკენ აღძრავს და ეხმარება, კითხვები დასვან და განვითარდნენ. მშობლები სიყვარულით არიან აღძრულნი, რეგულარულად ელაპარაკონ შვილებს და დაინტერესდნენ მათი განათლებით. გამოკვლევების თანახმად, „ჩანს, რომ მშობლებს ყველაზე მეტად შეუძლიათ ბავშვის სწავლისკენ აღძვრა“, — აღნიშნულია წიგნში „სწავლას მოწყურებულნი — დავეხმაროთ ბავშვებს სწავლის სურვილისა და მისადმი სიყვარულის განვითარებაში“. მშობლების დადებით ზეგავლენას უკეთესი შედეგები მოჰყვება, თუ ისინი მასწავლებლებთან ერთად ცდილობენ ბავშვის დახმარებას. „ბავშვს იმაზე მეტად ვერაფერი შეუნარჩუნებს სწავლის ინტერესს, როგორც მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობა“, — ნათქვამია ამავე წიგნში.

მშობლები ბავშვის ათვისების უნარზეც ახდენენ გავლენას. ერთ წიგნში, რომელშიც 43 ოჯახის ხანგრძლივი გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ „ბავშვებს, რომელთაც მშობლები ბევრს ელაპარაკებოდნენ [ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში], ათვისების გაცილებით მაღალი უნარი ჰქონდათ, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები იშვიათად ელაპარაკებოდნენ“ (Inside the Brain). ამავე წიგნში ისიც არის ნათქვამი, რომ „მშობლები, რომლებიც შვილებს ხშირად ელაპარაკებიან, უფრო მეტად აქებენ ბავშვებს, პასუხობენ მათ შეკითხვებს, ბრძანების ნაცვლად რჩევებს აძლევენ და მათთან საუბარში მრავალ სიტყვასა თუ მრავალფეროვან სიტყვათა შეთანხმებებს იყენებენ“. თუ მშობელი ხართ, გაქვთ თქვენს შვილებთან აზრით აღსავსე, არაზედაპირული საუბრები?

სიყვარული კეთილი და თანამგრძნობია

ბავშვები უნარითა და მიდრეკილებებით განსხვავდებიან. ბუნებრივია, ეს გავლენას არ ახდენს მშობლებზე, რომ შვილებისადმი სიყვარული გამოავლინონ. მაგრამ დღევანდელ ქვეყნიერებაში ადამიანებს ძირითადად უნარის მიხედვით აფასებენ, რის გამოც შესაძლოა ზოგმა ბავშვმა „მეტოქეობის სულით მიზნის მიღწევა საკუთარი ფასის მაჩვენებლად მიიჩნიოს“, — ნათქვამია წიგნში „აზროვნებისა და სწავლის უნარი“. გარდა იმისა, რომ ასეთი ბავშვები „განსაკუთრებით დიდ ტრავმას იღებენ ნებისმიერი მარცხისას“, ეს განწყობა მათთვის ზედმეტი ღელვისა და სტრესის მიზეზიც ხდება. ჟურნალ „ინდია ტუდეში“ აღნიშნული იყო, რომ სწავლით გამოწვეული დაძაბულობა და ოჯახის მხარდაჭერის ნაკლებობა ინდოეთში უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მოზარდთა თვითმკვლელობების რიცხვის გასამმაგების ერთ–ერთ მთავარ მიზეზად არის მიჩნეული.

ბავშვის ემოციური ტრავმა შეიძლება იმანაც გამოიწვიოს, თუ მას „ჩლუნგისა“ და „სულელის“ იარლიყს მიაკრავენ. ასეთი ულმობელი კომენტარები ბავშვს სწავლის სურვილს კი არ აღუძრავს, არამედ უფრო მეტად უკლავს. ამიტომაც მშობელმა შვილისადმი სიყვარული ყოველთვის სიკეთესთან ერთად უნდა გამოავლინოს, სწავლისადმი ბავშვის ბუნებრივ მოთხოვნილებას მხარი ისე უნდა დაუჭიროს, რომ ბავშვმა საკუთარი ტემპით ისწავლოს და დამცირების შიში არ ჰქონდეს (1 კორინთელები 13:4). ბავშვს თუ სწავლა უჭირს, მოსიყვარულე მშობლები მის დახმარებას შეეცდებიან და თავს სულელად ან უღირსად არ აგრძნობინებენ. ამას შესაძლოა მოთმინება და ტაქტიანობა დასჭირდეს, მაგრამ ძალისხმევად ნამდვილად ღირს. როგორ არის შესაძლებელი ასეთი სიყვარულის განვითარება? სულიერი თვალსაზრისი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

სულიერი თვალსაზრისი ხელს უწყობს გაწონასწორებულობას

ბიბლიაზე დაფუძნებული სულიერობა რამდენიმე მიზეზის გამოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. პირველი, ის გვეხმარება სწავლაზე სწორი თვალსაზრისი გვქონდეს — მივიჩნიოთ ის მნიშვნელოვნად, მაგრამ არა ყოვლადმნიშვნელოვნად. მაგალითად, მათემატიკა მრავალმხრივ დამხმარეა, მაგრამ მას არ შეუძლია ადამიანის გულში ზნეობრივი ნორმებისადმი სიყვარულის ჩანერგვა.

გარდა ამისა, ბიბლია მოგვიწოდებს, გაწონასწორებულობა გამოვავლინოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ დროს ვუთმობთ ქვეყნიური განათლების მიღებას. მასში ნათქვამია: „ბევრი წიგნების წერას არა აქვს ბოლო და ბევრი ფიქრი ასუსტებს ხორცს“ (ეკლესიასტე 12:12). მართალია, ბავშვებს კარგი ზოგადი განათლება სჭირდებათ, მაგრამ ამან მათი დრო მთლიანად არ უნდა წაიღოს. დრო სხვა სასარგებლო საქმეებისთვისაც არის საჭირო, განსაკუთრებით კი სულიერი საქმეებისთვის, რომელთაც ადამიანის პიროვნულად განვითარება შეუძლია.

ბიბლიაზე დაფუძნებული სულიერობის ერთ–ერთი მხარეა მოკრძალებულობა (მიქა 6:8, აქ). მოკრძალებულ ადამიანებს ესმით, რომ მათი შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის და არ ებმებიან დაუცხრომელი ამბიციისა და მეტოქეობის მახეში, რაც ჩვეულ მოვლენად არის ქცეული მრავალ სასწავლო დაწესებულებაში. ეს მავნე ჩვევები „ერთობლივად დეპრესიის გამომწვევია“, — ნათქვამია ჟურნალ „ინდია ტუდეში“. ამიტომაც თითოეული ჩვენგანისთვის, როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ხანდაზმულებისთვის, სასარგებლო იქნება ბიბლიაში ღვთის შთაგონებით ჩაწერილი რჩევა: „ნუ გავხდებით პატივმოყვარენი, ნუ შევეჯიბრებით და შურის თვალით ნუ შევხედავთ ერთმანეთს“. ნაცვლად ამისა, „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით“ (გალატელები 5:26; 6:4).

როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილების განათლებასთან დაკავშირებით ამ პრინციპის გამოყენება? ამის ერთ–ერთი საშუალებაა, აღვძრათ ბავშვი, პირადი მიზნები დაისახოს და მხოლოდ საკუთარ მიღწევებს დააკვირდეს. მაგალითად, თუ თქვენს შვილს მათემატიკაში ან სუფთა წერაში საკონტროლო სამუშაო ჰქონდა, აღძარით, უკანასკნელი შედეგები წინა საკონტროლო სამუშაოს შედეგებს შეადაროს. შემდეგ სათანადოდ შეაქეთ და გაამხნევეთ. ამგვარად მას დაეხმარებით, რეალური მიზნები დაისახოს, პირად პროგრესს თვალყური ადევნოს და ისე იმუშაოს საკუთარ სუსტ მხარეებზე, რომ თავი სხვებს არ შეადაროს.

დღეს ზოგი უნარიანი ბავშვი განზრახ ცდილობს, კარგად არ ისწავლოს სკოლაში, რათა ამხანაგებმა არ დასცინონ. „კარგად სწავლა მოდაში არაა“, — ამ აზრს იზიარებს ზოგი მოსწავლე. შეუძლია ამ შემთხვევაში სულიერ თვალთახედვას დახმარების გაწევა? დიახ! განვიხილოთ კოლოსელების 3:23, სადაც ნათქვამია: „რასაც უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ, როგორც იეჰოვასთვის და არა როგორც ადამიანებისთვის“. განა არსებობს დაუღალავად შრომისკენ იმაზე მეტად აღმძვრელი ძალა, ვიდრე ის, რომ ღვთისთვის მოსაწონი საქმე გავაკეთოთ? ასეთი ამაღლებული თვალსაზრისი ბავშვს ძალას მისცემს, რომ თანატოლთა ნებისმიერ უარყოფით ზეგავლენას გაუძლოს.

შეაყვარეთ ბავშვებს კითხვა

წერა–კითხვა მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნიური, ისე სულიერი განათლების მისაღებად. მშობლებს შეუძლიათ შვილებს კითხვა შეაყვარონ, თუ მათ ბავშვობიდანვე წაუკითხავენ წიგნებს. დაფნი, რომელიც დღეს კორექტორად მუშაობს, მოხარულია, რომ მშობლები ბავშვობაში რეგულარულად უკითხავდნენ. „ისინი კითხვის სიყვარულს მინერგავდნენ, — ამბობს ის. — ამის შედეგად, კითხვა სკოლაში შესვლამდე ვისწავლე. მშობლებმა ისიც მასწავლეს, თუ როგორ გამომეკვლია მასალა და როგორ მეპოვა პასუხები საკუთარ კითხვებზე. ის, რაც მშობლებმა ბავშვობაში მასწავლეს, ჩემთვის დღემდე ძვირფასია“.

ამავე დროს, ჯონ ჰოლტი, რომლის სიტყვებიც ზემოთ მოვიყვანეთ, გვაფრთხილებს, რომ ბავშვებისთვის კითხვა „სასწაულმოქმედი არ არის“. ის ამბობს: „თუ კითხვა, როგორც მშობლებს, ისე ბავშვებს არ სიამოვნებთ, მას ზიანი უფრო მოაქვს, ვიდრე სარგებლობა . . . იმ ბავშვებსაც კი, რომლებსაც ჩვეულებრივ უყვართ, როცა ხმამაღლა უკითხავენ . . . სიამოვნებას არ ანიჭებთ კითხვა, თუ ეს მშობლებსაც არ სიამოვნებთ“. ამიტომაც, ჰოლტი რჩევას იძლევა, რომ მშობლებმა ისეთი წიგნები შეარჩიონ, რომლებიც თვითონაც მოსწონთ და ახსოვდეთ, რომ ბავშვებმა შეიძლება ამ წიგნების არაერთხელ წაკითხვა მოინდომონ! არსებობს ორი წიგნი, რომლებსაც სიამოვნებით უკითხავს შვილებს მილიონობით მშობელი. ეს წიგნები —„უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“ და „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ — იეჰოვას მოწმეების მიერ არის გამოცემული. ისინი სპეციალურად ბავშვებისთვის არის მომზადებული, ამიტომაც ორივე მათგანი დასურათებულია, რაც ბავშვებს აზროვნების განვითარებასა და ღვთის ნორმების სწავლაში ეხმარება.

ტიმოთე, პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანი, კურთხეული იყო დედითა და ბებიით, რომლებიც მის განათლებას, განსაკუთრებით კი სულიერ განათლებას, დიდ ყურადღებას აქცევდნენ (2 ტიმოთე 1:5; 3:15). შედეგად, ტიმოთე სანდო და საიმედო პიროვნებად ჩამოყალიბდა. ეს კი მხოლოდ საერო განათლების მიღებით ვერ გახდებოდა შესაძლებელი (ფილიპელები 2:19, 20; 1 ტიმოთე 4:12—15). დღეს მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა კრებები სავსეა შესანიშნავი ახალგაზრდა „ტიმოთეებით“, როგორც ბიჭებით, ისე გოგონებით, რაშიც დიდი წვლილი სწორედ სულიერად განწყობილ მშობლებს მიუძღვით.

ასწავლეთ ენთუზიაზმით!

მასწავლებლისთვის, რომელსაც სურს, რომ სხვებს სწავლის სიყვარული ჩაუნერგოს, „ყველაფერი ერთ სიტყვაში — ენთუზიაზმში — არის გაერთიანებული, — ნათქვამია წიგნში „სწავლას მოწყურებულნი“. — საკუთარი ენთუზიაზმით მასწავლებელი უსიტყვოდ ცხადყოფს, რომ უყვარს თავისი საგანი, რაც ყოველთვის აშკარად შესამჩნევია მის სწავლებაში“.

ცხოვრებაში კი ყოველთვის ასე არ არის. ზოგი მასწავლებელი და მშობელი არ გამოირჩევიან ენთუზიაზმით. ამიტომაც, გონიერი მოსწავლეები ცდილობენ, თვითონ გამოავლინონ ენთუზიაზმი და სწავლა საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნიონ. ბოლოს და ბოლოს ხომ, როგორც ზემოხსენებულ წიგნშია ნათქვამი, „არავინ დაუჯდება ჩვენს შვილებს მთელი ცხოვრების განმავლობაში იმისათვის, რომ ისწავლონ, კარგად შეასრულონ სამუშაო, იაზროვნონ და ძალ–ღონე არ დაიშურონ საკუთარი უნარის გასაუმჯობესებლად“.

როგორც ვხედავთ, ამ სიტყვებით ყურადღება სკოლაზე იმდენად არ მახვილდება, რამდენადაც ოჯახსა და იმ ღირებულებებზე, რომლებსაც ბავშვი სახლში იძენს. მშობლებო, ხართ სწავლისადმი ენთუზიაზმით განწყობილნი? არის თქვენს სახლში სწავლისთვის ხელსაყრელი ატმოსფერო, სადაც უპირატესობა სულიერ ღირებულებებს ენიჭება? (ეფესოელები 6:4). გახსოვდეთ, რომ თქვენი პირადი მაგალითი და სწავლება თქვენს შვილებზე სკოლის დამთავრებისა და საცხოვრებლად ცალკე გადასვლის შემდეგაც კი მოახდენს გავლენას (იხილეთ მე–7 გვერდზე მოცემული ჩარჩო „ოჯახები, რომლებიც ბავშვებს სწავლაში ხელს უწყობენ“).

გესმოდეთ, რომ ყველა სხვადასხვანაირად სწავლობს

არ არსებობს ორი აბსოლუტურად ერთნაირი გონება; ყველა თავისებურად სწავლობს. ის, რაც ერთისთვის ეფექტურია, შეიძლება მეორესთვის იმდენად ეფექტური არ აღმოჩნდეს. ამიტომაც დოქტორი მელ ლევინი თავის წიგნში ამბობს: „ყველა ბავშვისადმი ერთნაირი მოპყრობა უთანასწორო მოპყრობაა. ბავშვებს სწავლის განსხვავებული მოთხოვნილება აქვთ; და მათ აქვთ უფლება, რომ თავიანთი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ“ (A Mind at a Time).

მაგალითად, ზოგი აზრებს სურათებისა და სქემების დახმარებით უკეთესად იმახსოვრებს. ზოგს კი დაწერილი ტექსტიდან ან მოსმენით უფრო უადვილდება სწავლა, ან კიდევ ამ ორივე მეთოდის ერთად გამოყენება ურჩევნია. „დამახსოვრების საუკეთესო მეთოდი ინფორმაციის რამენაირად გარდაქმნაა, — ამბობს ლევინი. — თუ მასალა მხედველობით აღსაქმელია, შეეცადეთ სიტყვიერად გამოხატოთ, ხოლო თუ სიტყვიერია, სქემა შეადგინეთ ან ჩანახატი გააკეთეთ“. ასეთი მიდგომა სწავლას არა მხოლოდ უფრო ეფექტურს, არამედ უფრო მეტად სახალისოსაც კი ხდის.

ცხადია, თვითონ უნდა დააკვირდეთ, თუ რა მეთოდია თქვენთვის ყველაზე მეტად ეფექტური. ჰანსი, სრული დროით მქადაგებელი, ბიბლიას ასწავლიდა ჯორჯს, ხანდაზმულ მამაკაცს, რომელსაც მხოლოდ ძირითადი განათლება ჰქონდა მიღებული. ჯორჯს უჭირდა აზრების გაგება და დამახსოვრება. ამიტომაც ჰანსი ცდილობდა, მთავარი აზრების დასამახსოვრებლად მარტივი ჩანახატები გამოეყენებინა. „ამან ჯორჯისთვის დიდი გარდატეხა მოახდინა, — ამბობს ჰანსი. — ამის შემდეგ აზრებს იმდენად კარგად იგებდა და იმახსოვრებდა, რომ თვითონვე უკვირდა! როცა დავინახე, თუ როგორ მუშაობდა მისი გონება, მივხვდი, რომ იმაზე გაცილებით უნარიანი იყო, ვიდრე თავიდან ვფიქრობდი. თანდათანობით ის საკუთარ შესაძლებლობებში უფრო მეტად დარწმუნდა და ჩვენს გაკვეთილებს ყოველთვის დიდი სიხარულით ელოდებოდა“.

სწავლა არასდროს არ არის გვიან

„ტვინის შესაძლებლობები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იყენებენ მას, — ნათქვამია წიგნში, რომელიც ზემოთაც მოვიხსენიეთ. — ეს ის მექანიზმია, რომელიც, თუ არ გამოიყენებ, დაკარგავს რესურსებს. ის ყოველთვის მზად არის ახლის ასათვისებლად“. ამავე წიგნში ასევე ნათქვამია: „მკვლევარების აზრით, როგორც ფიზიკური ვარჯიში უნარჩუნებს ძალას სამოცდაათ–ოთხმოც წელს გადაცილებულ ადამიანს, ისე გონების გავარჯიშება უნარჩუნებს ათვისების უნარს ხანდაზმულის ტვინს. ასაკის მომატება დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითების უკან შემოუბრუნებელ პროცესად. მაგრამ, როგორც ახალმა გამოკვლევებმა ცხადყო, ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ ასეთი მომავალი ადამიანმა საკუთარ თავს თვითონვე უწინასწარმეტყველა; ის ხშირად ტვინის უმოქმედობით არის გამოწვეული. აგრეთვე ასაკთან ერთად, ადამიანი ყოველდღიურად არ კარგავს ტვინის უამრავ უჯრედს, როგორც ადრე ფიქრობდნენ“. შესამჩნევი გონებრივი დაქვეითება, ჩვეულებრივ, დაავადებების, მათ შორის, გულ–სისხლძარღვთა დაავადების, ნიშანია.

მართალია, გონებრივი შესაძლებლობების ოდნავი დაქვეითება მოსალოდნელია ხანდაზმულობისას, მაგრამ აუცილებელი არაა ეს დაქვეითება კრიტიკული იყოს. მკვლევარები ამბობენ, რომ აქტიური ტვინი წინააღმდეგობას უწევს უკუსვლით პროცესს, და მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ფიზიკურ ვარჯიშებს რეგულარულად აკეთებს. „რაც უფრო მეტს სწავლობს ადამიანი, მით უფრო უუმჯობესდება სწავლის უნარი. ის, ვინც გამუდმებით სწავლობს, ყველაფერს საუკეთესოდ ითვისებს“, — ნათქვამია წიგნში, რომელიც ხანდაზმულთა სწავლას ეხება (Elderlearning—New Frontier in an Aging Society).

ეს ფაქტი დადასტურდა ავსტრალიაში 60–დან 98 წლამდე ასაკის ადამიანთა 20–წლიანი გამოკვლევის შედეგად. მრავალ მონაწილეს გონებრივი შესაძლებლობები ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ დაახლოებით 1 პროცენტით უქვეითდებოდა. მაგრამ „იყვნენ ისეთებიც, მათ შორის 90 წელს გადაცილებულები, რომლებსაც ერთი და იგივე მაჩვენებელი ჰქონდათ, — ნათქვამია გამოკვლევის შედეგებში. — ისინი მონაწილეობას იღებდნენ მეთოდური სწავლის ექსპერიმენტებში, რომლებშიც უცხო ენების და/ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა შედიოდა“.

ჯორჯი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, 70 წელს იყო გადაცილებული, როცა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მის მსგავსად, ვირჯინიამ და მისმა მეუღლემ, რობერტმა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, ბიბლიის შესწავლა მოხუცებულობაში დაიწყეს. ვირჯინია ამბობს: «რობერტი, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის უსინათლო იყო, დამახსოვრებული გეგმით სამეფო დარბაზში მოკლე ბიბლიური მოხსენებებით გამოდიოდა. მე კი კითხვა არასდროს მიყვარდა, მაგრამ ახლა მიყვარს. ამ დილას „გამოიღვიძეთ!“–ის ერთი ნომერი თავიდან ბოლომდე წავიკითხე».

ჯორჯი, რობერტი და ვირჯინია მხოლოდ სამი მაგალითია იმ მრავალი ხანდაზმულიდან, რომლებიც შექმნილ სტერეოტიპს არ ეპუებიან და საუკეთესოდ იყენებენ თავიანთ გონებრივ შესაძლებლობებს. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ 70—80 წლის განმავლობაში სწავლა ტვინისთვის იგივეა, რაც ერთი მუჭა წყალი დიდი კონტეინერისთვის — ის მასზე შესამჩნევ კვალსაც კი ძლივს ტოვებს. მაშ, რატომღა აქვს ტვინს ასეთი დიდი შესაძლებლობები?

[ჩარჩო⁄სურათი 4, 5 გვერდებზე]

ინტერნეტი და ტელევიზია — დამხმარეა თუ საზიანო?

„ინტერნეტის გამოყენება სასარგებლოც არის და საზიანოც“, — ნათქვამია ერთ წიგნში (A Mind at a Time). ინფორმაციის მოძებნის სწავლა შეიძლება დამხმარე იყოს, მაგრამ ზოგი მოსწავლე, როგორც ამ წიგნშია აღნიშნული, მხოლოდ „ინფორმაციის გადმოტანას სწავლობს ისე, რომ მნიშვნელობის არსს ვერ სწვდება და მას უკვე მიღებულ ცოდნას ვერ უკავშირებს. არსებობს საფრთხე, რომ ეს პროცესი პასიური სწავლის ან პლაგიატორობის ხელოვნების (სხვისი ნამუშევრის მითვისების) დაუფლების ახალ მეთოდად იქცეს“.

ტელევიზორის ხანგრძლივად ყურება კი, როგორც მკვლევარები ამბობენ, ადამიანს პრობლემების გადაჭრისა და მოსმენის უნარს უქვეითებს, წარმოსახვის უნარს უკლავს და ვერაფრით ეხმარება პიროვნულად გაძლიერებაში. „ტელევიზორებს სიგარეტივით უნდა ჰქონდეს მიწერილი, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას“, — ნათქვამია წიგნში „სწავლას მოწყურებულნი“.

როგორც სხვა წიგნშია აღნიშნული, „ბავშვებს ყველაზე მეტად ენასთან შეხება (კითხვა და საუბრები), სიყვარული და ბევრჯერ თბილად გულში ჩაკვრა სჭირდებათ“.

[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]

ოჯახები, რომლებიც ბავშვებს სწავლაში ხელს უწყობენ

ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაეხმარება თქვენს ოჯახს სწავლის ჩვევების გაუმჯობესებაში:

▪ რეგულარული ურთიერთობა იქონიეთ შვილებთან; დაანახვეთ მათ, რომ სწავლის მხრივ მაღალი, მაგრამ ზომიერი მოთხოვნები გაქვთ. ეს ყველაფერი სიყვარულით აკეთეთ.

▪ ოჯახში შრომა მიზნის მიღწევის მნიშვნელოვან საშუალებად უნდა ითვლებოდეს.

▪ ეცადეთ, აქტიურ ცხოვრებას მიჰყვეთ.

▪ ორგანიზება გაუწიეთ, რომ ბავშვებმა ყოველკვირა არაერთი საათი დაუთმონ სახლში სწავლას, მაგალითად საშინაო დავალებებს, კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას, ჰობს, ოჯახთან ერთად რაიმე საქმის კეთებას, საოჯახო საქმეებს.

▪ შეეცადეთ, ოჯახში ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერის ატმოსფერო სუფევდეს.

▪ ნათელი გახადეთ ბავშვებისთვის, თუ რას მოელით მათგან და მიჰყევით თქვენ მიერვე დადგენილ წესებს.

▪ ხშირი ურთიერთობა გქონდეთ მასწავლებლებთან.

▪ მთავარი ყურადღება სულიერ ზრდაზე გაამახვილეთ.

[სურათი]

მშობლები და მასწავლებლები ერთობლივად უნდა დაეხმარონ ბავშვს სწავლაში.

[საავტორო უფლება]

დაფუძნებულია წიგნზე Eager to Learn—Helping Children Become Motivated and Love Learning.

[ჩარჩო⁄სურათები 8, 9 გვერდებზე]

როგორ გავუმჯობესდეთ სწავლაში და უფრო სასიამოვნო გავხადოთ ის?

დაინტერესდით. თუ საგანი თქვენთვის საინტერესოა, უფრო ადვილად ისწავლით მას. ერთ წიგნში შემდეგი აზრია გამოთქმული: „გამოკვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ბავშვები უფრო საფუძვლიანად სწავლობენ და უფრო კარგადაც იმახსოვრებენ ნასწავლს, როდესაც შესასწავლი საკითხი იტაცებთ. ასეთ შემთხვევაში ისინი უფრო მონდომებულები და იდეებით აღსავსენი არიან; მათ არც რთული დავალებები აშინებთ“ (Motivated Minds—Raising Children to Love Learning).

დაუკვირდით ნასწავლის პრაქტიკულობას. მწერალმა და პედაგოგმა რიჩარდ უივერ II დაწერა: „როდესაც მოსწავლე საკლასო ოთახში მოსმენილსა და მისთვის ნაცნობ რეალურ საგნებს შორის კავშირს ხედავს, ეს მისთვის იგივეა, რაც ელექტრული მუხტი ნათურისთვის ყველაფერი დღესავით ნათელი ხდება“.

ჩასწვდით ინფორმაციას. როდესაც ვცდილობთ, ჩავწვდეთ საკითხს, არამარტო გონებას ვივარჯიშებთ, არამედ მეხსიერებასაც. მართალია, დაზეპირება დროდადრო საჭიროა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისით იოლად გასვლა. „მთელი შენი შენაძენით გაგება შეიძინე. განადიდე იგი და აღგამაღლებს შენ“, — ნათქვამია იგავების 4:7, 8–ში.

გონება მოიკრიბეთ. «გონების მოკრება უმთავრესია სწავლის პროცესში, — ნათქვამია წიგნში „ვასწავლოთ ბავშვს გონების მოკრება“, — ის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ინტელექტის განუყრელ ნაწილად მიიჩნევენ და თვით ინტელექტადაც კი». გონების მოკრების სწავლა შესაძლებელია. თავიდან მოკლე ხნის განმავლობაში ისწავლეთ, შემდეგ კი თანდათანობით გაზარდეთ სწავლის ხანგრძლივობა.

გამოხატეთ საკუთარი სიტყვებით. „საუკეთესო მოსწავლეები ისინი არიან, ვისაც ყველაზე უკეთ შეუძლია ნასწავლის საკუთარი სიტყვებით ჩამოყალიბება“, — ამბობს დ–რი მელ ლივენი (A Mind at a Time). საკუთარი სიტყვებით გამოთქმისას ინფორმაციას პატარ–პატარა ნაწილებად ვყოფთ, რისი წყალობითაც უფრო ადვილია მასში ჩაწვდომა და დამახსოვრება. ისინი, რომლებიც კარგ ჩანაწერებს აკეთებენ, ამავე მეთოდს მიმართავენ და ყველაფერს სიტყვა–სიტყვით არ იწერენ.

დაუკავშირეთ ადრე ნასწავლს. თავის წიგნში პიტერ რასელი ახალ აზრებს კაუჭებს ადარებს, რომლებიც მანამდე ნასწავლ აზრებზე „ეკიდება“ (The Brain Book). სხვა სიტყვებით, მეხსიერება უმჯობესდება, როდესაც ახალ ინფორმაციას ადრე მიღებულ ცოდნას ვუკავშირებთ. რაც უფრო ხშირად დავუკავშირებთ ახალს ძველს, მით უკეთესი მეხსიერება გვექნება.

წარმოიდგინეთ. რასაც ცოცხლად წარმოვიდგენთ, უფრო დიდხანს გვამახსოვრდება. ამიტომ, თუ შესაძლებელია, წარმოიდგინეთ ის, რასაც ისმენთ. ეს მეთოდი გამოიყენება მნემონიკაში; ამ დარგის სპეციალისტები ხშირად გაზვიადებულ ან იუმორისტულ სურათებს იყენებენ ინფორმაციის უკეთ დამახსოვრების მიზნით.

გაიმეორეთ. 24 საათის განმავლობაში ჩვენ შეიძლება ნასწავლის 80 პროცენტი დაგვავიწყდეს. თუკი შესწავლის შემდეგ მოკლედ გავიმეორებთ ნასწავლს, და იმავეს გავაკეთებთ ერთი დღის, კვირის, თვის და თვით ექვსი თვის შემდეგ, საგრძნობლად გავიუმჯობესებთ დამახსოვრების უნარს. შეიძლება ნასწავლი მასალის თითქმის 100 პროცენტიც კი დავიმახსოვროთ.

[სურათები 7 გვერდზე]

მშობლებო, ცდილობთ, შვილებს კითხვა შეაყვაროთ?

[სურათები 10 გვერდზე]

ასაკი ხელს არ უშლის სწავლას.