არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიოთეკები ცოდნის კარიბჭენი

ბიბლიოთეკები ცოდნის კარიბჭენი

ბიბლიოთეკები ცოდნის კარიბჭენი

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ავსტრალიიდან

ბიბლიოთეკებს „ცივილიზაციის ერთ-ერთ ბურჯს“ უწოდებენ. ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ აღნიშნულია, რომ ისინი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ადამიანთა კულტურისა და ტექნოლოგიის განვითარებაში. გერმანელმა პოეტმა გოეთემ მათ კაცობრიობის მეხსიერება უწოდა.

რომელი ბიბლიოთეკები შეგვიძლია მოვიხსენიოთ ძალიან მნიშვნელოვან „ცივილიზაციის ბურჯთა“ შორის? რომელმა წიგნმა მოახდინა უდიდესი გავლენა მსოფლიო ბიბლიოთეკებსა და განათლების გავრცელებაზე? და რამდენ წიგნს შეიცავს უდიდესი თანამედროვე ბიბლიოთეკები? პირველ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოდი წარსულში გადავინაცვლოთ და მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ბიბლიოთეკას ვეწვიოთ.

„კაცობრიობის ცოდნის [ძველი] ენციკლოპედია“

წარმოიდგინეთ, რომ იმყოფებით შუა აღმოსავლეთის ერთ ქვეყანაში, რომელიც დღეს ერაყის სახელით არის ცნობილი. დგას ძვ. წ. 650 წელი. თქვენ ხართ მაღალ გალავანშემორტყმულ ქალაქ ნინევიაში (თანამედროვე ქალაქ მოსულთან ახლოს). უეცრად, აღმოჩნდით დიდებული სასახლის ჩრდილში, რომელიც ეკუთვნის მეფე ასურბანიფალს — ასირიის, ეგვიპტისა და ბაბილონის მბრძანებელს *. სასახლის შესასვლელთან მდგომი ხედავთ მამაკაცებს, რომელთაც ურმებზე დაწყობილი თიხის უზარმაზარი ჭურჭლები შეაქვთ შენობაში. ეს მამაკაცები ეს-ესაა დაბრუნდნენ ასირიის სამეფოს შორეული კუთხეებიდან; ისინი ცდილობენ შეაგროვონ ყველა ცნობილი დოკუმენტი იმ ხალხების საზოგადოებრივი ცხოვრების, კულტურისა და რელიგიური წეს-ჩვეულებების შესახებ, რომლებიც ასურბანიფალის სამფლობელოში ცხოვრობენ. ერთ-ერთი ჭურჭლის გახსნისას, ხედავთ, რომ ისინი სავსეა დაახლოებით 8 სანტიმეტრის სიგანისა და 10 სანტიმეტრის სიგრძის თიხის ფირფიტებით, რომელთაც ბალიშის ფორმა აქვთ.

თქვენ ერთ-ერთ მამაკაცს სასახლეში მიჰყვებით, სადაც ხედავთ მწერლებს, რომლებიც ძვლის კალმებით ლურსმული დამწერლობისმაგვარ კვალს ტოვებენ თიხის სველ, მცირე ზომის ფირფიტებზე. ისინი უცხოენოვან დოკუმენტებს ასირიულ ენაზე თარგმნიან. მოგვიანებით, ამ ფირფიტებს ღუმელში გამოწვავენ, რის შედეგადაც ამ ნაწერების წაშლა თითქმის შეუძლებელი ხდება. მზა ფირფიტები ინახება თაროებით გადაჭედილ დარბაზებში, სადაც ასობით ჭურჭელი აწყვია. დარბაზების კარის წირთხლებზე ჰკიდია პატარა დაფები, რომლებზეც თითოეულ დარბაზში შენახული დოკუმენტების ნუსხაა მოცემული. ამ ბიბლიოთეკაში არსებული 20 000-ზე მეტი თიხის ფირფიტა შეიცავს საქმიანი გარიგებების, რელიგიური წეს-ჩვეულებების, კანონების, ისტორიის, მედიცინის, ადამიანთა და ცხოველთა ფიზიოლოგიის შესახებ ინფორმაციას — ყველაფერ იმას, რასაც ერთმა თანამედროვე მეცნიერმა „კაცობრიობის ცოდნის ენციკლოპედია“ უწოდა.

ნინევიის ბიბლიოთეკამდე და მის შემდეგ

ნინევიაში არსებულ ასურბანიფალის ბიბლიოთეკამდე სხვა დიდი ბიბლიოთეკებიც არსებობდა. მაგალითად, ბაბილონის მეფემ, ხამურაბიმ, ასურბანიფალამდე ათასი წლით ადრე ააგო ბორსიფაში ბიბლიოთეკა. რამსეს II ასურბანიფალამდე 700 წელზე მეტი ხნით ადრე დააფუძნა ცნობილი ბიბლიოთეკა ეგვიპტის ქალაქ თებეში. მაგრამ, ინფორმაციის მრავალფეროვნებისა და დოკუმენტების უსაზღვრო რაოდენობის გამო ასურბანიფალის ბიბლიოთეკამ „ძველი მსოფლიოს უდიდესი ბიბლიოთეკის“ სახელი დაიმკვიდრა. სხვა ბიბლიოთეკამ მხოლოდ 350 წლის შემდეგ შეძლო მისთვის პირველობის წართმევა.

ეს იყო ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი მხედართმთავრის, პტოლემე I სოტერის, მიერ ძვ. წ. 300 წელს აგებული ბიბლიოთეკა. იგი მდებარეობდა ეგვიპტის საპორტო ქალაქ ალექსანდრიაში; მისი ბიბლიოთეკარები ცდილობდნენ მთელი მსოფლიოდან აქ მოეტანათ ხელნაწერთა ასლების უდიდესი ნაწილი *. გადმოცემის თანახმად, დაახლოებით 70-მა სწავლულმა სწორედ ალექსანდრიაში დაიწყო წმინდა წერილების ებრაული ნაწილის ბერძნულ ენაზე თარგმნა. მოგვიანებით ამ თარგმანს ბერძნული სეპტუაგინტა ეწოდა და ფართოდ გამოიყენებოდა პირველი ქრისტიანების მიერ.

აღმოსავლური ბიბლიოთეკები

იმ დროს, როცა ასურბანიფალი თავის ბიბლიოთეკას ამდიდრებდა, ჩინეთს ჯოუს დინასტია მართავდა. ამ დინასტიის მმართველობის პერიოდში, ძვ. წ. 1122—256 წლებში, შეიქმნა ტრაქტატთა კრებული, რომელიც ცნობილი გახდა როგორც „უ ძინი“ („ხუთი კლასიკური ტრაქტატი“). ისინი შეიცავდა სახელმძღვანელოს მომავლის განსასაზღვრავად, უძველესი მმართველების სიტყვათა კრებულს, პოეზიას, რელიგიური ცერემონიალებისა და რიტუალების აღწერას და სამეფო ლუს ისტორიას ძვ. წ. 722-დან ძვ. წ. 481 წლამდე; ამბობენ, რომ ეს ბოლო წიგნი ჩინელი ფილოსოფოსის, კონფუცის, მიერ არის დაწერილი. ამ „ხუთმა კლასიკურმა ტრაქტატმა“ და უამრავმა კომენტარმა, რომლებიც მათი მისამართით დაიწერა, დიდი გავლენა მოახდინა ჩინეთის ხალხთა აზროვნებაზე და ისინი საფუძვლად დაედო საიმპერატორო თუ კერძო ბიბლიოთეკებს, რომელთაც ორი ათას წელზე მეტხანს იარსებეს.

იაპონიაში 1275 წელს მმართველი ფეოდალური ოჯახის წევრმა ხოძე სანეტოკიმ კანაძავეში (ამჟამად იოკოჰამის ნაწილი), თავის სახლში, დააარსა ბიბლიოთეკა. ის ჩინურ და იაპონურ ენებზე ყველა არსებული წიგნის შეგროვებას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნების ნაწილი განადგურდა, ამ კოლექციამ ჩვენამდე მაინც მოაღწია.

ბიბლია, მონასტრების ბიბლიოთეკები და დასავლური კულტურა

„ბეჭდვითი სიტყვის ძალა და ბიბლიოთეკების ფასეულობა ყველაზე თვალსაჩინოდ გამოჩნდა ქრისტიანობის ზრდაში, გავრცელებასა და სიმედგრეში“, — ნათქვამია ერთ წიგნში (A History of Libraries in the Western World). რა საერთო აქვთ ბიბლიოთეკების განვითარებასა და ქრისტიანობის გავრცელებას?

მას შემდეგ, რაც რომის იმპერია დაქუცმაცდა და მისი უდიდესი ბიბლიოთეკებიდან ზოგი განადგურდა, ზოგი კი გაიძარცვა, მთელ ევროპაში არსებულმა ქრისტიანულმა მონასტრებმა დარჩენილი ხელნაწერების შეგროვება დაიწყო. ბევრი მონასტრის მთავარი საქმიანობა ბიბლიური და სხვა ხელნაწერების ასლების დამზადება იყო. მაგალითად, ბენედიქტეს ორდენის მონასტრები ცხოვრობდნენ „წმინდა ბენედიქტეს წესდების“ მიხედვით, რომელიც მოითხოვდა, რომ ეკითხათ და გადაეწერათ წიგნები.

კონსტანტინოპოლის ბიბლიოთეკებში ინახებოდა და იქმნებოდა ძველი მანუსკრიპტების ასლები, რომელთაგან ბევრს ბოლოს იტალიაში აბრუნებდნენ. ვარაუდობენ, რომ ზუსტად ამ ხელნაწერებმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი აღორძინების ხანის დასაწყისში. ისტორიკოსმა ელმერ ჯონსონმა დაწერა: «არ შეგვიძლია უარვყოთ მონასტრების ბიბლიოთეკების როლი დასავლური კულტურის შენარჩუნებაში. დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში ბიბლიოთეკა წარმოადგენდა ევროპის ინტელექტუალურ „გულს“, რომლის გარეშეც დასავლური ცივილიზაცია სრულიად სხვანაირი იქნებოდა».

ბიბლიის ასლების დამზადება დაეხმარა «ევროპის ინტელექტუალურ „გულს“», რომ იმ ხნის განმავლობაში მუშაობა არ შეეწყვიტა. რეფორმაციის დროს, რომელმაც მთელი ევროპა მოიცვა, უბრალო ადამიანებში ბიბლიის კითხვის სურვილმა ისინი აღძრა, რომ გაუნათლებლობის ბორკილებიდან გათავისუფლებულიყვნენ. წიგნში „ბიბლიოთეკების ისტორია“ ნათქვამია: „რეფორმაციაში ვპოულობთ იდეის ჩანასახს, რომ საზოგადოების ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საკმარისი განათლება, რათა ბიბლია წაიკითხოს. რამდენადაც ღვთისმეტყველების საკითხებთან დაკავშირებით კამათი ძლიერდებოდა, აუცილებელი გახდა უფრო ფართო სპექტრის რელიგიური ლიტერატურის წაკითხვა. ამისათვის არა მხოლოდ კითხვის ცოდნა იყო საჭირო, არამედ ფიზიკურად წიგნების არსებობაც“.

ამგვარად, მთელ დასავლეთ სამყაროში ბიბლიამ წამყვანი როლი ითამაშა როგორც ბიბლიოთეკების რაოდენობის, ასევე ადამიანთა განათლების ზრდაში. საბეჭდი დაზგის გამოგონების შემდეგ, მთელ ევროპაში, შემდეგ კი მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, გაჩნდა უზარმაზარი კერძო თუ ეროვნული ბიბლიოთეკები, სადაც თავმოყრილია წიგნები განათლების ყველა სფეროდან.

ოცდამეერთე საუკუნის ბიბლიოთეკები

დღესდღეობით, ზოგმა ბიბლიოთეკამ არნახულ ზომებს მიაღწია. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ წიგნების თაროსთან, რომლის სიგრძეც 850 კილომეტრია და 29 მილიონზე მეტ წიგნს შეიცავს. დაახლოებით ამდენ წიგნს ინახავს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა — შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკა. წიგნების გარდა ბიბლიოთეკა შეიცავს დაახლოებით 2,7 მილიონ აუდიო- და ვიდეოჩანაწერს, 12 მილიონ ფოტოსურათს, 4,8 მილიონ რუკას და 57 მილიონ ხელნაწერს. ბიბლიოთეკის კოლექცია ყოველდღიურად 7 000 ეგზემპლარით მდიდრდება!

დიდი ბრიტანეთის ბიბლიოთეკას ლონდონში, წიგნების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილი უკავია მსოფლიოში; მასში 18 მილიონზე მეტი წიგნია მოთავსებული. რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა მოსკოვში შეიცავს 17 მილიონ წიგნს და ინახავს დაახლოებით 632 000 გაზეთის წლიურ შეკვრას. საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ევროპის ეროვნული ბიბლიოთეკებიდან ერთ-ერთი უძველესია, 13 მილიონი წიგნი ინახება. ამასთანავე, ერთ წიგნში ნათქვამი იყო, რომ „საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა პირველი იყო, რომელმაც ინტერნეტის საშუალებით თავისი ფონდიდან ხელმისაწვდომი გახადა დოკუმენტთა უდიდესი ნაწილი სრული ტექსტით“ (Library World Records). ახლა კომპიუტერის ნებისმიერ მფლობელს ინტერნეტის საშუალებით უპრეცედენტოდ ადვილად შეუძლია ადამიანთა ცოდნის საბადოში შესვლა.

არასდროს ისე სწრაფად და ისეთი რაოდენობით არ ყოფილა ხელმისაწვდომი ინფორმაცია, როგორც დღეს. გამოთვლების თანახმად, ადამიანთა ცოდნის მთელი მარაგი ყოველ ოთხ წელიწად-ნახევარში ორმაგდება. მხოლოდ შეერთებულ შტატებში ყოველ წელს გამოიცემა 150 000-ზე მეტი წიგნი ახალი სათაურით.

დღევანდელობას, როგორც არასდროს, შეეფერება ძველი ისრაელის სწავლულის, მწერლისა და მეფის, სოლომონის, დაკვირვება. მან დაწერა: „ბევრი წიგნების წერას არა აქვს ბოლო და ბევრი ფიქრი ასუსტებს ხორცს“ (ეკლესიასტე 12:12). მაგრამ, თუ გონივრულად გამოვიყენებთ, ბიბლიოთეკები, როგორც მათ იუნესკომ უწოდა, კვლავაც „ცოდნის კარიბჭენი“ იქნებიან.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 ფიქრობენ, რომ ასურბანიფალი არის ბიბლიაში, კერძოდ ეზრას 4:10-ში (სსგ), მოხსენიებული ასნაფარი, იუდას მეფის მენაშეს თანამედროვე.

^ აბზ. 10 ალექსანდრიის ძველი და ახალი ბიბლიოთეკების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ 2005 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“-ში.

[ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]

ბიბლიოთეკარის როლი.

თუ ბიბლიოთეკის კატალოგში საჭირო წიგნის პოვნა ვერ შეძელით, ნუ დაღონდებით, მიმართეთ ბიბლიოთეკარს. ხშირად მის მიერ აღმოჩენილი დახმარება ფასდაუდებელია. როდერიკი, რომელიც უკვე დაახლოებით 20 წელია, რაც ბიბლიოთეკარად მუშაობს, გვიყვება: „ხშირად ადამიანები, როცა ბიბლიოთეკაში მოდიან, თავს უხერხულად გრძნობენ ბიბლიოთეკართან. ისინი არცთუ იშვიათად იწყებენ საუბარს შემდეგნაირად: „შეიძლება ეს სულელურად ჟღერდეს, მაგრამ. . .“. და მაინც, სულელური კითხვები არ არსებობს. გამოცდილ ბიბლიოთეკარს ინტუიცია ეხმარება, რომ შეგირჩიოთ ზუსტად ის, რაც თქვენ იგულისხმეთ, მიუხედავად იმისა, თუ რა იკითხეთ“.

[ჩარჩო⁄სურათი 21 გვერდზე]

რას ნიშნავს ეს ციფრები? 225.7

მ. დიუის „ათწილადი კლასიფიკაცია“

ბევრი ბიბლიოთეკა მუშაობს მ. დიუის „ათწილადი კლასიფიკაციის“ სისტემის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია ციფრების სახით და მოთავსებულია კატალოგებსა და წიგნების ყდებზე. მელვილ დიუიმ, გამოჩენილმა ამერიკელმა ბიბლიოთეკარმა, თავისი სისტემა პირველად 1876 წელს გამოაქვეყნა. მან მთელი მასალა 000-იდან 999-ის ჩათვლით თემატურად დაყო და ათ ძირითად ჯგუფში გააერთიანა:

000-099 ზოგადი

100-199 ფილოსოფია და ფსიქოლოგია

200-299 რელიგია

300-399 საზოგადოებრივი მეცნიერებანი

400-499 ენა

500-599 საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი და მათემატიკა

600-699 ტექნოლოგია (გამოყენებითი მეცნიერებანი)

700-799 ხელოვნება

800-899 ლიტერატურა და რიტორიკა

900-999 გეოგრაფია და ისტორია

თითოეული ძირითადი ჯგუფი, თავის მხრივ, დაყოფილია ათ ქვეჯგუფად, რომლებიც ამა თუ იმ კონკრეტულ საგანს ეხება, ოღონდ ძირითადი ჯგუფის თემის ფარგლებში. მაგალითად, ჯგუფში 200 (რელიგია) ბიბლიას თავისი ინდექსი აქვს — 220. ბიბლიასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები კი თავის მხრივ არის დაყოფილი. ინდექსი 225 ეკუთვნის „ახალ აღთქმას“ (ბერძნული წერილები). დამატებითი ციფრები კი მიუთითებს წიგნის სახეობაზე:

01 ფილოსოფია და თეორია

02 სხვადასხვა

03 ლექსიკონები, ენციკლოპედიები, ბიბლიის სიმფონიები

04 სპეციალური თემები

05 პერიოდული გამოცემები

06 ორგანიზაციები და მართვა-გამგეობა

07 განათლება, კვლევა-ძიება, მონათესავე თემები

08 კოლექციები

09 ისტორია

ამიტომ, ენციკლოპედიას, რომელიც მთლიანად ბიბლიას ეხება, აქვს ინდექსი 220.3, ხოლო ბერძნულ წერილების კომენტარების ინდექსი 225.7-ია.

„აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის კლასიფიკაციაში“ გამოიყენება იგივე პრინციპი, ოღონდ ციფრებთან ერთად გამოყენებულია ასოებიც. ბევრ წიგნს აგრეთვე ანბანურ-ციფრული კოდი აქვს, რომელიც მის ავტორზე მიუთითებს. სხვა ქვეყნებში კლასიფიკაციის სხვა სისტემა გამოიყენება.

[სურათი 18 გვერდზე]

ასირიის მეფე ასურბანიფალი, რომლის ბიბლიოთეკაშიც ინახებოდა თიხის ფირფიტები ლურსმული წარწერებით (ძვ. წ. 650 წელი).

[სურათი 18 გვერდზე]

ბრიტანეთის ბიბლიოთეკა (ლონდონი, ინგლისი).

[სურათი 18 გვერდზე]

მონასტრის ბიბლიოთეკა (შვეიცარია, 1761 წელი).

[სურათი 19 გვერდზე]

ალექსანდრიის ბიბლიოთეკა (ეგვიპტე, დაახლოებით ძვ. წ. 300 წელი).

[საავტორო უფლება]

From the book Ridpath’s History of the World (Vol. II)

[სურათი 20, 21 გვერდებზე]

აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა მსოფლიოში ყველაზე დიდია.

[საავტორო უფლება]

From the book Ridpath’s History of the World (Vol. IX)

[საავტორო უფლებები დაცულია 18 გვერდზე]

Top left and bottom photos: Erich Lessing/ Art Resource, NY; tablet: Photograph taken by courtesy of the British Museum