არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სახლის სისუფთავეში ყველას შეგვაქვს წვლილი

სახლის სისუფთავეში ყველას შეგვაქვს წვლილი

სახლის სისუფთავეში ყველას შეგვაქვს წვლილი

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მექსიკიდან

მართლაც სასიამოვნოა სუფთა, დაუბინძურებელ გარემოში ცხოვრება! თუმცა დღეს უფრო რთულია სისუფთავის დაცვა, ვიდრე უწინ; ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქალაქები დღითი დღე ნაგვით ივსება.

თუმცა, მთავრობა ზრუნავს ქუჩების დასუფთავებასა და ნაგვის გადაყრაზე, ზოგ ადგილას მაინც ვხვდებით დახორავებულ ნაგავს. ეს არა მარტო არასასიამოვნო სანახავია, არამედ საფრთხესაც უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ასეთ ადგილებში სწრაფად მრავლდებიან ვირთხები, ტარაკნები და დაავადების გადამტანი სხვა მღრღნელები თუ მწერები. პირადად თქვენ როგორ შეგიძლიათ ამ პრობლემის გადაჭრა? სახლში და მის ირგვლივ სისუფთავის დაცვით.

სწორი თვალსაზრისი

ზოგი ფიქრობს, რომ ღარიბებისთვის შეუძლებელია სისუფთავის დაცვა. მაგრამ ეს ასე არ არის. ცხადია, უსახსრობის გამო რთულია სისუფთავის დაცვა, მაგრამ, როგორც ერთი ესპანური ანდაზა ამბობს: „სიღარიბე და სისუფთავე ერთმანეთში კარგად რიგდებიან“. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კარგი შემოსავალი სისუფთავის დაცვის გარანტია არ არის.

სისუფთავის დაცვა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი თვალსაზრისი გვაქვს ამ საკითხზე. ფაქტობრივად, სისუფთავის დაცვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ოჯახის თითოეული წევრის თვალსაზრისზე. ამიტომ კარგი იქნება, თუ თითოეულ ჩვენგანს გვეცოდინება, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ სახლში და მის ირგლივ სისუფთავე დავიცვათ.

შეადგინეთ დასუფთავების გეგმა

დიასახლისს საქმე არასდროს გამოელევა. სადილის მომზადების გარდა დედამ ბავშვები სკოლისთვის უნდა მოამზადოს. ამასთანავე, მან სახლისა და ეზოს დასუფთავებაზეც უნდა იზრუნოს. არ შეგიმჩნევიათ, რომ ხშირად სწორედ დედა აგროვებს შვილების მიყრილ ჭუჭყიან ტანსაცმელს ან თავის ადგილას დებს მათ პირად ნივთებს? დედას ტვირთი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდება, თუ დასუფთავების კარგ გეგმას შეადგენთ და მიჰყვებით მას.

ზოგმა დიასახლისმა შენიშნა, რომ ზოგიერთი ნივთი თუ ადგილი ყოველდღე საჭიროებს დასუფთავებას, ხოლო ზოგი — კვირაში ერთხელ. არის ისეთი ნივთები და ადგილები, რომელთა დასუფთავებაც საკმარისია თვეში ან წელიწადში ერთხელ. მაგალითად ბეთელში — იეჰოვას მოწმეთა ფილიალში — წელიწადში ერთხელ საგულდაგულოდ ასუფთავებენ გარდერობებს. მათ არასაჭირო ნივთებისგან ათავისუფლებენ, ხოლო დანარჩენს ლამაზად ალაგებენ. წელიწადში ერთხელ, აგრეთვე, შენობის შიდა კედლებსაც წმინდავენ.

სახლში არის ისეთი ადგილები, რომელთა სისტემატიური დასუფთავება აუცილებელია კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მაგალითად სააბაზანო. ყოველდღე უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ სააბაზანო სუფთად გამოიყურებოდეს; კვირაში ერთხელ მისი საფუძვლიანი დასუფთავებით თავიდან ავიცილებთ ბაქტერიების გამრავლებას. ზოგი ფიქრობს, რომ უნიტაზზე ლაქების დაგროვება გარდაუვალია და ამიტომ, შეუძლებელია მათი მოშორება. თუმცა ზოგან საპირფარეშოები ზედმიწევნით სუფთა და კრიალაა. ამისათვის საჭიროა სათანადო გამწმენდი საშუალებები და რეგულარული წმენდა.

სამზარეულოც საგულდაგულო დასუფთავებას მოითხოვს. ჭურჭლისა და საჭრელი დაფების გარეცხვა, გაზქურის გაწმენდა ყოველდღიურად გვიწევს, მაგრამ აუცილებელია დროდადრო — თვეში ერთხელ მაინც — კარგად მოვასუფთავოთ ის ადგილები, სადაც მაცივარი და გაზქურა დგას, ასევე სამზარეულოს ბაკანის ქვედა ადგილი. ჭურჭლისა და საჭმლის შესანახი კარადა ხშირად უნდა გავწმინდოთ, რომ იქ ტარაკნებმა და სხვა მავნე მწერებმა არ დაიდონ ბინა.

ოჯახის წევრების ურთიერთთანამშრომლობა

ზოგმა მშობელმა მიაჩვია შვილები, რომ სკოლაში წასვლამდე თავიანთი ლოგინები გაასწორონ, ჭუჭყიანი ტანსაცმელი თავის ადგილას დააწყონ და პირადი ნივთები ლამაზად დაალაგონ. ყველასთვის სასარგებლოა იმის ცოდნა, რომ „ყველაფერს თავისი ადგილი აქვს“.

გარდა ამისა, ოჯახის ზოგ წევრს შეიძლება დავალებული აქვს კონკრეტული საქმის გაკეთება. მაგალითად, მამას შეიძლება გარაჟის მოწესრიგება ევალება. ცდილობს ის, წელიწადში ერთხელ მაინც საფუძვლიანად დაასუფთაოს გარაჟი და ნივთებს თავისი ადგილი მიუჩინოს? ეხმარებიან მამას ბავშვები გარაჟის დასუფთავებაში? ვის ავალია თქვენს ოჯახში სარეველა ბალახების ამოძირკვა ან ბალახის გაკრეჭა ეზოში? რამდენად ხშირად არის ამის გაკეთება საჭირო, რათა სახლის მიმდებარე ტერიტორია სუფთად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს? გაქვთ სახლში სხვენი ან სათავსი, რომელიც დროდადრო გადახედვას მოითხოვს, რათა იქ გამოუსადეგარი ნივთები არ დაგროვდეს და ყველაფერი წესრიგში იყოს? ვინ ზრუნავს ამაზე? ზოგი მშობელი ამას შვილებს ავალებს.

ამგვარად, თქვენი სახლი სუფთად და მიმზიდველად რომ გამოიყურებოდეს, დასუფთავების კარგი გეგმა უნდა შეადგინოთ. გეგმის შედგენა აუცილებელია, იმის მიუხედავად, მარტო აპირებთ სახლის დასუფთავებას, ოჯახის წევრები დაგეხმარებიან ამაში, თუ ვინმეს დაიქირავებთ. ერთი დიასახლისი, რომელიც ყოველთვის ინარჩუნებს სისუფთავეს, ამბობს, რომ მას ოჯახის ყველა წევრი ეხმარება: „სახლის საქმეს მე და ჩემი სამი ქალიშვილი ვინაწილებთ. ნორმა–ადრიანას მოვალეობაში შედის სასტუმრო ოთახის, ორი საძინებლის, ეზოსა და სახლის წინ მდებარე ქუჩის დასუფთავება. ანა–კოაკინა იმაზე ზრუნავს, რომ სამზარეულოში ყოველთვის სისუფთავე იყოს, მარია დელ კარმენს ჭურჭლის დარეცხვა ევალება, მე კი ტანსაცმლის რეცხვა და კიდევ სხვა საქმეები“.

სისუფთავის დაცვა სახლის ირგვლივ

რის თქმა შეიძლება სახლის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე? დასუფთავების გეგმა იმაშიც დაგეხმარებათ, რომ სახლის ირგვლივ ყველაფერი მოწესრიგებული იყოს და ლამაზად გამოიყურებოდეს, იმისდა მიუხედავად, მდიდრული სახლი გაქვთ თუ უბრალო. მაგალითად, დავუშვათ ჭიშკარს ერთი ანჯამა მოტყდა. ალბათ, იცით, რა საშინელი შესახედავი იქნება კარები მანამ, სანამ არ შეაკეთებთ; წინააღმდეგ შემთხვევაში ის მთლიანად ჩამოვარდება. იგივე შეიძლება ითქვას სახლის წინ დაყრილ ნაგავზე. ხანდახან ქილებს, სამუშაო იარაღებსა და სხვა ნივთებს ეზოში მიყრილ–მოყრილს ვტოვებთ. ეს კი შეიძლება პარაზიტი მწერებისა და მღრღნელების ბუდედ იქცეს.

ზოგმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ კვირაში ერთხელ, და საჭიროება თუ მოითხოვს დღეში ერთხელაც, დაასუფთაოს არა მარტო ეზო, არამედ მის წინ მდებარე ადგილიც. ზოგ ქვეყანაში მთავრობა ზრუნავს ქუჩების დასუფთავებაზე, ზოგან კი — არა. უდავოა, რომ ჩვენი საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორია უფრო მიმზიდველი იქნება, თუ მის დასუფთავებაში თითოეული ჩვენგანი შევიტანთ წვლილს. ამასთანავე, სუფთა გარემო საფრთხეს აღარ შეუქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.

ზოგ ოჯახში დასუფთავების გეგმას ფურცელზე წერენ და ყველასთვის შესამჩნევ ადგილას აკრავენ, შემდეგ კი მიჰყვებიან მას. ამას კარგი შედეგი მოაქვს. ცხადია, ამ სტატიაში არ არის განხილული ყველაფერი, რაც სისუფთავესთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ. მაგალითად, თავად უნდა გადაწყვიტოთ, თქვენი სახსრებიდან გამომდინარე, რომელი საწმენდი საშუალებები გამოიყენოთ და, რომელი ხელსაწყოები შეიძინოთ.

უდავოა, ამ სტატიაში მოცემული რჩევები ოჯახის თითოეულ წევრს დაანახვებს, რამდენად საჭიროა სისუფთავის დაცვა. გახსოვდეთ, სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება შემოსავალზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ თქვენს თვალსაზრისზე.

[ჩარჩო 26, 27 გვერდებზე]

სახლის დასუფთავების პრაქტიკული გეგმა

სიაში გამოყავით ადგილი საკუთარი შენიშვნებისთვის.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: საწმენდი საშუალებების ერთმანეთში შერევა შესაძლოა ძალიან საშიში იყოს ჯანმრთელობისთვის; განსაკუთრებით საშიშია ქლორის შემცველი ხსნარების ამიაკთან შერევა.

ყოველდღე

საძინებელი: გაასწორეთ საწოლები და ნივთებს თავისი ადგილი მიუჩინეთ.

სამზარეულო: გარეცხეთ ჭურჭელი და სამზარეულოს ბაკანი. გადაწმინდეთ მაგიდა. ყველაფერი თავ–თავის ადგილას შეინახეთ. თუ საჭიროება მოითხოვს, დაგავეთ და მოწმინდეთ იატაკი.

სააბაზანო: კარგად გაასუფთავეთ ნიჟარა და უნიტაზი. ნივთები ლამაზად დააწყეთ.

მისაღები და სხვა ოთახები: ყველაფერი თავ–თავის ადგილას დაალაგეთ. ავეჯიდან მტვერი გადაწმინდეთ. თუ საჭიროა, იატაკი მტვერსასრუტით ან ცოცხით მოასუფთავეთ და მოწმინდეთ.

ყველგან: გადაყარეთ ნაგავი.

ყოველკვირა

საძინებელი: გამოცვალეთ თეთრეული. დაგავეთ, მოწმინდეთ ან, თუ საჭიროა, მტვერსასრუტით მოასუფთავეთ იატაკი. ავეჯიდან მტვერი გადაწმინდეთ.

სამზარეულო: გაწმინდეთ გაზქურა და სამზარეულოს მოწყობილობა. მოწმინდეთ იატაკი.

სააბაზანო: გაწმინდეთ აბაზანა და ნიჟარა ონკანებითურთ, ასევე მათ გარშემო კაფელი. უნიტაზი და აბაზანის სათავსები სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით გაწმინდეთ. გამოცვალეთ პირსახოცები. მოწმინდეთ მეტლახი.

ყოველთვე

სააბაზანო: საფუძვლიანად გაწმინდეთ კედლები.

ყველგან: გაწმინდეთ კარების ჩარჩოები. მტვერსასრუტით აიღეთ მტვერი სკამებიდან, სავარძლებიდან და დივნებიდან.

ბაღი, ეზო, გარაჟი: დაგავეთ და, თუ საჭიროა, დაასუფთავეთ. ეცადეთ, არ დააგროვოთ არასაჭირო ნივთები.

ექვს თვეში ერთხელ

საძინებელი: გარეცხეთ ან გაწმინდეთ ლოგინის გადასაფარებლები ინსტრუქციის გათვალისწინებით.

სამზარეულო: მაცივრიდან ყველაფერი გამოიღეთ და საგულდაგულოდ გაწმინდეთ.

სააბაზანო: სათავსებიდან და უჯრებიდან გამოიღეთ ნივთები და კარგად გაწმინდეთ. გადაყარეთ არასაჭირო და ვადაგასული ნივთები, მაგალითად, კოსმეტიკური და გამწმენდი საშუალებები.

ყველგან: გაწმინდეთ ჭაღები, ვენტილატორები და ყველა გასანათებელი მოწყობილობა. გაწმინდეთ კარ–ფანჯრები თავისი ჩარჩოებითა და მინებით.

წელიწადში ერთხელ

საძინებელი: გამოაცარიელეთ და კარგად გაწმინდეთ გარდერობები. გადაყარეთ არასაჭირო ნივთები. გარეცხეთ საბნები. კარგად დაბერტყეთ ან მტვერსასრუტით გაწმინდეთ ლეიბები. ბალიშები ინსტრუქციის მიხედვით გაასუფთავეთ.

სამზარეულო: გამოათავისუფლეთ თაროები, კარადები და უჯრები და კარგად გაასუფთავეთ. გადაყარეთ ის ნივთები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. გამოსწიეთ ელექტრომოწყობილობები და კარგად გამოასუფთავეთ იქაურობა.

ყველგან: გაწმინდეთ კედლები. ინსტრუქციის მიხედვით გარეცხეთ ან გაასუფთავეთ ფარდები, სკამები, სავარძლები და დივნები.

გარაჟი და სათავსები: კარგად დაგავეთ. მოაწესრიგეთ და გაათავისუფლეთ იქაურობა არასაჭირო ნივთებისგან.

[სურათები 28 გვერდზე]

„ყველაფერს თავისი ადგილი აქვს“.

[სურათები 28 გვერდზე]

დასუფთავების შედეგად გარდერობს არასაჭირო ნივთებისგან გამოათავისუფლებთ.