არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მაღაზიაში ქურდობა ვის რა ფასად უჯდება?

მაღაზიაში ქურდობა ვის რა ფასად უჯდება?

მაღაზიაში ქურდობა ვის რა ფასად უჯდება?

იაპონიაში ერთი მაღაზიის მეპატრონემ პატარა ბიჭი ქურდობაზე დაიჭირა და პოლიციას გამოუძახა. როცა პოლიცია მოვიდა, ბიჭუნა გაიქცა. პოლიციელები დაედევნენ. როცა ბიჭუნა რკინიგზის ლიანდაგებზე გადარბოდა, ის მატარებელმა გაიტანა.

ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი მაღაზიის მეპატრონეს ადანაშაულებდა იმაში, რომ მან პოლიცია გამოიძახა. მაღაზია მცირე ხნით დაიხურა მღელვარების ჩაწყნარებამდე. მაგრამ გახსნისთანავე, მაღაზიას კვლავ მიაწყდნენ ქურდები. გამოცდილების გამო, მაღაზიის მეპატრონე სიფრთხილეს იჩენდა და თავს იკავებდა ქურდებთან დაპირისპირებისგან. მისი მაღაზია ადვილად გასაქურდ მაღაზიად გახდა ცნობილი. მალე მაღაზიას ერთხელ და სამუდამოდ დახურვა მოუწია.

ცხადია, ყველა შემთხვევა ასე ტრაგიკულად არ მთავრდება, მაგრამ ამ მაგალითიდან აშკარად ვხედავთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ მაღაზიაში ქურდობა ძვირად უჯდება მრავალ ადამიანს. მოდი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, ვის რა ფასად უჯდება ასეთი დანაშაული.

რა ფასად უჯდებათ მაღაზიებს?

მაღაზიაში ქურდობა კომერსანტებს მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად მილიარდობით დოლარით აზარალებს. ზოგი ვარაუდობს, რომ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებში ზარალი 40 მილიარდ დოლარს აჭარბებს. რამდენი მაღაზია შეძლებს ზარალის მიუხედავად, ვაჭრობის გაგრძელებას, როცა საერთო ჯამში ასეთ თანხებზეა საუბარი? ბევრი მაღაზია კრიზისულ მდგომარეობაშია. როცა მაღაზიები ქურდებით ივსება, მაღაზიის მეპატრონეებს შესაძლოა ჩაუვარდეთ საქმე, რომლის წამოწყებასაც სიცოცხლე შეალიეს.

„კონკურენციასთან ერთად, ქურდობაც ჩვენი საზრუნავია. არ ვიცი, რამდენ ხანს შევძლებთ ასე მუშაობას“, — ამბობს ლუკა, ნიუ-იორკში მდებარე ერთი მაღაზიის მეპატრონე. მას სახსრები არა აქვს დაცვის ავტომატური სისტემის დასამონტაჟებლად. ქურდობის შესახებ ის ამბობს: „ამას შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი აკეთებდეს, არც ჩემს ხშირ კლიენტებს გამოვრიცხავ“.

ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ლუკას არც იმდენად ცუდად აქვს საქმე. „ეს მაღაზიები ქვეყნის ფულს შოულობენ. იმის დაკარგვით, რასაც მე ავიღებთ, დიდი არაფერი დააკლდებათ“, — შესაძლოა ისინი ასე მსჯელობდნენ. მაგრამ განა ნამდვილად ამდენად დიდ მოგებას ნახულობენ მაღაზიები?

ზოგან მაღაზიები გასაყიდ საქონელს ღირებულების 30, 40 და 50 პროცენტსაც კი ამატებენ, მაგრამ ეს არ არის მათი სუფთა მოგება. მაღაზიის მეპატრონეები სწორედ შემოსავლებიდან იხდიან ფართის ქირას, გადასახადებს, თანამშრომლების ხელფასებს, პრემიებს, ტექმომსახურების თუ აპარატურის შეკეთების საფასურს, დაზღვევის შესატანებს; აგრეთვე ფარავენ ელექტროენერგიით, წყლით, გათბობით, ტელეფონითა და დაცვის სისტემებით სარგებლობის ღირებულებას. ამის შემდეგ მოგებამ შესაძლოა 2-3 პროცენტი შეადგინოს. ასე რომ, როცა ვინმე მაღაზიიდან გასაყიდ საქონელს იპარავს, მაღაზიის მეპატრონეები მნიშვნელოვან შემოსავალს კარგავენ.

რა შეიძლება ითქვას წვრილმან ქურდობაზე?

პარატა ბიჭუნა მაღაზიაში დედას ხელს უშვებს და იქით მიდის, სადაც ტკბილეულობა აწყვია. ბიჭუნა კანფეტების ყუთს ხსნის და კანფეტს ჯიბეში იდებს. ნუთუ მაღაზიის მუშაობაზე გავლენას მოახდენს ამდენად მცირე ღირებულების მქონე საქონლის დაკარგვა?

ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულმა ერთერთმა ორგანიზაციამ, რომელიც ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას, გამოსცა ბროშურა, სადაც ნათქვამია: „წვრილმანი ქურდობა შესაძლოა დიდ დანაშაულად არ მიიჩნიოს ქურდმა, რომელიც აქა-იქ საწერ კალამს ან ჯიბის კალკულატორს მოიპარავს. მაგრამ მცირე ბიზნესისთვის, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის, ეს სასიკვდილო დარტყმაა“ (Curtailing Crime —Inside and Out). რადგანაც მოგება ძალიან დაბალია, ქურდობით მიყენებული წლიური ზარალის ასანაზღაურებლად — თუ ზარალი, ვთქვათ, 1 000 დოლარს შეადგენს — საცალო ვაჭრობის მაღაზიამ ყოველდღიურად დამატებით 900 კანფეტი და 380 კოლოფი სარეცხი საშუალება უნდა გაყიდოს. ასე რომ, მაღაზიები დიდ ზარალს ნახულობენ, თუ კანფეტებს ბევრი პატარა ბიჭუნა იპარავს. პრობლემა სწორედ მაღაზიაში ქურდობის მასშტაბურობაა.

დღესდღეობით ათობით მილიონი ადამიანი იპარავს გასაყიდ საქონელს ბაზრებსა და მაღაზიებში. მათ რიცხვს ახალგაზრდები და ხანდაზმულები, მდიდრები და ღარიბები, სხვადასხვა რასისა და წარმოშობის ადამიანები მიეკუთვნებიან. რა არის ასეთი ქურდობის შედეგი? ამერიკის შეერთებული შტატების დამნაშავეობის შემთხვევების თავიდან არიდების ეროვნული საბჭოს ანგარიშის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქურდობის გამო ყოველწლიურად კერძო მაღაზიების თითქმის მესამედი იხურება. ცხადია, მაღაზიები სხვა ქვეყნებშიც მსგავს მდგომარეობაშია.

იხდის მომხმარებელი

როცა ხალხი მაღაზიებში გასაყიდ საქონელს იპარავს, შესაბამისად ფასები იზრდება. მაღაზიებში გახშირებული ქურდობის გამო, ზოგან მომხმარებლები წლის განმავლობაში ნაყიდ საქონელში საერთო ჯამში 300 დოლარით მეტს იხდიან. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენი შემოსავალი დღეში 60 დოლარს შეადგენს, ყოველწლიურად ერთი კვირის განმავლობაში მოგიწევთ მუშაობა სხვების მიერ მოპარული საქონლის საფასურის დასაფარავად. ხართ მზად ამისთვის? ხანდაზმულთათვის, რომლებიც პენსიაზე ცხოვრობენ ან მარტოხელა დედისთვის, რომელიც ოჯახს თვითონ არჩენს, მთელი კვირის შემოსავლის ასეთი სახით დაკარგვა წარმოუდგენელია. მაგრამ ყველაფერი ამით როდი მთავრდება.

თითოეული მცხოვრებისთვის საზიანოა, როცა უბანში მაღაზია იკეტება. სწორედ ქურდობის გამო ამერიკის ერთ პატარა დასახლებაში ამასწინათ აფთიაქი დაიხურა. წამლების საყიდლად მოხუცებულებსა და ინვალიდებს სხვა აფთიაქამდე ახლა ორ კილომეტრ-ნახევრის გავლა უწევთ. „სცადეთ ამის გაკეთება ინვალიდის სავარძელში“, — ამბობს ერთ-ერთი თანამდებობის პირი.

რა ფასად უჯდებათ მშობლებს?

ბრუსი პატიოსანი კაცია და შვილებსაც პატიოსან ადამიანებად ზრდის. მიუხედავად ამისა, ერთ მშვენიერ დღეს მისი ქალიშვილი ქურდობისთვის დააპატიმრეს. „ამ შემთხვევამ გამანადგურა, — ამბობს ბრუსი. — წარმოიდგინეთ, მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჩემი ქალიშვილი მაღაზიაში ქურდობისთვის დააკავეს. წლები შევალიეთ იმას, რომ კარგ პიროვნებად აღგვეზარდა, მაგრამ ასეთი რამ მოხდა. ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ჩვენი შვილი ამას გააკეთებდა“.

ბრუსი ქალიშვილსა და მის მომავალზე დარდმა მოიცვა. გარდა ამისა, მან უარი თქვა სულიერ მასწავლებლად მსახურებაზე — მოვალეობაზე, რომელსაც ის, როგორც მოხალისე, ასრულებდა. „როგორღა შემეძლო სცენიდან შემეხედა კრებისთვის? როგორ შემეძლო სუფთა სინდისით მიმეცა მათთვის რჩევები შვილების აღზრდასთან დაკავშირებით? მე ამას გამართლებას ვერ მოვუძებნიდი“. ბრუსის ქალიშვილს, როგორც ჩანს, არ უფიქრია იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენდა მამამისზე მისი დანაშაული.

რად უჯდებათ ქურდობა თვითონ ქურდებს?

ადრე, როცა მაღაზიის მეპატრონეები ვინმეს ქურდობისთვის იჭერდნენ, მკაცრ გაფრთხილებას აძლევდნენ და უშვებდნენ. ახლა კი ისინი ხშირად საქონლის მოპარვის მცდელობის პირველივე ფაქტზე მოითხოვენ ასეთი დამნაშავეების დაპატიმრებას. მხოლოდ მაშინ ხვდებიან ქურდები, რომ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს სერიოზული შედეგები მოჰყვება. ერთმა ახალგაზრდამ, სახელად ნატალიმ, ასეთი რამ საკუთარ თავზე გამოსცადა.

„რაც მეტს ვიპარავდი, მით უფრო მემატებოდა საკუთარი თავის რწმენა, — ამბობს ნატალი. — ჩემთვის ვფიქრობდი, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამიჭერდნენ, ადვოკატის დასაქირავებლად და სასამართლო ხარჯების დასაფარავად იმდენი ფულის გადახდა მაინც არ მომიწევდა, რამდენსაც უკანასკნელი მოდის ტანსაცმელში გადავიხდიდი, ყველაფერი ჩემი ფულით რომ მეყიდა“. ნატალი ნამდვილად ცდებოდა.

ერთხელაც ის კაბის ქურდობისთვის დააკავეს და პოლიციამ ხელებზე ბორკილდადებული წაიყვანა განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში მისი თითის ანაბეჭდები აიღეს და სხვა დამნაშავეებთან ერთად საკანში მოათავსეს. ნატალის იქ რამდენიმე საათის განმავლობაში ლოდინი მოუწია, ვიდრე მშობლები მის თავდებით გათავისუფლებას შეძლებდნენ.

ყველას, ვინც კი მაღაზიაში რამის მოპარვას ფიქრობს, ნატალი დღეს ამას ეუბნება: „დამიჯერეთ, ჯობია იყიდოთ უაზრო კაბა ან ჯინსი“. თუ ტანსაცმელს მოიპარავთ, როგორც ნატალი ამბობს, „ამას მოგვიანებით დიდი ხნის განმავლობაში ინანებთ“.

დამნაშავის სახელის გამო ადამიანი თავის საქციელს ნამდვილად ინანებს. მათდა სამწუხაროდ, ის ადამიანები, რომლებიც ერთ დროს მაღაზიაში ქურდობისთვის იყვნენ დაპატიმრებულნი, ხედავენ, რომ მათი დანაშაული დავიწყებას არ ეძლევა, არამედ თან სდევს მათ და ტანსაცმელზე დარჩენილ ლაქასავით არ შორდებათ. ყოფილ ქურდს შესაძლოა წარსულის აღიარება მოუწიოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლების მისაღებად. მას შესაძლოა სირთულეები შეექმნას, თუ მაგალითად სამედიცინო განათლების მიღებას გადაწყვეტს ან არქიტექტორის სპეციალობას აირჩევს. ფირმებმა და კომპანიებმა შეიძლება თავი შეიკავონ სამუშაოზე მისი მიღებისგან. სრულიად დასაშვებია, ასეთი პრობლემები ადამიანს სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელის მოხდის შემდეგაც კი შეექმნას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მეტად აღარასოდეს იქურდებს.

ადამიანს ქურდობა იმ შემთხვევაშიც ძვირად დაუჯდება, თუ მას პასუხისგებაში არასდროს მისცემენ. ჰექტორი, რომელიც ერთ-ერთ წინა სტატიაში მოვიხსენიეთ, თავად დარწმუნდა ამაში. „ყოველთვის თავს ვაღწევდი სახიფათო სიტუაციებს, — ამბობს ის. — ქურდობისთვის არასდროს არავის დავუჭერივარ“. მიუხედავად ამისა, ისიც იმკის წარსულში ჩადენილი დანაშაულის შედეგებს. ჰექტორი ამბობს: „ახალგაზრდებს უნდა ესმოდეთ, რომ რასაც დათესავენ, იმასვე მოიმკიან. იმ შემთხვევაშიც, თუ პოლიცია ვერასდროს დაგიჭერთ, აუცილებლად მოიმკით საკუთარი მოქმედების შედეგებს“.

მაღაზიაში ქურდობა არ არის ის დანაშაული, რომლის გამოც არავინ ზარალდება და არც მოპარული საქონელია უფასო. ყველამ, ვინც ამჟამად ქურდობს მაღაზიებში, უმჯობესია ეს დაუყოვნებლივ მიატოვოს. მაგრამ როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა ქურდობის ერთხელ და სამუდამოდ მიტოვება? ოდესმე მოეღება ბოლო ასეთი სახის დანაშაულს?

[სურათი 7 გვერდზე]

მაღაზიაში ქურდობა ძირს უთხრის ვაჭრობას.

[სურათი 7 გვერდზე]

ყველას ძვირად უჯდება ის, რომ ხალხი მაღაზიებში ქურდობს.

[სურათები 8 გვერდზე]

მაღაზიაში ქურდობა გავლენას ახდენს თქვენს მომავალზე.

[საავტორო უფლება]

Fingerprints: © Morocco Flowers/ Index Stock Imagery.