არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მოეღება ბოლო მაღაზიაში ქურდობას?

როგორ მოეღება ბოლო მაღაზიაში ქურდობას?

როგორ მოეღება ბოლო მაღაზიაში ქურდობას?

„ქურდობის ფაქტების შემცირება მხოლოდ თქვენი საზრუნავი არ არის. ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა. ქურდობის აღმოფხვრას ყველასთვის მოაქვს სარგებლობა“ („ვაჭრობის მუშაკთა სახელმძღვანელო — როგორ ავირიდოთ ზარალი?“).

მაღაზიაში ქურდობა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ცუდი საქციელი, გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნებაზე და მას თავის მართლებისკენ უბიძგებს. ამიტომ, როგორც მებაღე გლეჯს ძირფესვიანად სარეველა ბალახებს, ადამიანმაც, რომელსაც ქურდობისთვის თავის დანებება სურს, ძირფესვიანად უნდა შეცვალოს საკუთარი აზროვნება და მოიშოროს მავნებელი აზრები. „განიახლეთ გონება“, — მოგვიწოდებს ბიბლია რომაელების 12:2–ში. 1 პეტრეს 1:14–ში კი შეგვაგონებს: „ნუ აჰყვებით ისეთ სურვილებს, რომლებიც წინათ . . . გქონდათ“. ქვემოთ მოცემული აზრები შეიძლება ადამიანს დაეხმაროს ქურდობისთვის თავის დანებებაში.

დამხმარე აზრები აზროვნების გამოსასწორებლად

▪ პირველი: მაღაზიაში ქურდობა კანონსაწინააღმდეგო საქციელია. შესაძლოა ზოგან უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა მაღაზიაში ქურდობა და ხალხიც უპრობლემოდ ახერხებს გასაყიდი საქონლის მოპარვას. ყველაფრის მიუხედავად, ის, ვინც მაღაზიაში ქურდობს, კანონს არღვევს (რომაელები 13:1).

რა ხდება, როცა ხალხი მასობრივად არ ემორჩილება კანონს? ბიბლიის სიტყვებს თუ გავიმეორებთ, ამ დროს შეიძლება ითქვას, რომ „გაცუდდა რჯული“ ანუ კანონმა ძალა დაკარგა (აბაკუმი 1:3, 4). სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, მცირდება ხალხზე კანონის დადებითი ზეგავლენა, რასაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა მოჰყვება. მაღაზიაში ქურდობის თითოეული შემთხვევა ძირს უთხრის კანონისადმი საზოგადოების მორჩილებას. ამას კი თითოეული ადამიანისთვის არასასურველი შედეგები მოაქვს.

▪ მეორე: მაღაზიაში ქურდობა ხალხს ერთმანეთის ნდობას უკარგავს. უპატიოსნო საქციელი ძირს უთხრის ადამიანთა ურთიერთობებს; ართულებს ურთიერთგაგებას და ერთმანეთის მიმართ სამართლიანად მოპყრობას (იგავები 16:28).

„ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ხალხს მეტისმეტად ვენდობოდი“, — თქვა ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონემ, მას შემდეგ, რაც ქურდობის გამო გაკოტრდა. ერთ დროს ის მომხმარებლებსა და თანამშრომლებს ენდობოდა და არ ფიქრობდა, რომ ისინი საქონელს მოპარავდნენ. ახლა კი ფიქრობს, რომ ნდობის გამოვლენით შეცდომა დაუშვა.

ადამიანმა შეიძლება მოატყუოს ვინმე და ამით მხოლოდ საკუთარი რეპუტაცია შეირყიოს. ის ადამიანები კი, რომლებიც მაღაზიებში ქურდობენ, მაღაზიაში მათ შემდეგ შესული ყოველი მომხმარებლის პატიოსნებას აყენებენ ეჭვქვეშ. მათ პატიოსანი ადამიანებიც პოტენციური ქურდების როლში გამოჰყავთ. განა აქვს ვინმეს ამის უფლება?

▪ მესამე: მაღაზიაში ქურდობამ ადამიანი შესაძლოა უფრო სერიოზული დანაშაულის ჩადენამდე მიიყვანოს. ის, ვინც ამჟამად მაღაზიებში ქურდობს, თანდათანობით შეიძლება უფრო დიდ რისკზე წავიდეს (2 ტიმოთე 3:13).

მაღაზიაში ქურდობას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღება

▪ მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მაღაზიებში ქურდობით ადამიანი ყოვლისშემძლე ღმერთს ეწინააღმდეგება. ღვთის სიტყვა ქურდებს მოუწოდებს, რომ აღარ მოიპარონ და აფრთხილებს, რომ სასჯელს ვერ გაექცევიან ის ადამიანები, რომლებიც ღმერთს არ დაემორჩილებიან (ეფესოელები 4:28; ფსალმუნები 36:9, 17, 20). მაგრამ იეჰოვა პატიობს მათ, ვინც ცხოვრების წესს იცვლის. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობა განავითარონ (იგავები 1:33).

▪ მეხუთე: მაღაზიებში ქურდობა — ისევე, როგორც ყველა სხვა სახის დანაშაული — მალე წარსულს ჩაბარდება. როცა ბიბლიის დაპირებისამებრ, ღვთის სამეფო იქნება დედამიწის ერთადერთი მმართველი, ადამიანებს ერთმანეთთან პატიოსანი ურთიერთობები ექნებათ. საბოლოოდ სწორედ მაშინ გავთავისუფლდებით იმ სავალალო შედეგებისგან, რომლებიც მაღაზიაში ქურდობას მოჰყვება (იგავები 2:21, 22; მიქა 4:4).

[ჩარჩო/სურათი 10 გვერდზე]

ხელმისაწვდომი საშუალებები ქურდობის თავიდან ასაცილებლად

პატარა მაღაზიების მეპატრონეებს შესაძლოა ხელი არ მიუწვდებათ დაცვის ძვირადღირებულ ავტომატურ სისტემებზე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქურდების წინაშე ისინი სრულიად უმწეონი არიან. ხშირად მათ გასაყიდი საქონლის დაცვა სულ უბრალო გზით შეუძლიათ.

დეტექტივები მაიკლ ბროუ და დერიკ ბრაუნი თავიანთ პუბლიკაციაში ხაზგასმით აღნიშნავენ მომხმარებლებისთვის ყურადღების მიქცევის აუცილებლობას: „ყველას თვალყური ადევნეთ . . . ძირითადად თქვენ და თქვენმა თანამშრომლებმა უნდა დაიცვათ საქონელი“. ისინი რჩევას იძლევიან, რომ მაღაზიის თანამშრომლებმა საეჭვო პირებს შემდეგი კითხვებით მიმართონ: „უკვე ნახეთ ის, რისი ყიდვაც გინდოდათ? სალაროსთან მობრძანდით და გიანგარიშებთ“; „ხომ არ შეგიფუთოთ?“; „ეს სვიტერი ნამდვილად თქვენი ზომაა?“; „კალათი ხომ არ მოგცეთ ნივთების ჩასაწყობად?“ დეტექტივები ამბობენ: „ასეთი სახით, როგორც ნამდვილი მყიდველები, ისე ქურდები დაინახავენ, რომ ამჩნევთ და ყურადღებას აქცევთ მათ“.

რაც შეეხება წესრიგს, ისინი ამბობენ: „თაროები ბოლომდე შევსებული და საქონელი აკურატულად დაწყობილი გქონდეთ. საქონელი თუ სულ თქვენი მხედველობის არეში იქნება, კარგად გეცოდინებათ, სად რა გიდევთ. რაც უფრო აკურატულად დაალაგებთ საქონელს, მით უფრო გაგიადვილდებათ იმის შემჩნევა, რომ რაღაც იქნა აღებული ან სადმე სხვაგან გადადებული („ვაჭრობის მუშაკთა სახელმძღვანელო — როგორ ავირიდოთ ზარალი?“).

გამომძიებელი რასელ ბინტლიფი ამბობს: „როცა თაროებზე საქონელი მჭიდროდ აწყვია და თაროების წინ საკმაო თავისუფალი სივრცეა, მაღაზიის თანამშრომლებს უადვილდებათ მომხმარებელთათვის თვალყურის დევნება. იმ თაროსთან ჩავლისას, სადაც საეჭვო პირი იქნა შემჩნეული, მაღაზიის თანამშრომელს შეუძლია ადვილად შენიშნოს, თუ რა აკლია თაროზე და შემდეგ საქონლის შემოწმების საბაბით დააკვირდეს, რა უდევს მყიდველს სავაჭრო კალათში . . . ქურდები მიხვდებიან, თუ რატომ იქცევით ასე, პატიოსანი მყიდველები კი აზრადაც არ გაივლებენ იმას, რომ მათ მაღაზიის თანამშრომლი თვალყურს ადევნებს“. თაროების განლაგების შესახებ ბინტლიფი ამბობს: „თაროები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ მომხმარებლები მხედველობის არეში ჰყავდეთ მაღაზიის თანამშრომლებსა და [მაღაზიის მეპატრონეს]“ (Crimeproofing Your Business-301 Low-Cost, No-Cost Ways to Protect Your Office, Store, or Business).

[სურათი 9 გვერდზე]

პატიოსნება ხელს უწყობს ადამიანებს შორის ნდობისა და მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.