არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როდესაც ძონძა უჩინარდება

როდესაც ძონძა უჩინარდება

როდესაც ძონძა უჩინარდება

«როდესაც ძონძას მივუახლოვდი, მოულოდნელად, ის სრულიად შეიცვალა, — ყვება დეივიდ ჰოლი ჟურნალ „ოკეანის სამყაროში“. — ჭამა შეწყვიტა და უკან მოუხედავად ახლომდებარე წყალმცენარეებში ისე მოხერხებულად მიიმალა, რომ მხედველობის არედან დავკარგე». დეივიდი გაოცებული ამბობს: „ამ თევზს შენიღბვის განსაკუთრებული უნარი აქვს“. დევიდ ჰოლს შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა, აღეწერა ბუნების ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საოცრება — ზღვის შენიღბული ბინადარი — ავსტრალიური ფოთლოვანი ძონძა.

ფოთლოვანი ძონძა ნელა მოძრაობს და მშიერი მტაცებლებისგან თავის დასაცავად შენიღბვის გასაოცარ უნარზე ამყარებს იმედს. მისი მოყვითალო–მომწვანო ფერის სხეული ფოთლისმაგვარი უჩვეულო გამონაზარდებით არის შემკული, რის წყალობითაც ის ფერებს იცვლის და ზღვის წყალმცენარეების ფონზე თითქმის შეუმჩნეველი ხდება. ძონძა ცურვისას რიტმულად ირხევა წყალში, რის გამოც ძალიან ჰგავს ზღვის მოძრავ წყალმცენარეებს.

ოსტატურად შენიღბვა ძონძას შესაძლებლობას აძლევს, თავის საყვარელ საკვებს, პაწაწინა კრევეტებს, მიეპაროს. „ეს თევზები იმდენად მოხერხებულად ინიღბებიან, რომ კრევეტები ვერც კი გრძნობენ მოსალოდნელ საშიშროებას“, — ამბობს ერთი დამკვირვებელი. ძონძა ახლომახლო მოცურავე კრევეტებს ადვილად იგდებს ხელში და მადიანად შეექცევა; ის სწრაფად იჭერს მათ თავისი დინგით და მთლიანად ყლაპავს. ეს წამიერი ნადირობა პერიოდულად ხდება და დროის დიდ შუალედში — დაახლოებით სამ დღეში ერთხელ — მეორდება. ძონძას უმოძრაო მდგომარეობაში ნებისმიერი მსხვერპლის დაჭერა შეუძლია, რაც კი გვერდით ჩაუვლის.

ფოთლოვანი ძონძას პოვნა მხოლოდ ავსტრალიის სამხრეთ სანაპირო ზოლის გასწვრივ, წყალმარჩხ ადგილებში შეიძლება. მისი დაკლაკნილი სხეული და ფოთლისმაგვარი გამონაზარდები სადღესასწაულო ჩინურ დრაკონებს წააგავს; ამის გამო ზოგ ენაში ძონძას დრაკონსაც უწოდებენ. ძონძა სიგრძეში 43 სანტიმეტრს აღწევს და ზღვის ნემსთევზასებრთა ოჯახში ყველაზე მოზრდილია; ამ ოჯახში ცხენთევზაც შედის.

როდესაც ქვირითის დაყრის დრო დგება, მამალი და დედალი ძონძა როლებს ცვლიან. დიახ, მათ შემთხვევაში ქვირითს მამალი ყრის! გაზაფხულის მოახლოებისას მამალ ძონძას, დაახლოებით 120 ქვირითის დასაყრელად, კუდის დასაწყისში, ქვედა მხარეს, სპეციალური პარკი უვითარდება, რომელშიც ჭარბად არის სისხლის წითელი უჯრედები. შემდეგ დედალ ძონძას კაშკაშა მოწითალო ფერის ქვირითი ამ პარკში გადააქვს და თითოეულს თავის სათავსოში დებს. ოთხ–ექვს კვირაში 20 მილიმეტრი სიგრძის ლიფსიტები იჩეკება. თითოეული ლიფსიტა მშობლების ზუსტი ასლია.

მართლაც, ეს შესანიშნავი ქმნილება იეჰოვა ღმერთის შემოქმედების კიდევ ერთი საოცრებაა! (ფსალმუნები 103:24, 25).

[სურათები 25 გვერდზე]

მამალი ძონძა, რომელიც ქვირითის დასაყრელად ემზადება; ქვირითის პარკი ახლოდან.

[სურათები 25 გვერდზე]

შენიღბული ფოთლოვანი ძონძა; პატარა სურათზე უფრო მკაფიოდ ნაჩვენები ძონძა.

[სურათის საავტორო უფლება 25 გვერდზე]

All photos except brood patch: Michael Morris-Immersedimagery@scubadiving.com