არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იხარეთ იმედში

იხარეთ იმედში

იხარეთ იმედში

ჯოუ უკურნებელი სენით, კიბოთი, იყო დაავადებული. მისი მეუღლე კირსტენი და ახლო მეგობრები მის საწოლთან ახლოს ისხდნენ და საუბრობდნენ. კირსტენმა მეუღლის თვალებზე ცრემლები შენიშნა. მას ეგონა, რომ ჯოუ ტკივილების გამო ტიროდა. ეს შეიძლება ასეც იყო, მაგრამ, როგორც მეუღლეს უთხრა, იმ მომენტში ის სხვა რამეზე წუხდა.

„იმ მძიმე წუთებში, ჯოუს გარს ეხვია ახლო მეგობრები, რომლებიც მის სანუგეშებლად მოდიოდნენ, — გვიყვება მისი მეუღლე. — გარდა ამისა, მას ჰქონდა შესანიშნავი იმედი, რომელიც ახლა უფრო რეალური იყო მისთვის, ვიდრე ოდესმე. ჯოუმ იცოდა, რომ ამ იმედს მას ვერავინ და ვერაფერი დააკარგვინებდა. მან მითხრა, რომ ეს სიხარულის ცრემლები იყო. იმ ღამით ჯოუ გარდაიცვალა“.

რა იმედი აძლიერებდა სიკვდილის პირას მყოფ ჯოუს? ეს იყო იეჰოვა ღმერთის დანაპირები, რომ ადამიანებს სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ და მარადიულად იცხოვრებენ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე (ფსალმუნები 36:10, 11, 29). გამოცხადების 21:3, 4 ამბობს: „ღვთის კარავი ადამიანებთან არის . . . მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი [მათ შორის დღევანდელი პრობლემები] მოისპო“.

იმედი გარდაცვლილებისთვისაც არსებობს

ჯოუს მკვდრეთით აღდგომის იმედი ჰქონდა. მას ანუგეშებდა იესოს დანაპირები, რომ „ყველანი, ვინც სამარხებში არიან“, ანუ მკვდრები, რომლებიც ღვთის მეხსიერებაში იმყოფებიან, სიკვდილის ძილისგან გამოიღვიძებენ (იოანე 5:28, 29). თქვენც ხომ არ ხართ დამწუხრებული ოჯახის წევრის ან ახლო მეგობრის დაკარგვით? თუ ასეა, აღდგომის იმედი თქვენთვისაც გამამხნევებელი იქნება. ცხადია, ამ იმედის მიუხედავად, საყვარელი ადამიანის დაკარგვისას მაინც განვიცდით საშინელ ტკივილს. თვით „იესოც აცრემლდა“, როცა მისი მეგობარი ლაზარე მოკვდა. თუმცა აღდგომის იმედი, გარკვეულწილად, ტკივილს გვიმსუბუქებს (იოანე 11:14, 34, 35; 1 თესალონიკელები 4:13).

„როცა ჩემი ძვირფასი მეუღლე, ჯოუ კიბოთი დაიღუპა, მეგონა, აღარასოდეს ვიქნებოდი ბედნიერი“, — თქვა კირსტენმა. დღესაც კი, როცა ჯოუს დაღუპვიდან რამდენიმე წელი გავიდა, ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრება ამ სისტემაში აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე. ჯოუს სიკვდილის შემდეგ ისეთ სიცარიელეს ვგრძნობ, რომლის შევსებაც შეუძლებელია. ამ ყველაფრის მიუხედავად, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ მაინც ვგრძნობ შინაგან სიმშვიდესა და კმაყოფილებას“.

კირსტენის სიტყვები შეგვახსენებს, რომ ამ სისტემაში შეუძლებელია, ყოველი დღე სიხარულით იყოს სავსე. ცხოვრებაში სიხარულიც გვხვდება და მწუხარებაც. როცა დამწუხრებულები ვართ, შეუძლებელია მხიარულ ხასიათზე ვიყოთ (ეკლესიასტე 3:1, 4; 7:2—4). ამასთანავე, ზოგ ჩვენგანს სხვადასხვა მიზეზის გამო შესაძლოა დეპრესიასთან უწევდეს გამკლავება. მიუხედავად ამისა, ბიბლიური დანაპირები ჩვენთვის უდიდესი გამხნევების წყაროა. აღმატებული სიბრძნე, რომელსაც ბიბლია იძლევა, თავიდან აგვაცილებს ბევრ საშიშროებას, რაც ბედნიერებას დაგვაკარგვინებდა. „მაგრამ ვინც მომისმენს, მშვიდად იცხოვრებს და დამშვიდებულს ბოროტის შიში აღარ ექნება“ — ამბობს ღმერთი (იგავები 1:33).

დიახ, იეჰოვა დაინტერესებულია ჩვენი კეთილდღეობით. მას სურს, რომ ნამდვილად ვიყოთ ბედნიერები და არა მხოლოდ ერთი შეხედვით, არა მხოლოდ დროის გარკვეული პერიოდი, არამედ მარადიულად! ამიტომაც გაუძლო ჟამთა სვლას იესოს განაცხადმა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:33). გონიერებას გამოვავლენთ, თუ იესოს ამ სიტყვებს ყურად ვიღებთ.

[ჩარჩო 9 გვერდზე]

ბედნიერების რეცეპტის ცხრა ინგრედიენტი:

1. იყავით სულიერს მოწყურებულნი (მათე 5:3).

2. დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთ და ნუ გექნებათ „ფულის სიყვარული“ (1 ტიმოთე 6:6—10).

3. ეცადეთ, რომ გართობამ და დროსტარებამ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები არ დაჩრდილოს (2 ტიმოთე 3:1, 4).

4. იყავით გულუხვნი და იზრუნეთ სხვებზე (საქმეები 20:35).

5. იყავით მადლიერნი და იფიქრეთ იმ კურთხევებზე, რომლებსაც იღებთ (კოლოსელები 3:15).

6. მზად იყავით, რომ აპატიოთ სხვებს (მათე 6:14).

7. გონივრულად აირჩიეთ მეგობრები (იგავები 13:20).

8. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ცუდი ჩვევები მოიშორეთ (2 კორინთელები 7:1).

9. „იხარეთ იმედში“, რომელსაც ბიბლია გვაძლევს (რომაელები 12:12).

[სურათი 9 გვერდზე]

ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლის შესახებ ბიბლიური იმედი დიდი ნუგეშის წყაროა.