არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უჩვეულო სილამაზის ტრადიციული ბაღები

უჩვეულო სილამაზის ტრადიციული ბაღები

უჩვეულო სილამაზის ტრადიციული ბაღები

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის გვადელუპადან

ისინი თვალწარმტაც ადგილას ცხოვრობდნენ, თუმცა მისი სილამაზით ვერ ტკბებოდნენ. მე-17 საუკუნეში ათასობით დაჩაგრული აფრიკელი ოჯახურ კერას მოწყვიტეს და იძულებით გადაასახლეს გვადელუპასა და მარტინიკას კუნძულებზე. ისინი მონებად აქციეს და კარიბის ამ კუნძულებზე გაშენებულ შაქრის ლერწმის პლანტაციებში მთელი დარჩენილი სიცოცხლე მძიმედ ამუშავებდნენ.

პლანტაციების მფლობელთა უმეტესობა საკვებით არ უზრუნველყოფდა მონებს. ამიტომ ისინი იძულებულები იყვნენ, თავად გაეშენებინათ ბაღები. მართალია მძიმედ შრომობდნენ, მაგრამ შეეძლოთ თავიანთი სურვილისამებრ მოეყვანათ მცენარეული კულტურები. ისინი ზრდიდნენ მანიჰოტს, ბატატს და სხვა მცენარეებს, რომლებიც უფრო გემრიელი და ნოყიერი იყო, ვიდრე ის, რაც შეიძლება მათთვის ბატონს მიეცა. აგრეთვე, მოჰყავდათ სამკურნალო მცენარეები და ის კულტურები, რითაც სანელებლებს ამზადებდნენ.

1848 წელს საფრანგეთის მთავრობამ კარიბის კუნძულებზე მონობა გააუქმა, მაგრამ გათავისუფლებული ხალხი კვლავ აგრძელებდა ბაღების მოვლა-პატრონობას. დღეს გვადელუპასა და მარტინიკას მცხოვრებნი, მათ შორის ყოფილი აფრიკელი მონების შთამომავლები, განაგრძობენ ბაღების გაშენებას, რომლებიც კრეოლის ბაღების სახელითაა ცნობილი.

ტენიანი პატარა ტყეები

მონის ოჯახს ორნაირი ბაღი ჰქონდა. ერთში მოჰყავდათ ბოსტნეული, მეორეში კი ზრდიდნენ ხეებსა და ყვავილებს. ბოსტანი სახლიდან მოშორებით იყო, „სახლის ბაღი“ კი (ასე უწოდებდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები) სახლთან ახლოს მდებარეობდა. კრეოლის ტიპის ბაღებს დღესაც ვხვდებით. ასეთ ბაღებში ნახავთ მრავალფეროვან ყვავილებს, ხეებს, ბალახებსა და ბუჩქებს, რომლებიც სიხშირით ტენიან ტყეებს მოგვაგონებს. ბაღში იმდენად ბევრი მცენარეა, რომ ერთი შეხედვით, მოუვლელის შთაბეჭდილებას ტოვებს. სინამდვილეში კი ბაღი მოვლილია; ის კვლებად არის დაყოფილი. ვიწრო ბილიკები მებაღეს თითოეულ მცენარესთან ახლოს მისვლის საშუალებას აძლევს.

სახლის წინ გაშენებული ბაღი შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. მასპინძლები სტუმრებს ათვალიერებინებენ ნაირფერ კროტონებს, მოოქროსფრო ალემანდრებს, მკვეთრი ფერის ბუგენვილებსა და გაფურქჩნილ იქსორებს.

კრეოლის ბაღის სხვა ადგილებში სამკურნალო მცენარეებია გაშენებული. ისინი, ძირითადად, ისეთ ადგილასაა დარგული, სადაც სახლის ჩრდილი ეცემა. კარიბის ამ კუნძულებზე მოჰყავთ ისეთი ტრადიციული სამკურნალო მცენარეები, როგორიცაა რეჰანი, დარიჩინი, კაპრარია, დაფნა და ჯაკარანდუ. ბაღში აგრეთვე იზრდება ლიმონის ურო, რომლის გამხმარი ფოთლების წვის შედეგად კოღოებს აფრთხობენ.

კუნძულზე მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის სამკურნალო მცენარეების შესახებ ინფორმაცია დიდი მონაპოვარია. ძველ დროში, როცა ვინმე ავად ხდებოდა ან ტრავმას იღებდა, კრეოლის ბაღის მცენარეებით მკურნალობდა, რადგან ექიმი ხშირ შემთხვევაში შორს იყო. ეს მცენარეები დღემდე გამოიყენება სამედიცინო მიზნით, თუმცა ექიმის დანიშნულების გარეშე მათი საშუალებით მკურნალობა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. არასწორად მკურნალობის შემთხვევაში, გამოჯანმრთელების ნაცვლად, ავადმყოფის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. ამიტომ, დღეს კუნძულის მცხოვრებნი, ძირითადად, კვალიფიცირებულ ექიმებს მიმართავენ.

კრეოლის ბაღის ის ნაწილი, სადაც ბოსტნეული და ხილი მოჰყავთ, სახლის უკან არის. იქ თქვენ ნახავთ ბატატს, ბადრიჯანს, სიმინდს, ჯიჯლაყას, სალათას და სხვა კულტურებს. იქვე ახლოს მოჰყავთ მცენარეები, რომლებისგანაც სანელებლებს ამზადებენ. იქ აგრეთვე იზრდება ბანანი, პურის ხე, ავოკადო, გუიავა და მანგო.

დატკბით ბაღის სილამაზით

კრეოლის ბაღში სეირნობისას შეუძლებელია მის შესახებ მეტის გაგების სურვილი არ გაგიჩნდეთ. გულგრილი ვერ დარჩებით აყვავებული ხეებისა და მზეზე მოელვარე ნაირფეროვანი ფოთლების ხილვით. როცა ნიავი უბერავს, ბაღში საოცარი სურნელება იფრქვევა, რომელსაც ვერცერთი სუნამო ვერ შეედრება. თქვენც დატკბებით ბაღის სილამაზით, თუ მას ეწვევით. წარმოიდგინეთ, რამხელა სიამოვნებას ანიჭებს ასეთი ბაღის ყოველდღიურად მოვლა მის მფლობელს!

შენარჩუნდება კრეოლის ბაღების ტრადიცია? კუნძულზე მცხოვრებნი წუხან იმის გამო, რომ ახალგაზრდები ნაკლებად ზრუნავენ ამ თვალწარმტაც და სამკურნალო მცენარეებით სავსე ბაღებზე. თუმცა ბევრი ახალგაზრდა და ხანდაზმული დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბაღის სილამაზეს და მის კულტურულ ღირებულებას. კრეოლის ბაღები იმაზე მოწმობს, რომ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, აფრიკელმა მონებმა ასეთი სილამაზის შექმნა შეძლეს.

[ჩარჩო 27 გვერდზე]

რას ნიშნავს სიტყვა „კრეოლი“?

სიტყვა „კრეოლს“ თავდაპირველად ევროპელების წინაპრები იყენებდნენ, რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ. თუმცა ამ სიტყვას მრავალი მნიშვნელობა აქვს. კუნძულ ჰაიტის მცხოვრებნი სიტყვა „კრეოლს“ ისეთი რამის აღსაწერად იყენებდნენ, რაც მიმზიდველი და მაღალი ხარისხის იყო. ასევე ენას, რომელზეც იამაიკაზე, ჰაიტიზე და სხვა ადგილებში ლაპარაკობენ, კრეოლს უწოდებენ. ძირითადად, სიტყვა „კრეოლი“ პიჯინის ენიდან მომდინარეობს. ის ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფისთვის მშობლიურ ენად იქცა.

„კრეოლი“ აგრეთვე ასახავს კარიბის კუნძულების მკვიდრთა ცხოვრების გარკვეულ წესსა და კულტურას. პუერტო–რიკოსა და დომინიკელთა რესპუბლიკაში „კრეოლს“ ენათესავება ესპანური სიტყვა „კრიოლო“, რომელიც იმავე მნიშვნელობით გამოიყენება. საუკუნეების განმავლობაში კარიბის კუნძულების მკვიდრთა, ასევე აფრიკელთა და ევროპელთა შთამომავლები ერთმანეთს შეერივნენ. ასეთი ქორწინების შედეგად იბადებოდნენ ლამაზი ბავშვები; აგრეთვე, საფუძველი ეყრებოდა საინტერესო ტრადიციებს. გვადელუპასა და მარტინიკას კუნძულებზე გაშენებული კრეოლის ბაღები სწორედ ამგვარი ტრადიციების სულს ირეკლავს.

[სურათი 26 გვერდზე]

ჩანართი (ზემოდან ქვემოთ): კოჭა, პილპილი, ანანასი, კაკაო და ყავა.