არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დედამიწაზე მშვიდობა დამყარდება!

დედამიწაზე მშვიდობა დამყარდება!

ზოგი თვლის, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და რელიგიური სიწმინდის მიღწევა შეუძლებელია ძალადობის გარეშე. მათი აზრით, არასასურველი მმართველების თავიდან მოსაცილებლად ძალა უნდა იქნეს გამოყენებული. წესრიგის შესანარჩუნებლად და ხალხის დასამორჩილებლად ზოგი მთავრობა ტერორს მიმართავს. მაგრამ ტერორიზმი მმართველობისა და სოციალური რეფორმების ეფექტური საშუალება რომ იყოს, მას მშვიდობა, კეთილდღეობა და სტაბილურობა უნდა მოჰყვებოდეს; ძალადობა და შიში ნაკლებად უნდა არსებობდეს. განა ვხედავთ ჩვენ გარშემო ამას?

ტერორიზმის შედეგი მხოლოდ სიცოცხლის გაუფასურება, სისხლისღვრა და სისასტიკეა. ტერორიზმით მიყენებული ტკივილი ხშირად მის მსხვერპლთ შურისძიებისკენ უბიძგებს, რასაც თან სდევს კიდევ უფრო მეტი ძალადობა და რეპრესიები.

პრობლემებს ძალადობით ვერ გადავჭრით

უკვე ათასწლეულებია, რაც ადამიანები საკუთარი ძალით ცდილობენ პოლიტიკური, რელიგიური თუ სოციალური პრობლემების გადაჭრას, მაგრამ ამაოდ. ბიბლიაში სამართლიანად წერია: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არაა მისი გზა, რომ მავალი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). იესომ თქვა: „სიბრძნის სიმართლეს . . . მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათე 11:19). ამ ბიბლიური პრინციპებიდან გამომდინარე, ტერორიზმზე დაიმედება ნამდვილად არ ღირს. ტერორიზმს თავისუფლება და ბედნიერება ჯერ არავისთვის მოუტანია. მას მხოლოდ სიკვდილი, უბედურება და ნგრევა მოაქვს. მე–20 საუკუნე სავსე იყო ტერორიზმის საშინელი შედეგებით და კიდევ უფრო უარესად დაიწყო 21–ე საუკუნე. ბევრის აზრით, ტერორიზმი პრობლემების გადაჭრის საშუალება კი არა, ცალკე გადასაჭრელი პრობლემაა.

„ყოველდღე იმას ვნატრობ, რომ ოჯახის წევრი ან მეგობარი არ მომიკლან . . . ალბათ სასწაული გვჭირდება“, — ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ გოგონას, რომელიც იმის მომსწრე გახდა, თუ როგორ გააპარტახა ტერორიზმმა ადგილი, სადაც ის ცხოვრობდა. მის სიტყვებში ვხედავთ აზრს, რომელსაც ბევრი იზიარებს: ხალხის პრობლემების გადაჭრა ადამიანის ძალებს აღემატება. მხოლოდ შემოქმედს შეუძლია გადაჭრას დედამიწაზე არსებული პრობლემები, მათ შორის ტერორიზმი. გვაქვს საფუძველი, რომ ვენდოთ ღმერთს?

რატომ უნდა გვქონდეს ღვთის იმედი?

ღვთის იმედი უპირველესად იმიტომ უნდა გვქონდეს, რომ მან მოგვცა სიცოცხლე და სურს, რომ მშვიდობიანად და ბედნიერად ვიცხოვროთ. წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: „უფალო, ჩვენი მამა ხარ შენ, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი ჩვენი შემქმნელი; შენი ხელის ნაკეთები ვართ ჩვენ ყველანი“ (ესაია 64:8). იეჰოვა, როგორც შემოქმედი, კაცობრიობის მამაა. ამიტომ მისთვის ძვირფასია ყველა ეროვნების ადამიანი. ის არ არის დამნაშავე იმ უსამართლობასა და სიძულვილში, რაც ტერორიზმის უკან დგას. ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „ღმერთმა წრფელი შექმნა კაცი, ისინი კი ზედმეტ თავსატეხს მრავლად იჩენენ“ (ეკლესიასტე 7:29, სსგ). ტერორიზმის არსებობის მიზეზი ადამიანთა ბოროტება და დემონური გავლენაა და არა ის, რომ ღმერთმა სადღაც შეცდომა დაუშვა (ეფესოელები 6:11, 12).

იეჰოვასადმი ნდობის მეორე მიზეზი ის არის, რომ მას, როგორც შემოქმედს, ყველაზე უკეთ ესმის კაცობრიობის პრობლემების მიზეზი და იცის, როგორ გადაჭრას ისინი. ბიბლიაში, კერძოდ კი იგავების 3:19–ში, ვკითხულობთ: „უფალმა სიბრძნით დააფუძნა დედამიწა, გონებით განამტკიცა ცა“. წარსულში ერთმა მამაკაცმა, რომელიც მთელ იმედს ღმერთზე ამყარებდა, დაწერა: „საიდან მოვა ჩემი შეწევნა? ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა“ (ფსალმუნები 120:1, 2).

არსებობს მესამე მიზეზიც, რის გამოც უნდა ვამყარებდეთ ღმერთზე იმედს: ღმერთს შესწევს ძალა ძალადობისა და სისხლისღვრის შესაჩერებლად. ნოეს დროს „აღივსო იგი [ქვეყანა] ძალადობით“ (დაბადება 6:11). მაშინ ხალხს მოულოდნელად დაატყდა თავს ღვთის ყოვლისმომცველი განაჩენი: „[ღმერთმა] არ დაინდო ძველი ქვეყნიერება . . . როცა უღმერთოთა ქვეყნიერებას წარღვნა დაატეხა თავს“ (2 პეტრე 2:5).

ბიბლია გვეუბნება, თუ რას უნდა ვსწავლობდეთ ნოეს დროს მომხდარი წარღვნიდან: „იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები, უმართლოები კი შემოინახოს სასამართლოს დღისთვის, რათა მოიკვეთონ“ (2 პეტრე 2:9). ღმერთს შეუძლია ისინი, ვისაც ნამდვილად სურს უკეთესი ცხოვრება, გაარჩიოს მათგან, ვინც სხვებს სიცოცხლეს უმწარებს. ამ უკანასკნელთ ღმერთი გამოაცალკევებს „უღმერთო ადამიანთა . . . დაღუპვის დღისთვის“. მათ კი, ვინც მშვიდობისკენ ისწრაფვის, ღმერთი უმზადებს ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე (2 პეტრე 3:7, 13).

მშვიდობა საბოლოოდ დამყარდება!

ბიბლიის დამწერები სიტყვა „დედამიწაში“ ხშირად ადამიანებს გულისხმობდნენ. მაგალითად, ფსალმუნების 32:8–ში მოხსენიებულია „მთელი დედამიწა“ ანუ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები. მოციქულ პეტრეს ეს ჰქონდა მხედველობაში, როდესაც „ახალი დედამიწა“ მოიხსენია. იეჰოვა ღმერთი განაახლებს ადამიანთა საზოგადოებას იმ გაგებით, რომ ძალადობისა და სიძულვილის ნაცვლად დედამიწაზე სამართლიანობა „დამკვიდრდება“. მიქას 4:3–ში ნაწინასწარმეტყველებია: „გაიკითხავს სამართალს უამრავ ხალხებს შორის და მსჯავრს დასდებს ძლიერ ხალხებს შორეთამდე. თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბისწვერებს — ნამგლებად. ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან“.

როგორ იცხოვრებს ხალხი, როცა ეს წინასწარმეტყველება შესრულდება? მიქას 4:4–ში წერია: „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი“. დედამიწაზე სამოთხეში აღარავის ექნება მომდევნო ტერაქტის შიში. შეგიძლიათ ენდოთ ამ დაპირებას? დიახ, რადგან „უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას“.

დღეს, როცა ტერორიზმი უფრო და უფრო სერიოზულ მასშტაბებს იღებს და ხალხს შიშის ზარს სცემს, მშვიდობის მოყვარული ადამიანები ხსნას იეჰოვა ღმერთისგან ელიან. არ არსებობს პრობლემა, რომელსაც იეჰოვა ვერ გადაჭრის. ის ბოლოს მოუღებს ძალადობას, ტანჯვას და სიკვდილსაც კი. ბიბლია ამბობს: „შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ, და მოწმედს უფალი ღმერთი ცრემლს ყველა სახეზე“ (ესაია 25:8). მალე ყველგან, სადაც ადამიანები ტერორიზმით გამოწვეულ ტკივილსა და შიშს განიცდიან, მშვიდობა დაისადგურებს. ღმერთი, რომელმაც „შეუძლებელია ტყუილი თქვას“, გვპირდება ასეთ მშვიდობას; მშვიდობას, რომელიც ასე სწყურია კაცობრიობას (ტიტე 1:2; ებრაელები 6:17, 18).