არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაფრთხილების გათვალისწინება ნამდვილად ღირდა!

გაფრთხილების გათვალისწინება ნამდვილად ღირდა!

გაფრთხილების გათვალისწინება ნამდვილად ღირდა!

ლუიზიანაში (ახალი ორლეანი, აშშ) 2005 წლის 24 აგვისტოს, ოთხშაბათს, ჩვეულებრივ მზიანი დღე იყო. ალენი თავის ოჯახთან ერთად რამდენიმე დღით 300 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბომონტში (ტეხასის შტატი) გაემგზავრა. მათ თან წაიღეს ტანსაცმელი, რაც 5 დღის განმავლობაში დასჭირდებოდათ. ალენი მოგვითხრობს: «არაფერი ვიცოდით ქარიშხალ „კატრინას“ შესახებ, რომელიც ფლორიდის აღმოსავლეთიდან მოემართებოდა. პარასკევს ღამით გავიგეთ, რომ ქარიშხალი ახალ ორლეანს დაახლოებით 230—250 კმ/სთ სიჩქარით დაატყდებოდა».

კვირისთვის, 28 აგვისტოს, „კატრინას“ სიძლიერე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდებოდა. ახალი ორლეანის მერმა დაუყოვნებელი ევაკუაციის ბრძანება გასცა. საგზაო მაგისტრალები გადაიჭედა ათასობით ავტომობილით, რომლებიც ჩრდილოეთით და დასავლეთით მიემართებოდნენ. ათასობით ადამიანმა, ვისაც მანქანა არ ჰყავდა, თავშესაფრებს ან სტადიონ „სუპერდომს“ მიაშურა. ზოგმა ევაკუაციას სახლში დარჩენა ამჯობინა.

სხვა დროს პირველი მე გავიქცევი!“

ჯომ, რომელიც იეჰოვას მოწმეა, გადაწყვიტა, სახლში დარჩენილიყო. ის დარწმუნებული იყო, რომ ქარიშხალს სახლშიც მშვიდად გადაიტანდა. თავის მოქმედებას იგი იმით ხსნიდა, რომ მანამდე მომხდარი ქარიშხლები იმდენად ძლიერი არ იყო, როგორც ხელისუფლება ვარაუდობდა. ჯო ამბობს: „ვფიქრობდი, რომ გადარჩენას უპრობლემოდ შევძლებდი, მაგრამ ძალიან ვცდებოდი! მოულოდნელად მძვინვარე ქარიშხალი ამოვარდა და საშინელი თავსხმა დაიწყო. ქარმა მყისვე მოგლიჯა ჩემი სახლის სახურავი. წყლის დონემ სამ საათში 3 მეტრს მიაღწია! იძულებული გავხდი, მეორე სართულზე ავსულიყავი. სერიოზულად შემეშინდა, რადგან ქარს საშინელი ზუზუნი გაჰქონდა და სადაც იყო, კედლები და ჭერი ინგრეოდა. იმასღა ვფიქრობდი, თავი როგორ გადამერჩინა.

ვიფიქრე, რომ სხვა გზა არ მქონდა და წყალში უნდა გადავმხტარიყავი. მაგრამ გარეთ ძალიან ძლიერი ტალღები მოდიოდა და თან ქაფი მოჰქონდა. თუ გადავხტებოდი, ალბათ, დავიხრჩობოდი“.

ბოლოს ჯო მაშველებმა ნავში აიყვანეს და ხიდამდე მიიყვანეს. წყალში ყველგან გვამები ტივტივებდა. მან ღამე მანქანის საბარგულში გაათია. შემდეგ ვერტმფრენზე აიყვანეს და ახალი ორლეანის ადმინისტრაციულ ცენტრში გადაიყვანეს. ჯო ამბობს: „იქ კარგად მეპყრობოდნენ. ნორმალურად ვერ ვმეტყველებდი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ როგორმე წყალი დამელია“.

ჯო ახლა ხვდება, რომ შეეძლო ამ ყველაფრის თავიდან აცილება. იგი ამბობს: „ეს ჩემთვის ჭკუის სასწავლებელი იყო. სხვა დროს, ევაკუირებისას, პირველი მე გავიქცევი!“

გაფრთხილების უგულებელყოფა და თავშესაფრის ხეზე ძიება

ქარიშხალმა მისისიპის სანაპიროზე ქალაქ ბილოკსსა და გალფპორტს კატასტროფული ზიანი მიაყენა, რასაც უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. ბილოკსის საზოგადოებრივ საქმეთა მმართველმა ვინსენტ კრილმა 2005 წლის 31 აგვისტოს „ნიუ–იორკ ტაიმზში“ განაცხადა: «ბევრმა ყურადღება არ მიაქცია მოწოდებებს ევაკუაციის შესახებ, რადგან ისინი ან მათი ოჯახის წევრები გადაურჩნენ 1969 წელს მომხდარ ქარიშხალ „კამილის“». „კამილის“ „კატრინაზე“ ძლიერად მიიჩნევდნენ, მაგრამ, როგორც მან აღნიშნა, „კატრინას“ „თან მოჰქონდა შეუჩერებელი, ცუნამის მსგავსი გიგანტური ტალღები“.

ინელი, რომელსაც ცხოვრების დიდი ნაწილი ბილოკსში აქვს გატარებული, მათ შორის იყო, ვინც ყურადღება არ მიაქცია გაფრთხილებას. ის ამბობს: «წლების განმავლობაში არაერთი ქარიშხალი გადაგვიტანია. ამიტომ „კატრინა“ დიდად არ მაშინებდა». ინელმა გადაწყვიტა, ვაჟი, ქალიშვილი, სიძე და 88 წლის დედამთილი თავის სახლში შეეკრიბა, რომელიც საიმედოდ იყო აგებული. ბილოკსს ქარიშხალი 29 აგვისტოს, დაახლოებით დილის 10 საათზე დაატყდა. ინელი იხსენებს: «დავინახე, როგორ შემოვიდა წყალი ერთ-ერთ საძინებელში. ცოტა ხანში წყალი უკვე ყველა ოთახში იყო. გადავწყვიტეთ, სხვენზე ავსულიყავით. წყალი უფრო და უფრო მატულობდა. სხვენში რომ არ მოვმწყვდეულიყავით, როგორმე დროულად უნდა გაგვეღწია. მაგრამ როგორ?

ჩემმა ვაჟმა მოახერხა გასასვლელის გაკეთება, რათა სხვენიდან გარეთ გაგვეცურა. სახურავის კიდეს ვეჭიდებოდით და ნელ–ნელა გავდიოდით. სამნი სახლის მარჯვენა მხარეს გავუყევით, ჩემი ქალიშვილი კი მარცხნივ წავიდა. იქვე ახლოს დიდი ხე დავინახე. მე, ჩემმა ვაჟმა და დედამთილმა იქამდე მივცურეთ და ხეს მაგრად ჩავეჭიდეთ. შემდეგ ქალიშვილის ყვირილი შემომესმა: „დედა! დედა!“ ჩემმა სიძემ, რომელიც ყველაზე ბოლოს გამოვიდა, მის გადასარჩენად გაცურა. ორივემ მოახერხა იქვე მოტივტივე ნავზე ასვლა. ისინი მეუბნებოდნენ, ნავზე გადავსულიყავი, მაგრამ წყლის ძლიერი ნაკადის გამო ვერ ვრისკავდი. ხეზე თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი და ჩამოსვლას არ ვაპირებდი.

ჩემი „თავშესაფრიდან“ ვხედავდი, როგორ მიედინებოდა წყლის ნაკადი ქუჩაში და როგორ იძირებოდა სახლები. ვფიქრობდი ჩემს მდგომარეობაზე და საკუთარ თავს ვკიცხავდი, ყურადღება რომ არ მივაქციე გაფრთხილებებს ევაკუაციის შესახებ.

თანდათანობით წყალმა იკლო და ნავში გადავედი. ბოლოს სახანძრო მოვიდა და საავადმყოფოში გადაგვიყვანეს. ბედნიერები ვიყავით, რომ ცოცხლები გადავრჩით!»

იეჰოვას მოწმეების საევაკუაციო გეგმა

„კატრინას“ ვერც მექსიკის ყურის სანაპირო ზოლი გადაურჩა, სადაც ლუიზიანადან ალაბამამდე ათასობით სახლი დაინგრა. შეერთებული შტატების ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის ქარიშხალი უცხო არ არის. ამიტომ უკვე წლებია, რაც იეჰოვას მოწმეებს შემუშავებული აქვთ საევაკუაციო გეგმა. ყოველწლიურად, როგორც წესი ივნისში, ქარიშხლების დაწყებამდე, ახალ ორლეანში იეჰოვას მოწმეთა 21 კრებაში ხდება საევაკუაციო გეგმის განხილვა. ამგვარად, აქ მცხოვრებ იეჰოვას მოწმეთა უმრავლესობამ იცის, როგორ მოიქცეს სტიქიური უბედურების შემთხვევაში. როგორ დაეხმარა მათ ეს გეგმა ქარიშხალ „კატრინას“ დროს?

როგორც კი ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ევაკუაციის შესახებ განცხადება გააკეთეს, უხუცესები დაუკავშირდნენ თავიანთი კრების წევრებს იმის სათქმელად, რომ დაეტოვებინათ ქალაქი. ბევრმა თვითონ გაუწია ორგანიზება ოჯახის წევრების ან მეგობრების ქალაქიდან გაყვანას. უხუცესებმა იზრუნეს ხანდაზმულებისა და უმწეოების ტრანსპორტირებასა და დახმარებაზე. იეჰოვას მოწმეებისთვის დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელი კომიტეტის ერთ–ერთი წევრი, ჯონი ამბობს: „დარწმუნებული ვარ, რომ ამ გეგმის გათვალისწინებამ მრავალი გადაარჩინა“. ასე რომ, იეჰოვას მოწმეთა უმრავლესობამ ქარიშხლის დაწყებამდე დატოვა ქალაქი. დაზარალებული რაიონების დასახმარებლად იეჰოვას მოწმეთა შეერთებული შტატების ფილიალმა ჩამოაყალიბა სპეციალური კომიტეტები.

იეჰოვას მოწმეების ძებნა „ასტროდომზე“

დაახლოებით 16 000 ადამიანი, რომელთაგან უმეტესობა ლუიზიანადან იყო, თავს აფარებდა ჰიუსტონში (ტეხასის შტატი) მდებარე „ასტროდომის“ სტადიონს, სადაც მათ საკვებით, წყლით და საჭირო ნივთებით უზრუნველყოფდნენ. იეჰოვას მოწმეთა დახმარების კომიტეტმა ჰიუსტონში შეიტყო, რომ მათ შორის ზოგიერთი მოწმეც იყო. მაგრამ როგორ მოძებნიდნენ მათ?

2 სექტემბერს, პარასკევს, დილაადრიან უხუცესები სტადიონზე მივიდნენ თანამორწმუნეების მოსაძებნად. ისინი გაკვირვებულები იყვნენ მთელ სტადიონზე ათასობით კაცის, ქალის, მოზარდის, ბავშვისა და ჩვილის დანახვით. ფეხბურთის მოედანზე გაშლილი იყო ათასობით დასაკეცი საწოლი. ხალხი მოთმინებით ელოდა დახმარების მიღებას. ბევრს სჭირდებოდა სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებს შეუსვენებლივ გადაჰყავდათ დაზარალებულები სასწრაფო დახმარების მანქანებში.

„ამდენ ხალხში ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სტადიონის ცენტრში აღმოვჩნდი“, — იხსენებს სემუელი, ერთ-ერთი უხუცესი, რომელიც თანაქრისტიანებს ეძებდა. როგორ უნდა ეპოვათ მათ მოწმეები? უხუცესები დიდი პლაკატებით ხელში რიგებს შორის დადიოდნენ, რათა იეჰოვას მოწმეებს შეძლებოდათ მათი დანახვა. სამი საათის განმავლობაში უშედეგო ძებნის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, უფრო პრაქტიკული საშუალებისთვის მიემართათ. მათ სთხოვეს „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს, ხმის გამაძლიერებელი სისტემით გაეკეთებინათ განცხადება: „ყველა მონათლულ იეჰოვას მოწმეს ვთხოვთ, მივიდნენ ქვედა იარუსის აღმოსავლეთ პანდუსთან“.

გახარებულმა მოწმეებმა ნელ–ნელა დაიწყეს მითითებულ ადგილზე მისვლა. სემუელი მოგვითხრობს: „სიხარულისგან ისინი ცრემლებს ვერ იკავებდნენ. ისინი გულში გვიკრავდნენ და იმის შიშით, რომ ხალხში არ დავკარგვოდით, ხელს არ გვიშვებდნენ“. პარასკევს და შაბათს უხუცესებმა 24 თანამორწმუნე იპოვეს და იეჰოვას მოწმეების დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.

მათგან უმეტესობას არაფერი გააჩნდა იმ ტანსაცმლის გარდა, რომელიც ზედ ეცვათ. ერთმა მოწმემ მხოლოდ ერთი პატარა ყუთის გადარჩენა მოახერხა, სადაც საჭირო საბუთები ჰქონდა ჩალაგებული.

სტადიონზე ბევრი მიხვდა, რომ დახმარების აღმოსაჩენად მისული უხუცესები იეჰოვას მოწმეები იყვნენ და მათ ბიბლიებსა და ბიბლიურ ლიტერატურას სთხოვდნენ. ბიბლია 220–ზე მეტმა ადამიანმა ითხოვა. იეჰოვას მოწმეები ხალხს ასევე სთავაზობდნენ 2005 წლის 8 აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“–ს, რომელშიც დაბეჭდილი იყო შესაფერის სტატიათა სერია „სტიქიური უბედურებები — რას უნდა ველოდეთ?“

რა სურათი იხილეს სახლში დაბრუნებულებმა?

გადარჩენილთა შორის იყო გამოცდილი რეპორტიორი, ახალი ორლეანის სატელევიზიო სადგურის გენერალური დირექტორი. თავისი პროფესიის გამო მას ხშირად უწევდა სტიქიური უბედურების ზონებში ყოფნა. ქარიშხლის შემდეგ იგი დაბრუნდა სახლში, ჯეფერსონში (ლუიზიანა), რათა ენახა, გადარჩა თუ არა რამე. ის ამბობს: „გაოგნებული ვიყავი. ყველაფერი განადგურებული იყო. ტელევიზიით უკვე ნანახი გვქონდა, როგორ გადმოვიდა წყალი ჯებირებიდან და როგორ მიჰქონდა ყველაფერი. მაგრამ ქარიშხალს მიწასთან გაესწორებინა იქაურობა. ჩემი სახლი მთლიანად დანგრეული იყო. ირგვლივ საშინელი შმორისა და ობის სუნი იდგა. საზარელი სურათი იყო. მაგრამ რაც მთავარია, ცოცხლები გადავრჩით“.

დასაწყისში მოხსენიებული ალენიც დაბრუნდა თავის სახლში მეტერში (ახალი ორლეანის გარეუბანი). ქარიშხლისგან აღარაფერი იყო დარჩენილი. ის გვიყვება: „იქაურობა ძალიან მძიმე სანახავი იყო. თითქოს ატომური ბომბი იყო ჩამოგდებული. ერთია, ახალ ამბებში მოისმინო ან ტელევიზორში უყურო მსგავს კადრებს, მაგრამ სულ სხვაა, საკუთარი თვალით ნახო, როგორ არის გაპარტახებული შენი უბანი. რთულია ასეთ რეალობასთან შეგუება.

ირგვლივ აყროლებული ხორცისა და გვამების სუნი იდგა. სავაჭრო ობიექტები ან დანგრეული, ან დატბორილი იყო. ყველგან პოლიციელები და სამხედროები იდგნენ. იქაურობა საომარ ზონას ჰგავდა“.

დაზარალებულთა დახმარება

ქალაქისა და შტატის ხელისუფლებამ, ასევე ფედერალურმა სტრუქტურებმა ორგანიზება გაუწიეს დაზარალებულთა დახმარებას. ამაზე ძირითადად საგანგებო სიტუაციათა ფედერალური ბიურო ზრუნავდა. სხვა ორგანიზაციებიც მობილიზებულნი იყვნენ ათასობით დაზარალებულის დასახმარებლად. სტიქიური უბედურების ადგილზე ჩაჰქონდათ დიდი რაოდენობით საკვები, ტანსაცმელი და წყალი. პირველი რამდენიმე დღისა და კვირის განმავლობაში საგანგებო სიტუაციათა ფედერალური ბიურო ხალხს ფინანსურადაც ეხმარებოდა. რას აკეთებდნენ ამ დროს იეჰოვას მოწმეები?

ზარალის შეფასება და აღდგენითი სამუშაოები

იეჰოვას მოწმეებმა სტიქიური უბედურების დაწყებისთანავე ჩამოაყალიბეს ჯგუფები, რომელთაც დაევალათ ადგილზე ჩასვლა და ზარალის შეფასება. მათ უნდა განესაზღვრათ, იეჰოვას მოწმეთა რამდენი სახლი და სამეფო დარბაზი დაინგრა ან დაზიანდა. როგორ გაართმევდნენ ისინი თავს ასეთ რთულ ამოცანას? იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელმა საბჭომ (ბრუკლინი, ნიუ–იორკი) შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტს დაავალა, ორგანიზება გაეწია დახმარებაზე პასუხისმგებელი კომიტეტებისთვის. ფილიალის კომიტეტმა შეერთებული შტატების სხვადასხვა ნაწილიდან რეგიონალურ სამშენებლო კომიტეტებს * მიმართა აღდგენით სამუშაოებში დახმარების გაწევისთვის. რის გაკეთება შეძლეს მათ?

ლონგ–ბიჩის (მისისიპი) კომიტეტის მონაცემებით 2006 წლის 17 თებერვლისთვის იეჰოვას მოწმეთა 632 სახლიდან 531 მთლიანად იყო აღდგენილი. 101 სახლზე კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები. იეჰოვას მოწმეები სხვა რელიგიის მიმდევრებსაც ეხმარებოდნენ. 17 სამეფო დარბაზის სახურავი სერიოზულად იყო დაზიანებული. თებერვლის შუა რიცხვებისთვის 16 სამეფო დარბაზი ხელახლა გადახურეს. რის გაკეთება შეძლო ბატონ–რუჟის (ლუიზიანა) კომიტეტმა?

ეს კომიტეტი ზრუნავს ლუიზიანას შტატზე, რომელსაც ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ქარიშხალმა „კატრინამ“. აქ იეჰოვას მოწმეთა 2 700 სახლი საჭიროებდა შეკეთებას. თებერვლის შუა რიცხვებისთვის 1 119 სახლი იყო აღდგენილი, ასე რომ, მათ ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდათ გასაკეთებელი. იეჰოვას მოწმეები აქაც ეხმარებოდნენ იმ ოჯახებს, რომლებიც არ იზიარებდნენ მათ რწმენას და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდნენ. სერიოზულად იყო დაზიანებული 50 სამეფო დარბაზი. თებერვლისთვის 25 მათგანი შეკეთებული იყო. ჰიუსტონში (ტეხასის შტატი) შესაკეთებელი იყო 871 სახლი, რომლებიც სექტემბერში ქარიშხალმა „რიტამ“ დააზიანა. 20 თებერვლისთვის 830 სახლი უკვე აღდგენილი იყო.

გაკვეთილი ყველასთვის

„კატრინას“ მძვინვარების საკუთარ თავზე გამოცდა ათასობით ადამიანისთვის მწარე გაკვეთილი იყო. მათ ისწავლეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაფრთხილების გათვალისწინება. უდავოა, რომ ბევრი იზიარებს ზემოხსენებული ჯოს სიტყვებს: „სხვა დროს, ევაკუირებისას, პირველი მე გავიქცევი!“

იეჰოვას მოწმეები დღემდე განაგრძობენ მექსიკის ყურეში დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენას (გალატელები 6:10). თუმცა ისინი მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით არ შემოიფარგლებიან. იეჰოვას მოწმეები 235 ქვეყანასა და ტერიტორიაზე აფრთხილებენ ხალხს იმ მოვლენის შესახებ, რომელიც ქარიშხალზე გაცილებით სერიოზულია. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ღმერთი მალე ბოლოს მოუღებს ამ უღმერთო ქვეყნიერებას, განწმენდს დედამიწას და აღადგენს ისეთ პირობებს, როგორიც თავიდანვე ჰქონდა განზრახული. თუ გსურთ, გაიგოთ რას ამბობს ბიბლია მოსალოდნელი განაჩენის შესახებ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან მისწეროთ მათ ამ ჟურნალის მე–5 გვერდზე მოცემულ შესაბამის მისამართზე (მარკოზი 13:10; 2 ტიმოთე 3:1—5; გამოცხადება 14:6, 7; 16:14—16).

[სქოლიოები]

^ აბზ. 32 რეგიონალური სამშენებლო კომიტეტები შედგება ნებაყოფლობით მომსახურე იეჰოვას მოწმეებისგან, რომელთაც სამეფო დარბაზების მშენებლობისა და რეკონსტრუირების დიდი გამოცდილება აქვთ. შეერთებულ შტატებში დაახლოებით 100 ასეთი ჯგუფი მოქმედებს. მსგავსი ჯგუფები მთელ მსოფლიოშია ჩამოყალიბებული.

[სურათი 14, 15 გვერდებზე]

ქარიშხალი „კატრინა“; თანამგზავრიდან გადაღებული სურათი.

[საავტორო უფლება]

NOAA

[სურათი 15 გვერდზე]

დატბორილი ახალი ორლეანი.

[საავტორო უფლება]

AP Photo/​David J. Phillip

[სურათები 15 გვერდზე]

ქარიშხალმა „კატრინამ“ დაანგრია შენობები და შეიწირა ადამიანები.

[საავტორო უფლება]

AP Photo/Ben Sklar

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

ჰიუსტონში (ტეხასის შტატი) „ასტროდომის“ სტადიონს დაახლოებით 16 000 დაზარალებული აფარებდა თავს.

[სურათები 17 გვერდზე]

ქრისტიანი უხუცესები დაზარალებულთა შორის იეჰოვას მოწმეებს ეძებდნენ.

[სურათი 18 გვერდზე]

მოხალისეები მუშაობენ დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად.

[სურათი 18 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები ძალიან მადლიერები იყვნენ დახმარებისთვის.

[სურათი 18 გვერდზე]

მოხალისეები საკვებით მომარაგებაზეც ზრუნავდნენ.

[სურათი 19 გვერდზე]

ალენი