არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა იყო თავდაპირველი ცოდვა?

რა იყო თავდაპირველი ცოდვა?

ბიბლიის თვალსაზრისი

რა იყო თავდაპირველი ცოდვა?

ამ კითხვაზე პასუხს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. რატომ? იმიტომ რომ, ადამისა და ევას მიერ ღვთისადმი დაუმორჩილებლობამ გავლენა იქონია მთელ მათ მოდგმაზე დღეს მცხოვრები ადამიანების ჩათვლით. ბიბლიაში ნათქვამია: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად, სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12). მაგრამ როგორ გახდა უბრალო მოქმედება — ხიდან ნაყოფის მოწყვეტა და ჭამა — ასეთი ტრაგიკული შედეგების მიზეზი?

როდესაც ღმერთმა ადამი და ევა შექმნა, ისინი საუცხოო ბაღში დაასახლა; ამ ბაღში უხვად იყო ბოსტნეული და ხეხილი. მხოლოდ ერთი ხის ნაყოფის ჭამა იყო აკრძალული; ეს ხე „კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე“ იყო. ადამსა და ევას ნების თავისუფლება ჰქონდათ და შეეძლოთ აერჩიათ, დაემორჩილებოდნენ თუ არა ღმერთს. მაგრამ ღმერთმა ადამი გააფრთხილა: „რა დღესაც შეჭამ ამ [კეთილისა და ბოროტის შეცნობის] ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები“ (დაბადება 1:29; 2:17).

მართებული აკრძალვა

ღვთის მიერ ამ ერთადერთი აკრძალვის შესრულება რთული არ იყო; ადამსა და ევას შეეძლოთ ბაღში არსებული ყველა სხვა ხის ნაყოფის ჭამა (დაბადება 2:16). გარდა ამისა, ეს აკრძალვა სულაც არ ნიშნავდა, რომ ღმერთი მათ რაიმე ცუდს მიაწერდა ან მათ ღირსებას ლახავდა. ზოგს შეეძლო ეთქვა, რომ ღვთის მიერ ისეთი სისაძაგლეების აკრძალვა, როგორიცაა სოდომია ან მკვლელობა, იმაზე მიმანიშნებელი იყო, რომ სრულყოფილ ადამიანებში გარკვეულწილად იდო ბოროტისკენ მიდრეკილება, რასაც მოთოკვა სჭირდებოდა. მაგრამ ჭამა ბუნებრივი და მართებული იყო.

იყო აკრძალული ხილი სქესობრივი ურთიერთობა, როგორც ამას ზოგიერთი აცხადებს? ეს თვალსაზრისი ბიბლიაზე არ არის დაფუძნებული. პირველი, როდესაც ღმერთმა ეს აუკრძალა ადამს, ის მარტო იყო და, როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასევე დარჩა (დაბადება 2:23). მეორე, ღმერთმა ადამსა და ევას უთხრა: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა“ (დაბადება 1:28). ცხადია, ღმერთი არ უბრძანებდა ადამსა და ევას ისეთი რამის გაკეთებას, რაც მის კანონს დაარღვევდა, შემდეგ კი ამისთვის სიკვდილით დასჯიდა მათ (1 იოანე 4:8). მესამე, ევამ ადამზე ადრე შეჭამა აკრძალული ხილი, თავის ქმარს კი მოგვიანებით მისცა იგი (დაბადება 3:6). აშკარაა, რომ აკრძალული ხილი სქესობრივი ურთიერთობა არ იყო.

მორალური დამოუკიდებლობის ხელში ჩაგდების მცდელობა

კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე პირდაპირი გაგებით ხე იყო. მაგრამ, ამ ხით წარმოდგენილი იყო ღვთის უფლება, როგორც მმართველის, თავად დაედგინა, რა იყო მის მიერ შექმნილი ადამიანებისთვის კარგი და ცუდი. ამიტომ ხის ნაყოფის ჭამა მხოლოდ ქურდობა — ღვთის საკუთრების აღება — კი არ იყო, არამედ ეს იყო მორალური დამოუკიდებლობის ხელში ჩაგდების მცდელობაც. ყურადღება მიაქციეთ, რომ მას შემდეგ, რაც სატანამ ევასთან იცრუა, რომ თუ ისინი ამ ნაყოფს შეჭამდნენ, ‘არ მოკვდებოდნენ’, მან უთხრა: „უწყის ღმერთმა, რომელ დღესაც შეჭამთ მაგ ნაყოფს, აგეხილებათ თქვენ თვალები და იქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“ (დაბადება 3:4, 5).

მაგრამ, აკრძალული ნაყოფის ჭამის შედეგად ადამი და ევა ვერ გახდნენ ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი. ევამ ღმერთს უთხრა: „გველმა მაცდუნა“ (დაბადება 3:13). და მაინც, ევამ იცოდა ღვთის ბრძანება და ეს ბრძანება გველს, სატანასაც გაუმეორა (გამოცხადება 12:9). ამიტომ, ევას ქმედება გააზრებული დაუმორჩილებლობა იყო (დაბადება 3:1—3). მაგრამ ადამი არ შემცდარა (1 ტიმოთე 2:14). თავისი შემოქმედისადმი ერთგულად მორჩილების გამოვლენის ნაცვლად, მან ცოლს მოუსმინა და მასთან ერთად ღვთისგან დამოუკიდებლობის გზა აირჩია (დაბადება 3:6, 17).

დამოუკიდებლობის არჩევით ადამმა და ევამ სამუდამო ზიანი მიაყენეს იეჰოვასთან თავიანთ ურთიერთობას და ცოდვა შევიდა მათში თვით გენეტიკური კოდის დონემდე. მართალია, მათ ასობით წელი იცოცხლეს, მაგრამ ცოდვის ჩადენის ‘დღესვე’ დაიწყეს კვდომა, როგორც ეს ხიდან მოჭრილ ტოტს ემართება (დაბადება 5:5). გარდა ამისა, პირველმა წყვილმა შინაგანი სიმშვიდე დაკარგა. მათ იგრძნეს, რომ შიშვლები იყვნენ და ღვთისგან დამალვას შეეცადნენ (დაბადება 3:7, 8). მათ აგრეთვე დანაშაული, დაუცველობა და სირცხვილი იგრძნეს. ცოდვამ ისინი შინაგანად ააფორიაქა და სინდისი მათ ბოროტების ჩადენაში სდებდა ბრალს.

საკუთარი თავისა და თავისი წმინდა ნორმების წინაშე მართალი რომ ყოფილიყო, ღმერთმა ადამსა და ევას სამართლიანად გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი და ისინი ედემის ბაღიდან განდევნა (დაბადება 3:19, 23, 24). ამგვარად, მათ დაკარგეს სამოთხე, ბედნიერება და მარადიული სიცოცხლე, ნაცვლად კი ცოდვა, ტანჯვა და სიკვდილი მიიღეს. რა ტრაგიკული ცვლილება იყო ეს ადამიანებისთვის! მაგრამ პირველი წყვილისთვის განაჩენის გამოტანისთანავე ღმერთმა თქვა, რომ მოსპობდა ცოდვის ყოველგვარ შედეგს ისე, რომ საკუთარ სამართლიან ნორმებს არ დაარღვევდა.

იეჰოვამ განიზრახა, რომ ადამისა და ევას შთამომავლებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, გათავისუფლებულიყვნენ ცოდვის სასიკვდილო მარწუხებისგან. ეს განზრახვა მან იესო ქრისტეს მეშვეობით შეასრულა (დაბადება 3:15; მათე 20:28; გალატელები 3:16). მისი მეშვეობით ღმერთი მოსპობს ცოდვასა და მის შედეგებს და მთელ დედამიწას სამოთხედ გადააქცევს სწორედ ისე, როგორც ეს თავდაპირველად ჰქონდა განზრახული (ლუკა 23:43; იოანე 3:16).

გიფიქრიათ?

საიდან ვიცით, რომ აკრძალული ხილი სქესობრივი ურთიერთობა არ იყო? (დაბადება 1:28).

▪ რას ნიშნავდა აკრძალული ხილის ჭამა? (დაბადება 3:4, 5).

▪ რა გააკეთა ღმერთმა ცოდვის შედეგების მოსასპობად? (მათე 20:28).

[ჩანართი 29 გვერდზე]

აკრძალული ხილი სქესობრივი ურთიერთობა არ იყო.

[სურათი 28, 29 გვერდებზე]

ევას სურდა, ღვთის მსგავსი ყოფილიყო და თავად გადაეწყვიტა, რა იყო კეთილი და ბოროტი.