არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ზნეობის სწრაფი დაცემა

ზნეობის სწრაფი დაცემა

ზნეობის სწრაფი დაცემა

როგორ ფიქრობთ, როდის დაიწყო ზნეობის დაცემა? თქვენს დროს თუ წინა თაობის დროს? ზოგი ფიქრობს, რომ პირველმა მსოფლიო ომმა, რომელიც 1914 წელს დაიწყო, ზნეობის უპრეცედენტო დაცემას შეუწყო ხელი. ისტორიკოსი, პროფესორი რობერტ უოული თავის წიგნში „1914 წლის თაობა“ წერდა: „თაობას, რომელიც ომს მოესწრო, ალბათ, ვერავინ გადაარწმუნებდა, რომ 1914 წლის აგვისტოში ძველი მსოფლიო ახალმა მსოფლიომ შეცვალა“.

„საზოგადოებისთვის მიღებული ნორმები, რაც ისედაც გაუფასურებული იყო, საბოლოოდ დაეცა“, — აღნიშნავს ისტორიკოსი ნორმან კანტორი. — მაშინ, როცა პოლიტიკოსები და სამხედრო პირები მილიონობით ადამიანს ცხოველებივით დასახოცად მიერეკებოდნენ, რომელი ეთიკური თუ რელიგიური კანონი შეაკავებდა ადამიანებს იმისგან, რომ ერთმანეთს ველური მხეცებივით დაუნდობლად არ მოპყრობოდნენ?! . . .პირველი მსოფლიო ომის დროს [1914—1918] მასობრივმა ხოცვა-ჟლეტამ საბოლოოდ დაუკარგა ადამიანის სიცოცხლეს ფასი“.

თავის ისტორიულ ნარკვევში ინგლისელმა ისტორიკოსმა ჰ. უელსმა აღნიშნა, რომ ევოლუციის თეორიის დამკვიდრების შემდეგ „მალევე დაიწყო ნამდვილი დემორალიზაცია“. რატომ? ზოგი ფიქრობდა, რომ ადამიანი მხოლოდ განვითარების უმაღლეს საფეხურზე მდგომი ცხოველი იყო. ევოლუციონისტმა უელსმა 1920 წელს დაწერა: „ადამიანი, მათი აზრით, საზოგადოებრივი ცხოველია, რომელიც ბევრად არ განსხვავდება ხროვებად მცხოვრები გარეული ძაღლებისგან, . . ამიტომ მათთვის ნორმალურია ის ფაქტი, რომ ამ ხროვიდან ყველაზე დიდი და ძლიერი ჩაგრავს და იმორჩილებს სხვებს“.

ნორმან კანტორმა სამართლიანად აღნიშნა, რომ პირველმა მსოფლიო ომმა დასცა ადამიანთა ზნეობა. ის განმარტავს: „ძველ თაობას ყველაფერი დაუწუნეს, მათ შორის პოლიტიკური კურსი, ჩაცმულობა და სექსუალური მორალი“. ევოლუციური თეორიის მხარდაჭერითა და დაპირისპირებული მხარეების წაქეზებით ეკლესიებმა წაბილწეს ქრისტიანული სწავლებები და ამგვარად, დიდი წვლილი შეიტანეს ზნეობის დაცემაში. ბრიტანელი გენერალი ფრენკ კროჟერი წერდა: „ქრისტიანული ეკლესიები ყველაზე მეტად უღვიძებენ ადამიანებს სისხლის ღვრის სურვილს, რითაც ჩვენ არაერთხელ გვისარგებლია“.

ზნეობრივი ნორმების უარყოფა

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, 20-იან წლებში, რომელიც „აღმავლობის ეტაპად“ არის ცნობილი, ძველი ღირებულებები უარყვეს და ყველაფერი მისაღები გახდა. ისტორიკოსი ფრედერიკ ალენი წერს: „ომის შემდგომ ათწლეულს მართებულად შეიძლება ეწოდოს ცუდი მანერების ათწლეული. . . ძველი ფასეულობები, რომლებიც ცხოვრებას ალამაზებდა და აზრს სძენდა, დაიკარგა, მათ კი ღირებული ვერაფერი ჩაენაცვლა“.

მეოცე საუკუნის 30-იან წლებში მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, რამაც მრავალი უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდო; ამ ათწლეულის მიწურულს კი მსოფლიო უფრო გამანადგურებელ ომში — მეორე მსოფლიო ომში — ჩაება. მალე ერებმა საშინელი, გამანადგურებელი იარაღის წარმოება დაიწყეს, რამაც, მართალია, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანა, მაგრამ ისეთი საშინელებები დაატეხა თავს, რისი წარმოდგენაც შეუძლებელია. ამ ომის დასასრულს ათასობით ქალაქი დაინგრა; იაპონიაში ორმა ატომურმა ბომბმა ორი ქალაქი გაასწორა მიწასთან! მილიონობით ადამიანი შემზარავ საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპა. მთლიანობაში ამ ომმა დაახლოებით 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

სასტიკი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ხალხმა ძველი ზნეობრივი ტრადიციების დაცვის ნაცვლად, საკუთარი ნორმები დაიდგინა. წიგნში „სიყვარული, სექსი და ომი — ცვალებადი ფასეულობები, 1939—1945“, ნათქვამია: „როგორც ჩანს, შეუზღუდავი სქესობრივი ურთიერთობის ტენდენცია ფრონტის ხაზიდან ზურგშიც გავრცელდა. . . ომის პერიოდში სიცოცხლის წუთიერებისა და მღელვარების განცდამ მალე ყოველგვარი ზნეობრივი ბარიერი მოშალა და ზურგშიც ისევე გააუფასურა სიცოცხლე და შეამცირა მისი ხანგრძლივობა, როგორც ფრონტის ხაზზე“.

სიკვდილის გამუდმებულმა შიშმა ხალხს, თუნდაც წამიერად, ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი გაუძლიერა. ერთმა ბრიტანელმა დიასახლისმა იმ საშინელ წლებში თავისუფალი სქესობრივი ურთიერთობების გასამართლებლად თქვა: „ჩვენ სინამდვილეში უზნეოები არ ვყოფილვართ; უბრალოდ, ომი იყო“. ერთი ჯარისკაცი ამბობს: „უმეტესობა უზნეო ადამიანებად მიგვიჩნევდა, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და შეიძლებოდა ნებისმიერ წუთს მოვმკვდარიყავით“.

მრავალს, ვინც ომს გადაურჩა, ნანახი საშინელებები დღესაც უშფოთებს სულს. ზოგს ბავშვობაში ნანახი ომის საშინელება დღემდე ამაზრზენ სურათებად ეშლება თვალწინ და ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს ყველაფერი ისევ მეორდება. მრავალმა დაკარგა რწმენა და მასთან ერთად ზნეობრივი ორიენტაცია. მათთვის აღარაფერი იყო ავტორიტეტული, რაც სწორისა და არასწორის განსაზღვრაში დაეხმარებოდათ; ამიტომ ხალხის თვალში ყველაფერი ფარდობითი გახდა.

ახალი ნორმები

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სქესობრივი ურთიერთობების თემაზე ახალი ნაშრომები გამოიცა. ერთ-ერთი მათგანი იყო 40-იან წლებში შეერთებულ შტატებში გამოცემული 800-ზე მეტ გვერდიანი „კინზის ნაშრომი“. შედეგად, მრავალმა დაუფარავად დაიწყო სქესობრივ საკითხებზე საუბარი, რაზეც ადრე, ჩვეულებრივ, არ საუბრობდნენ. თუმცა ჰომოსექსუალიზმსა და სხვა გაუკუღმართებულ სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით ამ ნაშრომში მოცემული სტატისტიკური მონაცემები მოგვიანებით გაზვიადებულად მიიჩნიეს, ამ ნაშრომმა მაინც გამოაშკარავა, რომ ომის შემდგომ წლებში ზნეობა მკვეთრად დაეცა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდნენ, წესიერების ნიღაბს ამოფარებოდნენ. მაგალითად, ცენზურა აკონტროლებდა რადიოს, კინო-თეატრებსა და ტელევიზიას, რათა უზნეო შინაარსის მასალა არ გავრცელებულიყო. მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. შეერთებული შტატების განათლების ყოფილმა მინისტრმა უილიამ ბენეტმა თქვა: „60-იანი წლებისთვის ამერიკა ძალიან სწრაფად ჩაეფლო დემორალიზაციის ჭაობში“. იგივე მოხდა სხვა მრავალ ქვეყანაშიც. რამ გამოიწვია 60-იან წლებში ზნეობის სწრაფი დაცემა?

იმ ათწლეულებში თითქმის ერთდროულად დაიწყო ფემინისტური მოძრაობა და სქესობრივი რევოლუცია, რამაც ეგრეთ წოდებული „ახალი ზნეობა“ დაამკვიდრა. დაიწყეს ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებების წარმოებაც. ამან შესაძლებელი გახადა დაფეხმძიმების შიშის გარეშე სქესობრივი ურთიერთობა, რამაც წარმოშვა „თავისუფალი სიყვარულის“ ცნება — „ყოველგვარი ვალდებულების აღების გარეშე სქესობრივი ურთიერთობა“.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, რაც შეეხება ზნეობის საკითხებს, იმ პერიოდში პრესა, კინო და ტელევიზია მეტად შემწყნარებელი გახდა. მოგვიანებით, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ სატელევიზიო გადაცემების შესახებ აღნიშნა: „ტელევიზია უწონებს ადამიანებს ჟინის დაკმაყოფილებისკენ სწრაფვას; დადებით შუქში წარმოაჩენს ძალადობასა და სისასტიკეს; და მაყურებელს სქესობრივი აღვირახსნილობისკენ უბიძგებს“.

70-იან წლებში ვიდეომაგნიტოფონის ფართოდ გამოყენება დაიწყეს. ადამიანებს უკვე განმარტოებით, თავიანთ სახლებში შეეძლოთ ამორალური სცენების ყურება, რის უფლებასაც სახალხოდ, კინოთეატრებში არასოდეს მისცემდნენ საკუთარ თავს. ბოლო დროს კი მთელ მსოფლიოში ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერს, ვისაც კომპიუტერი აქვს, შეუძლია ყველაზე გახრწნილი მასალის ნახვა.

შედეგები მრავალმხრივ არის შემაშფოთებელი. შეერთებული შტატების ციხის ერთმა ზედამხედველმა აღნიშნა: „ათი წლის წინ ქუჩაში დაჭერილ ბავშვებს რომ მოიყვანდნენ, მათთვის შეიძლებოდა აგეხსნა, რა იყო სწორი და არასწორი; მაგრამ დღეს არ ესმით, რაზე ვესაუბრები“.

სად შეიძლება სათანადო ხელმძღვანელობის პოვნა?

ეკლესიებს არ შეუძლიათ ზნეობის საკითხში სათანადო ხელმძღვანელობის გაწევა. იესოსა და მისი პირველი საუკუნის მიმდევრებივით სამართლიანი პრინციპების დაცვის ნაცვლად, ეკლესიები ამ ქვეყნიერების ნაწილი და ბოროტების მოზიარენი გახდნენ. ერთმა მწერალმა დასვა კითხვა: „ყოფილა ოდესმე ომი, რომლის დროსაც დაპირისპირებულ მხარეებს არ ეთქვათ, რომ ღმერთი მათთან იყო?“ ღვთიური ზნეობრივი ნორმების დაცვასთან დაკავშირებით ნიუ-იორკის ერთ-ერთი ეკლესიის სასულიერო პირმა წლების წინ თქვა: „ეკლესია მსოფლიოში ერთადერთი ინსტიტუტია, სადაც მრევლს იმაზე ნაკლები მოეთხოვება, ვიდრე მგზავრს — ავტობუსში“.

ცხადია, მთელ მსოფლიოში ზნეობრივი ნორმების მკვეთრი დაცემა იმაზე მეტყველებს, რომ აუცილებელია გარკვეული ზომების მიღება. რა ზომების? რა ცვლილებები უნდა მოხდეს? ვის შეუძლია ამის გაკეთება და როგორ?

[ჩანართი 5 გვერდზე]

„პირველი მსოფლიო ომის დროს [1914—1918] მასობრივმა ხოცვა-ჟლეტამ საბოლოოდ დაუკარგა ადამიანის სიცოცხლეს ფასი“.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

„უმწიკვლობა“ „ფასეულით“ შეიცვალა

სიტყვა „უმწიკვლობას“ ერთზე მეტი მნიშვნელობა არა აქვს. ადამიანი ან არის პატიოსანი, უანგარო, შეურყვნელი ან არა. დღეს სიტყვა „უმწიკვლობის“ ნაცვლად, ბევრგან „ფასეულს“ იყენებენ. მაგრამ, როგორც ისტორიკოსი გერტრუდა ჰიმელფარბი აღნიშნავს თავის წიგნში „საზოგადოების დემორალიზაცია“, არსებობს ერთი პრობლემა: «შეუძლებელია, ადამიანმა „უმწიკვლობა“ „ფასეულის“ მნიშვნელობით გამოიყენოს. . . შეუძლებელია, ყველამ საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს უმწიკვლობის არსი».

აღნიშნული წიგნის ავტორი ამბობს, რომ ფასეული „შეიძლება იყოს მრწამსი, შეხედულება, დამოკიდებულება, გრძნობა, ჩვევა, ქცევის გარკვეული წესი, წინასწარ შექმნილი აზრი და ხასიათის თავისებურებაც კი, ანუ ყველაფერი, რასაც ნებისმიერი ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ან საზოგადოება გარკვეულ პერიოდში, გარკვეული მიზეზის გამო აფასებს“. დღევანდელ ლიბერალურ საზოგადოებაში ადამიანები ამართლებენ იმას, რომ თავად ირჩევენ ფასეულობებს და ამას ისე აკეთებენ, თითქოს საქმე სუპერმარკეტში პროდუქტის არჩევას ეხებოდეს. მაგრამ რა ემართება ამ დროს უმწიკვლობას და ზნეობრიობას?!

[სურათი 6, 7 გვერდებზე]

უხამსი გართობა სულ უფრო და უფრო ადვილი ხდება.