არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საზიანოდ ხომ არ მოქმედებს თქვენზე ფულის შოვნისკენ სწრაფვა?

საზიანოდ ხომ არ მოქმედებს თქვენზე ფულის შოვნისკენ სწრაფვა?

საზიანოდ ხომ არ მოქმედებს თქვენზე ფულის შოვნისკენ სწრაფვა?

ხვალ რომ გამდიდრდეთ, როგორ მოიქცევით? ნაკლებს იმუშავებთ და სიამოვნებას არ მოიკლებთ? თავს დაანებებთ სამსახურს და უფრო მეტ დროს დაუთმობთ ოჯახსა და მეგობრებს? თუ თქვენთვის საყვარელ საქმეს წამოიწყებთ? საინტერესოა, რომ მრავალი, ვინც გამდიდრდა, სულაც არ მოქცეულა ასე. უფრო მეტიც, ისინი დარჩენილ ცხოვრებას მეტი ფულის შოვნას უძღვნიან, რათა ახალი ვალები გაისტუმრონ ან მეტი სიმდიდრე მოიხვეჭონ.

ზოგიერთები, რომლებმაც ცხოვრების ასეთი გზა აირჩიეს, ამჩნევენ, რომ სიმდიდრისკენ სწრაფვამ მათი ჯანმრთელობა შეარყია და უარყოფითად იმოქმედა მათ ოჯახურ ცხოვრებასა და ბავშვებზე. ამ ბოლო დროს წიგნებში, ჟურნალ-გაზეთებსა და სატელევიზიო პროგრამებში ხალხს ხშირად აფრთხილებენ, რომ მოერიდონ სიმდიდრისკენ მეტისმეტ სწრაფვას, და მოუწოდებენ გაიმარტივონ ცხოვრება. არაერთ წყაროში მახვილდება ყურადღება, რომ მატერიალურმა მისწრაფებებმა ადამიანი შეიძლება დააავადოს როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად და ფსიქიკურად.

რა თქმა უნდა, სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ სიმდიდრისკენ სწრაფვას თან საშიშროება ახლავს. თითქმის 2 000 წლის წინ ბიბლიაში უკვე ეწერა: „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს, რადგან ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, ჩამოშორდნენ რწმენას და მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:9, 10).

მაგრამ ნამდვილად ასეა ეს? მართლა ტკივილი მოაქვს სიმდიდრის მოხვეჭას მათთვის, ვისი ცხოვრების მიზანიც ფულისა და ქონების დაგროვებაა? თუ პირიქით, ყველაფერი აქვთ — სიმდიდრეც, ჯანმრთელობაც და ბედნიერი ოჯახებიც? მოდი განვიხილოთ ეს საკითხი.