არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე

როგორ მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე

როგორ მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე

ის ფაქტი, რომ ბიბლიამ ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია, ნამდვილი სასწაულია. ბიბლიის წერა დაახლოებით 1 900 წლის წინათ დასრულდა. ის იწერებოდა პაპირუსის ქაღალდსა და ცხოველის ტყავისგან დამზადებულ პერგამენტზე, ისეთ მასალაზე, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლებოდა ადვილად დაზიანებულიყო. გარდა ამისა, დღეს ცოტანი თუ ლაპარაკობენ იმ ენებზე, რომლებზეც ბიბლია დაიწერა. ბიბლიის გასანადგურებლად გავლენიანი ადამიანები, იმპერატორები თუ რელიგიური წინამძღოლები ყოველ ღონეს ხმარობდნენ.

როგორ გაუძლო ამ ძვირფასმა წიგნმა დროის გამოცდას და როგორ იქცა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ წიგნად? განვიხილოთ ორი ფაქტორი, რამაც ბიბლია დღემდე შემოგვინახა.

მრავალი ხელნაწერი

ბიბლიის ადრეულ ხელნაწერებს დამცველებიც ჰყავდა. ესენი იყვნენ ისრაელები, რომლებიც დედნისეული გრაგნილების ასლებს აკეთებდნენ. მაგალითად, ისრაელის მეფეებს ღმერთისგან ნაბრძანები ჰქონდათ, რომ ‘გადაეწერათ კანონი მღვდლებისგან, ლევიანებისგან’ (კანონი 17:18).

ისრაელების უმეტესობა გულმოდგინედ კითხულობდა წმინდა წერილებს, რადგან ესმოდათ, რომ წმინდა წერილების ავტორი იეჰოვა ღმერთი იყო. ამიტომ დახელოვნებული გადამწერები დედნის ასლებს დიდი სიფრთხილით აკეთებდნენ. ერთ-ერთ ღვთისმოშიშ კაცზე, რომელსაც ეზრა ერქვა, ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ის იყო იეჰოვას, ისრაელის ღვთის მიერ მიცემული მოსეს კანონის დახელოვნებული გადამწერი“ (ეზრა 7:6). მაგალითად, მასორეტები, რომლებიც ებრაული წერილების, ანუ „ძველი აღთქმის“ ასლებს ახ. წ. VI—X საუკუნეებში აკეთებდნენ, შეცდომების თავიდან არიდების მიზნით ტექსტის თითოეულ ასოს ითვლიდნენ. ვინაიდან გადამწერები ასლებს ასე საგულდაგულოდ აკეთებდნენ, ეს ხელს უწყობდა იმას, რომ მტრების მხრიდან ბიბლიის განადგურების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ტექსტის სიზუსტე დაცული ყოფილიყო და ჩვენამდე უცვლელი სახით მოეღწია.

მაგალითად, ძვ. წ. 168 წელს სირიის მეფე ანტიოქე IV შეეცადა, მთლიანად მოესპო ებრაული წერილების ყველა ასლი მთელი პალესტინის ტერიტორიაზე. როგორც იუდეველთა ისტორია ადასტურებს, „კანონის ნებისმიერ ასლს, რომლებსაც ისინი მიაკვლევდნენ, ხევდნენ და წვავდნენ“. „ებრაულ ენციკლოპედიაში“ კი ნათქვამია: „ჯარისკაცები მიღებულ ბრძანებებს თავგანწირვით ასრულებდნენ . . . ვისაც წმინდა წიგნს უპოვიდნენ, . . სიკვდილით სჯიდნენ“. ასეთი მცდელობის მიუხედავად, წმინდა წერილების ასლები მაინც შემორჩათ როგორც პალესტინელ იუდეველებს, ისე სხვა ხალხებს.

მას შემდეგ, რაც ქრისტიანულ-ბერძნული წერილების, ანუ „ახალი აღთქმის“ დამწერებმა ღვთის შთაგონებით დაწერეს წერილები, წინასწარმეტყველებები და ისტორიული შემთხვევები, მალევე გავრცელდა ასლები. მაგალითად, იოანემ თავისი სახარება ეფესოში ან მის მახლობლად დაწერა. მაგრამ წიგნის ერთ-ერთი ნაწილის ასლი, რომელიც ექსპერტების თქმით, წიგნის დაწერიდან თითქმის 50 წლის გასვლის შემდეგ გაკეთდა, ნაპოვნი იქნა ეგვიპტეში, რომელიც ეფესოდან ასობით კილომეტრითაა დაშორებული. ეს აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ შორეულ ქვეყნებში მცხოვრებ ქრისტიანებსაც ჰქონდათ იმ დროისათვის დაწერილი ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ასლები.

ღვთის სიტყვის ასლების სწრაფმა გავრცელებამ იმასაც შეუწყო ხელი, რომ ქრისტეს მოღვაწეობიდან საუკუნეების შემდეგაც კი არ გამქრალიყო ბიბლიის ხელნაწერები. როგორც ისტორია გვამცნობს, ახ. წ. 303 წლის 23 თებერვლის გარიჟრაჟზე რომაელი იმპერატორი დიოკლეტიანე თავისი თვალით უყურებდა, როგორ შეანგრიეს მისმა ჯარისკაცებმა ერთ-ერთი ეკლესიის კარი და როგორ დაწვეს წმინდა წერილების ასლები. დიოკლეტიანეს უნდოდა, რომ წმინდა წერილების განადგურებით ქრისტიანობა დაესამარებინა. მეორე დღეს მისი ბრძანებით მთელ რომის იმპერიაში საჯაროდ დაწვეს ბიბლიის ასლები. თუმცა ზოგიერთი ასლი გადარჩა, რომელთაგან კვლავ გაამრავლეს ასლები. ბიბლიის ორი ასლის დიდმა ნაწილმა, რომლებიც დიოკლეტიანეს შემდეგ მალევე უნდა იყოს ბერძნულ ენაზე გაკეთებული, დღემდე მოაღწია. ერთი ასლი რომში ინახება, მეორე კი — ლონდონში, ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში.

მართალია დღემდე ბიბლიის არც ერთი დედნისეული ხელნაწერი არ აღმოუჩენიათ, მაგრამ ჩვენამდე, მთლიანად თუ ნაწილობრივ, ბიბლიის ხელნაწერთა არაერთმა ასლმა მოაღწია. ზოგი მათგანი ძალიან ძველია. მაგრამ ხომ არ არსებობს იმის ალბათობა, რომ გადაწერის დროს გადამწერები ზუსტად ვერ გადმოიტანდნენ დედნის ტექსტს? ებრაული წერილების შესახებ მეცნიერმა უილიამ გრინმა აღნიშნა: „უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ სხვა არც ერთი უძველესი წიგნი არ გადაუწერიათ ასე ზუსტად“. ბიბლიის ხელნაწერთა ცნობილმა მკვლევარმა ფრედერიკ კენიონმა კი ქრისტიანულ-ბერძნული წერილების შესახებ დაწერა: «დედნისეული ტექსტებისა და დღემდე მოღწეული უძველესი ხელნაწერების თარიღებს შორის დროის ძალიან მცირე მონაკვეთია. ამიტომ, აღარ რჩება ეჭვის არანაირი საფუძველი, რომ წმინდა წერილებმა ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია. „ახალი აღთქმის“ წიგნების სიზუსტე და უცვლელობა საბოლოოდ დამტკიცდა». კენიონი აგრეთვე აღნიშნავს: „დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიის ტექსტი უცვლელია  . . . ამას ვერც ერთ სხვა უძველეს წიგნზე ვერ ვიტყვით“.

ბიბლიის თარგმნა

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ბიბლია ყველაზე ფართოდ გავრცელებულ წიგნად აქცია, ის არის, რომ ბიბლია მრავალ ენაზეა ხელმისაწვდომი. ღვთის განზრახვაც სწორედ ის იყო, რომ ყველა ერის ადამიანს გაეცნო ღმერთი და თაყვანი ეცა მისთვის „სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:23, 24; მიქა 4:2).

ებრაული წერილების პირველი თარგმანი ბერძნულ ენაზე სეპტუაგინტას სახელითაა ცნობილი. ეს თარგმანი მომზადდა ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ებრაელებისთვის, რომლებიც პალესტინის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდნენ. თარგმანზე მუშაობა იესოს მოსვლამდე ორი საუკუნით ადრე დასრულდა. მთელი ბიბლია, მათ შორის ქრისტიანულ-ბერძნული წერილები, დაწერიდან რამდენიმე საუკუნეში მრავალ ენაზე ითარგმნა. მაგრამ მეფეები და მღვდლებიც კი, რომლებსაც ყოველი ღონე უნდა ეხმარათ იმისათვის, რომ ხალხს ბიბლია ჰქონოდა, სრულიად საპირისპიროდ მოქმედებდნენ. ისინი კრძალავდნენ ბიბლიის თარგმნას იმ დროისათვის გავრცელებულ ენებზე და მრევლს სულიერ სიბნელეში ამყოფებდნენ.

მაგრამ ისტორიას ისეთი გაბედული ადამიანებიც ახსოვს, რომლებიც არ ეპუებოდნენ ეკლესიისა და მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობას, და იმისათვის, რომ ბიბლია ეთარგმნათ, სიცოცხლეს საფრთხეშიც კი იგდებდნენ. მაგალითად, 1530 წელს ინგლისელმა მთარგმნელმა უილიამ ტინდალმა, რომელმაც განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო, თარგმნა და გამოსცა ებრაული წერილების პირველი ხუთი წიგნი. პირველმა სწორედ მან თარგმნა მთელი ბიბლია ებრაულიდან ინგლისურად, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდა. ტინდალმა აგრეთვე პირველმა გამოიყენა ღვთის სახელი, იეჰოვა თავის თარგმანში. ერთ ესპანელ ბიბლეისტს კასიოდორო დე რეინასაც კათოლიკეების მხრიდან არაერთხელ დამუქრებია სიკვდილი, რადგან ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბიბლიას ესპანურ ენაზე თარგმნიდა. იგი იძულებული გახდა, ესპანეთიდან ინგლისში გადასულიყო, შემდეგ კი საფრანგეთში, ჰოლანდიასა და შვეიცარიაში, რათა თარგმანზე * მუშაობა დაესრულებინა.

ბიბლია დღესდღეობით სულ უფრო და უფრო მეტ ენაზე ითარგმნება; ბიბლიის მილიონობით ეგზემპლარი გამოიცემა. ის ფაქტი, რომ ბიბლიამ, როგორც ყველაზე ფართოდ გავრცელებულმა წიგნმა, დღემდე მოაღწია, პავლე მოციქულის სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს: „ბალახი ხმება და ყვავილი სცვივა, იეჰოვას სიტყვა კი მარადიულად რჩება“ (1 პეტრე 1:24, 25).

[სქოლიო]

^ აბზ. 14 რეინას თარგმანი გამოიცა 1569 წელს, ხოლო 1602 წელს გადამუშავებულ იქნა სიპრიანო დე ვალერას მიერ.

[ჩარჩო 14 გვერდზე]

რომელ თარგმანს წაიკითხავთ?

ბიბლია მრავალ ენაზეა ნათარგმნი. ზოგი თარგმანი მოძველებული და ძნელი გასაგებია. ზოგი კი პირიქით, გამარტივებული, პერიფრაზირებული თარგმანია, რასაც სიზუსტე ეწირება. არსებობს სიტყვასიტყვით ნათარგმნი ბიბლიებიც.

„წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ინგლისურ ენაზე იეჰოვას მოწმეთა ანონიმურმა ჯგუფმა უშუალოდ დედნისეული ენებიდან თარგმნა. ეს გამოცემა კი, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო წმინდა წერილების თარგმნას დაახლოებით 60 ენაზე, თუმცა მთარგმნელები მაინც ხელმძღვანელობდნენ დედნისეული ტექსტით. მთარგმნელების მიზანი ის არის, რომ, თუ აზრი არ დამახინჯდება, დედნისეული ტექსტი სიტყვასიტყვით გადმოსცენ. ისინი აგრეთვე ცდილობენ, რომ ბიბლია დღევანდელი მკითხველისთვის ისევე გასაგები იყოს, როგორც ბიბლიურ დროში.

ზოგიერთმა ენათმეცნიერმა შეისწავლა ბიბლიის თანამედროვე თარგმანები, მათ შორის ახალი ქვეყნიერების თარგმანი, რომ გაეგოთ, რამდენად ზუსტად და მიუკერძოებლად ითარგმნა ეს წიგნები. ერთ-ერთი მათგანია ჩრდილოეთ არიზონას (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი ჯეისონ დეივიდ ბედიუნი. 2003 წელს მან გამოაქვეყნა 200-გვერდიანი ნაშრომი, რომელშიც მსჯელობს ინგლისურ ენაზე გამოცემულ ცხრა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ბიბლიაზე *. მან გამოიკვლია ბიბლიის ზოგი მონაკვეთი, რომლებიც მეცნიერებს შორის კამათს იწვევს, რადგან, როგორც წესი, ასეთი ადგილები „გარკვეული რელიგიური მოსაზრებითაა ნათარგმნი“. მან თითოეული თარგმანის თითოეული მონაკვეთი შეადარა ბერძნულ ტექსტს, რომ გაეგო, მთარგმნელებმა ხომ არ შეცვალეს დედნის ტექსტი თავიანთი რელიგიური მოსაზრების გამო. რა დასკვნამდე მივიდა ჯეისონ ბედიუნი?

ბედიუნი აღნიშნავს, რომ საზოგადოების, მათ შორის ბიბლიის მკვლევარების აზრით, „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ სხვაობები მთარგმნელთა რელიგიური მოსაზრებით არის განპირობებული. თუმცა ამბობს: «სხვაობების უმეტესობა იმით არის გამოწვეული, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ყველაზე ზუსტი და სიტყვასიტყვითი თარგმანია». მართალია, ბედიუნი თვლის, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ზოგი მონაკვეთი არ არის სწორად ნათარგმნი, მაგრამ „სხვა თარგმანებთან შედარებით ზუსტია“. ის ამ თარგმანს „საოცრად კარგ“ თარგმანს უწოდებს.

ისრაელში მოღვაწე ებრაელმა მეცნიერმა ბენიამინ კედარმაც მსგავსი კომენტარი გააკეთა 1989 წელს „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“: «ნაშრომიდან აშკარად ჩანს გულწრფელი მცდელობა იმისა, რომ ტექსტი რაც შეიძლება ზუსტი ყოფილიყო . . . „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ჯერ არ შევხვედრივარ რელიგიური მოსაზრებით შეცვლილ ტექსტს».

თქვენ რომელ თარგმანს წაიკითხავთ? ადვილად გასაგებს, მაგრამ არც ისე ზუსტს თუ ღვთის შთაგონებით დაწერილ, დედანთან მაქსიმალურად მიახლოებულ თარგმანს? (2 პეტრე 1:20, 21). თავად გადაწყვიტეთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 22 „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გარდა ჯეისონ ბედიუნმა შეისწავლა „განზოგადოებული ახალი აღთქმა“, „ცოცხალი ბიბლია“, „ახალი ამერიკული ბიბლია ახალი აღთქმის შესწორებებით“, „ახალი ამერიკული სტანდარტული ბიბლია“, „წმინდა ბიბლია — ახალი საერთაშორისო გამოცემა“, „ახალი შესწორებული სტანდარტული გამოცემა“, „ბიბლიის თანამედროვე ინგლისური თარგმანი“ და „მეფე ჯეიმზის თარგმანი“.

[სურათი]

„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მრავალ ენაზეა ხელმისაწვდომი

[სურათი 12 და 13 გვერდებზე]

მასორეტული ხელნაწერები

[სურათი 13 გვერდზე]

ერთ-ერთი ხელნაწერი, რომელშიც ვხვდებით სიტყვებს ლუკას 12:7-დან: „ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“

[საავტორო უფლება დაცულია 13 გვერდზე]

Foreground page: National Library of Russia, St. Petersburg; second and third: Bibelmuseum, Münster; background: © The Trustees of the Chester Beatty Library, Dublin