არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მცდარი შეხედულება თუ სინამდვილე?

მცდარი შეხედულება თუ სინამდვილე?

მცდარი შეხედულება თუ სინამდვილე?

ქრისტიანმა უხუცესმა ტიმოთემ რჩევა მისცა ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლებს, რომ ‘განსხვავებული არაფერი ესწავლებინათ და არც ყურადღება შეეჩერებინათ არაფრის მომტან ზღაპრებზე’ (1 ტიმოთე 1:3, 4). დღესაც საჭიროა ასეთი გაფრთხილების გათვალისწინება? რა თქმა უნდა, რადგან ბიბლიისა და მისი სწავლებების შესახებ არასწორი შეხედულებების გამო ხალხი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას შორდება. ქვემოთ მოცემულია ბიბლიის შესახებ ფართოდ გავრცელებული შეხედულებები და ის, თუ რას ამბობს ბიბლია. ეს დაგეხმარებათ, განასხვაოთ მცდარი შეხედულება სინამდვილისგან.

მცდარი შეხედულება: ბიბლიაში მოხსენიებული სასწაულები სიმართლეს არ შეეფერება.

სინამდვილე: ადამიანებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი ღვთის შემოქმედების შესახებ. არც ერთ მეცნიერს არ შეუძლია ბოლომდე ახსნას მიზიდულობის კანონი, ზუსტად განსაზღვროს ატომის შემადგენლობა და ბოლომდე ჩასწვდეს დროის ცნებას. „ჩასწვდები ღვთის სიღრმეებს? ან მისწვდები ყოვლისშემძლის საზღვრებს?“ (იობი 11:7). რადგან შეუძლებელია ადამიანის გონება ბოლომდე ჩასწვდეს შემოქმედებას, მეცნიერებმა თავი უნდა შეიკავონ იმის თქმისგან, რომ ბიბლიაში მოხსენიებული სასწაულები შეუძლებელია სიმართლე იყოს.

მცდარი შეხედულება: ყველა რელიგიას ღმერთთან მივყავართ.

სინამდვილე: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:31, 32). ყველა რელიგიას რომ ღმერთთან მივყავდეთ, რაღა საჭირო იქნებოდა „გათავისუფლება“? იესო ასწავლიდა, რომ ცოტანი ივლიდნენ ისეთ გზაზე, „რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს“ (მათე 7:13, 14).

მცდარი შეხედულება: სიკვდილის შემდეგ ყველა ზეცაში მიდის.

სინამდვილე: „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით. მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე. იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი, ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე“ (ფსალმუნი 37:11, 29, 34). ზეცას მხოლოდ 144 000 ღვთის ერთგული მსახური დაიმკვიდრებს. ღმერთმა განიზრახა, რომ ისინი ‘იქნებოდნენ მეფეები, დედამიწის მმართველები’ (გამოცხადება 5:9, 10; 14:1, 4).

მცდარი შეხედულება: „ძველი აღთქმა“ ქრისტიანებისთვის გამოუსადეგარია.

სინამდვილე: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ (2 ტიმოთე 3:16, 17). „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელები 15:4). „ძველი აღთქმა“ (ებრაული წერილები) ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის და მტკიცე საფუძველს გვაძლევს იმისთვის, რომ ვირწმუნოთ „ახალი აღთქმა“ (ქრისტიანულ-ბერძნული წერილები).

მცდარი შეხედულება: „დაბადების“ დიდი ნაწილი, მათ შორის ადამისა და ევას ამბავი გამოგონილია.

სინამდვილე: ლუკას სახარების თანახმად, იესოს გენეალოგიას მივყავართ ადამამდე (ლუკა 3:23—38). „დაბადება“ რეალურ ფაქტებზე რომ არ იყოს აგებული, ვინ იტყოდა, სად მთავრდება რეალურ ადამიანთა ნუსხა და სად იწყება გამოგონილთა ნუსხა? იესოს, რომელიც დედამიწაზე მოსვლამდე ზეცაში ცხოვრობდა, სჯეროდა, რომ როგორც ადამისა და ევას შემთხვევა, ისე მთელი „დაბადება“, სინამდვილე იყო (მათე 19:4—6). ამგვარად, როგორც თავად იესომ, ისე ბიბლიის სხვა დამწერებმა გააბათილეს მოსაზრება, რომ რასაც „დაბადებაში“ ვკითხულობთ, სინამდვილეს არ შეეფერება (1 მატიანე 1:1; 1 კორინთელები 15:22; იუდა 14).