არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა ვიცხოვრო ბიბლიური ნორმებით?

რატომ უნდა ვიცხოვრო ბიბლიური ნორმებით?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ უნდა ვიცხოვრო ბიბლიური ნორმებით?

წარმოიდგინე, რომ კაფეში ორ თანაკლასელ გოგონასთან, ნათიასთან და მაიასთან ერთად სადილობ. ნათია აკვირდება ერთ ბიჭს, რომელიც სკოლაში ახალი გადმოსულია.

„იცი, მას ნამდვილად მოსწონხარ, — გეუბნება ნათია. — ნახე, როგორ გიყურებს!“

მაია კი შენკენ იხრება და ჩურჩულით გეუბნება: „იცი, რა?! მას შეყვარებული არ ჰყავს!“

„შეყვარებული რომ არ მყავდეს, ერთი წუთით არ დავფიქრდებოდი, ისე დავიწყებდი მასთან ურთიერთობას!“ — ამბობს ნათია.

შემდეგ ისეთ რამეს გეუბნება, რაც არ გსიამოვნებს:

„არ უნდა გყავდეს შეყვარებული?!“

შენ არ გაუკვირვებიხარ მის ნათქვამს. ალბათ, გაქვს იმის სურვილი, რომ შენც გყავდეს შეყვარებული. მაგრამ გესმის, რომ უკეთესია, მანამდე არ დაიწყო პაემანზე სიარული, სანამ ქორწინებისთვის მზად არ იქნები. ეს რომ არა . . .

„შენი რელიგიის გამო ხომ არ ამბობ უარს?“ — გეკითხება მაია.

„თითქოს ჩემს გულში ჩაიხედა“, — გაიფიქრე.

„ბიბლიის მეტი არაფერი გაინტერესებს, — ირონიულად გეუბნება ნათია. — რა არის ცუდი იმაში, რომ ზოგჯერ გაერთო!“

შენთვისაც დაუცინიათ იმის გამო, რომ ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრობ? როგორ მოქცეულხარ ასეთ სიტუაციაში?

▪ შენ მათ შენი მტკიცე პოზიცია დაანახვე.

▪ უხერხულად გრძნობდი თავს, თუმცა ცდილობდი, შეძლებისდაგვარად აგეხსნა შენი პოზიცია.

▪ ფიქრობდი, რომ თანაკლასელები მართალს გეუბნებოდნენ და რომ ხელიდან უშვებდი გართობის შესაძლებლობებს.

შეიძლება გიფიქრია კიდეც: „ნამდვილად ღირს ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრება?“ ახალგაზრდა გოგონას, შორენასაც * მოსვლია მსგავსი აზრი. ის ჰყვება: „ჩემს თანატოლებს რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ, თითქოს არავის წინაშე არ იყვნენ პასუხისმგებლები. ვფიქრობდი, რომ ბიბლიური პრინციპები გასაქანს არ მაძლევდა. მიზიდავდა მეგობრების თავისუფალი ცხოვრების წესი“.

რამეს ხომ არ ვაშავებ, თუ მსგავსი აზრები მეუფლება?

ბიბლიის დამწერს, ასაფსაც გაუჩნდა კითხვა, ღირდა თუ არა ღვთის მოსაწონად ცხოვრება. „შემშურდა მკვეხარა ხალხის, როცა დავინახე, რომ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ბოროტები“, — დაწერა ასაფმა. მას ასეთი სიტყვებიც კი აღმოხდა: „ფუჭად განვიწმინდე გული და ფუჭად დავიბანე ხელები უდანაშაულობით“ (ფსალმუნი 73:3, 13).

იეჰოვა ღმერთს ესმის იმ ადამიანების, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება დაეჭვდნენ, რამდენად ღირს ღვთის პრინციპების თანახმად ცხოვრება. ეს იქიდან ჩანს, რომ ღმერთმა ასაფს თავისი აზრები ბიბლიაში ჩააწერინა. ბოლოს ასაფი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ღვთის კანონების თანახმად ცხოვრება საუკეთესო გზაა (ფსალმუნი 73:28). როგორ მივიდა ამ დასკვნამდე? ასაფი გონიერი ადამიანი იყო. სწორი გადაწყვეტილება საკუთარი შეცდომების გამო კი არ მიიღო, არამედ სხვების შეცდომებზე დაკვირვების შედეგად (ფსალმუნი 73:16—19). შეგიძლია ასაფს მიჰბაძო?

სხვების შეცდომებზე სწავლა

ასაფისგან განსხვავებით, მეფე დავითმა მწარე გამოცდილებიდან ისწავლა, რომ ღვთის ნორმების უგულებელმყოფელნი სავალალო შედეგებს იმკიან. დავითმა თავისი მსახურის ცოლთან მრუშობა ჩაიდინა და შემდეგ შეეცადა, დაემალა დანაშაული. ამით მან როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს, მათ შორის ღმერთს, დიდი ტკივილი მიაყენა (2 სამუელი 11:1—12:23). მას შემდეგ, რაც დავითმა მოინანია, იეჰოვამ აღძრა ის, რომ თავისი გრძნობები ერთ-ერთ ფსალმუნში გადმოეცა. მისი სიტყვები ბიბლიაში ჩვენ სასწავლებლად ჩაიწერა (ფსალმუნი 51:1—19; რომაელები 15:4). ასე რომ, გონივრულია და ბიბლიის თვალსაზრისითაც მართებული, ვისწავლოთ სხვების შეცდომებზე.

ასაფს რომ მივბაძოთ და დავითის მსგავსი შეცდომები არ დავუშვათ, დავფიქრდეთ ქვემოთ მოყვანილ, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდების შემთხვევებზე, რომლებმაც რაღაც პერიოდის განმავლობაში უგულებელყვეს ბიბლიური პრინციპები. მათ ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ დავითის მსგავსად მოინანიეს და კვლავაც სუფთა სინდისით ემსახურებიან ღმერთს (ესაია 1:18; 55:7). აი რას ამბობენ ისინი.

„გამოიღვიძეთ!“-ი: რამ იმოქმედა შენს აზროვნებასა და საქციელზე?

ქეთი: „სკოლაში ყველას ჰყავდა შეყვარებული. ერთი შეხედვით, ისინი ბედნიერები ჩანდნენ. როდესაც მათთან ერთად დროს ვატარებდი, ვხედავდი, როგორ ეხვეოდნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს, რის გამოც შურისა და მარტოობის გრძნობა გამიჩნდა. ხშირად თავს იმის უფლებას ვაძლევდი, საათობით მეოცნება იმ ბიჭზე, რომელიც მომწონდა. მასთან ყოფნის სურვილი დღითიდღე მიძლიერდებოდა და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი“.

დათო: „ისეთ მასალას ვკითხულობდი და ისეთ პროგრამებს ვუყურებდი, სადაც ძირითადი აქცენტი სექსზე კეთდებოდა. მეგობრებთან სექსზე საუბარი მეტ ცნობისმოყვარეობას აღმიძრავდა. როცა გოგონასთან მარტო ვრჩებოდი, ვფიქრობდი, დიდი ამბავი, თუ მოვეფერები-მეთქი; მე ხომ მასთან სქესობრივი კავშირი არ მექნებოდა. მოფერებას ნებისმიერ დროს შევწყვეტდი“.

ლევანი: „ჩვევად მქონდა ინტერნეტში პორნოგრაფიის ყურება, ბევრს ვსვამდი და იმ ახალგაზრდებთან ერთად დავდიოდი წვეულებებზე, რომლებიც არ იზიარებდნენ ბიბლიის ზნეობრივ ნორმებს“.

ხათუნა: „16 წლის რომ ვიყავი, ძალიან მინდოდა, შეყვარებული მყოლოდა. ვიცოდი, რომ ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობა არასწორი იყო, მაგრამ როგორც ასეთი, არ მძულდა. არ მინდოდა, ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობა მქონოდა, მაგრამ გრძნობებმა მძლია. დროთა განმავლობაში იმდენად გამიუხეშდა სინდისი, რომ საერთოდ არ ვგრძნობდი თავს დამნაშავედ“.

„გამოიღვიძეთ!“-ი: მოგიტანა ასეთმა ცხოვრებამ ბედნიერება?

ქეთი: „თავდაპირველად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა თავისუფლება, და ბედნიერი ვიყავი, რომ საბოლოოდ მიმიღეს თანატოლებმა. მაგრამ ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე სიცარიელის გრძნობა დამეუფლა, რადგან თავს უწმინდურად ვთვლიდი. მწარედ ვნანობდი, რომ ქალწულობა დავკარგე, რასაც ვეღარასდროს დავიბრუნებდი. მას შემდეგ ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, თუ რატომ ვიყავი ასე თავდაჯერებული და რატომ უარვყავი იეჰოვას ნორმები?!“

დათო: „მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა. ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია, თუ როგორ მოქმედებდა ჩემი საქციელის შედეგები სხვებზე, მაგრამ ვერ შევძელი. დიდი ტკივილი მომაყენა იმის გაცნობიერებამ, რომ საკუთარი სიამოვნების გამო სხვებს ტკივილს ვაყენებდი. უძილობა დამჩემდა. სქესობრივი ურთიერთობა აღარ მანიჭებდა სიამოვნებას; პირიქით, ტკივილისა და სირცხვილის გრძნობამ მომიცვა“.

ლევანი: „რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო თავისუფლად ვიკმაყოფილებდი ხორციელ სურვილებს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მტანჯავდა; თავს უბედურ ადამიანად ვგრძნობდი“.

ხათუნა: „მალე მწარე რეალობის პირისპირ აღმოვჩნდი. უზნეობამ ახალგაზრდობის წლები ჩამიმწარა. ვფიქრობდი, რომ ამგვარად მე და ჩემი შეყვარებული ვერთობოდით, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს დიდი ტკივილი მივაყენეთ. ღამეებს ტირილში ვატარებდი, ვნანობდი, რომ იეჰოვას მოსაწონად არ მოვიქეცი“.

„გამოიღვიძეთ!“-ი: რა შეგიძლია ურჩიო ახალგაზრდებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბიბლიური ნორმები ზღუდავთ?

ქეთი: „ნუ იფიქრებ, რომ, თუ ბიბლიურ ნორმებს უგულებელყოფ, უკეთესად იცხოვრებ. დაფიქრდი, რას გრძნობს იეჰოვა, როცა მის რჩევებს ითვალისწინებ. ისიც კარგად გაანალიზე, რა შედეგები მოჰყვება მისი რჩევების უგულებელყოფას. გახსოვდეს, რომ მხოლოდ საკუთარ თავსა და სურვილებზე არ უნდა იფიქრო. შენი საქციელი სხვებზეც იმოქმედებს. თუ ღვთის რჩევას არ გაითვალისწინებ, საკუთარ თავს ავნებ“.

დათო: „ერთი შეხედვით, შეიძლება მიმზიდველი გეჩვენებოდეს თანატოლების ცხოვრების წესი. მაგრამ სანამ რამეს გააკეთებ, კარგად დააკვირდი მათ ცხოვრებას. ღირსება და პატიოსნება ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასია ძღვენია იმ ძღვენთა შორის, რაც იეჰოვამ გიბოძა. თუ თავს ვერ მოთოკავ და ამ ძღვენს არ გაუფრთხილდები, ჩალის ფასი იქნება შენი ცხოვრება. შენს პრობლემებზე მშობლებს და მოწიფულ ქრისტიანებს დაელაპარაკე. თუ შეცდომა დაუშვი, მაშინვე გულახდილად აღიარე და გამოასწორე მდგომარეობა. თუ იეჰოვას ნებისამებრ იმოქმედებ, ნამდვილ სიმშვიდეს იგრძნობ“.

ლევანი: „როცა გამოუცდელი ხარ, გგონია, რომ თანატოლების ცხოვრების წესი ძალიან მიმზიდველია. შენზე გავლენას მოახდენს მათი აზროვნება. ასე რომ, გონივრულად აირჩიე მეგობრები. მიენდე იეჰოვას და სინდისიც არ შეგაწუხებს“.

ხათუნა: „ნუ იფიქრებ, რომ შენ ეს არ დაგემართება. დედამ პირდაპირ მითხრა, რომ ჩემი საქციელი გულგატეხილობის მეტს არაფერს მომიტანდა. ამან ძალიან გამანაწყენა, რადგან ვფიქრობდი, რომ ცდუნებას არ ავყვებოდი. მაგრამ ვცდებოდი. იცხოვრე იეჰოვას ნორმების თანახმად და მათთან იმეგობრე, ვინც მსგავსად იქცევა. მხოლოდ მაშინ იქნები ბედნიერი“.

ბიბლიური ნორმები გვზღუდავს თუ გვიცავს?

თუ თანატოლები დაგცინიან იმის გამო, რომ ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრობ, ჰკითხე საკუთარ თავს: „რატომ არ უნდათ მათ ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრება? წაუკითხავთ ბიბლია და უფიქრიათ, რა შედეგები მოაქვს ღვთის კანონების შესრულებას? სერიოზულად დაფიქრებულან, რა სავალალო შედეგები მოაქვს ღვთის პრინციპების უარყოფას? თუ უმრავლესობის ფეხის ხმას არიან აყოლილნი?“

ალბათ, იცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უმრავლესობას მიჰყვებიან (გამოსვლა 23:2). ნუთუ არ გსურს, უკეთესი არჩევანი გააკეთო? ბიბლიური რჩევის გათვალისწინებით ‘დარწმუნდი, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი’ (რომაელები 12:2). იეჰოვა „ბედნიერი“ ღმერთია და სურს, რომ შენც ბედნიერი იყო (1 ტიმოთე 1:11; ეკლესიასტე 11:9). თუ ბიბლიურ პრინციპებს დაიცავ, იქნები ბედნიერი. შეიძლება ფიქრობ, რომ ეს პრინციპები გზღუდავს, მაგრამ სინამდვილეში გიცავს.

ბიბლიას მართლაც შეგიძლია ენდო. თუ ბიბლიური ნორმების თანახმად იცხოვრებ, მხოლოდ იეჰოვას კი არ გაუხარებ გულს, საკუთარ თავსაც მოუტან კურთხევებს (ესაია 48:17).

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ შეგიძლია ნახო შემდეგ ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

დაფიქრდი

▪ რა შეიძლება გიშლიდეს ხელს იმაში, რომ ბიბლიური ნორმების თანახმად იცხოვრო?

▪ რატომ უნდა დარწმუნდე, რომ ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება საუკეთესო არჩევანია?

[სქოლიო]

^ აბზ. 17 სახელები შეცვლილია.