არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეიძლება თუ არა მიმართვა საპატიო წოდებებით?

შეიძლება თუ არა მიმართვა საპატიო წოდებებით?

ბიბლიის თვალსაზრისი

შეიძლება თუ არა მიმართვა საპატიო წოდებებით?

მას შემდეგ, რაც ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება დაიწყეს, პირველი საუკუნის ქრისტიანებს ხშირად უწევდათ დაბალ თუ მაღალ ჩინოსანთა წინაშე წარდგომა. იმ დროს ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც წესი, ხალხი საპატიო წოდებებით მიმართავდა. მაგალითად, რომის პირველ იმპერატორს მინიჭებული ჰქონდა წოდება „ავგუსტუსი“. მაგრამ იესოს მიმდევრები ერთმანეთს საპატიო წოდებებით არ მიმართავდნენ, რადგან ყველანი თანასწორნი იყვნენ.

მიმართავდნენ თუ არა წოდებებით იესოს მოწაფეები ხელისუფლების წარმომადგენლებს და უნდა მივმართოთ თუ არა ჩვენ?

პატივისცემის ნიშნად

პავლე მოციქულმა თანამორწმუნეებს მოუწოდა: „ვისაც რა ეკუთვნის, ის მიეცით . . . ვისაც პატივი — პატივი“ (რომაელები 13:7). ეს იმას ნიშნავდა, რომ ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისთვის შესაბამისი წოდებით მიემართათ. დღესდღეობით პატივისცემის ნიშნად სახელმწიფო მოხელეებს ზოგან მიმართავენ სიტყვებით „პატივცემულო“, „ბატონო“, ზოგან კი — „თქვენო აღმატებულობავ“, „თქვენო უდიდებულესობავ“. მაგრამ შეიძლება დაიბადოს კითხვა: ასე როგორ მივმართო იმ ადამიანს, რომელიც უღირსად იქცევა და პატივისცემას არ იმსახურებს?

სახელმწიფო მოხელეთაგან ბევრი კეთილსინდისიერად ასრულებს თავის საქმეს, თუმცა ამას ყველა მათგანზე ვერ ვიტყვით. მიუხედავად ამისა, როგორც ბიბლია მოგვიწოდებს, ‘მეფეებსა და გამგებლებს უფლის გულისთვის’ უნდა დავემორჩილოთ (1 პეტრე 2:13, 14). ვინაიდან მათ ღმერთმა დართო იმის ნება, რომ სახელმწიფო სამსახურში ყოფილიყვნენ, ისინი ჩვენგან პატივისცემას იმსახურებენ (რომაელები 13:1).

სახელმწიფო მოხელის ცუდი რეპუტაცია არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მის მიმართ პატივისცემა არ გამოვხატოთ. თუკი მას საპატიო წოდებით მივმართავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიწონებთ მის საქციელს. გავიხსენოთ ერთი ეპიზოდი პავლე მოციქულის ცხოვრებიდან.

პავლე მოციქული იყენებდა საპატიო წოდებებს

ერთხელ პავლე მოციქული იერუსალიმში ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს და იუდეის გამგებელთან, ფელიქსთან წარადგინეს. ფელიქსი არ სარგებლობდა კარგი რეპუტაციით. როგორც რომაელი ისტორიკოსი, ტაციტუსი წერდა, ფელიქსს „შეეძლო ნებისმიერი უკეთურების ჩადენა, თანაც ისე, რომ პასუხს არავინ მოსთხოვდა“. იგი ქრთამის აღებით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე სამართლის აღსრულებით. მიუხედავად ამისა, პავლე, რომელიც ორი წლის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, ფელიქსისთვის ერთხელაც არ მიუმართავს უპატივცემულოდ. იგი ხშირად იბარებდა პავლეს და ესაუბრებოდა, რადგან იმედოვნებდა, რომ მისგან ქრთამს მიიღებდა, მაგრამ ვერ მიიღო. თავის მხრივ, პავლე ფელიქსთან ქადაგების შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებდა (საქმეები 24:26).

ფელიქსი ახალმა გამგებელმა, ფესტუსმა შეცვალა. მან პავლეს საქმე კესარეაში მოისმინა და იუდეველი წინამძღოლების გულის მოსაგებად გადაწყვიტა, პავლე იერუსალიმში გაეგზავნა, რომ იქ გაესამართლებინათ. ვინაიდან პავლემ იცოდა, რომ იერუსალიმში უსამართლოდ მოექცეოდნენ, ისარგებლა რომის მოქალაქის უფლებით და განაცხადა: „კეისართან ვასაჩივრებ!“ (საქმეები 25:11).

ფესტუსმა არ იცოდა, როგორ აეხსნა კეისრისთვის ის, თუ რაში ედებოდა პავლეს ბრალი. ამ დროს ფესტუსს ესტუმრა მეფე აგრიპა II, რომელიც პავლეს საქმით დაინტერესდა. იგი ათასისთავებთან და ქალაქის წარჩინებულებთან ერთად მეორე დღესვე დიდი ზარ-ზეიმით შევიდა მისაღებ დარბაზში პავლეს საქმის მოსასმენად (საქმეები 25:13—23).

თავდაცვის უფლება რომ მისცეს, პავლემ აგრიპას ასე მიმართა: „მეფე აგრიპა“. შემდეგ აღნიშნა, რომ აგრიპა კარგად ერკვეოდა იუდეველების ჩვეულებებსა და სადავო საკითხებში (საქმეები 26:2, 3). იმ დროს თითქმის ყველასთვის ცნობილი იყო, რომ აგრიპას ბრალი მიუძღოდა სისხლის აღრევაში, რადგან თავის ღვიძლ დასთან მრუშობდა. პავლემ ეს კარგად იცოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც პატივისცემით მიმართა მეფეს.

შუა საუბარში ფესტუსმა პავლეს სიტყვა გააწყვეტინა და უთხრა: „გაგიჟებულხარ, პავლე!“ მაგრამ გამგებლისთვის პავლეს უხეშად არ უპასუხია, პირიქით ასე მიმართა: „თქვენო აღმატებულებავ“ (საქმეები 26:24, 25). პავლე მას ისე მიმართავდა, როგორც მეფეს ეკადრებოდა. თუმცა ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: ყოველთვის ისე უნდა მივმართოთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც სხვები მიმართავენ?

იმდენი, რამდენიც ეკუთვნით

როგორც რომაელების 13:1-შია ნათქვამი, „არსებულ ხელისუფალთ ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ“. შესაბამისად, მათდამი პატივისცემასაც მიმართვის სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. მაგრამ იესომ დაგვანახვა, რომ ყოველთვის არ უნდა მივმართოთ სხვებს ისე, როგორც ჩვეულებრივ მიმართავენ. მან მოწაფეებს უთხრა: „თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, რადგან ერთია თქვენი მოძღვარი, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ; არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ — ზეციერი; ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“ (მათე 23:8—10).

როგორც ვხედავთ, არსებობს სხვაობა სასულიერო და საერო პირებისადმი მიმართვის ფორმებს შორის. როდესაც სახელმწიფო მოხელეებს რელიგიური ხასიათის ამა თუ იმ წოდებით მიმართავენ, პავლეს რჩევა, რომ პატივი მივაგოთ მათ, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც ასეთი წოდებებით მივმართოთ. მართალია, ადამიანი, რომელიც ბიბლიურ რჩევებს ითვალისწინებს, პატივისცემას გამოავლენს მათ მიმართ, მაგრამ ბიბლიით განსწავლული სინდისი არ მისცემს იმის უფლებას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს რელიგიური ხასიათის წოდებებით მიმართოს, რადგან ვალდებულია, ‘ღვთისა ღმერთს მისცეს’ (მათე 22:21).

გიფიქრიათ?

▪ როგორ უყურებდნენ იესოს მოწაფეები ხელისუფლების წარმომადგენლებს? (რომაელები 13:7).

▪ მიმართავდა თუ არა პავლე მოციქული სახელმწიფო მოხელეებს საპატიო წოდებებით? (საქმეები 25:11; 26:2, 25).

▪ როგორი წოდებების გამოყენების წინააღმდეგი იყო იესო? (მათე 23:8—10).

[სურათი 20, 21 გვერდებზე]

როგორ მიმართა პავლე მოციქულმა აგრიპას?