არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იქნებ სჯობს, დავშორდეთ ერთმანეთს?

იქნებ სჯობს, დავშორდეთ ერთმანეთს?

ახალგაზრდების შეკითხვები

იქნებ სჯობს, დავშორდეთ ერთმანეთს?

„სამი თვის ურთიერთობის შემდეგ ვფიქრობდით, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. ერთმანეთს ვარწმუნებდით, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით“ (ჯესიკა) *.

„მასზე ჭკუას ვკარგავდი; როგორც იქნა, წლების შემდეგ ყურადღება მომაქცია. მინდოდა ჩემზე უფროსი შეყვარებული მყოლოდა, რომ ჩემზე ეზრუნა“ (კეროლი).

ჯესიკამ და კეროლმა შეყვარებულებთან ურთიერთობა გაწყვიტეს. რა იყო ამის მიზეზი? განა ღირდა ასეთ მაგარ ბიჭებთან დაშორება?

თითქმის ერთი წელია, რაც ერთმანეთს ხვდებით. თავიდან ფიქრობდი, რომ გულის სწორი იპოვე, დღეს კი ასე აღარ ფიქრობ. * თუმცა დროდადრო გახსენდება, როგორ გხიბლავდა ერთ დროს ეს ადამიანი. უნდა წაუყრუო შინაგან ხმას თუ უნდა დაფიქრდე, ნამდვილად ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება?

სიმართლეს თვალი გაუსწორე: თუ სერიოზულ ნაკლზე თვალს დახუჭავ, ეს იგივე იქნებოდა, რომ მანქანის ხელსაწყოების პანელზე ანთებული სიგნალისთვის ყურადღება არ მიგექცია. პრობლემა თავისთავად არ მოგვარდება. პირიქით, ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს. რაზე არ უნდა დახუჭო თვალი ურთიერთობის დროს?

ყველაფერი ნაჩქარევად ხდება. შეიძლება პრობლემამ მაშინ იჩინოს თავი, თუ ძალიან მალე დაახლოვდებით. „ერთმანეთს ელ-ფოსტით ვწერდით წერილებს, ტელეფონით ვსაუბრობდით და ვჩეთაობდით, — იხსენებს კეროლი. — ასეთი ურთიერთობა შეიძლება გაცილებით უკეთესი იყოს, ვიდრე პირისპირ საუბარი, რადგან ასე უფრო მალე შედიხარ ადამიანთან ახლო ურთიერთობაში“. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, რომ ერთმანეთი კარგად გაიცნოთ. თქვენი ურთიერთობა სარეველა ბალახს კი არ უნდა დაემსგავსოს, რომელიც მალე იზრდება და მალევე ჭკნება, არამედ კულტურულ მცენარეს, რომლის გაზრდასაც დრო სჭირდება.

მაკრიტიკებს და მამცირებს. „ჩემი შეყვარებული ყოველთვის მამცირებდა, — ამბობს ანა. — მაგრამ იმდენად მინდოდა მის გვერდით ყოფნა, რომ ისეთ რამესაც კი ვითმენდი, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი“. ბიბლია გმობს „ლანძღვას“ (ეფესოელები 4:31). დამამცირებელი სიტყვებით მიმართვა სიყვარულის ნაკლებობაზე მეტყველებს მაშინაც კი, თუ ტონს არ უწევთ (იგავები 12:18).

ფეთქებადი ხასიათი აქვს. „გამჭრიახი კაცი მშვიდი სულის პატრონია“, — ნათქვამია იგავების 17:27-ში. ერინმა შეამჩნია, რომ მის შეყვარებულს ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა. „უთანხმოების დროს მუჯლუგუნებს მირტყამდა, რის გამოც ზოგჯერ ჩალურჯებული დავდიოდი“, — ამბობს იგი. ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს: „მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა“ (ეფესოელები 4:31). ვისაც თავის ხელში აყვანა არ შეუძლია, მზად არ არის ვინმესთან სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად (2 ტიმოთე 3:1, 3, 5).

ჩვენს ურთიერთობას ასაიდუმლოებს. „ჩემს შეყვარებულს არ უნდოდა, ვინმეს გაეგო, რომ ერთმანეთს ვხვდებოდით, — იხსენებს ანჟელა. — ძალიან ეწყინა, როდესაც მამაჩემმა ჩვენი ურთიერთობის შესახებ შეიტყო“. შეიძლება შეყვარებულებს ზოგჯერ მართლაც ჰქონდეთ მიზეზი, რომ თავიანთი ურთიერთობა არ გაახმაურონ. მაგრამ, თუ მათ, ვისაც ამის უფლება აქვს, არ ეცოდინებათ თქვენი ურთიერთობის შესახებ, ეს შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს შენთვის.

არ აპირებს ჩემზე დაქორწინებას. ქრისტიანები ერთმანეთს გართობის მიზნით კი არა, იმ მიზნით ხვდებიან, რომ დაინახონ, რამდენად შეეფერებიან ერთმანეთს და, საბოლოოდ, დაქორწინდნენ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ურთიერთობის დაწყების დღიდანვე დაქორწინებაზე იფიქრო. ხშირია შემთხვევები, როდესაც პირველივე შეყვარებულზე არ ქორწინდებიან. ქრისტიანმა არ უნდა დაიწყოს ურთიერთობა, თუ ქორწინებისთვის არ არის მზად.

ხან ვჩხუბობთ და ხან ვრიგდებით. „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია“, — ნათქვამია იგავების 17:17-ში. ყოველთვის შეუძლებელია, რომ ერთი აზრი გქონდეთ. მაგრამ, როცა შეყვარებულები გამუდმებით ხან ჩხუბობენ და ხან რიგდებიან, ესე იგი არსებობს სერიოზული პრობლემა, რაზეც ღირს დაფიქრება, როგორც ეს ანას შემთხვევაში მოხდა. „ყოველთვის, როცა ჩემს შეყვარებულს ვშორდებოდი, დიდ გულისტკივილს ვგრძნობდი, — ამბობს ანა. — თუმცა ბევრჯერ შევრიგდით, ახლა ვხვდები, რომ ამის გაკეთება არ ღირდა“.

უნდა, რომ სექსი გვქონდეს. „თუ გიყვარვარ, უარს არ მეტყვი“. „უკვე დროა, ინტიმური ცხოვრება დავიწყოთ“. „ის რა ინტიმური ურთიერთობაა, თუ სექსი არ გვექნება“. ასე ცდილობენ ბიჭები გოგონების შეცდენას. იაკობის 3:17-ში ნათქვამია: „ზემოდან მომავალი სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა“. შენი შეყვარებული ზნეობრივად სუფთა უნდა იყოს და პატივს უნდა სცემდეს სექსზე შენს შეხედულებას. არასოდეს წახვიდე კომპრომისზე!

ახლობლები მირჩევენ, კარგად დავფიქრდე. „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება; სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“, — ვკითხულობთ ბიბლიაში (იგავები 15:22). „ოჯახის წევრებისა და დიდი ხნის მეგობრების რჩევებს არ უნდა წაუყრუო. შენს შინაგან ხმასაც უნდა მოუსმინო და, თუ რამეში ეჭვი გეპარება, კარგად დაფიქრდე, — ამბობს ჯესიკა. — რაც უფრო ნაკლებად ითვალისწინებ სხვის რჩევებს, მით მეტ ზიანს აყენებ საკუთარ თავს“.

აქ მხოლოდ იმ რამდენიმე სერიოზულ ნაკლზე ვისაუბრეთ, რამაც შეიძლება შეყვარებულებს პრობლემები შეუქმნას *. შენც ხომ არ ხედავ შენს შეყვარებულში მსგავს ნაკლოვანებებს? ქვემოთ აღნიშნე, თუ მსგავს რამეს ამჩნევ.

․․․․․

როგორ გავწყვიტო ურთიერთობა?

დავუშვათ, გადაწყვიტე, რომ შეყვარებულს დაშორდე. როგორ უნდა გააკეთო ეს? რა თქმა უნდა, ამის გაკეთების მრავალი ხერხი არსებობს, მაგრამ კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებ ქვემოთ მოცემულ რჩევებს.

იყავი გაბედული. „იმდენად შევეჩვიე ჩემს შეყვარებულს, რომ მასთან დაშორების მეშინოდა“, — ამბობს ტრინი. გაბედულება გჭირდება იმისთვის, რომ შეყვარებულს უთხრა, რომ შორდები. შენი მხრიდან ამის გაკეთება გონივრული იქნება (იგავები 22:3). ეს დაგეხმარება, დაინახო, რისი ატანა შეგიძლია და რისი — არა როგორც ურთიერთობის დროს, ისე დაქორწინების შემდეგ.

აუხსენი, რატომ შორდები. შენს შეყვარებულს რომ გაეწყვიტა შენთან ურთიერთობა, მისი მხრიდან როგორ მოპყრობას ისურვებდი? (მათე 7:12). რა თქმა უნდა, არ დაგაკმაყოფილებდა, თუ ის მხოლოდ ელ-ფოსტით, SMS-ით ან ხმოვანი შეტყობინებით ორი სიტყვით გეტყოდა: „ჩვენს ურთიერთობას წერტილი დაესვა!“

შეარჩიე სათანადო ადგილი და გარემო. პირისპირ უნდა დაელაპარაკო თუ ტელეფონით? წერილი უნდა მისწერო თუ პირადად ესაუბრო? ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ვითარებაში ხართ. ისეთი ადგილი არ უნდა შეარჩიო, სადაც შეიძლება საფრთხე შეგექმნას. არც ის იქნებოდა გონივრული, თუ განმარტოვდებოდით და იმის საშიშროება შეიქმნებოდა, რომ ვნებას აყოლოდით (1 თესალონიკელები 4:3).

იყავი გულახდილი. გულწრფელად უთხარი, რატომ შორდები. არ დაუმალო, რომ არ მოგწონს, როგორ გეპყრობა. შეარჩიე სიტყვები. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ უთხრა: „შენ ყოველთვის მამცირებ“, უთხარი: „თავს დამცირებულად ვგრძნობ, როცა . . .“.

მზად იყავი მოსასმენად. იქნებ რაღაც გაუგებრობა მოხდა? ნუ მოტყუვდები ლამაზი სიტყვებით. ამავე დროს, გამოავლინე გონიერება და მხედველობაში მიიღე ყველა ფაქტი. ბიბლია ქრისტიანებს ბრძნულ რჩევას აძლევს: „კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვაში“ (იაკობი 1:19).

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 6 მართალია, ამ სტატიაში გოგონებზე მიდის საუბარი, იგივე პრინციპები ბიჭებსაც ეხება.

^ აბზ. 16 უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2007 წლის მაისის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 18—20.

დაფიქრდი

▪ ჩამოწერე, როგორი თვისებები გინდა, რომ ჰქონდეს შენს შეყვარებულს ․․․․․

▪ რა თვისებები არ გინდა, რომ ჰქონდეს შენს შეყვარებულს? ․․․․․

[ჩარჩო 20 გვერდზე]

ის უნდა შეიყვარო, ვინც . . .

□ შენს რწმენას იზიარებს (1 კორინთელები 7:39).

□ პატივს სცემს ღვთის ზნეობრივ ნორმებს (1 კორინთელები 6:18).

□ ყურადღებას ავლენს როგორც შენ მიმართ, ისე სხვების მიმართ (ფილიპელები 2:4).

□ კარგი რეპუტაციით სარგებლობს (ფილიპელები 2:20).

[ჩარჩო 20 გვერდზე]

ნუ დახუჭავ თვალს, თუ შენი შეყვარებული . . .

□ ყოველთვის თავისას იჟინებს.

□ ისე იქცევა, რომ თავი დამნაშავედ, უგუნურად და უღირსად იგრძნო.

□ ცდილობს, რომ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ჩამოგაშოროს.

□ ყოველთვის გამოწმებს, სად ხარ.

□ უმიზეზოდ გადანაშაულებს, რომ სხვებს ეარშიყები.

□ გემუქრება ან ულტიმატუმებს გიყენებს.

[სურათი 19 გვერდზე]

სერიოზულ ნაკლზე თვალის დახუჭვა იგივე იქნებოდა, რომ მანქანის ხელსაწყოების პანელზე ანთებული სიგნალისთვის ყურადღება არ მიგექცია

შეამოწმე ზეთის დონე