არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დედამიწის იდეალური „მისამართი“

დედამიწის იდეალური „მისამართი“

დედამიწის იდეალური „მისამართი“

როცა მისამართზე ვსაუბრობთ, ჩვეულებრივ, ვგულისხმობთ ქვეყანას, ქალაქსა და ქუჩას. დედამიწის შემთხვევაში „მისამართი“ ასეთია: ქვეყანა — გალაქტიკა ირმის ნახტომი, ქალაქი — მზის სისტემა, მზე და მის ირგვლივ მბრუნავი პლანეტები, ქუჩა — დედამიწის ორბიტა მზის სისტემაში. ასტრონომიისა და ფიზიკის განვითარებასთან ერთად, მეცნიერებმა ბევრი რამ გაიგეს ჩვენი პაწაწინა პლანეტის თავისებურებების შესახებ.

ჯერ ვისაუბროთ ჩვენი პლანეტის „ქალაქზე“ ანუ მზის სისტემაზე, რომელიც ირმის ნახტომის იმ ნაწილში მდებარეობს, სადაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ყველა პირობაა შექმნილი. ეს არე გალაქტიკის ცენტრიდან 28 000 სინათლის წლით არის დაშორებული და მასში თავმოყრილია სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელი ყველა ქიმიური ელემენტი. მზის სისტემა ცენტრიდან უფრო შორს რომ ყოფილიყო, ქიმიური ელემენტები არასაკმარისად იქნებოდა, უფრო ახლოს ყოფნა კი სახიფათო იქნებოდა მომაკვდინებელი რადიაციისა და სხვა ფაქტორების გამო. „ჩვენ იდეალურ ადგილას ვცხოვრობთ“, — აღნიშნულია ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“.

საუკეთესო „ქუჩა“

შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის „ქუჩაც“, ანუ მისი ორბიტა მზის სისტემაში, იდეალურ ადგილას მდებარეობს. მისი ორბიტა მზისგან 150 000 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული. დედამიწა ზუსტად იმ სარტყელშია მოქცეული, სადაც ტემპერატურა არც ძალიან მაღალია და არც ძალიან დაბალი. დედამიწა მზის ირგვლივ წრეხაზზე მოძრაობს, რის გამოც წლის განმავლობაში თითქმის არ იცვლება მისი დაშორება მზისგან.

მზე, ამავე დროს, ენერგიის უწყვეტი წყაროა. თავისი ზომიდან გამომდინარე, მზე ზუსტად იმდენ ენერგიას გამოყოფს, რამდენიც სასიცოცხლო პირობების შესაქმნელად არის აუცილებელი. მას მართებულად ეწოდება „განსაკუთრებული ვარსკვლავი“.

საუკეთესო მეზობელი

დედამიწისთვის მეზობლის არჩევა რომ მოგენდომებინათ, ალბათ, მთვარეზე კარგ მეზობელს ვერ იპოვიდით. მთვარის დიამეტრი დედამიწის დიამეტრის თითქმის მეოთხედია. მზის სისტემაში შემავალ სხვა მთვარეებთან შედარებით, ჩვენი პლანეტის თანამგზავრი გაცილებით დიდია. თუმცა არც ეს არის შემთხვევითი.

უპირველესად, მთვარის მიზიდულობა იწვევს დედამიწაზე ოკეანეების მიქცევა-მოქცევას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია პლანეტის ეკოლოგიისთვის. მთვარის გრავიტაცია დედამიწის ღერძის უძრაობასაც განაპირობებს. რომ არა მთვარე, ჩვენი პლანეტა ბზრიალასავით დაიწყებდა რყევას; ის შეიძლება ამოტრიალებულიყო ან გვერდზე გადახრილიყო. ეს კატასტროფულ ცვლილებებს მოახდენდა დედამიწის კლიმატსა და წყლის მიქცევა-მოქცევაზე.

დედამიწის დახრილობა და ბრუნვის სიჩქარე

დედამიწის 23,5-გრადუსიანი დახრილობა განაპირობებს მასზე წელიწადის დროების მონაცვლეობას, ზომიერ ტემპერატურასა და მრავალფეროვანი კლიმატური ზონების არსებობას. „ჩვენს პლანეტას იდეალური დახრილობა აქვს“, — ნათქვამია ერთ-ერთ წიგნში (Why Complex Life Is Uncommon in the Universe).

დედამიწის ბრუნვის ზომიერი სიჩქარის გამო დღე-ღამის ხანგრძლივობაც დაბალანსებულია. დედამიწა შემობრუნებას უფრო დიდ დროს რომ ანდომებდეს, მზისკენ მიმართული მისი ერთი მხარე გადახურდებოდა, მეორე მხარე კი გაიყინებოდა. ამის საპირისპიროდ, დღეების ხანგრძლივობა უფრო მოკლე რომ ყოფილიყო, თუნდაც რამდენიმე საათით, დედამიწის სწრაფი ბრუნვა ძლიერ ქარიშხლებსა და სხვა არასასურველ შედეგებს გამოიწვევდა.

ჩვენი პლანეტის „მისამართი“, ბრუნვის სიჩქარე თუ ერთგული თანამგზავრი იმაზე მოწმობს, რომ ეს ყველაფერი ბრძენი შემოქმედის ჩანაფიქრის შედეგია. * ფიზიკოსი და ევოლუციონისტი პოლ დეივისი აღნიშნავს: „ათეისტ მეცნიერებსაც კი გულგრილს არ ტოვებს სამყაროს მასშტაბები, მისი დიდებულება, ჰარმონიულობა, დახვეწილობა და საოცარი სიზუსტე“.

შესაძლებელია, ასეთი სიზუსტე ბრმა შემთხვევითობის შედეგი იყოს? თუ ყველაფერი მიზანმიმართულად არის შექმნილი? ამ კითხვებზე დაგაფიქრებთ მომდევნო სტატია. მასში განხილულია დედამიწის ორი დამცავი სისტემა, რომლებიც კოსმოსური საფრთხისგან იცავს მას.

[სქოლიო]

^ აბზ. 13 სამყაროს არსებობა მთლიანობაში დამოკიდებულია ოთხ ფუნდამენტურ ფიზიკურ ურთიერთქმედებაზე. ესენია: გრავიტაცია, ელექტრომაგნეტიზმი, სუსტი და ძლიერი ურთიერთქმედება. ეს ოთხივე ძალა სრულყოფილად არის დარეგულირებული (იხილეთ წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“, თავი 2. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

[ჩარჩო 5 გვერდზე]

ჩვენ ტყვიაზე სწრაფად ვმოძრაობთ!

სანამ ამ ჩარჩოს ჩაიკითხავთ, უკვე ათასობით კილომეტრი გექნებათ გავლილი ისე, რომ ამას ვერც კი იგრძნობთ. მოდი ვნახოთ, როგორ.

დედამიწის გარშემოწერილობა 40 000 კილომეტრია და ერთხელ შემობრუნებას 24 საათს ანდომებს. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც ეკვატორთან დგას, დაახლოებით 1 600 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს (პოლუსები თითქმის ერთ ადგილზე ბრუნავენ).

გარდა ამისა, დედამიწა გარს უვლის მზეს 30 კმ/წმ სიჩქარით. თავის მხრივ, მზის სისტემა გარემოექცევა გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრს 249 კმ/წმ სიჩქარით. შედარებისთვის, ტყვია წამში დაახლოებით 1,5 კილომეტრს გადის.

[სურათის საავტორო უფლება 4 გვერდზე]

Milky Way: NASA/JPL/Caltech

[სურათის საავტორო უფლება 5 გვერდზე]

Earth: Based on NASA/Visible Earth imagery