არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა საფრთხეს უქმნის შენობები ფრინველებს?

რა საფრთხეს უქმნის შენობები ფრინველებს?

რა საფრთხეს უქმნის შენობები ფრინველებს?

დღისით-მზისით კოდალამ შუშა ვერ შენიშნა, ცათამბჯენს დაეჯახა და მიწაზე დაენარცხა. რომელიღაც კეთილი გამვლელი შეჩერდა და დააცქერდა ჩიტს, იქნებ გამოცოცხლდესო. მისი იმედი გამართლდა, ჩიტი გამოცოცხლდა, ფრთები გაისწორა და გაფრინდა. *

სამწუხაროდ, ყველა ფრინველის შემთხვევაში ასე არ ხდება. შეჯახების შედეგად ფრინველთა ნახევარი იღუპება. როგორც ოდუბონის საზოგადოება იტყობინება, ყოველწლიურად მხოლოდ შეერთებულ შტატებში 100 მილიონზე მეტი ფრინველი იღუპება სხვადასხვა ტიპის შენობებთან შეჯახებისას. ზოგი მკვლევარი კი ფიქრობს, რომ ეს ციფრი მილიარდამდე აღწევს. რატომ ეჯახებიან ფრინველები შენობებს? და რა შეიძლება გაკეთდეს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქროს?

მთავარი „მტერი“ — შუშა და სინათლე

ფრინველებს შენობის შუშები უქმნის საფრთხეს. როცა შუშები სუფთაა, მათში ირეკლება შენობის წინხედი, გამწვანება ან ცა. ამის გამო ფრინველები მთელი ძალით ეჯახებიან შუშებს. ზოგჯერ შეჯახების მიზეზი ისიც ხდება, რომ ისინი შენობის შიგნით მდგარ მცენარეებზე დაჯდომას ცდილობენ.

ზოგჯერ პრობლემის მიზეზი სარკისებური მინებიც ხდება. ფრინველები შუშის ნაცვლად მასში არეკლილ გარემოს ან ცას ხედავენ, ამიტომაც ეჯახებიან მინებს. ზოგჯერ ფრინველები იმ შენობებსაც ეჯახებიან, რომლებიც ნაკრძალებში დგას და დამთვალიერებელთათვის არის განკუთვნილი. პროფესორ დანიელ კლემის (ორნითოლოგი და ბიოლოგი) აზრით, თუ არ ჩავთვლით ბუნებრივი გარემოს განადგურებას, შუშებზე შეჯახება ფრინველთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, რომელიც ადამიანის ჩარევით არის გამოწვეული.

ზოგიერთი ფრინველის შემთხვევაში შეჯახების ალბათობა უფრო დიდია. მაგალითად, მიმომფრენი მგალობელი ფრინველების უმეტესობას ღამით უხდებათ გადაფრენა და ისინი ორიენტირებას, გარკვეულწილად, ვარსკვლავების მეშვეობით ახერხებენ. ამიტომ მათ აბნევს განათებული მაღალი შენობები. ზოგიერთი ორიენტაციის უნარს იმდენად კარგავს, რომ აქეთ-იქით უმიზნოდ დაფრინავს მანამ, სანამ ძალაგამოცლილი არ დაენარცხება მიწაზე. ღამით წვიმა ან ღრუბლიანობის მომატება მათ კიდევ ერთ საფრთხეს უქმნის. ამ შემთხვევაში ფრინველებს უფრო დაბლა უწევთ ფრენა, რაც ზრდის მაღალ შენობებთან შეჯახების ალბათობას.

რა გავლენას ახდენს ეს ფრინველთა პოპულაციაზე?

ერთი ცნობის თანახმად, მიგრაციის პერიოდში ჩიკაგოში (ილინოისის შტატი, აშშ) ერთ-ერთ მაღალსართულიან შენობასთან შეჯახების გამო დაახლოებით 1 480 ფრინველი დაიღუპა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ეს შენობა ბოლო 14 წლის განმავლობაში 20 700 ფრინველის სიკვდილის მიზეზი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დაღუპულ ფრინველთა რაოდენობა სინამდვილეში გაცილებით მეტია. როგორც კანადის ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის (the Fatal Light Awareness Program) ხელმძღვანელი, მაიკლ მესური აღნიშნავს, ისინი უბრალოდ „მტრედები, თოლიები და ბატები კი არ არიან“, არამედ „გადაშენების პირას მყოფი ფრინველები“.

მაგალითად, ავსტრალიაში ერთ-ერთ გასულ წელს შენობის მინებზე შეჯახებით იმ სახეობის დაახლოებით 30 თუთიყუში (Lathamus discolor) დაიღუპა, რომელთა საერთო რაოდენობა მხოლოდ 2 000-ია. შეერთებულ შტატებში დღეისთვის თითქმის უკვე გადაშენებული ფრინველის (Vermivora bachmanii) სამუზეუმო ექსპონატებად, ძირითადად, ფლორიდაში ერთ-ერთ შუქურასთან შეჯახების შედეგად დაღუპული ფრინველები გამოიყენეს.

შეჯახების დროს გადარჩენილ ფრინველთაგან ბევრი სერიოზულად ზიანდება ან სუსტდება. ეს განსაკუთრებით სახიფათოა მიმომფრენი ფრინველებისთვის, რადგან შენობებს შორის მოქცეული ფრინველები შიმშილით იხოცებიან ან იმ ცხოველების ლუკმა ხდებიან, რომლებიც მიეჩვივნენ ასეთი იოლი ნადავლის ხელში ჩაგდებას.

როგორ შეიძლება ამის შეჩერება?

შენობის მინებთან შეჯახებას თავი რომ აარიდოს, ფრინველი სათანადოდ უნდა აღიქვამდეს მას. ამიტომ ზოგიერთმა დათმო ლამაზი ხედი ფანჯრიდან და იმ ადგილებში, სადაც შეჯახებები ხდებოდა, ფანჯრებზე სხვადასხვა ნახატი გააკრა. როგორც პროფესორმა კლემიმ განაცხადა, ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ნახატს კი არა აქვს, არამედ იმას, რომ ის ფრინველს სივრცის სწორად აღქმაში ეხმარება. მისი გამოკვლევის თანახმად, ნახატის ზომა 5x10 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

რისი გაკეთება შეგვიძლია ღამით გადამფრენი ფრინველების დასახმარებლად? „ღამით მომხდარი შეჯახებები მნიშვნელოვანწილად შემცირდება . . . თუ, უბრალოდ, ხელს ჩამოვკრავთ სინათლის ჩამრთველს“, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი ეკოლოგიის დარგში, ლესლი ევანს ოგდენი. გარკვეულ საათებში ზოგიერთ ქალაქში ცათამბჯენებზე ღამის განათებას ახშობენ ან რთავენ, განსაკუთრებით კი ფრინველთა მიგრაციის პერიოდში. ზოგიერთი მაღალსართულიანი შენობის ფანჯრებზე ბადეებს აყენებენ, რათა მათზე არეკლილი ცა ფრინველებს ნამდვილი არ ეგონოთ.

ამგვარი ზომებით შესაძლებელია ფრინველთა სიკვდილიანობის 80 პროცენტით შემცირება, რაც წლის განმავლობაში მილიონობით ფრინველისთვის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. მაგრამ პრობლემა, როგორც ჩანს, მაინც პრობლემად დარჩება, რადგან ადამიანებს არ სურთ, უარი თქვან განათებასა და შემინულ შენობებზე. ამიტომ ფრინველთა დაცვის ორგანიზაციები, მაგალითად როგორიცაა ოდუბონის საზოგადოება, ცდილობენ დაარწმუნონ არქიტექტორები და სამშენებლო კომპანიები, რომ მოუფრთხილდნენ ფაუნას.

[სქოლიო]

^ აბზ. 2 ხშირად, დაშავებული ფრინველებისთვის ხელის მოკიდება სახიფათოა, რადგან ისინი ვერ ხვდებიან, რომ მათი შველა გსურთ. გარდა ამისა, ზოგი ფრინველი საშიში დაავადების მატარებელია, რომელიც შეიძლება ადამიანსაც გადაედოს. ამიტომ, ვიდრე დაშავებულ ფრინველს ხელს მოკიდებთ, ხელთათმანი გაიკეთეთ, შემდეგ კი ხელები დაიბანეთ. თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის, საერთოდ ნუ გაეკარებით მას. ან თუ გაქვთ შესაძლებლობა, მიმართეთ მას, ვისაც ფრინველისთვის კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა შეუძლია.

[ჩარჩო 10 გვერდზე]

სად გაქრნენ ჩიტები?

ადამიანის მიზეზით დაღუპულ ფრინველთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში:

▪ საკომუნიკაციო ანძები — 40 მილიონი.

▪ პესტიციდები — 74 მილიონი.

▪ კატები — 365 მილიონი.

▪ შემინული შენობები — 100 მილიონიდან 1 მილიარდამდე.

▪ საარსებო გარემოს დაკარგვა — უცნობია, მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი ზიანის მომტანი.

[სურათი 10 გვერდზე]

შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად, სულ მცირე, 100 მილიონი ჩიტი კვდება შუშებზე შეჯახების შედეგად.

[საავტორო უფლება]

© Reimar Gaertner/age fotostock