არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ველოსიპედი, რომელიც დანებს ლესავს

ველოსიპედი, რომელიც დანებს ლესავს

ველოსიპედი, რომელიც დანებს ლესავს

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ტანზანიიდან

▪ წარმოიდგინეთ ველოსიპედზე უკუღმა შემომჯდარი კაცი, რომელიც მთელი ძალით ატრიალებს პედლებს, მაგრამ ველოსიპედი ადგილიდან არ იძვრის. ეს კაცი დანების მლესავია, რომელიც თავს დანების ლესვით ირჩენს და ამით ხალხსაც ემსახურება. ასეთ რამეს მხოლოდ აღმოსავლეთ აფრიკაში თუ შეხვდებით.

მისი ველოსიპედი რამდენიმე დეტალით განსხვავდება სხვა ველოსიპედებისგან. ბარგის დასადებ ადგილზე სალესი ქვაა დამაგრებული. ნეილონის ღვედს ამოძრავებს შუაზე გაჭრილი თვალი, რომელიც უკანა თვალზეა შედუღებული.

რთულია იმის თქმა, როგორ მოხვდა ეს ორიგინალური გამოგონება აფრიკაში. „როგორც ვიცი, ასეთ ველოსიპედებს ტანზანიის დედაქალაქ დარ-ეს-სალამში იყენებდნენ, ვიდრე ჩემს მშობლიურ ქალაქ მოშიში გავრცელდებოდა. ჩვენში ასეთი ველოსიპედების გამოყენება 1982 წლიდან დაიწყეს“, — ამბობს ანდრეა, რომელიც დანებს ასეთი ველოსიპედით 1985 წლიდან ლესავს.

სად შოულობენ ასეთ ველოსიპედებს? ანდრეა გვიხსნის: „ჩვენ ამისთვის ფუნდისთან მივდივართ (რაც სუაჰილის ენაზე ხელოსანს ნიშნავს) და ვთხოვთ, რომ ჩვენს ველოსიპედს რამდენიმე დეტალი დაამატოს“. ჩვეულებრივ, ერთ-ორ დღეში ყველაფერი მზადაა.

ოფლით ნაშოვნი პური

ანდრეას დღე დილის 7 საათზე იწყება, როცა ის თავისი ველოსიპედით ხალხმრავალ ადგილებში მიდის. „აბა დანების ლესვა, დანების ლესვა!“ — ასეთი შეძახილებით ცდილობს ის კლიენტების მიზიდვას, თან ორთვალაზე დამაგრებულ ზარს რეკავს. მალე ფანჯარაში დიასახლისი ჩნდება. ის ანდრეას თავისთან უხმობს და დაბლაგვებულ დანებს აძლევს. მის მეზობელს მაჩეტე (დიდი დანა) მოაქვს, დალაქს კი — თავისი მაკრატელი. ანდრეა თითქმის ყველაფერს ლესავს, რასაც მჭრელი პირი აქვს, მათ შორის თოხებსა და ბურღებს.

ვიდრე საქმეს შეუდგება, ანდრეა ირჩევს სწორ ადგილს და ველოსიპედის ფეხს დაბლა სწევს, რის შედეგადაც უკანა თვალი მაღლა იწევს. შემდეგ ის ამაგრებს ნეილონის ღვედს, უკანა თვლისკენ პირშექცეული ჯდება მეორე დასაჯდომზე და პედლებს ატრიალებს. აქეთ-იქით ნაპერწკლები ცვივა და ანდრეას ოფლი წურწურით ჩამოსდის. მის ხელში სხვადასხვა იარაღის პირი სამართებელივით ბასრი ხდება. ანდრეა მუშაობას საღამოს 6 საათისთვის ამთავრებს.

დანების სალესი ველოსიპედი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია მოხერხებულ ადამიანს, თუნდაც უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში, პატიოსანი შრომით იშოვოს ლუკმაპური (იგავები 13:4).