არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მარსი „ყურის ძირში“

მარსი „ყურის ძირში“

მარსი „ყურის ძირში“

მარსსა და ჩვენს პლანეტას შორის მანძილი 2003 წლის აგვისტოში მინიმუმამდე, 56 მილიონ კილომეტრამდე შემცირდა. ასეთი მოვლენა მთელი 60 000 წლის განმავლობაში არ მომხდარა. თუ ასტრონომიული მასშტაბებით ვიმსჯელებთ, წითელი პლანეტა, ფაქტობრივად, დედამიწის „ყურის ძირში“ აღმოჩნდა. ვარსკვლავებისა და პლანეტების მკვლევარები ამ ფაქტს გულგრილი არ დაუტოვებია.

მარსზე დაკვირვებებს რამდენიმე კოსმოსური ხომალდი ჯერ კიდევ 2004 წლის დასაწყისში აწარმოებდა. ზოგი მარსს უშუალოდ მის ზედაპირზე იკვლევდა, ზოგი კი — ორბიტიდან. რას ვიგებთ ამ მისიებიდან ჩვენი მეზობელი პლანეტის შესახებ?

წითელი პლანეტის გამოკვლევა

ორბიტულმა თანამგზავრმა „მარს გლობალ სერვეიორმა“ მარსს 1997 წელს მიაღწია. მისი მეშვეობით გაირკვა, რომ მარსს ოდესღაც ძლიერი მაგნიტური ველი ჰქონია. თანამგზავრმა შეადგინა მარსის ზედაპირის ზუსტი რუკა და განსაზღვრა, რომ მანძილი ყველაზე დაბალი წერტილიდან უმაღლეს წერტილამდე 29 კილომეტრზე მეტია, მაშინ როცა დედამიწაზე ეს მანძილი 19 კილომეტრია. *

მარსზე ყველაზე დაბალ წერტილად ითვლება ქვაბული ელადა, რომელიც, როგორც ჩანს, გიგანტური ასტეროიდის შეჯახების შედეგად გაჩნდა. უმაღლეს წერტილად ითვლება 21 კილომეტრი სიმაღლის ვულკანური მთა ოლიმპი. „სერვეიორმა“ კამერით დააფიქსირა ლოდები, რომელთა სიგანეც 18 მეტრზე მეტი იყო, აგრეთვე მოძრავი სილის ბორცვები და ახალწარმოქმნილი არხები. დადგინდა ისიც, რომ მარსის ზედაპირზე მიმოფანტული ქვების უმეტესობა ვულკანური წარმოშობისაა.

მიუხედავად იმისა, რომ „მარს გლობალ სერვეიორთან“ კავშირი 2006 წელს გაწყდა, ორბიტული თანამგზავრები — „მარს ოდისეი-2001“, „მარს ექსპრესი“ და „მარსის ორბიტული მზვერავი“ — აგრძელებენ წითელი პლანეტის დათვალიერებას. * მგრძნობიარე კამერებისა და დეტექტორების მეშვეობით მათ შეისწავლეს მარსის ატმოსფერო და კოსმოსური სივრცე მის ირგვლივ, აგრეთვე მიაგნეს ყინულის დიდ მასას ჩრდილოეთ პოლუსზე, რომელიც რუკაზე აღბეჭდეს.

ამ ყინულის გამოკვლევის მიზნით 2008 წლის 25 მაისს წითელ პლანეტაზე შეუფერხებლად დაეშვა კოსმოსური აპარატი „ფენიქსი“. მისი სუპერთანამედროვე აღჭურვილობა როგორც მარსის ატმოსფეროს, ასევე პოლარული ყინულის გამოკვლევის საშუალებას იძლევა. მეცნიერებს აინტერესებთ, არსებობდა თუ არა ოდესმე სიცოცხლის რაიმე ფორმა გაყინულ გრუნტში. თუმცაღა სიცოცხლის ან თუნდაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობების ძიება კარგა ხანია დაიწყო.

მარსმავლები — „სპირიტი“ და „ოპორტუნიტი“

ორმა მარსმავალმა — „სპირიტმა“ და „ოპორტუნიტიმ“, მარსს 2004 წლის იანვარში მიაღწიეს. მათი დაჯდომის უბანი უფრო ადრეული მისიების დროს მოპოვებული მონაცემებით იყო შერჩეული. თითოეული მარსმავალი ზომით პატარა სარბოლო ავტომობილისხელაა. მათ მარსის ატმოსფეროში სიჩქარის შენელება თერმოდამცავი საფარის, პარაშუტებისა და რაკეტული ძრავის მეშვეობით მოახერხეს. პნევმობალიშებში მოქცეული ეს კოსმოსური აპარატები მარსის ზედაპირზე დაეშვნენ თავიანთი წინამორბედის, შედარებით მცირე ზომის „მარს პათფაინდერის“ მსგავსად, რომელიც 1997 წელს ესტუმრა მარსს. *

მარსის ზედაპირს დაახლოებით დედამიწის ხმელეთისხელა ფართობი უკავია, რამაც რობოტებს კვლევა-ძიებისთვის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მისცა. „ოპორტუნიტის“ კვლევისთვის არჩეულ იქნა Meridiani Planum, უძველესი ქანებისგან შემდგარი ვაკე. ეს ქანები რკინით მდიდარ მინერალ ჰემატიტს შეიცავს. „სპირიტი“ მარსის მეორე მხარეს დაეშვა გუსევის გიგანტური კრატერის სიღრმეების გამოსაკვლევად. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ერთ დროს ამ კრატერში ტბა იყო. ნასა-ს მიერ გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, ამ მისიის მიზანია „იმ ადგილების გეოლოგიური ისტორიის შესწავლა, რომლებიც ერთ დროს შესაძლოა ტენიანი და სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყო“.

„გეოლოგები“ მარსზე

მარსის ქვიან და უნაყოფო, მრგვალი ღრმულებით დაფარულ ზედაპირზე დაშვება „სპირიტმა“ 2004 წლის 4 იანვარს განახორციელა. ეს მარსმავალი ნამდვილი გეოლოგივით იკვლევდა გრუნტს, ქანებსა და რელიეფს. მეცნიერებმა „სპირიტის“ მეშვეობით დაადგინეს, რომ მისი საკვლევი ტერიტორია ვულკანური წარმოშობის ქანებისგან შედგება და მეტეორიტებით გაჩენილი კრატერებით არის მოფენილი. შემდეგ მარსმავალმა 2,6 კილომეტრი გაიარა პატარა გორაკების გამოსაკვლევად. იქ მან აღმოაჩინა უცნაური შემადგენლობის ქვები და რბილი ქანები, რომლებიც შესაძლოა ასევე ვულკანური წარმოშობისაა.

„ოპორტუნიტი“, რომელმაც 456 მილიონი კილომეტრი დაფარა, 2004 წლის 25 იანვარს დაეშვა მარსზე. ის მხოლოდ 25 კილომეტრით ასცდა დანიშნულების ადგილს. პნევმობალიშებში მოქცეული მარსმავალი Meridiani-ს ბრტყელ ზედაპირზე დაცემის შემდეგ, პირდაპირ პატარა კრატერში ჩაგორდა. მეცნიერებმა ეს მოვლენა გოლფის თამაშის დროს ბურთის ერთი დარტყმით ჩაგდებას შეადარეს.

„ოპორტუნიტიმ“ გამოიკვლია რამდენიმე კრატერი, რომლის ქანებიც შედგება ჰემატიტით მდიდარი პატარა ბურთულებისგან. მათ პირობითად „მოცვი“ უწოდეს. მართალია მათ ფერს მთლად ლურჯს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ მათი ნაცრისფერი შეფერილობა მკვეთრ კონტრასტს ქმნის მოწითალო გრუნტისა და ქვების ფონზე. ზოგ ქანს ისეთივე ფორმა აქვს, როგორც მდინარის ამომშრალ კალაპოტს. ამიტომ ზოგი მეცნიერის ვარაუდით, ამ კალაპოტების არსებობა, ქანებში არსებულ ქლორისა და ბრომის შემცველობასთან ერთად, იმაზე მოწმობს, რომ აქ ოდესღაც მარილიანი წყალი იყო.

მარსის ზედაპირის, განსაკუთრებით მისი გაყინული არეების, შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც 2008 წელს „ფენიქს მარს ლენდერი“ თავისი მისიის შესრულებას შეუდგა. რობოტიზებული კიდურით მან ჩააღწია გრუნტის საფარქვეშ და იქიდან აღებული ქანისა და ყინულის სინჯები გამოსაკვლევად გადასცა ბორტზე დამონტაჟებულ ორ „ლაბორატორიას“. „ფენიქსს“ თავისი მისია შედარებით მოკლე დროში უნდა დაესრულებინა, რადგან როგორც ჟურნალი „საიენსი“ გვიხსნის, სამუშაოების დასრულებიდან ერთ თვეში მარსის ზამთარი მას „გაყინული ნახშირორჟანგის სქელ საფარქვეშ მოაქცევს“.

ის ფაქტი, რომ მეცნიერებს შეუძლიათ მილიონობით კილომეტრით დაშორებული პლანეტების გამოკვლევა, ცხადყოფს, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც ადამიანები კონკრეტული მიზნისკენ ისწრაფვიან. ეს ყველაფერი ადამიანის გონიერებაზეც მეტყველებს. მაგრამ ვერც კოსმოსს გამოვიკვლევდით და მთლიანობაში ვერც მეცნიერება იარსებებდა, რომ არა სანდო და უცვლელი ფიზიკური კანონები, რომლითაც სამყარო იმართება. ეს კანონები თავისით არ შექმნილა, ისინი სამყაროს დიდებული შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის მიერ არის დადგენილი.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 აქ იგულისხმება მანძილი წყნარ ოკეანეში მარიანას ღარის ფსკერიდან ევერესტის მწვერვალამდე.

^ აბზ. 7 „მარს ოდისეი-2001“ და „მარსის ორბიტული მზვერავი“ აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (ნასა) გაუშვა, ხოლო „მარს ექსპრესი“ — ევროპის კოსმოსური კვლევების სააგენტომ.

^ აბზ. 10 იხილეთ სტატია „რობოტი მარსზე“, 1998 წლის 8 ივლისის „გამოიღვიძეთ!“-ში.

[ჩარჩო⁄სურათი 16 გვერდზე]

არის სიცოცხლე მარსზე?

მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნის ასტრონომების, სერ უილიამ ჰერშელისა და პერსივალ ლოუელის მოსაზრებით, მარსი გონიერი არსებებით იყო დასახლებული. როგორც ჩანს, ამ მოსაზრებას დასაბამი დარვინის ევოლუციურმა თეორიამ მისცა. მაგრამ მოგვიანებით დადასტურდა, რომ მათი შეხედულებები მცდარი იყო. სატელიტით მიღებული მონაცემებით გაირკვა, რომ მარსის ზედაპირი ხრიოკია, ხოლო მისი თხელი ატმოსფერო ძირითადად ნახშირორჟანგისგან შედგება. 1976 წელს დასაშვები აპარატის, „ვიკინგ-1“-ის მიერ მარსის ზედაპირზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ ამ პლანეტაზე სიცოცხლის ნიშანწყალი არ არსებობს. *

მიუხედავად ამისა, მეცნიერები არ წყვეტენ სიცოცხლის ძიებას მარსზე, რაზეც მათი ბოლოდროინდელი მიღწევა — „ფენიქს მარს ლენდერიც“ მოწმობს. დედამიწაზე ზოგიერთი სახის მიკრობს შეუძლია გაუსაძლის პირობებშიც კი იარსებოს, რის გამოც მეცნიერები თვლიან, რომ მსგავსი ცოცხალი ორგანიზმების პოვნა მარსის გარკვეულ უბნებშიც შეიძლება. დასაშვები აპარატი „ბიგლ-2“, რომელიც „მარს ექსპრესთან“ ერთად იყო გაშვებული, განკუთვნილი იყო მარსის ნიადაგში ორგანული ნივთიერებების გამოსაკვლევად, მაგრამ 2003 წლის მიწურულს მისია წარუმატებლად დასრულდა. მომდევნო წელს მეცნიერებმა მარსის ატმოსფეროში მეთანის კვალს მიაგნეს, რის შემდეგაც დაიწყეს იმის გარკვევა, ეს მეთანი ბიოლოგიური წარმოშობისა იყო თუ ვულკანური.

მაგრამ შეიძლება სიცოცხლე თავისით გაჩნდეს სადმე? ბიბლიაში ნათქვამია: „[ღმერთთან] არის სიცოცხლის წყარო“ (ფსალმუნი 36:9). ფაქტია, რომ სიცოცხლე მხოლოდ სიცოცხლისგან ჩნდება, სიცოცხლეს კი დასაბამი შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა მისცა (საქმეები 17:25).

[სქოლიო]

^ აბზ. 24 იხილეთ სტატია „წითელ პლანეტას კვლავ ესტუმრნენ“ 1999 წლის 8 დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში.

[საავტორო უფლება]

NASA/JPL/Cornell

[სურათი 15 გვერდზე]

ნიჩბით, ზონდითა და კამერით აღჭურვილი „ფენიქს მარს ლენდერის“ რობოტიზებული კიდური

[სურათი 15 გვერდზე]

„მოცვის“ გამკვეთრებული ფოტო

[სურათი 15 გვერდზე]

ჩამქრალი ვულკანი ოლიმპი, რომლის სიმაღლე 21 კილომეტრია

[სურათი 15 გვერდზე]

„სპირიტის“ მიერ გახვრეტილი ქვა მის მიერვე აფხეკილი ზედაპირით

[სურათის საავტორო უფლებები 15 გვერდზე]

Top left: NASA/JPL-Caltech/University of Arizona/Texas A&M University; top right: NASA/JPL/Malin Space Science Systems; bottom left and right: NASA/JPL/Cornell