არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გადავიტანო შეყვარებულთან დაშორება?

როგორ გადავიტანო შეყვარებულთან დაშორება?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გადავიტანო შეყვარებულთან დაშორება?

„ერთმანეთს ექვსი თვე ვხვდებოდით, მანამდე კი ხუთი წელი ვმეგობრობდით. ჩემთვის არაფერი უთქვამს, როცა დაშორება გადაწყვიტა. უბრალოდ, ხმას აღარ მცემდა. თავი ძალიან უმწეოდ ვიგრძენი. საშინელი იმედგაცრუება დამეუფლა. სულ იმას ვფიქრობდი, ნეტავი, სად დავუშვი შეცდომა-მეთქი?“ (რეიჩელი). *

შეყვარებულთან დაშორებამ შეიძლება სიხარული მწუხარებად გიქციოს. მაგალითად, ჯეფი და სიუზანი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. თანდათანობით ისინი უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს. მთელი დღის განმავლობაში ჯეფი სასიყვარულო შინაარსის SMS-ებს სწერდა სიუზანს. დროდადრო ზრუნვის ნიშნად საჩუქრებიც მიჰქონდა მისთვის. „ჯეფი ყველანაირად ცდილობდა, რომ მოესმინა და გაეგო ჩემთვის, — ამბობს სიუზანი. — მის გვერდით თავს კარგად ვგრძნობდი“.

ისინი უკვე მომავალ ქორწინებასა და სხვა გეგმებზე საუბრობდნენ. ჯეფმა სიუზანს ბეჭდის ზომაც კი ჰკითხა. მაგრამ მოულოდნელად ჯეფმა სიუზანთან ურთიერთობაზე უარი თქვა. ამან სიუზანი გაანადგურა. ცხოვრების რიტმი არ შეუცვლია, მაგრამ მასში თითქოს რაღაც ჩაკვდა. „ემოციურად და ფიზიკურად გამოვიფიტე“, — ამბობს ის *.

რატომ არის მტკივნეული?

თუ იგივე გამოცადე, რაც სიუზანმა, შეიძლება ფიქრობ, მოერევი კი ოდესმე საკუთარ თავს (ფსალმუნი 38:6). შენი ტკივილი გასაგებია. შეყვარებულთან დაშორება შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმა იყოს შენს ცხოვრებაში. ზოგი ფიქრობს, რომ ამ დროს ადამიანში თითქოს რაღაც კვდება. შეიძლება შენი მწუხარება ახლობელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული ტკივილის მსგავსი იყოს. შეიძლება შენთვისაც ნაცნობია ასეთი რამ:

ამ აზრთან შეუგუებლობა: „შეუძლებელია, ყველაფერი ასე დამთავრდეს. ერთ-ორ დღეში გადაიფიქრებს“.

სიბრაზე: „ეს როგორ გამიკეთა? ვერ ვიტან!“

უარყოფითი ფიქრები: „მე რა შესაყვარებელი ვარ. არასდროს არავის შევუყვარდები“.

ფაქტთან შეგუება: „ყველაფერი კარგად იქნება. გული მტკივა, მაგრამ თავს მოვერევი“.

გულს ნუ გაიტეხ, ადრე თუ გვიან შენ შეძლებ ამ ფაქტთან შეგუებას. თუ რამდენად მალე მოხდება ეს, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, რამდენ ხანს გქონდათ ურთიერთობა და რამდენად ახლოს იყავით ერთმანეთთან. მაგრამ როგორ უნდა გაუმკლავდე გულგატეხილობას, ვიდრე ამ ეტაპს მიაღწევ?

წინ გადადგმული ნაბიჯები

ხომ გსმენია, დრო ყველაფრის მკურნალიაო. თავიდან შეიძლება ეს ცარიელ სიტყვებად მოგეჩვენოს, რადგან დროს მხოლოდ გარკვეულწილად შეუძლია შენი დახმარება. მაგალითად, თუ კანი გაგეჭრა, დროთა განმავლობაში შეგიხორცდება, მაგრამ ახლა ჭრილობა გტკივა. ჯერ სისხლდენა უნდა შეიჩერო და ტკივილი გაიყუჩო, თან ჭრილობა ინფექციისგანაც უნდა დაიცვა. იმავეს თქმა შეიძლება ემოციურ ჭრილობაზეც. მართალია ახლა გტკივა, მაგრამ შეგიძლია მიიღო ზომები, რომ ტკივილი გაიყუჩო და არ გაბოროტდე, ანუ ინფექციისგან დაიცვა ჭრილობა. დრო თავისას იზამს, მაგრამ შენ რისი გაკეთება გმართებს? ეცადე, გაითვალისწინო შემდეგი რჩევები.

თავისუფლად გამოხატე გულისტკივილი. თუ გინდება, რომ ტირილით გული იჯერო, ამაში სამარცხვინო არაფერია. ბიბლიაშიც წერია, რომ არის „ტირილის დრო“ და „მოთქმის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 4). ცრემლები ნამდვილად არ არის სისუსტის ნიშანი. სულიერი ტანჯვის დროს მამაცმა მეომარმა, მეფე დავითმაც კი აღიარა: „დამქანცა ოხვრამ; მთელი ღამე ცრემლით ვასველებ საწოლს“ (ფსალმუნი 6:6).

იზრუნე შენს ჯანმრთელობაზე. ფიზიკური ვარჯიში და ზომიერი კვება დაგეხმარება ემოციური დაძაბულობის დროს დაკარგული ძალების აღდგენაში. „ფიზიკური ვარჯიში . . . სასარგებლოა“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 ტიმოთე 4:8).

რაც შეეხება შენს ჯანმრთელობას, რისთვის ღირს მეტი ყურადღების მიქცევა?

․․․․․

ნუ დაჯდები გულხელდაკრეფილი. ნუ მიატოვებ საყვარელი საქმეების კეთებას. და რაც მთავარია, არ ჩაიკეტო საკუთარ თავში (იგავები 18:1). შენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა დაგეხმარება, რომ უფრო დადებითზე იყო კონცენტრირებული.

რა შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ ყოველთვის დაკავებული იყო?

․․․․․

ლოცვაში გაანდე ღმერთს შენი გრძნობები. თავიდან შეიძლება ადვილი არ იყოს შენთვის ამის კეთება. შეყვარებულთან დაშორების შემდეგ ზოგი ღვთისგან მიტოვებულადაც გრძნობს თავს. ისინი ფიქრობენ: „რამდენს ვთხოვდი ღმერთს ჩემს ცხოვრებაში ვინმე გამოჩენილიყო და ახლა ყველაფერი ასე დამთავრდა“ (ფსალმუნი 10:1). მაგრამ, განა ღმერთი იმას წყვეტს ზეცაში, ვინ ვისზე დაქორწინდება?! ღვთის ბრალი არ არის, თუკი ერთ-ერთი მხარე უარს ამბობს ურთიერთობის გაგრძელებაზე. ერთი რამ კი უდავოა: „ის [იეჰოვა] ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). ამიტომ გული გადმოღვარე მის წინაშე. ბიბლია ამბობს: „აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7).

რა შეგიძლია სთხოვო იეჰოვას ლოცვაში, ვიდრე შეყვარებულთან დაშორებით გამოწვეულ ტკივილს გაუმკლავდები?

․․․․․

ისწავლე გამოცდილებიდან

როცა ტკივილი გაგიყუჩდება, კარგი იქნება, თუ გააანალიზებ იმას, რაც მოხდა. ამაში ქვემოთ მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარება.

აგიხსნა დაშორების მიზეზი? თუ აგიხსნა, მაშინ ქვემოთ დაწერე ეს მიზეზი იმის მიუხედავად, თვლი თუ არა მას საფუძვლიანად.

․․․․․

შენი აზრით, სხვა რა მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო?

․․․․․

როგორ ფიქრობ, რისი გაკეთება შეგეძლო, ყველაფერი ასე რომ არ დამთავრებულიყო?

․․․․․

დაგანახვა ამ შემთხვევამ, რაში გჭირდება გაუმჯობესება სულიერი თუ ემოციური თვალსაზრისით?

․․․․․

რას გააკეთებ სხვაგვარად, თუ შენს ცხოვრებაში სხვა ადამიანი გამოჩნდება?

․․․․․

ფაქტია, რომ შეყვარებულთან შენი ურთიერთობა ისე არ წარიმართა, როგორც გინდოდა. გახსოვდეს, ქარიშხლის დროს ადვილია დაინახო მოღრუბლული ცა და თავსხმა წვიმა, მაგრამ, საბოლოოდ, წვიმაც გადაიღებს და ცაც მოიწმინდება. ამ სტატიაში მოხსენიებული ახალგაზრდები დროთა განმავლობაში დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. დარწმუნებული იყავი, რომ შენს შემთხვევაშიც ასე იქნება.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 5 მართალია, ამ სტატიაში გოგონებზე მიდის საუბარი, იგივე პრინციპები ბიჭებსაც ეხება.

დაფიქრდი

▪ რა გასწავლა შეყვარებულთან დაშორებამ?

▪ რა ისწავლე ამ შემთხვევიდან საპირისპირო სქესის შესახებ?

▪ ვის შეგიძლია გაანდო შენი გრძნობები, როცა თავს ვეღარ ერევი?

[ჩარჩო 20 გვერდზე]

რჩევა

სტატიაში მოხსენიებულმა სიუზანმა ჩამოწერა ბიბლიური მუხლები, რომლებიც სულ თან ჰქონდა და მაშინ კითხულობდა, როცა ემოციურად თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მის მსგავსად შენც შეგიძლია ამოიწერო ზოგიერთი მუხლი ამ სტატიიდან.

[სურათი 19 გვერდზე]

შეყვარებულთან დაშორება ჰგავს ჭრილობას, რომელიც გტკივა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეგიხორცდება