არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დისლექსიამ ვერ შემაჩერა

დისლექსიამ ვერ შემაჩერა

დისლექსიამ ვერ შემაჩერა

მოგვითხრო მიკალ ჰენბორგმა

მე, ჩემს მშობლებსა და სამ უმცროს ძმას დისლექსია ანუ სწავლის უნარის დაქვეითება გვაქვს. ამის გამო მშობლიურ დანიურ ენაზე კითხვა ძალიან მიჭირდა, სკოლაში სწავლა კი ნამდვილი გამოცდა იყო ჩემთვის. მიუხედავად ამისა, ოჯახის წევრები თუ სხვები ყოველთვის მხარში მედგნენ და მამხნევებდნენ.

ჩემი ოჯახის წევრები დიდი ხანია, რაც იეჰოვას მოწმეები არიან. მე მეოთხე თაობა ვარ. ამიტომ ბიბლიისა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციების კითხვა ჩვენს ოჯახში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. მე და ჩემი უმცროსი ძმა ფლემინგი მამას რეგულარულად დავყავდით მსახურებაში, რამაც კიდევ უფრო დაგვანახვა გამართული წერა-კითხვის ცოდნის აუცილებლობა.

ჯერ კიდევ ბავშვი, „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ყველა ნომერს ვკითხულობდი. ერთი ჟურნალის წასაკითხად 15 საათი მჭირდებოდა. გარდა ამისა, მიზნად დავისახე მთელი ბიბლიის წაკითხვა; ჩავეწერე თეოკრატიული მსახურების სკოლაში, რომელიც მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა ყველა კრებაში ტარდება. სკოლაში ჩაწერილები სწავლობენ გამართულ კითხვას და საუბარს, ასევე აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლას. ამ ყველაფერმა უდიდესი დახმარება გამიწია დისლექსიასთან ბრძოლაში. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ პრობლემასთან არაერთხელ მომიწევდა ჭიდილი.

ინგლისური ენის სწავლა

პიონერად მსახურება ანუ აქტიურად ქადაგება 1988 წელს დავიწყე 24 წლის ასაკში. დანიაში ბევრი იმიგრანტი ცხოვრობს. ამიტომ მინდოდა ბიბლიური ჭეშმარიტება მათთვისაც გამეზიარებინა; ამას კი ინგლისური ენის ცოდნის გარეშე ვერ შევძლებდი. მართალია ეს ჩემთვის ადვილი არ იყო, მაგრამ ჩემი მონდომებისა და კერძო გაკვეთილების წყალობით ნელ-ნელა წავიწიე წინ. გარკვეული დროის შემდეგ უკვე ვახერხებდი სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გაზიარებას ინგლისურად მოსაუბრე უცხოელებისთვის ჩემს მშობლიურ ქალაქ კოპენჰაგენში. რაღა დაგიმალოთ და, საუბრისას ბევრ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ვყრიდი.

ინგლისურის ცოდნა მაშინაც გამომადგა, როცა მოხალისედ მიმიწვიეს სხვადასხვა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა სამშენებლო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. პირველად საბერძნეთში გავემგზავრე, შემდეგ კი მადრიდში ფილიალის მშენებლობაშიც მივიღე მონაწილეობა.

მინდოდა, უფრო მეტი გამეკეთებინა სამქადაგებლო საქმის მხარდასაჭერად, ამიტომ შევავსე ანკეტა მსახურებაში დახელოვნების სკოლის გასავლელად, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა დააფუძნეს. სკოლაში რვა კვირის განმავლობაში სწავლობენ დაუქორწინებელი ქრისტიანი მამაკაცები, რომლებიც მზად არიან, იმსახურონ იქ, სადაც მქადაგებლებზე მეტი მოთხოვნილებაა (მარკოზი 13:10). ამ სკოლაში მეც მიმიწვიეს. სწავლების კურსი ინგლისურ ენაზე გავიარე შვედეთში.

სწავლა 1994 წლის 1 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო. მინდოდა, რომ კარგად ვყოფილიყავი მომზადებული, რის გამოც რვა თვის განმავლობაში დღეში ოთხი საათი ვმეცადინეობდი, პარალელურად კი ინგლისურენოვან კრებაში დავდიოდი. არ მინდოდა, რომ ჩემს ნაკლს ხელი შეეშალა სწავლაში. ამიტომ, როცა ინსტრუქტორი კითხვას სვამდა, ხშირად ვიწევდი ხელს, თუმცა ყოველთვის ვერ ვახერხებდი სიტყვების სწორად შერჩევას. სკოლის დამთავრების შემდეგ კოპენჰაგენში პიონერად დამნიშნეს. ერთი სირთულე ინგლისური ენის სწავლა იყო, მაგრამ უფრო დიდი სირთულე თურმე წინ მელოდა.

ტამილურ ენასთან შეჭიდება

მოგვიანებით, 1995 წლის დეკემბერში დავინიშნე დანიის ქალაქ ჰერნინგში ტამილურენოვან კრებაში. ჩემი აზრით, ტამილური ერთ-ერთი ურთულესი ენაა მსოფლიოში. მასში 31 ასოა, მაგრამ თანხმოვნებისა და ხმოვნების კომბინაციით მთლიანობაში დაახლოებით 250 ნიშანი იქმნება.

თავიდან კრებაში დანიურად ვკითხულობდი მოხსენებებს, რომლებსაც ტამილურ ენაზე თარგმნიდნენ. როცა ტამილურად მოვახერხე მოხსენების წარმოთქმა, მგონი ვერავინ გაიგო, რას ვამბობდი. მიუხედავად ამისა, აუდიტორია ყურადღებით მისმენდა, თუმცა ზოგს დროდადრო სიცილი წასკდებოდა ხოლმე. სწავლის პროცესი რომ დამეჩქარებინა, გავემგზავრე შრი-ლანკაზე, სადაც უმეტესობა ამ ენაზე საუბრობს.

შრი-ლანკაში 1996 წლის ოქტომბერში ჩავედი. მაშინ ქვეყანა სამოქალაქო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. ცოტა ხანს ქალაქ ვავუნიიაში ვცხოვრობდი, რომელიც ორი დაპირისპირებული მხარის საზღვარზე მდებარეობდა. ადგილობრივ მოწმეებს ეკონომიკურად უჭირდათ, მაგრამ მათ სიყვარულსა და სტუმართმოყვარეობას საზღვარი არ ჰქონდა. ისინი მთელი მონდომებით მეხმარებოდნენ ტამილურის სწავლაში. მათზე, ვინც ჩვენს რწმენას არ იზიარებდა, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ის, რომ მე, ერთადერთი ევროპელი იმ მხარეში, მათ ენაზე საუბარს ვცდილობდი. მათი მადლიერება და თავმდაბლობა მიადვილებდა მათთან ბიბლიის შესახებ საუბარს.

დანიაში დაბრუნება 1997 წლის იანვარში მომიწია. მომდევნო წელს დავქორწინდი პიონერ დაზე, კამილაზე. გული ისევ შრი-ლანკისკენ მიმიწევდა, ამიტომ მეუღლესთან ერთად იქ 1999 წლის დეკემბერში გავემგზავრე. ცოტა ხანში ადგილობრივ მოწმეებთან ერთად მრავალ ბიბლიის შესწავლას ვატარებდით როგორც ოჯახებთან, ისე ცალკეულ ადამიანებთან. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით სამქადაგებლო მსახურებაში და თან ენასაც ვსწავლობდით.

დანიაში 2000 წლის მარტში დავბრუნდით. ჩვენს საყვარელ თანაქრისტიანებთან და ბიბლიის შემსწავლელებთან დაშორება ძალიან გაგვიჭირდა. მაგრამ წინ კიდევ ბევრი საქმე გველოდა, მათ შორის კიდევ ერთი ენის სწავლა.

ტამილურიდან ლატვიურზე

ჩვენი ქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ, 2002 წლის მაისში, მე და კამილა მისიონერებად მიგვიწვიეს ლატვიაში, რომელიც დანიის აღმოსავლეთით მდებარეობს. კამილამ ისე ადვილად აუღო ალღო ლატვიურს, რომ ექვს კვირაში ის უკვე ახერხებდა ლატვიელებთან საუბარს. მაგრამ ჩემთვის ეს გაცილებით რთული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მყოფები ძალიან მეხმარებიან, დღემდე საგრძნობი ცვლილებები არა მაქვს. მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ვყრი. *

კამილა კვლავაც მხარში მიდგას და ორივენი სიხარულით ვაგრძელებთ მისიონერად მსახურებას. ჩვენ არაერთ ბიბლიის შესწავლას ვატარებთ ჭეშმარიტებას მოწყურებულ ლატვიელებთან. როცა სიტყვები მავიწყდება ან გრამატიკულ შეცდომებს ვუშვებ, ადგილობრივი მოწმეები და ბიბლიის შემსწავლელები მოთმინებით მისმენენ და მეხმარებიან. ეს კი თავისუფლად მსახურებასა და ქრისტიანულ შეხვედრებზე მოხსენებით გამოსვლაში მეხმარება.

სირთულეების მიუხედავად, რამ მომცა ენების შესწავლის ძალა? სიყვარულმა. ოღონდ არა ენების, არამედ ადამიანების მიმართ სიყვარულმა. იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, რომ ადამიანებს იეჰოვა ღმერთის გაცნობასა და მასთან დაახლოებაში დაეხმარო. მრავალი მისიონერი არაერთხელ დარწმუნდა, რომ მსახურება ყველაზე ეფექტური მაშინ არის, როცა ხალხს მათ მშობლიურ ენაზე ელაპარაკები.

წლების განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე ბევრ ადამიანს დავეხმარეთ ბიბლიიდან ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში. მაგრამ ეს ჩვენი დამსახურება როდია. ამ ყველაფრისთვის იეჰოვა ღმერთს ვმადლობთ. ჩვენ მხოლოდ დავრგეთ და მოვრწყეთ, ღმერთმა კი გაზარდა (1 კორინთელები 3:6).

წინსვლად ქცეული დაბრკოლება

მართალია დისლექსია ბევრ დაბრკოლებას მიქმნიდა, ის დამხმარეც აღმოჩნდა ჩემთვის. როგორ? როდესაც შეხვედრებზე მოხსენებით გამოვდივარ, თითქმის არ ვიხედები ჩანაწერებში, ამიტომ უკეთესი მხედველობითი კონტაქტი მაქვს აუდიტორიასთან. ვცდილობ, უმეტესწილად თვალსაჩინო მაგალითები გამოვიყენო, რომელთა დამახსოვრებაც შედარებით ადვილია. მართლაც, ჩემი მდგომარეობა გარკვეულწილად დამეხმარა სწავლების მეთოდების გაუმჯობესებაში.

მოციქულმა პავლემ დაწერა: „[ღმერთმა] ქვეყნიერების სუსტები ამოირჩია ძლიერთა შესარცხვენად“ (1 კორინთელები 1:27). ჩემი ნაკლის გამო არაერთხელ მიგრძნია, რომ სუსტი ვარ. მაგრამ ჩემ მსგავსად მრავალი ადამიანი დარწმუნდა, რომ იეჰოვა ავსებს ჩვენს ნაკლოვანებებს. ჩვენ, უბრალოდ, უნდა დავისახოთ რეალური მიზნები, არ ვიყოთ მაქსიმალისტები და ვთხოვოთ ღმერთს წმინდა სული, შემდეგ კი ვიმოქმედოთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 18 ჰენბორგებმა ლატვიაში ექვსი წელი იმსახურეს. ცოტა ხნის წინ ისინი განაში დანიშნეს.

[ჩარჩო 22 გვერდზე]

ცოტა რამ დისლექსიის შესახებ

რა არის დისლექსია? სიტყვა „დისლექსია“ ბერძნული წარმოშობისაა და „დაქვეითებულ მეტყველებას“ ნიშნავს. დისლექსია მოიცავს მეტყველებასა და წერა-კითხვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დარღვევას. დისლექსიის მქონე ადამიანებს უჭირთ ბგერებისა და მათი შესატყვისი ასოების დაკავშირება. ყველა ადამიანის შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება განსხვავებული იყოს.

რა იწვევს დისლექსიას? ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, თუმცაღა მემკვიდრეობითი ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, დისლექსიის შემთხვევაში ტვინი გარკვეული დარღვევებით ფუნქციონირებს, მაგრამ ეს ადამიანის ინტელექტზე არ აისახება. ეს არც იმას ნიშნავს, რომ დისლექტიკს სწავლის სურვილი აქვს დაქვეითებული. სინამდვილეში, დისლექსიის მქონეთაგან ბევრი გამოირჩევა ისეთი უნარებით, რომლებიც მეტყველებასა და წერა-კითხვასთან არ არის დაკავშირებული.

როგორ შეიძლება დისლექსიის განკურნება? დიდი მნიშვნელობა აქვს დისლექსიის დროულ გამოვლინებას. სწავლების პროცესში ხდება შეგრძნებათა სამი არხის — სმენის, მხედველობისა და შეხების ერთმანეთთან დაკავშირება. პროგრესისთვის ზოგიერთს ინდივიდუალური მეცადინეობა სჭირდება. სკოლაში წამოჭრილი პრობლემების გამო ზოგი ემოციურ მხარდაჭერას საჭიროებს. კვალიფიციური დახმარებისა და კარგი მეცადინეობის შედეგად დისლექსიის მქონე ადამიანს შეუძლია კარგი წერა-კითხვა ისწავლოს. *

[სქოლიო]

^ აბზ. 31 ეს ინფორმაცია დაფუძნებულია დისლექსიის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებზე. აგრეთვე იხილეთ სტატია „როგორ დავეხმაროთ უნარდაქვეითებულ ბავშვებს?“ ამავე ჟურნალის 2009 წლის იანვრის ნომერში.

[სურათი 23 გვერდზე]

თანაქრისტიანთან ერთად შრი-ლანკაზე

[სურათი 23 გვერდზე]

კამილასთან ერთად ლატვიაში