არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

«ასტრონომების ჯგუფმა მაუნა-კეაზე [ჰავაი] დამონტაჟებული ორი ტელესკოპის, „სუბარუსა“ და „კეკის“, მეშვეობით აღმოაჩინეს გალაქტიკების გიგანტური ჯაჭვი, რომელიც 200 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. ეს ყველაზე დიდი წარმონაქმნია, რაც ოდესმე აღმოუჩენიათ» (SUBARU TELESCOPE WEB SITE, იაპონია).

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული სტატისტიკის ბიურო იტყობინება, რომ „[ინგლისსა და უელსში] 2006 წელს ქორწინებათა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ბოლო 110 წლის განმავლობაში. როგორც ჩანს, სულ უფრო მეტი წყვილი ამჯობინებს ერთად ცხოვრებას ქორწინების რეგისტრაციის გარეშე“ („გარდიან უიკლი“, ბრიტანეთი).

ერთ-ერთი ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, „გამოკითხულთა 44 პროცენტიდან ზოგიერთმა შეიცვალა თავისი რელიგიური მრწამსი, ზოგი, ვინც ერთ დროს არც ერთ რელიგიურ მიმდინარეობას არ მიეკუთვნებოდა, ერთ-ერთ კონფესიას შეუერთდა, ზოგმა კი საერთოდ გაწყვიტა კავშირი რელიგიასთან“ (THE PEW FORUM ON RELIGION AND PUBLIC LIFE, აშშ).

კოლეჯები და სექსი

«თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ევანგელისტურ კოლეჯს . . . დიდი განსხვავება არ არის სახელმწიფო, კერძო და კათოლიკური კოლეჯებისა და უნივერსიტეტების სტუდენტების ცხოვრების წესს შორის, რაც ნებისმიერ „სასურველ პარტნიორთან“ სქესობრივ ურთიერთობას გულისხმობს». ასეთი დასკვნა გააკეთა თეოლოგმა და დოცენტმა დონა ფრეიტასმა ამერიკის კოლეჯებში ჩატარებული კვლევის შემდეგ, რაც სტუდენტთა სექსუალურ ქცევასა და რელიგიას უკავშირდებოდა. ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში ფრეიტასი აღნიშნავს, რომ ის ფაქტი, რომ რელიგია ვერ ახდენს გავლენას ადამიანთა სექსუალურ ქცევაზე არა მარტო „თავისუფალი ცხოვრების წესის მომძლავრებაზე“, არამედ „რელიგიური ტრადიციების უძლურებაზეც“ მეტყველებს (National Catholic Reporter).

ფულადი ანაზღაურება გოგოებისთვის

ბი-ბი-სის ახალ ამბებში ნათქვამი იყო, რომ ინდოეთის მთავრობა ღარიბ ოჯახებს გოგოს გაჩენისა და აღზრდისთვის დაახლოებით 3 000 დოლარს სთავაზობს. ოჯახები ფულად დახმარებას გოგოს დაბადებისთანავეც მიიღებენ და შემდგომშიც, ვიდრე მას 18 წელი არ შეუსრულდება. მართალია 1994 წელს აიკრძალა მდედრობითი სქესის ჩანასახის აბორტით მოშორება, მაგრამ დღემდე ასეთი რამ ხშირად ხდება. ვარაუდობენ, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში აბორტებმა დაახლოებით 10 მილიონი არდაბადებული გოგონას სიცოცხლე შეიწირა, რამაც ზოგან სერიოზულად დაარღვია გენდერული ბალანსი. 2001 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად დაადგინეს, რომ ექვს წლამდე ასაკის 1000 ბიჭზე მხოლოდ 927 გოგო მოდიოდა და ეს სხვაობა თანდათანობით იზრდებოდა. ერთ-ერთ შტატში კი შეფარდება ასეთი იყო — 1000 ახალშობილ ბიჭზე 793 გოგო.

როგორ რეაგირებენ ჩიტები ხმაურზე

ქალაქის ხმაურის გამო ჩიტებს უჭირთ ერთმანეთისთვის ხმის მიწვდენა. თუ ადამიანებისთვის ეს ხმაური უბრალოდ მომაბეზრებელია, ფრინველებისთვის ეს ხშირად „სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია“, რადგან მამალი ფრინველები სწორედ გალობით ახერხებენ „პარტნიორის მოხიბვლას და თავიანთი ტერიტორიის მონიშვნას“, — ნათქვამია ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“. ქალაქის ხმაურს დაბალი სიხშირე აქვს, ამიტომ ჩიტები ან ხმას უწევენ ან ღამით გალობენ. როგორც ჟურნალში იყო აღნიშნული, ასეთი შემგუებლობა მხოლოდ ქალაქში მობინადრე ჩიტებს არ ახასიათებთ. ის ჩიტებიც, რომლებიც „ჩანჩქერებთან და მდინარეებთან ბინადრობენ, გალობისას მაღალი სიხშირის ბგერებს გამოსცემენ“.