არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შენ შეგიძლია გაიუმჯობესო მეხსიერება

შენ შეგიძლია გაიუმჯობესო მეხსიერება

შენ შეგიძლია გაიუმჯობესო მეხსიერება

„მეხსიერება აზრს მატებს ჩვენს ცხოვრებას. მის გარეშე ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ეპიზოდებისგან იქნებოდა შემდგარი და ყოველ დილას უცხო ადამიანი შემოგვხედავდა სარკიდან. ვერც ერთ დღესა თუ მოვლენას ერთმანეთთან ვერ დავაკავშირებდით; ვერც წარსულში მიღებული გამოცდილებიდან ვისწავლიდით რამეს და ვერც მომავალს შევხედავდით იმედის თვალით“, — ნათქვამია ერთ წიგნში (MYSTERIES OF THE MIND).

ზოგ ფრინველს ახსოვს, თვეების წინ სად შეინახა ზამთრისთვის მოგროვილი სარჩო, ციყვებს ყოველთვის ახსოვთ, სად გადამალეს თხილი, ჩვენ კი ზოგჯერ ისიც გვავიწყდება, ერთი საათის წინ სად დავდეთ გასაღები. დღეს გულმავიწყობას ბევრი უჩივის. მაგრამ ადამიანის ტვინს, არასრულყოფილების მიუხედავად, ინფორმაციის აღქმისა და დამახსოვრების გასაოცარი უნარი აქვს. მთავარია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ მისი შესაძლებლობები.

უდიდესი პოტენციალი

ადამიანის ტვინი დაახლოებით 1,4 კილოგრამს იწონის, ზომით კი, უხეშად რომ ვთქვათ, პატარა ნესვისხელაა. მაგრამ იგი 100 მილიარდი ნეირონისგან ანუ ნერვული უჯრედისგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ, ურთულეს ქსელს ქმნიან. ერთი ნეირონი შეიძლება 100 000 სხვა ნეირონთან იყოს დაკავშირებული. ამ ქსელის წყალობით ტვინს შეუძლია აღიქვას და შეინახოს ზღვა ინფორმაცია. ერთადერთი სირთულე ის არის, რომ საჭირო დროს გაიხსენო ეს ინფორმაცია. ზოგს, მიუხედავად იმისა, რომ ელემენტარული განათლება არ მიუღია, შესანიშნავი მეხსიერება აქვს.

მაგალითად, დასავლეთ აფრიკაში მცხოვრებ გრიოტებს, ტომის მემატიანეებს, რომლებმაც წერა-კითხვა არ იციან, შეუძლიათ დაიმახსოვრონ თავიანთ თანასოფლელთა წინაპრების მრავალი თაობის სახელები. გრიოტების დახმარებით მწერალმა ალექს ჰალეიმ, რომელიც წიგნ „ფესვებისთვის“ პულიცერის პრემიით დააჯილდოვეს, გამბიაში თავისი წინაპრების ექვსი თაობის ვინაობა დაადგინა. ჰალეიმ აღნიშნა: „ვაღიარებ, რომ ვალში ვარ აფრიკელი გრიოტების წინაშე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გრიოტის სიკვდილი ერთი ბიბლიოთეკის განადგურების ტოლფასია“.

კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი ცნობილი იტალიელი დირიჟორი არტურო ტოსკანინია, რომელიც 19 წლის ასაკში იქცა აღმოჩენად, როცა სხვა დირიჟორის ნაცვლად მოუწია კონცერტის ჩატარება. ცუდი მხედველობის გამო ოპერა „აიდას“ შესრულების დროს ის ორკესტრს ნოტების გარეშე ხელმძღვანელობდა.

შეიძლება ყველა ასეთი ტალანტით არ იყოს დაჯილდოებული, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ადამიანთა უმეტესობას იმაზე მეტის დამახსოვრების უნარი აქვს, ვიდრე თავად ჰგონიათ. შენ თუ გსურს მეხსიერების გაუმჯობესება?

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება?

მეხსიერება მოიცავს სამ ეტაპს: ინფორმაციის რეგისტრაციას, შენახვას და აღდგენას. ჩვენი ტვინი შიფრავს და რეგისტრაციას უკეთებს მიღებულ ინფორმაციას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამ ინფორმაციის შენახვა სამომავლოდ. ჩვეულებრივ, მეხსიერების პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა ამ სამი ეტაპიდან რომელიმე ირღვევა.

არსებობს რამდენიმე ტიპის მეხსიერება, მათ შორისაა სენსორული მეხსიერება, მოკლევადიანი და გრძელვადიანი მეხსიერება. სენსორული მეხსიერების შემთხვევაში ტვინი ინფორმაციას ღებულობს შეგრძნების ორგანოებით, მაგალითად ყნოსვით, მხედველობითა და შეხებით. მოკლევადიანი მეხსიერება ცოტა ხნით ინახავს მცირე მოცულობის ინფორმაციას. ამის წყალობით შეგვიძლია გონებაში ვაწარმოოთ არითმეტიკული გამოთვლები, დავიმახსოვროთ ტელეფონის ნომერი მის აკრეფვამდე და წინადადების მეორე ნაწილის წაკითხვის ან მოსმენის დროს არ დავივიწყოთ მისი პირველი ნაწილი. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ მოკლევადიანი მეხსიერება მაინც მოკლევადიანია.

თუ ხანგრძლივი დროით გინდათ დაიმახსოვროთ ინფორმაცია, ის გრძელვადიან მეხსიერებაში უნდა „მოათავსოთ“. ქვემოთ მოცემული პრინციპები დაგეხმარებათ ამაში.

ინტერესი. დაინტერესდი იმ საკითხით, რისი დამახსოვრებაც გსურს. საკუთარ თავს შეახსენე, რატომ გსურს ამ საკითხის შესწავლა. ალბათ, გამოცდილებიდან იცი, რომ გაცილებით უკეთესად ვიმახსოვრებთ იმას, რაც ჩვენს ემოციებს უკავშირდება. ამის ცოდნა განსაკუთრებით დაეხმარება მათ, ვინც ბიბლიას იკვლევს. ისინი უკეთესად დაიმახსოვრებენ წაკითხულს, თუ ბიბლიის კითხვისას ორ მიზანს დაისახავენ: დაუახლოვდნენ ღმერთს და სხვებს მის გაცნობაში დაეხმარონ (იგავები 7:3; 2 ტიმოთე 3:16).

ყურადღება. „ცუდი მეხსიერების მიზეზი ხშირ შემთხვევაში უყურადღებობაა“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Mysteries of the Mind). რა დაგეხმარება, რომ უფრო ყურადღებიანი იყო? დაინტერესდი იმით, რისი დამახსოვრებაც გსურს. თუ შესაძლებელია, გააკეთე ჩანაწერები. ამგვარად არა მარტო გონებას მოიკრებ, არამედ მოგვიანებით მოსმენილის გადამეორებასაც შეძლებ.

გაგება. „შეიძინე სიბრძნე და მასთან ერთად გაგების უნარიც“, — ნათქვამია იგავების 4:7-ში. თუ რამე კარგად არ გესმის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას საერთოდ დაიმახსოვრებ. საკითხის კარგად გაგება გვეხმარება სხვადასხვა ინფორმაციის ერთმანეთთან ლოგიკური ჯაჭვით დაკავშირებაში. მაგალითად, თუ ტექნიკური საგნის სწავლის დროს სტუდენტი კარგად იგებს, როგორ მუშაობს ესა თუ ის დანადგარი, ის უკეთესად დაიმახსოვრებს მისი მუშაობის პრინციპს.

დაჯგუფება. დაახარისხე მსგავსი ან ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხები. მაგალითად, საყიდელი პროდუქტების სიის დამახსოვრება უფრო გაგიადვილდება, თუ ცალ-ცალკე დააჯგუფებ ხორცეულს, ბოსტნეულს, ხილსა და ა.შ. აგრეთვე ეფექტურია ინფორმაციის პატარ-პატარა ნაწილებად დანაწევრება (თითოეულ ჯგუფში 5-7 საკითხზე მეტს ნუ შეიტან). ტელეფონის ნომრების დამახსოვრება უფრო ადვილია, როცა ისინი სამ ნაწილად არის დაყოფილი. შეიძლება ისიც დაგეხმაროს, თუ სიას ლოგიკური თანამიმდევრობით, მაგალითად ანბანის მიხედვით ჩამოწერ.

ხმამაღლა გამეორება. შენთვის სასურველი ინფორმაციის ხმამაღლა გამეორება (მაგალითად, უცხო ენაზე რომელიმე სიტყვის ან ფრაზის) ტვინში ნერვულ უჯრედებს შორის კავშირის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. როგორ? სიტყვის წარმოთქმისას ყურადღება მობილიზებული გაქვს. გარდა ამისა, მასწავლებელიც გიმეორებს იმავე სიტყვას. როცა საკუთარი ხმა გესმის, ტვინის სხვა უბნებიც „ერთვება თამაშში“.

წარმოდგენა. გონებაში წარმოიდგინე ის, რისი დამახსოვრებაც გინდა. შეგიძლია გონებაში წარმოდგენილი სურათი ფურცელზე გადაიტანო. ხმამაღლა გამეორების მსგავსად წარმოდგენა ტვინის სხვადასხვა უბანს ააქტიურებს. რაც უფრო მეტი შეგრძნებაა ჩართული დამახსოვრების პროცესში, მით უფრო კარგად იბეჭდება ინფორმაცია გონებაში.

ასოციაცია. როცა ახალ ინფორმაციას იღებ, ის შენთვის უკვე ნაცნობ ინფორმაციასთან დააკავშირე. თუ ასოციაციის დახმარებით ახალ ინფორმაციას მეხსიერებაში ჩაბეჭდილ მოგონებებს დაუკავშირებ, ინფორმაციის დამახსოვრება და შემდგომში მისი აღდგენა გაცილებით გაგიადვილდება. მაგალითად, თუ ვინმეს სახელის დამახსოვრება გინდა, დაუკავშირე ის მისი გარეგნობის რომელიმე თავისებურებას ან სხვა რამეს, რაც მოგვიანებით მისი სახელის გახსენებაში დაგეხმარება. რაც უფრო სასაცილო და აბსურდული იქნება ასოციაცია, მით უფრო გაგიადვილდება გახსენება. მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე და იმ საკითხებზე, რომელთა დამახსოვრებაც გვინდა.

„თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაფერს ავტომატურად ვაკეთებთ და არ ვუკვირდებით იმას, რაც ჩვენ გარშემო ხდება, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ზედაპირული მოგონებები დაგვრჩება იმის შესახებ, სად ვყოფილვართ და რა გვიკეთებია“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Searching for Memory).

კონსოლიდაცია. დროა საჭირო იმისთვის, რომ ტვინმა ინფორმაცია აღიქვას და გადაამუშაოს. ამას ხელს უწყობს ნასწავლის გამეორება ან ვინმესთვის მოყოლა. თუ რაიმე საინტერესო შემთხვევა გქონდა ან ბიბლიის კვლევის დროს მნიშვნელოვან ინფორმაციას შეხვდი, სხვებსაც მოუყევი. ამგვარად, შენც კარგად დაიმახსოვრებ ამ ინფორმაციას და სხვებსაც გაამხნევებ. გამეორებას ტყუილუბრალოდ არ ეწოდება ცოდნის დედა.

მნემონიკა — კიდევ ერთი „დამხმარე“

ძველ საბერძნეთსა და რომში ორატორებს შეეძლოთ გრძელი სიტყვით გამოსულიყვნენ ყოველგვარი ჩანაწერის გარეშე. ამას ისინი მნემონიკის მეშვეობით ახერხებდნენ. ეს არის ხერხების ერთობლიობა, რომლებიც გვეხმარება ინფორმაცია გრძელვადიანი მეხსიერების „საცავში“ შევინახოთ და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ.

მნემონიკის ერთ-ერთი ხერხი, რომელსაც ბერძენი ორატორები იყენებდნენ, არის ადგილის მეთოდი. ეს მეთოდი პირველად აღწერა ბერძენმა პოეტმა სიმონიდე კეოსელმა ძვ. წ. 477 წელს. ამ დროს ადამიანი დასამახსოვრებელ მასალას დაჯგუფების, წარმოსახვისა და ასოციაციის მეშვეობით უკავშირებს მისთვის ნაცნობ საგანს, მაგალითად რომელიმე შენობას გზაზე ან რაიმე ნივთს სახლში. ამ მეთოდის გამოყენებით ადამიანი გასაქანს აძლევს წარმოსახვის უნარს და დასამახსოვრებელ ინფორმაციას უკავშირებს კონკრეტულ შენობებს ან ნივთებს. საჭიროების შემთხვევაში ის იხსენებს წარმოდგენილ სურათს და მასზე „მიბმულ“ ინფორმაციას (იხილე ჩარჩო  „გამოიყენე წარმოსახვის უნარი“).

ყოველწლიურად ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი კარგ მეხსიერებაში. ამ ჩემპიონატში გამარჯვებულთა გამოკითხვის შედეგად, გაირკვა, რომ კარგი მეხსიერება სულაც არ იყო მაღალი ინტელექტუალური დონის მაჩვენებელი. გარდა ამისა, გამოკითხულთა უმეტესობა 40-50 წლისა იყო. რაში მდგომარეობს მათი კარგი მეხსიერების საიდუმლო? მრავალმა აღიარა, რომ ინფორმაციის დამახსოვრებაში მათ მნემონიკური ხერხები ეხმარებათ.

თუ მთელი რიგი სიტყვების დამახსოვრება გჭირდებათ, მაშინ მნემონიკის კიდევ ერთი ხერხი, აკრონიმი გამოგადგებათ. ამ შემთხვევაში ახალი სიტყვის შესადგენად სხვა სიტყვების პირველი ასოები გამოიყენება. კიდევ ერთი დამხმარე საშუალება აკროსტიქია, რომელიც ხშირად გვხვდება ძველ ებრაულში. მაგალითად, მრავალი ფსალმუნის თითოეული მუხლი ან მუხლების ჯგუფი იწყება ებრაული ანბანის ასოებით (იხილე 25-ე, 34-ე, 37-ე, 111-ე, 112-ე და 119-ე ფსალმუნები). სწორედ ეს ეხმარებოდა მგალობლებს 119-ე ფსალმუნის 176-ვე მუხლის დამახსოვრებაში.

ფაქტია, რომ შენ შეგიძლია ავარჯიშო და გაიუმჯობესო მეხსიერება. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ მეხსიერება რაღაცით კუნთს ჰგავს. რაც უფრო მეტად ვიყენებთ, მით უფრო ძლიერდება და ასაკის მატებაც ვერაფერს აკლებს.

[ჩარჩო 27 გვერდზე]

სხვა სასარგებლო რჩევები

▪ გაიაქტიურე მეხსიერება ახალი უნარ-ჩვევების შეძენით; მაგალითად ისწავლე ახალი ენა ან მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრა.

▪ ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილე.

▪ დაეუფლე მნემონიკურ ხერხებს.

▪ სვი საკმარისი რაოდენობის წყალი. ორგანიზმში წყლის ნაკლებობა ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს.

▪ კარგად გამოიძინე. ძილის დროს ტვინი კარგად ინახავს ინფორმაციას.

▪ იმეცადინე მშვიდ გარემოში. სტრესის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰიდროკორტიზონი, რაც აფერხებს ნერვული უჯრედების ურთიერთქმედებას.

▪ უარი თქვი ალკოჰოლსა და თამბაქოზე. ალკოჰოლი აფერხებს მოკლევადიან მეხსიერებას, ალკოჰოლიზმი კი იწვევს თიამინის ანუ B ვიტამინის ნაკლებობას ორგანიზმში, რაც თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებაზე. მოწევის შედეგად ტვინს საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდება ჟანგბადი. *

[სქოლიო]

^ აბზ. 36 ეს ინფორმაცია დაფუძნებულია ელექტრონულ ჟურნალში Brain & Mind მოცემულ მონაცემებზე.

[ჩარჩო⁄სურათები 28, 29 გვერდებზე]

 გამოიყენე წარმოსახვის უნარი

როგორ შეგიძლია დაიმახსოვრო საყიდელი პროდუქტების სია, რომელშიც მაგალითად შედის პური, კვერცხი, რძე და კარაქი. შენივე ოთახში ადგილის მეთოდის გამოყენებით შეგიძლია გონებაში წარმოისახო ისინი.

წარმოიდგინე სავარძელში ნაჭრებად ჩაწყობილი პური

ელექტროლამპის ქვეშ დადებული კვერცხები

რძით სავსე აკვარიუმში მოცურავე თევზი

ტელევიზორზე მისმულ-მოსმული კარაქი.

რაც უფრო სასაცილო და უჩვეულო იქნება წარმოდგენილი სურათი, მით უკეთესია. მაღაზიაში მისვლისას გაიხსენე წარმოდგენილი სურათები.

[ჩარჩო 29 გვერდზე]

კიდევ კარგი, რომ დავიწყება შეგვიძლია!

წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ინფორმაციას რომ იმახსოვრებდეთ. ტვინში ნამდვილი ქაოსი შეიქმნებოდა. ერთმა ქალმა, რომელსაც თითქმის ყველაფერი ახსოვდა, რაც მის ცხოვრებაში მოხდა, თავის მოგონებებს „უწყვეტი, გამომფიტავი და დამქანცველი ტვირთი უწოდა“, — ნათქვამია ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“. საბედნიეროდ, უმეტესობას ასეთი პრობლემა არ გვაწუხებს, რადგან როგორც მეცნიერები ამბობენ, ჩვენს ტვინს აქვს უნარი, გათავისუფლდეს უსარგებლო და მოძველებული ინფორმაციისგან. ამავე ჟურნალში ნათქვამია: „ზედმეტი ინფორმაციის დავიწყება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენმა მეხსიერებამ სათანადოდ იმუშაოს. როცა სასარგებლო ინფორმაცია გვავიწყდება, ეს უბრალოდ იმის ნიშანია, რომ დავიწყებაზე პასუხისმგებელი მექანიზმი ზოგჯერ მეტისმეტად კარგად მუშაობს“.