არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის მსახურებამ კურთხევები მომიტანა

ღვთის მსახურებამ კურთხევები მომიტანა

ღვთის მსახურებამ კურთხევები მომიტანა

მოგვითხრო პიერ ვორუმ

„ბონჟურ!“ — მისალმებისას ყოველთვის ამ ფრანგულ სიტყვას ვამბობდი. მაგრამ ერთხელაც, 1975 წლის ნოემბერში, სწორედ ამ სიტყვის თქმისთვის დამაკავეს. ნება მომეცით, გიამბოთ, როგორ მოხდა ეს და შემდეგ როგორ წარიმართა ჩემი ცხოვრება.

დავიბადე 1944 წლის 1 იანვარს ბენინის * ქალაქ სავეს გარეუბანში. მშობლებმა ტრადიციული სახელი, აბიოლა დამარქვეს. ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი, როცა სახელი შევიცვალე და უფრო თანამედროვე და პოპულარული სახელი პიერი დავირქვი.

ჩემს ქალაქში ყველა ახალგაზრდას ზედმეტი სახელი ერქვა. მე მოძღვარს მეძახდნენ, რადგან ბავშვობაში ერთ ადგილობრივ მღვდელს ვგავდი. სიმართლე გითხრათ, ფეხბურთის თამაში უფრო მიყვარდა, ვიდრე კატეხიზმოს გაკვეთილებზე დასწრება.

1959 წელს სწავლის გასაგრძელებლად ქვეყნის სამხრეთით ქალაქ საკეტეში გადავედი. იქ ჩემს ბიძაშვილ სიმონთან ვცხოვრობდი, რომელიც სკოლაში ასწავლიდა. მას იეჰოვას მოწმეებთან ახალი დაწყებული ჰქონდა ბიბლიის შესწავლა. თავიდან შესწავლის დაწყების სურვილი არ მქონდა, მაგრამ მოგვიანებით სხვა ბიძაშვილს, მიშელს ვკითხე, თუ სურდა, ჩემთან ერთად შეესწავლა ბიბლია. ის დამთანხმდა. დავიწყეთ შესწავლა და პირველად მაშინ გავიგე ღვთის სახელი იეჰოვა.

ერთ კვირა დღეს მე, სიმონმა და მიშელმა გადავწყვიტეთ, ეკლესიაში არ წავსულიყავით და იეჰოვას მოწმეების შეხვედრას დავსწრებოდით. სამწუხაროდ, შეხვედრას ჩვენ გარდა მხოლოდ ორი მოწმე ესწრებოდა. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ ბიბლიის შესწავლა გაგვეგრძელებინა, რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ, რასაც ვსწავლობდით, ჭეშმარიტება იყო. მიშელმა პირველმა მიუძღვნა ღმერთს თავი და მოინათლა. დღეს ის პიონერია (იეჰოვას მოწმეები ასე უწოდებენ სრული დროით მსახურებს).

მე და სიმონი ჩრდილოეთით ქალაქ კოკოროში გადავედით. სოფელ უანსუგოში მოწმეების კონგრესი იყო დაგეგმილი. სიმონი კონგრესზე ტაქსით გაემგზავრა, მე კი ველოსიპედით წავედი და 220 კილომეტრი გავიარე. ამ კონგრესზე 1961 წლის 15 სექტემბერს ორივენი მოვინათლეთ.

სირთულეები სრული დროით მსახურების დროს

თავის სარჩენად სურათებს ვხატავდი და ვყიდდი; აგრეთვე მიწას ვამუშავებდი და კარგ მოსავალს ვიღებდი. ერთხელაც ჩვენი კრება მოინახულა მიმომსვლელმა ზედამხედველმა ფილიპ ზანუმ. მან მკითხა: „გიფიქრია ოდესმე პიონერული მსახურების დაწყებაზე?“. ამ საკითხზე ჩემს მეგობარ ემანუელ ფატუნბისთან ვიმსჯელე და ძმა ზანუს ვუთხარი, რომ 1966 წლის თებერვლიდან ორივენი დავიწყებდით პიონერად მსახურებას. მოგვიანებით მიმომსვლელ ზედამხედველად დამნიშნეს და ფონა, განი, იორუბა და ფრანგულ კრებებს ვინახულებდი.

1971 წლის 12 აგვისტოს დავქორწინდი მომხიბვლელ ქრისტიან დაზე, ჯულიენზე, რომელსაც ჩემსავით უბრალო ცხოვრება უყვარდა. 1972 წლის 18 აგვისტოს პირველი ვაჟი, ბოლა შეგვეძინა. კრებების მოსანახულებლად ველოსიპედით მივდიოდით. ველოსიპედი მე მიმყავდა, უკან კი ჯულიენი იჯდა, რომელსაც ზურგზე ბავშვი ჰყავდა ნაჭრით შემოკრული. ჩვენი ბარგი ადგილობრივ მოწმეს მოჰქონდა ხოლმე თავისი ველოსიპედით. ასე ვინახულებდით კრებებს ოთხი წლის მანძილზე.

ერთ დღეს ჯულიენი ძალიან ავად გახდა და მთელი ღამე ტკივილმა გატანჯა. დილით გზაზე გავედი, რომ ვინმესთვის დახმარება მეთხოვა. უცბად ტაქსი გამოჩნდა, რაც ძალიან იშვიათი იყო იმ მხარეში. უფრო გასაკვირი კი ის იყო, რომ მასში მგზავრები არ ისხდნენ. მძღოლს მდგომარეობა ავუხსენი და ვთხოვე, რომ წავეყვანე დედაქალაქ პორტო-ნოვოში, რომელიც 25 კილომეტრში მდებარეობდა. მას უარი არ უთქვამს. როცა ადგილზე მივედით, მძღოლმა ღიმილით მითხრა: „ჩაბრძანდით, ფულის გადახდა საჭირო არ არის“.

ჯულიენი ორი კვირა დარჩა ერთი მოწმის სახლში. მას წოლითი რეჟიმი ჰქონდა. ექიმი ყოველდღე ნახულობდა ჯულიენს და თან საჭირო წამლები მოჰქონდა. მკურნალობის ბოლოს ვკითხე, რამდენი უნდა გადაგვეხადა. გაოგნებული დავრჩი, როცა მიპასუხა, თქვენგან ფულს არ ავიღებო.

რადიკალური ცვლილებები

1975 წელს დაჰომეაში მთავრობამ მარქსისტულ იდეებს დაუჭირა მხარი. ქვეყანას სახელი შეუცვალეს და მას ბენინის სახალხო რესპუბლიკა უწოდეს. ქვეყანაში ძირეული ცვლილებები მოხდა. ხალხს აიძულებდნენ, რომ მისალმებისას შემდეგი რამ ეთქვათ: „პურ ლა რევოლუსიონ?“ (მზად ხართ რევოლუციისთვის?). პასუხად კი უნდა ეთქვათ „პრე!“ (მზად ვარ!). ბიბლიით განსწავლული სინდისი არ გვრთავდა იმის ნებას, რომ ასეთი პოლიტიკური ლოზუნგები გვეთქვა. ამის გამო ბევრმა მოგვიძულა.

1975 წლის ბოლოს, კვირა დღეს სენტ-მიშელთან ახლოს კარდაკარ ქადაგებისას დამაკავეს. როგორც დასაწყისშიც მოვიხსენიე, ერთი კაცი მომესალმა და მითხრა: „პურ ლა რევოლუსიონ?“. მე მივუგე: „ბონჟურ!“ ამის გამო პოლიციაში წამიყვანეს და მცემეს. მაგრამ იმავე დღეს სამი ადგილობრივი მოწმის დახმარებით გამათავისუფლეს.

ქვეყანაში მოწმეებიდან პირველი მე დამიჭირეს. მალე ბევრი სხვა და-ძმაც დააპატიმრეს. მთავრობამ სამეფო დარბაზები დაიკავა და მისიონერები ქვეყნიდან გააძევა. მათ ფილიალიც კი დახურეს. მრავალი მოწმე იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა და დასავლეთით ტოგოსთვის ან აღმოსავლეთით ნიგერიისთვის შეეფარებინა თავი.

ჩვენი ოჯახი იზრდება

1976 წლის 25 აპრილს მეორე ვაჟი, კოლა შეგვეძინა. 27 აპრილს, 111-ე კოდექსის თანახმად, იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ოფიციალურად აიკრძალა. ჩვენ ნიგერიაში გადავედით. ერთ სამეფო დარბაზში მივედით, რომელიც ლტოლვილებით იყო გადაჭედილი. მეორე დღეს მეზობელ კრებებში გადაგვანაწილეს. როგორც კი დარბაზს ლტოლვილების ერთი ჯგუფი დატოვებდა, მეორე ჯგუფი ჩამოდიოდა. ძმებს ახალჩამოსული ლტოლვილები სატვირთო ავტომანქანებით გადაჰყავდათ სხვადასხვა კრებაში.

იეჰოვას მოწმეთა ნიგერიის ფილიალმა მთხოვა, რომ ბენინიდან ჩამოსული მოწმეები მომენახულებინა. შემდეგ მიმომსვლელ ზედამხედველად დამნიშნეს იორუბა ენაზე მოლაპარაკე ჯგუფებში, მოგვიანებით კი განი ენაზე მოლაპარაკე კრებების მონახულება დამავალეს. ჩვენ მოტოციკლით დავდიოდით. ბოლა ჩემ წინ იჯდა ხოლმე, კოლა კი — ჩემსა და ჯულიენს შორის.

1979 წელს მიმოსვლითი მსახურების შეწყვეტა მოგვიწია, რადგან ჯულიენი ფეხმძიმედ იყო. ჩვენ შეგვეძინა გოგონა, რომელსაც ჯემიმა დავარქვით. ბენინიდან ჯულიენის უმცროსი და, პეპე ჩამოვიდა ჩვენთან საცხოვრებლად. ჩვენი ოჯახი კიდევ გაიზარდა — 1983 წელს ვაჟი შეგვეძინა; მას ქალები დავარქვით. 1987 წელს კიდევ ერთი ვაჟი, სილა გვეყოლა. ოჯახში უკვე რვანი ვიყავით. მე და ჯულიენს გვსურდა, კარგი მშობლები ვყოფილიყავით და მთელი დრო ბავშვებისთვის დაგვეთმო, თუმცა არც სრული დროით მსახურების შეწყვეტა გვინდოდა. ამიტომ იჯარით ავიღეთ მიწის ნაკვეთი და სიმინდის, მანიოკისა და ტაროს (ტროპიკული მცენარეები) მოყვანა დავიწყეთ. შემდეგ პატარა სახლი ავიშენეთ სოფელ ილოგბო-ერემიში.

დილით ბავშვებს სკოლაში გავუშვებდით თუ არა, მე და ჯულიენი საქადაგებლად მივდიოდით. სახლში დროულად ვბრუნდებოდით, რომ ოჯახს ერთად გვესადილა. შემდეგ ცოტას დავისვენებდით და სამუშაოდ გავდიოდით ნაკვეთში. ჯულიენი და პეპე აღებულ მოსავალს ბაზარში ყიდდნენ. ჩვენ ყველანი ბევრს ვშრომობდით. საბედნიეროდ, ავად იშვიათად ვხდებოდით.

წარმატება უმაღლეს განათლებაზე არ არის დამოკიდებული

არასოდეს მოვუწოდებდით შვილებს, რომ უმაღლესი განათლება მიეღოთ. მე და ჯულიენმა ვიცოდით, რომ ჩვენი შვილები ბედნიერები იქნებოდნენ, თუ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებდნენ, ქრისტიანულ თვისებებს განივითარებდნენ და მუყაითად იშრომებდნენ. ვცდილობდით, ეს ყოველივე მათ გულებში ჩაგვენერგა. უდიდეს სიხარულს მანიჭებდა იმის დანახვა, რომ ჩვენს შვილებს იეჰოვასადმი სიყვარული უძლიერდებოდათ, მას თავს უძღვნიდნენ და ინათლებოდნენ.

პეპე ჩვენს შვილებზე უფროსი იყო და პირველად მან დატოვა სახლი. როცა ჩვენთან ცხოვრობდა, კითხვა ვასწავლე. პეპეს დიდი განათლება არ ჰქონდა, მაგრამ ის ბიბლიას სწავლობდა. მას სულიერი მიზნები ჰქონდა დასახული. პეპემ პიონერად დაიწყო მსახურება. ის ცოლად გაჰყვა მიმომსვლელ ზედამხედველს, მანდე აკინრას. მათ ტიმოთე შეეძინათ. ახლა ორივენი პიონერებად მსახურობენ. მანდე აგრეთვე კონგრესების დროს სხვადასხვა დავალებას ასრულებს.

ბოლამ ერთ დიდ კომპანიაში მზარეულთან დაიწყო კულინარიის შესწავლა. კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მალევე შეამჩნია, რომ მას მუშაობის კარგი მანერები ჰქონდა, სანდო ადამიანი იყო და შესანიშნავი თვისებებით გამოირჩეოდა. გარკვეული დროის შემდეგ ბოლა იმავე კომპანიაში დააწინაურეს. მას ბრწყინვალე ოჯახი აქვს, ის მზრუნველი ქმარი და მამაა — ჰყავს შესანიშნავი მეუღლე ჯენი და სამი შვილი. ის ლაგოსის (ნიგერია) კრებაში უხუცესად მსახურობს.

კოლამ, როცა წამოიზარდა, კერვის სწავლა დაიწყო და თან პიონერად მსახურობდა. ნიგერიაში ყოფნისას მან ინგლისური ისწავლა. 1995 წელს ის ბენინში იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მიიწვიეს. 13 წელია, რაც კოლა მთარგმნელობით განყოფილებაში მსახურობს.

ბენინში დაბრუნება

ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგეთ, რომ 1993 წლის 23 იანვარს ბენინის მთავრობამ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვა გააუქმა. ქვეყანაში მრავალი ლტოლვილი დაბრუნდა. მისიონერებიც ჩამოვიდნენ და ფილიალმა კვლავ განაგრძო ფუნქციონირება. 1994 წელს ჩვენი ოჯახი ბენინში დაბრუნდა. პეპე და ბოლა თავიანთი ოჯახებით ნიგერიაში დარჩნენ.

ბენინში ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ვიშოვე. ნიგერიაში სახლი გვქონდა გაქირავებული. იქიდან შემოსული ცოტაოდენი თანხით და ბოლას დახმარებით ბენინის ფილიალთან ახლოს სახლი ავიშენეთ. ჯემიმა ექვს წელიწადზე მეტი მსახურობდა პიონერად და თავს ტანსაცმლის კერვით ირჩენდა. ახლა ის თავის ქმართან, კოკოუ აჰუმენუსთან ერთად ბენინის ფილიალში მსახურობს. ქალები და სილა მალე სკოლას დაამთავრებენ. ღვთის დახმარებით და ჩვენი ოჯახის წევრების მხარდაჭერით მე და ჯულიენი 40 წელია, სრული დროით ვმსახურობთ.

ღმერთმა აკურთხა სამქადაგებლო საქმიანობა ბენინში. 1961 წელს, როცა მოვინათლე, ქვეყანაში 871 მოწმე იყო. როდესაც დამაკავეს, იმ წელს სასიხარულო ცნობას 2 381 მოწმე ქადაგებდა. 1994 წელს, როცა ბენინში დავბრუნდით, მოწმეების რიცხვი 3 858 იყო მიუხედავად 14-წლიანი აკრძალვისა. დღეს ბენინში 9 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმეა. 2008 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 35 752 ადამიანი დაესწრო.

ზოგჯერ იმ ადგილას მივდივარ, სადაც 30 წლის წინ დამაკავეს და ვიხსენებ ყველაფერს, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ ყოველმხრივ აკურთხა ჩემი ოჯახი. წლები გავიდა, მაგრამ ყველას ისევ ძველებურად ვესალმები: „ბონჟურ!“

[სქოლიო]

^ აბზ. 4 იმ დროს ბენინს დაჰომეა ეწოდებოდა და საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში შედიოდა.

[ჩანართი 13 გვერდზე]

მძღოლმა ღიმილით მითხრა: „ჩაბრძანდით, ფულის გადახდა საჭირო არ არის“

[ჩანართი 14 გვერდზე]

არასოდეს მოვუწოდებდით შვილებს, რომ უმაღლესი განათლება მიეღოთ

[სურათი 15 გვერდზე]

მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურებისას, 1970 წელი

[სურათი 15 გვერდზე]

ჩვენს ვაჟებთან, ბოლასა და კოლასთან ერთად, 1976 წელი

[სურათი 15 გვერდზე]

ჩემი ოჯახი — მეუღლე, ხუთი შვილი, რძალი და სამი შვილიშვილი; აგრეთვე პეპეს ოჯახი