არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბუქარესტი ქალაქი ორი იერსახით

ბუქარესტი ქალაქი ორი იერსახით

ბუქარესტი ქალაქი ორი იერსახით

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის რუმინეთიდან

ბუქარესტის არქიტექტურულ ნაგებობებს შორის ყველაზე გრანდიოზული პარლამენტის სასახლეა (1), რომელსაც კომუნისტების დროს „ხალხის სასახლეს“ უწოდებდნენ. ეს სადა ნაგებობა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი შენობაა, რომელიც ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტის შენობა ბუქარესტის თანამედროვე სახეა. თუმცა ამ მასიურ ნაგებობაზე ქალაქელთა აზრი არაერთგვაროვანია. აქაურები ფიქრობენ, რომ ტურისტებს არ დატოვებს გულგრილს ქალაქის ის ულამაზესი უბნები, სადაც ძველი არქიტექტურული ნაგებობებია.

ძველი ბუქარესტი

რუმინეთის დედაქალაქად ბუქარესტი 1862 წელს გამოცხადდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქმა არნახული წინსვლა განიცადა. გამწვანებულ პროსპექტებზე ერთმანეთის მიყოლებით აშენდა ფრანგი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული ლამაზი და დიდი ნაგებობები. ბუქარესტში ძალიან ბევრი პარკი, ბაღი თუ სკვერია, რის გამოც ქალაქს ბაღნარი შეარქვეს. ბუქარესტი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, რომლის ქუჩებიც ზეთის ლამპრებით ნათდებოდა. 1935 წელს კისელეფის პროსპექტზე აშენდა ტრიუმფალური თაღი (2), რომელიც პარიზში, შანზ-ელიზეს ქუჩაზე (ელისეს მინდვრები) აღმართული თაღის მსგავსი იყო. ბუქარესტში ჩასულ ფრანგს თავი სამშობლოში ეგონებოდა. ტყუილად არ შეარქვეს ბუქარესტს აღმოსავლეთის პატარა პარიზი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომუნისტური რეჟიმის დროს ქალაქის იერსახე საგრძნობლად შეიცვალა. ბუქარესტის საქმიანი ტერიტორიის თითქმის მესამედი, სადაც უამრავი ისტორიული ნაგებობა იყო განთავსებული, აიღეს და მის ადგილას საცხოვრებელი კომპლექსები ააშენეს. მხოლოდ 1960-1961 წლებში დაახლოებით 23 000 საცხოვრებელი სახლი ააგეს. 1980 წელს დაიწყო „ხალხის სასახლის“ დაპროექტება. ამ სასახლეს ასობით დიდებული ჭაღი ამშვენებდა, 90 მეტრის სიღრმეზე კი ბომბსაფარი ჰქონდა. ამ ნაგებობის ფართობი 360 000 კვადრატული მეტრია, მას 12 სართული და 1 100 ოთახი აქვს; სასახლე სიდიდით სამჯერ აღემატება ვერსალის სასახლეს საფრანგეთში. ძველი ქალაქის ტერიტორიის დიდი ნაწილი მთლიანად გაწმინდეს, მის ადგილას პარლამენტის შენობა ააგეს და მშვენიერი ბულვარი გააშენეს, რომელიც შანზ-ელიზეს ქუჩაზე განიერი იყო. ამ ბულვარს დიდებული სასახლისკენ მივყავართ. ყველა, ვისაც ძველი ბუქარესტის ქუჩებში გაუვლია, დაგემოწმებათ, რომ დღეს იმ ქალაქის კვალიც კი აღარსად ჩანს.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ეს გიგანტური სასახლე ახსენებს მისი აგების იდეის ავტორს, მოგვიანებით დიქტატორად შერაცხულ ნიკოლაე ჩაუშესკუს. იგი იმდენად იყო შეპყრობილი თავისი სახელის უკვდავყოფის სურვილით, რომ ამ პროექტის განსახორციელებლად 700-მდე არქიტექტორი და ათობით ათასი მუშა დაასაქმა. ისინი დღე-ღამეში 3 ცვლაში მუშაობდნენ. 1989 წელს, როდესაც ჩაუშესკუს რეჟიმი დაემხო, შენობა ჯერ კიდევ დაუმთავრებელი იყო, თუმცა მილიარდ დოლარზე მეტად იყო შეფასებული.

ქალაქის მეორე სახე

სრულიად განსხვავებულად გამოიყურება დღემდე შემორჩენილი ქალაქის ძველი უბნები. იქ კვლავ დატკბებით ძველი ბუქარესტის ულამაზესი არქიტექტურით. ქალაქის მუზეუმებს შორის ერთ-ერთი ეთნოგრაფიული მუზეუმია (3), სადაც თვალწინ გადაგეშლებათ რუმინეთის სოფლის ყოფა-ცხოვრება. იქვე მყუდრო პარკში, რომელიც ტბას გადაჰყურებს, გლეხების 50 სახლი და სხვა ნაგებობებია, რომლითაც წარმოდგენილია რუმინეთის სხვადასხვა კუთხე. თითოეული სახლი ფაქტობრივად მუზეუმია, სადაც ნახავთ სამუშაო იარაღებს, ხელსაწყოებს თუ ავეჯს, რომლებსაც ძველად იყენებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის თანამედროვე და ისტორიული ნაწილი არ არის ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული. ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას სხვადასხვა ეპოქაში აშენებული ნაგებობები (4). ასე რომ, ძველ და თანამედროვე ბუქარესტში აწმყო და წარსული საოცრად ერწყმის ერთმანეთს.

[სურათები 10 გვერდზე]

1 პარლამენტის სასახლე

2 ტრიუმფალური თაღი

3 ეთნოგრაფიული მუზეუმი

4 გვერდიგვერდ დგას სხვადასხვა ეპოქაში აშენებული ნაგებობი

[საავტორო უფლება]

© Sari Gustafsson/hehkuva/age fotostock