როდის იწყება ადამიანის სიცოცხლე?
როდის იწყება ადამიანის სიცოცხლე?
„დედაჩემი ჩვიდმეტი წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა, აბორტი გაეკეთებინა. ის უკვე შვიდთვე-ნახევრის ფეხმძიმე იყო, — გვიყვება ჯანი. — ის ბავშვი, რომლის მოსაცილებლადაც აბორტი მარილის ხსნარით * გაიკეთა, მე ვიყავი. საბედნიეროდ, გადავრჩი“.
ეს სიტყვები წარმოთქვა 19 წლის ჯანიმ 1996 წელს შეერთებული შტატების სამთავრობო კომიტეტის შეხვედრაზე, რომელზეც აბორტის თემა განიხილებოდა. დედის მუცელში შვიდთვე-ნახევრის ჯანის სხეულის ყველა ნაწილი განვითარებული ჰქონდა. ალბათ დაეთანხმებით იმას, რომ ის უკვე ადამიანი იყო, რადგან სიცოცხლისუნარიანი დაიბადა.
მაგრამ რა შეიძლება ითქვას ჯანიზე, როცა ის ხუთი კვირის ერთსანტიმეტრიანი ემბრიონი იყო? მართალია, მისი სხეულის ნაწილები ბოლომდე არ იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ ნერვული სისტემა, მათ შორის ტვინი, ნაწილობრივ უკვე განვითარებული ჰქონდა. გული წუთში 80-ჯერ უცემდა, რაც სისხლის ცირკულაციას ახდენდა. ასე რომ, თუ შვიდთვე-ნახევრის ჯანი უკვე ადამიანი იყო დედის მუცელში, ბუნებრივია, რომ ხუთი კვირის ემბრიონიც, მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ იყო განვითარებული, უკვე ცოცხალი არსება იყო.
ჩასახვა — ნამდვილი სასწაული
ემბრიონის ყველა ნაწილის განვითარება ჩასახვისას იწყება, ანუ მას შემდეგ, რაც სპერმატოზოიდი დედის კვერცხუჯრედს გაანაყოფიერებს. უახლესმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა შესაძლებელი გახადა, რომ მეცნიერებმა თვალყური ადევნონ იმ ცვლილებებს, რომელიც ამ დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ბირთვში მიმდინარეობს. დედის და მამის დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) მოლეკულების შეერთების შედეგად ისახება ახალი სიცოცხლე — განუმეორებელი ადამიანი.
ამ ერთ უჯრედში იწყება ადამიანის შექმნის სასწაულებრივი პროცესი. ამ „სამშენებლო პროექტს“ განსაზღვრავს ჩვენი გენები, რომელიც დნმ-ის ნაწილია. ფაქტობრივად, გენების „ხელთაა“ ყველაფერი — ჩვენი სიმაღლე, სახის ნაკვთები, თვალისა და თმის ფერი და სხვა მრავალი ნიშან-თვისება.
როგორც კი პირველი უჯრედი იწყებს გაყოფას, მისი სრული გენეტიკური ინფორმაცია ყოველ ახალ უჯრედს გადაეცემა. თითოეული უჯრედი ამა თუ იმ უჯრედის, მაგალითად ტვინის უჯრედების, გულის, ძვლის, კანისა და თვალის რქოვანას ქსოვილების შესაქმნელად არის
დაპროგრამებული. თავდაპირველ უჯრედში ჩადებულ ინფორმაციას, რაც ახალი, სრულიად განუმეორებელი ადამიანის განვითარებას განაპირობებს, თამამად შეიძლება ეწოდოს სასწაული.„ადამიანის ზრდისა და განვითარების პროგრამა ერთ უჯრედშია მოცემული“, — აღნიშნავს მოლეკულური ბიოლოგიის ცნობილი დოქტორი დეივიდ ფუ-ჩი მარკი. ის ასეთ დასკვნას აკეთებს: „აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ჩასახვის დღიდან ყოველი ადამიანი უნიკალურია“.
ადამიანია დედის მუცელში?
როგორც კი ბავშვი ჩაისახება, ის მხოლოდ დედის ორგანიზმის ნაწილი კი არა, ინდივიდიცაა. დედის ორგანიზმი მას უცხო სხეულად აღიქვამს. ის მაშინვე მოიშორებდა მას, რომ არა დედის საშვილოსნოში არსებული „დამცავი მექანიზმი“. ეს ახალი სიცოცხლე, რომელიც დედისგან გამოყოფილია დამცავი მემბრანით, არის ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი უნიკალური დნმ.
ზოგი ამტკიცებს, რომ თუკი სხვადასხვა პათოლოგიის მიზეზით ქალს ზოგჯერ მუცელი ეშლება, რატომ არ შეიძლება ექიმის ჩარევით ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა? უნდა ითქვას, რომ თვითნებურ აბორტსა და დაგეგმილ მკვლელობას შორის დიდი სხვაობაა. სამხრეთ ამერიკის ერთ ქვეყანაში ერთ წლამდე ასაკის 1 000-დან 71 ბავშვი კვდება. მაგრამ იმის გამო, რომ ზოგი ბავშვი ნაადრევად კვდება, განა გამართლებული იქნებოდა, თუ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს დახოცავდნენ? ცხადია, ეს ყოვლად გაუმართლებელი იქნებოდა.
ბიბლიაშიც ნათქვამია, რომ ადამიანის სიცოცხლე დედის მუცელში იწყება. ფსალმუნმომღერალი დავითი ღმერთს ეუბნებოდა: „შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ“ (ფსალმუნი 139:16). მიაქციეთ ყურადღება, რომ დავითმა მხოლოდ „ჩანასახი“ არ მოიხსენია, არამედ მან თქვა, რომ ღმერთმა იხილა მისი ჩანასახი, რაც იმას ნიშნავს, რომ დავითის სიცოცხლე მისი ჩასახვისთანავე დაიწყო, ანუ დაბადებამდე დიდი ხნით ადრე. ღვთივშთაგონებით დაწერილი დავითის ნათქვამიდან ისიც გამოჩნდა, რომ მისი სხეულის ნაწილები გეგმის ანუ „ჩაწერილი“ ინსტრუქციების მიხედვით ვითარდებოდა, რისი წყალობითაც ის იმ ადამიანად დაიბადა, რომელიც მოგვიანებით დავით მეფედ გახდა ცნობილი.
გარდა ამისა, ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რომ ქალის ორგანიზმში ქსოვილი ისახება. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვაჟკაცი ჩაისახაო!“ (იობი 3:3). ეს კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ ბიბლიის თანახმად ბავშვი ჩასახვისთანავე იწყებს არსებობას. დიახ, სწორედ ამ დროს იწყება ადამიანის სიცოცხლე.
[სქოლიო]
^ აბზ. 2 საშვილოსნოში შეჰყავთ მარილის კონცენტრირებული ხსნარი, რომელსაც ბავშვი ყლაპავს. როგორც წესი, ეს ორ საათში ბავშვის სიკვდილს იწვევს. ამ პროცედურიდან დედას დაახლოებით 24 საათში ეწყება მშობიარობა და მკვდარ ან, იშვიათ შემთხვევაში, მომაკვდავ ბავშვს ბადებს.
[სურათები 6, 7 გვერდებზე]
ხუთი კვირის ემბრიონი მხოლოდ ქსოვილი როდია; ემბრიონი შეიცავს ყველა იმ უჯრედს, რაც ადამიანის ყველა ორგანოს განვითარებისთვისაა საჭირო
(ნატურალური ზომა)