არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საშიშია მზეზე დიდხანს ყოფნა?

საშიშია მზეზე დიდხანს ყოფნა?

საშიშია მზეზე დიდხანს ყოფნა?

„რაც დრო გადის, ოზონის შრე სულ უფრო თხელდება, მსოფლიოში კი სულ უფრო მეტი ადამიანი ეფიცხება მზეს, შედეგად, იზრდება საზოგადოების შეშფოთების მიზეზი UV-ით (ულტრაიისფერი სხივები) გამოწვეული დაავადებების გამო“ (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოფილი გენერალური დირექტორი, მედიცინის დოქტორი ლი იონგ-უკი)

ჩრდილოეთ ევროპელ თეთრკანიან მარტინს იტალიის ერთ-ერთ სანაპიროზე ქოლგის ჩრდილქვეშ ჩაეძინა. როცა გამოეღვიძა, ჩრდილი უკვე გადასული იყო და თოვლივით თეთრი ფეხები უღაჟღაჟებდა. „ფეხები დაბრაწულ სოსისებს მიმიგავდა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მჭირდებოდა. მომდევნო ორი-სამი დღე საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. ვერ ვდგებოდი და მუხლებსაც ვერ ვხრიდი. კანი ისე დამეჭიმა, ასე მეგონა, დასკდებოდა“.

ბევრს ჰგონია, რომ მზეზე დიდხანს ყოფნა მხოლოდ თეთრკანიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ცხადია, მუქკანიანები უფრო დაცულნი არიან დამწვრობისგან, მაგრამ კანის კიბოს განვითარების საშიშროება მათაც ემუქრება. ამასთანავე, ხშირად ის ისე შეუმჩნევლად ვითარდება, რომ მისი ნიშნები მხოლოდ ბოლო სტადიაზე ვლინდება. მზეზე დიდხანს ყოფნა სხვა მხრივაც უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს, კერძოდ, აზიანებს თვალებს და დიდ დარტყმას აყენებს იმუნურ სისტემას. სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა შეიძლება წლების შემდეგ იჩინოს თავი.

ულტრაიისფერი სხივების მაღალი დონე ძირითადად ეკვატორთან შეინიშნება. ასე რომ, მათ, ვინც ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში ცხოვრობს ან იქ გასამგზავრებლად ემზადება, წინასწარ უსაფრთხოების ზომების მიღება არ აწყენთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ბოლო წლებში ოზონის შრე სულ უფრო თხელდება. ახლა გავიგოთ, რა პოტენციურ საფრთხეს უქმნის ადამიანს მზეზე დიდხანს ყოფნა.

თვალებისთვის საშიში

მსოფლიოში 15 მილიონი ადამიანის სიბრმავის მიზეზი კატარაქტაა. ეს დაავადება სიბრმავის გამომწვევი მთავარი მიზეზია. კატარაქტა მაშინ ვითარდება, როცა თვალის ბროლში არსებული პროტეინები ცალკევდება, იმღვრევა და ბროლში გროვდება პიგმენტები, რომელიც მხედველობას აბუნდოვნებს. კატარაქტა ერთ-ერთია იმ დაავადებებს შორის, რომლის შედეგებიც UV-ის დასხივებიდან რამდენიმე წელიწადში ვლინდება. სავარაუდოდ, კატარაქტის მქონე პაციენტების დაახლოებით 20 პროცენტს ეს დაავადება უვითარდება ან ურთულდება სწორედ მზის მუდმივი დასხივების შედეგად.

სამწუხაროდ, კატარაქტა ყველაზე მეტად გავრცელებულია ეკვატორთან ახლოს მდებარე ქვეყნებში, რომელთა შორის აგრეთვე განვითარებადი ქვეყნებია. იქ უმეტესობა ღარიბია. ამიტომ აფრიკაში, აზიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მილიონობით ღარიბი ადამიანი ბრმაა, რადგან კატარაქტის ოპერაციის გასაკეთებლად სახსრები არა აქვთ.

კანისთვის საშიში

მსოფლიოში კიბოს დაავადებათა ერთი მესამედი კანის კიბოზე მოდის. ყოველ წელს მელანომის, კანის კიბოს ყველაზე საშიში ფორმის 130 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. აგრეთვე 2-დან 3 მილიონამდე ადამიანი კიბოს ისეთი ფორმებით ავადდება, როგორიცაა ბაზალურუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კარცენომები. ვარაუდობენ, რომ ყოველ წელს კანის კიბოთი დაახლოებით 66 000 ადამიანი კვდება. *

რა ზიანს აყენებს მზის სხივები კანს? ცნობილია, რომ მზეზე დიდხანს ყოფნის შემთხვევაში კანი იწვება ან ვითარდება ერითემა. ამ დროს შეიძლება გაჩნდეს ბუშტუკოვანი გამონაყარი და კანმა აქერცვლა დაიწყოს.

დამწვრობას ადამიანი მაშინ იღებს, როცა ულტრაიისფერი სხივები ანადგურებს ეპიდერმისის უჯრედების უმეტესობას და აზიანებს კანის ღრმა შრეებს. კანის ფერის შეცვლა მისი დაზიანების ნიშანია. კანის კიბო მაშინ ჩნდება, როდესაც კანის უჯრედების ზრდასა და დაყოფაზე პასუხისმგებელი დნმ ზიანდება. მზის სხივები აგრეთვე ცვლის კანის სტრუქტურას და მას ელასტიკურობას აკარგვინებს. შედეგად ნაადრევად ჩნდება ნაოჭები, კანი მომჩვარული ხდება და ადვილად ლურჯდება.

იმუნური სისტემისთვის საშიში

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ როდესაც კანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ულტრაიისფერ დასხივებას იღებს, ადამიანის იმუნიტეტი სერიოზულად ზიანდება. ორგანიზმი ვეღარ ებრძვის ზოგიერთ დაავადებას. ცნობილია, რომ ზომიერად მიღებული მზის დასხივებაც კი ზრდის ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული და ვირუსული დაავადებების რისკს. ბევრმა შენიშნა, რომ მზეზე ყოფნა დროდადრო ჰერპესს აჩენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ისეთი ულტრაიისფერი სხივი, როგორიცაა UVB, „აქვეითებს იმუნური სისტემის მუშაობას და, თუ თავი იჩინა მარტივმა ჰერპეს-ვირუსმა, მისი მოშორება ორგანიზმიდან უკვე შეუძლებელი ხდება, რაც იმით ვლინდება, რომ არაერთხელ აქტიურდება“.

კიბოს შემთხვევაში მზის დასხივება ორგვარ დარტყმას აყენებს ორგანიზმს. ერთი, რომ აზიანებს დნმ-ს, მეორე, ისე აქვეითებს იმუნიტეტს, რომ ორგანიზმს გამოჯანმრთელების საშუალებას არ აძლევს.

ამიტომ გონივრულია, თუ სიფრთხილეს გამოვიჩენთ და დიდხანს არ გავჩერდებით მზეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ჯანმრთელობას და თვით სიცოცხლესაც კი შეიძლება სერიოზული საფრთხე შევუქმნათ.

[სქოლიო]

^ აბზ. 10 კანის კიბოს შესახებ სტატიები იხილეთ 2005 წლის 8 ივნისის „გამოიღვიძეთ!“-ში, გვერდები 3—10, (რუს.).

[ჩარჩო 11 გვერდზე]

თავდაცვის საშუალებები

▪ მოერიდეთ მზეს დილის 10-დან შუადღის 4 საათამდე, რადგან ამ დროს ულტრაიისფერი სხივები განსაკუთრებით ძლიერია.

▪ იყავით ჩრდილქვეშ.

▪ ჩაიცვით ისე, რომ ტანსაცმელი კარგად ფარავდეს ხელებსა და ფეხებს. სასურველია, ქსოვილი მჭიდროდ ნაქსოვი იყოს.

▪ დაიხურეთ ფართოფარფლებიანი ქუდი, ისეთი რომ, გიფარავდეთ თვალებს, ყურებს, სახესა და კისერს.

▪ გაიკეთეთ დიდი ზომის ხარისხიანი მზის სათვალე, რომლის ლინზებიც 99-100 პროცენტით აკავებს UVA-სა და UVB-ის სხივებს. ასეთი დაცვა საგრძნობლად შეამცირებს მზის სხივებით გამოწვეული თვალის დაზიანების რისკს.

▪ გამოიყენეთ და ყოველ ორ საათში ერთხელ ჭარბად წაისვით მზისგან დამცავი ფართო სპექტრის კრემები, რომელთა დაცვის ფაქტორიც მინიმუმ 15 პროცენტია.

▪ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვირჩევს, მოვერიდოთ სოლარიუმებში გარუჯვას, სადაც ულტრაიისფერ სხივებს იყენებენ.

▪ დაიცავით ჩვილები და ბავშვები, რადგან მათი კანი ძალიან ნაზია.

▪ არ დაგეძინოთ მზეზე.

▪ საეჭვო ხალის, ჭორფლის ან რაიმე ლაქის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.