არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეიძლება განიკურნო დეპრესიისგან?

როგორ შეიძლება განიკურნო დეპრესიისგან?

როგორ შეიძლება განიკურნო დეპრესიისგან?

„მე და ჩემმა ქმარმა შევარჩიეთ ჩემთვის შესაფერისი მკურნალობის მეთოდი, შევიცვალეთ ცხოვრების წესი და ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ ნორმალური ცხოვრებით მეცხოვრა. როგორც იქნა, მივაგენით ჩემთვის საუკეთესო მედიკამენტს და ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. მაგრამ მაშინ, როცა არაფერი მშველოდა, მეუღლისა და მეგობრების სიყვარული მაძლევდა ძალას, რომ ბრძოლა გამეგრძელებინა“, — ამბობს რუთი, რომელიც მრავალი წელი დეპრესიით იტანჯებოდა.

რუთის შემთხვევიდან დავინახეთ, რომ დეპრესიაში მყოფს მხარში ამოდგომა სჭირდება და შესაძლოა მედიკამენტოზური დახმარებაც დასჭირდეს. თუ პაციენტი მკურნალობას უგულებელყოფს, ზოგ შემთხვევაში შეიძლება მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. თითქმის ორი ათასი წლის წინათ იესო ქრისტემაც თქვა, რომ ექიმის დახმარება ზოგჯერ აუცილებელია: „ექიმი . . . ავადმყოფებს სჭირდებათ“ (მარკოზი 2:17). ფაქტია, რომ ექიმებს ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ დეპრესიაში მყოფთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად. *

რის გაკეთება შეგიძლიათ?

დეპრესიის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ის, თუ რომელს აირჩევ, დამოკიდებულია დაავადების სიმპტომებსა და სიმძიმეზე (იხილეთ მე-5 გვერდზე მოცემული ჩარჩო  „რა და რა სახის დეპრესია არსებობს?“). ზოგმა შეიძლება დახმარება ოჯახის ექიმისგან მიიღოს, ზოგს კი შეიძლება სხვა სპეციალისტის დახმარება დასჭირდეს. ექიმმა შეიძლება ანტიდეპრესანტები გამოუწეროს პაციენტს ან სხვა რამ ურჩიოს. ზოგზე კარგად იმოქმედა მცენარეებზე დამზადებულმა მედიკამენტებმა, სპეციალურმა დიეტამ თუ ვარჯიშებმა.

რაზე ღირს დაფიქრება?

1. კეთილმოსურნე მეგობრებმა, რომლებიც მედიცინაში კარგად არ ერკვევიან, შეიძლება მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი შემოგთავაზონ. შეიძლება ისინი დაჟინებით გირჩევენ, იმკურნალო მცენარეებზე დამზადებული მედიკამენტებით, ექიმის მიერ გამოწერილი წამლებით ან საერთოდ არ იმკურნალო.

გაითვალისწინეთ: დარწმუნდით, რომ ნებისმიერი რჩევა, რომლის გათვალისწინებასაც აპირებთ, სანდო წყაროდან მომდინარეობს. საბოლოოდ თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი.

2. პესიმისტური განწყობის გამო პაციენტმა შეიძლება მკურნალობის კურსი შეწყვიტოს. ის შეიძლება ფიქრობს, რომ მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება ან მკურნალობას უსიამოვნო გვერდითი მოვლენები ახლავს თან.

გაითვალისწინეთ: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება; სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“ (იგავები 15:22). თუ ექიმსა და პაციენტს შორის კარგი თანამშრომლობა იქნება, დიდი ალბათობაა, რომ მკურნალობა დადებით შედეგს გამოიღებს. გულახდილად აუხსენი შენს ექიმს, რა გაწუხებს და აღუწერე დაავადების სიმპტომები. ჰკითხე მას, საჭირო ხომ არ არის მკურნალობაში რაიმე ცვლილების შეტანა ან განაგრძე მის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსის მიყოლა, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევ.

3. ზედმეტად თავდაჯერებულმა პაციენტმა შეიძლება შეწყვიტოს მედიკამენტების მიღება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რადგან თავს უკეთ გრძნობს. მას შეიძლება დაავიწყდა კიდეც, რა მდგომარეობაში იყო მკურნალობის დაწყებამდე.

გაითვალისწინეთ: ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის კურსის მოულოდნელად შეწყვეტას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს და სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე.

ბიბლია სამედიცინო წიგნი არ არის, თუმცა მისი ავტორი, იეჰოვა ღმერთი, ჩვენი შემოქმედია. მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, თუ რა ნუგეშსა და რჩევას აძლევს ღვთის სიტყვა დეპრესიაში მყოფთ და მათ ახლობლებს.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 „გამოიღვიძეთ!“-ი რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის რომელიმე ფორმას. პაციენტმა კარგად უნდა აწონ-დაწონოს, მკურნალობის რომელ მეთოდს აირჩევს.

 [ჩარჩო 5 გვერდზე]

რა და რა სახის დეპრესია არსებობს?

მკურნალობამ შედეგი რომ გამოიღოს, ჯერ უნდა დადგინდეს, რა სახის დეპრესია აქვს პაციენტს.

ღრმა დეპრესია ექვს თვეზე მეტხანს გრძელდება, თუ პაციენტი არ მკურნალობს. მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება.

ბიპოლარული დარღვევა აგრეთვე ცნობილია, როგორც მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი. პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს არამდგრადი ემოციური მდგომარეობა — დაწყებული პერიოდული ჰიპერაქტიურობიდან (მანიაკალური სინდრომი) უაღრესად დათრგუნული (დეპრესიული) მდგომარეობით დამთავრებული (იხილეთ სტატია „ემოციური მოშლილობით გატანჯული“ ამ ჟურნალის 2004 წლის 8 იანვრის ნომერში [რუს.]).

დისთიმია ღრმა დეპრესიასთან შედარებით მსუბუქი ფორმით ვლინდება, თუმცა ჩვეული რიტმით ცხოვრება მაინც შეუძლებელია. ზოგი პაციენტი პერიოდულად ღრმა დეპრესიაშიც ვარდება.

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს ქალებს აღენიშნება უგუნებობა (იხილეთ სტატია „მშობიარობის შემდგომი დეპრესია“ ამ ჟურნალის 2003 წლის 8 ივნისის ნომერში [რუს.]).

სეზონურ დეპრესიას იწვევს შემოდგომასა და ზამთარში მზის უკმარისობა, რომელიც ჩვეულებრივ გაზაფხულსა და ზაფხულში თავისთავად გაივლის.