არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ვმართოთ ავტომობილი უსაფრთხოდ?

როგორ ვმართოთ ავტომობილი უსაფრთხოდ?

როგორ ვმართოთ ავტომობილი უსაფრთხოდ?

დღეს მილიონობით ადამიანს ვერც კი წარმოუდგენია ავტომობილის გარეშე ცხოვრება, თუმცა ბევრს მისით მგზავრობა ძვირად უჯდება. ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად 1 200 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება ავტოკატასტროფის შედეგად. ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ გვეცოდინება, როგორ ვმართოთ ავტომობილი უსაფრთხოდ. ახლა ყურადღება მივაქციოთ ზოგიერთ მნიშვნელოვან მხარეს.

ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა

ერთი ავსტრალიური ჟურნალის თანახმად, უბედური შემთხვევების რისკის შესამცირებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იქცევა მძღოლი საჭესთან. სანამ საჭეს მიუჯდება, მძღოლმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: როგორ ვგრძნობ თავს და რა ხასიათზე ვარ? დაღლილობის გამო მძღოლს შეიძლება შენელებული რეაქცია ჰქონდეს. ფილიპინების სატრანსპორტო განყოფილების განაცხადით, სიბრაზე, ნერვიულობა და მღელვარება უარყოფითად აისახება მძღოლზე; ასეთ მდგომარეობაში მძღოლმა შეიძლება უადგილო გადაწყვეტილებები მიიღოს და არანორმალურად მართოს ავტომობილი.

გასათვალისწინებელია მძღოლის ფიზიკური მდგომარეობაც. ზოგიერთი დაავადების ან ტრავმის გამო მძღოლმა შეიძლება ვეღარ შეძლოს ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა. ვინც აფასებს სხვების სიცოცხლეს, საჭეს არ მიუჯდება მაშინ, როცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არის. ნარკოტიკებმა ან ზოგმა მედიკამენტმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მძღოლზე. ასეთ შემთხვევაში გონიერი მძღოლი ან უარს იტყვის მანქანის მართვაზე ან სხვას დასვამს საჭესთან (Australian Journal of Social Issues).

კარგად მართავთ ავტომობილს?

მრავალ ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება გამოუცდელი მძღოლების რიცხვიც. ამიტომ ავტოკატასტროფის თავიდან ასარიდებლად გასათვალისწინებელია ორი რამ.

გამოიჩინეთ სიფრთხილე! იყავით ყურადღებით, რომ საფრთხე არ შეგიქმნათ წინიდან თუ უკნიდან მომავალმა მანქანამ და წინასწარ განსაზღვრეთ სხვა სატრანსპორტო საშუალებების შესაძლო მანევრი. დაჯახების პროცენტული მაჩვენებელი მაღალია იმ შემთხვევაში, როცა ავტომობილებს შორის სათანადო მანძილი არ არის დაცული. გონიერი მძღოლი სხვა მანქანებთან დისტანციას დაიცავს.

გახსოვდეთ, რომ არსებობს „მკვდარი ზონები“ და ყურადღების გაფანტვის საშიშროება. ნუ იქნებით მხოლოდ სარკეების იმედზე, აქეთ-იქით გაიხედეთ. ნუ გაგეფანტებათ ყურადღება. მოერიდეთ ერთდროულად ბევრი რამის კეთებას, მაგალითად, ტელეფონით ლაპარაკს ან სხვადასხვა მოწყობილობის მართვას.

მოტოციკლის მართვა. ზოგი ავტორიტეტული პირის აზრით, საგზაო შემთხვევებისას მოტოციკლისტების დაღუპვის ალბათობა 37-ჯერ მეტია ავტომობილის მძღოლების დაღუპვის ალბათობაზე. უსაფრთხოების რა ზომების მიღება შეგიძლიათ? ზემოთ მოყვანილი რჩევების გათვალისწინება მოტოციკლისტისთვისაც არ იქნება ურიგო. გარდა ამისა, მოტოციკლისტებისთვის განკუთვნილ ერთ ამერიკულ სახელმძღვანელოში შემდეგი რჩევებია მოცემული: „ნუ ამოეფარებით სატრანსპორტო საშუალებებს“. დარწმუნდით, რომ სხვები გხედავენ. ყოველთვის ჩართული გქონდეთ ფარები. არ აღმოჩნდეთ სხვა მძღოლისთვის „მკვდარ ზონაში“. „ჩაიცვით დამცავი ტანსაცმელი“. ატარეთ უსაფრთხოების ჩაფხუტი და ჩაიცვით ღია ფერის დამცავი ტანსაცმელი. „იმოძრავეთ განსაკუთრებული სიფრთხილით“. წარმოიდგინეთ, რომ სხვები ვერ გხედავენ და შესაბამისად მართეთ მოტოციკლი (Motorcycle Safety Foundation).

შეამოწმეთ თქვენი ავტომობილი

მძღოლი უნდა იყოს დაცული, ავტომობილი კი — გამართული. მუხრუჭები და მანქანის სხვა ნაწილები კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს. ავტომობილის მოცურების ალბათობა მინიმუმამდე რომ იყოს დაყვანილი, საბურავის პროტექტორები ზომაზე მეტად არ უნდა იყოს გაცვეთილი. ავტომობილის საბურავებში საკმარისი წნევა ხელს უწყობს ავტომობილის გამართულად სიარულსა და ადვილად დამუხრუჭებას. ავტომობილების უმეტესობას აქვს უსაფრთხოების ქამრები. თუ არ გაიკეთებთ, უსაფრთხოების ქამარი თავის დანიშნულებას დაკარგავს.

მართეთ ავტომობილი ვითარების შესაბამისად. განსაზღვრეთ დამუხრუჭების მანძილი სველ გზებზე, განსაკუთრებით, როცა სავალი ნაწილი მოყინული ან დათოვლილია. ღამით მგზავრობისას ფარები კარგ მდგომარეობაში გქონდეთ და ნელა იარეთ. ვინაიდან სიცოცხლე ღმერთმა გვიბოძა, გონივრულია, თუ ვისწავლით ავტომობილის უსაფრთხოდ მართვას.

[ჩარჩო⁄სურათი 13 გვერდზე]

როგორ დავზოგოთ საწვავი?

იმოძრავეთ თანაბარი სიჩქარით: სიჩქარის ხშირად მომატებისა და დამუხრუჭების დროს მეტი საწვავი იხარჯება.

გამორთეთ ძრავა, როცა მანქანა გაჩერებულია: თანამედროვე ავტომობილებს დაძვრამდე ძრავის გახურება არ სჭირდება. თუ ნახევარ წუთში არ აპირებთ მანქანის დაძვრას, გამორთეთ ძრავა.

საბურავებში საკმარისი წნევა შეიყვანეთ: თუ საბურავი სათანადოდ არის დაბერილი, ადვილად ტრიალებს და საწვავიც საგრძნობლად იზოგება.

ნუ ივლით ძალიან სწრაფად: მაღალი სიჩქარით მოძრაობა სახიფათოა და საწვავიც მეტი იხარჯება.

[Diagram/​Picture on page 11]

❏ იყავით ყურადღებით

❏ გაიკეთეთ უსაფრთხოების ქამარი

❏ მოერიდეთ ერთდროულად ბევრი რამის კეთებას

❏ ნუ გაგეფანტებათ ყურადღება

[Diagram/​Picture on page 12]

❏ გახსოვდეთ, „მკვდარი ზონები“

❏ მუხრუჭები კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს

❏ საბურავებში საკმარისი წნევა უნდა იყოს

❏ პროტექტორები არ უნდა იყოს გაცვეთილი

❏ დაიცავით დისტანცია

[Diagram/​Picture on page 13]

❏ „ჩაიცვით დამცავი ტანსაცმელი“

❏ „ნუ ამოეფარებით სატრანსპორტო საშუალებებს“

[Diagram/​Picture on page 13]

❏ შეამოწმეთ ფარები