არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უქნარა ზარმაცას ცხოვრება

უქნარა ზარმაცას ცხოვრება

უქნარა ზარმაცას ცხოვრება

„ჩქარა, ფოტოაპარატი მომიტანე!“ — გავძახე ჩემს დას, როგორც კი ტყეში ჩემ წინ, ბილიკზე მომწვანო ფერის ზარმაცა დავინახე. სიცილით მოვკვდით, როცა გავიგეთ, რომ საჩქარო არაფერი ყოფილა, ზარმაცა ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ზანტი ცხოველია.

ამ ძუძუმწოვრის შესახებ მეტი რომ გამეგო, ვეწვიე ავეს ზოოპარკს ლა გარიტა დე ალაჰუელაში (კოსტა-რიკა). ეს მხოლოდ ზოოპარკი როდია, აქ გადაუდებელ დახმარებას უწევენ და კურნავენ ცხოველებს, რომელთაც შემდეგ ველურ ბუნებაში აბრუნებენ. სწორედ ამ ზოოპარკში გავიცანი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ბიოლოგი შირლი რამირესი. მან მაჩვენა ზოოპარკის ბინადარი ზარმაცა, სახელად პელოტა (ესპანურად ნიშნავს ბურთს). როგორც წესი, ზარმაცას მოკუნტულს სძინავს. პელოტა ორთითა ზარმაცაა. იგი ზომით პატარა ძაღლის ხელაა ფაფუკი ბეწვით, პაჭუა ცხვირითა და დიდი ყავისფერი წყლიანი თვალებით.

როგორც გავიგე, ზარმაცა მარტო ცხოვრობს, წელიწადში ერთხელ შობს ნაშიერს და ისიც ერთს. პირველი ოთხი-ექვსი კვირის განმავლობაში სანამ ძუძუს წოვს, დედას პატარა მუცელზე ჰყავს ჩამოკიდებული. თუმცა ზოგჯერ ეს შეიძლება ხუთი-რვა თვე გაგრძელდეს. ამ დროს დედა სათუთად კვებავს მას — პირით აჭმევს ადვილად გადასამუშავებელ ფოთლებს. ცოტა ხნის შემდეგ დედას ჩაბღაუჭებული ზარმაცა თავისით სწვდება ფოთლებს. იგი აცნობს თავის პაწიას იმ გარემოს, რომელშიც მოუწევს ცხოვრება.

ორთითა, სამთითა, მომწვანო და მცივანა

თურმე ის ზარმაცა, რომელსაც ტყეში გადავეყარე, სამთითა ყოფილა. თვალების გარშემო ბეწვი შავი ჰქონდა, გეგონება ნიღაბი უკეთიაო, კუდი კი — მოკლე და სქელი. მას ბალანი ხეშეში ჰქონდა, წინა კიდურები უკანა კიდურებთან შედარებით გრძელი, ხოლო მხრებს ზემოთ მოყვითალო-მოოქროსფრო ფერი დაჰკრავდა. ამ სახეობის ზარმაცას კისერზე ცხრა მალა აქვს, რაც გემრიელი ლუკმის მოსაპოვებლად თავის 270 გრადუსით დატრიალებაში ეხმარება. რატომ დაჰკრავს მას მწვანე ფერი? „ეს იმ წყალმცენარეების დამსახურებაა, რომელიც მის ბალანში იზრდება“, — ამბობს შირლი.

სამთითა ბიძაშვილისგან განსხვავებით, ორთითას წინა და უკანა კიდურები თითქმის ტოლი აქვს, ხოლო ბალანი — გრძელი, მოყავისფრო-მოოქროსფრო და რბილი.

ზარმაცა მთელი დღის განმავლობაში ხის კენწეროზეა ჩამოკიდებული და მზეს ეფიცხება. დღე-ღამეში მისი სხეულის ტემპერატურა 24—33 გრადუსს შორის მერყეობს. სხვა ძუძუმწოვრებთან შედარებით ზარმაცას სხეულის ტემპერატურა გაცილებით მაღალია, თუმცა მისი კუნთოვანი მასა იმდენად მცირეა, რომ ამ ტემპერატურას ვერ ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ მას ხშირად მოკუნტულს სძინავს ისე, რომ ბურთს მოგვაგონებს. ზარმაცას თხელი და მოკლე ბეწვიანი „ქურქი“ სითბოს შენარჩუნებაში ეხმარება. და კიდევ ერთი, მას დღე-ღამის განმავლობაში 20 საათი სძინავს.

ჭამაში ნელი

ვინაიდან საჭმლის გადასამუშავებლად სითბოა საჭირო, დაბალი ტემპერატურის გამო ზარმაცას მეტაბოლიზმის პროცესი საკმაოდ შენელებული აქვს. ერთი თვეა საჭირო, სანამ ამ ცხოველის საკვები მრავალგანყოფილებიანი კუჭიდან გადავა წვრილ ნაწლავში. წვიმიანი სეზონის დროს, განსაკუთრებით ცივ ამინდებში, ხშირად ზარმაცები შიმშილით კვდებიან, მიუხედავად იმისა, რომ კუჭი სავსე აქვთ. შირლის თქმით, „საჭმლის გადასამუშავებლად ზარმაცებისთვის მზის სითბო უაღრესად მნიშვნელოვანია“.

ის აგრეთვე დასძენს: „მინდა აღვნიშნო, რომ ზოოპარკში ცხოველების მომვლელებისა და გალიების დამლაგებლებისთვის დიდი შეღავათია ის, რომ ზარმაცები კვირაში მხოლოდ ერთხელ გამოყოფენ შარდსა და ფეკალურ მასებს. ისინი მიწაზე ჩამოდიან, თხრიან ორმოს და ექსკრემენტებს იქ მარხავენ. ეს ერთადერთი საქმეა, რის გამოც ისინი ხიდან ჩამოდიან“.

სულ თავდაყირა

ჭამს, სძინავს, წყვილდება თუ მშობიარობს — ზარმაცა ყველაფერს ხეზე აკეთებს. ეს პატარა ძუძუმწოვარა შემოქმედმა ისე შექმნა, რომ ხეზე თავდაყირა დაკიდებულს ეცხოვრა. ხის ტოტებსა და ლიანებს იგი თითებით ეჭიდება, ამაში კი მას 7 სანტიმეტრიანი ბრჭყალები ეხმარება. ტროპიკულმა წვიმებმა ზარმაცას კანი რომ არ დაუსველოს, მას ბეწვიც კი „თავდაყირა“ ეზრდება. ხმელეთზე მცხოვრები სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, მას ბალანი მუცლიდან ზურგისკენ ეზრდება, რისი წყალობითაც წვიმის წყალი ბეწვიდან ადვილად ჩამოედინება. ხმელეთზე ზარმაცა მოუქნელი და ტლანქია, სამაგიეროდ ხეებზე ის მოხდენილად და გრაციოზულად მოძრაობს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზარმაცა შესანიშნავი მოცურავეცაა.

გაინტერესებთ კიდევ რა გავიგე ხის კენწეროს ამ ბინადარზე? პირველი ის, რომ მათ აქვთ უჩვეულო უნარი, თავი აარიდონ ტრავმებს და გადაურჩნენ ძლიერ მოწამვლას, რაც სხვა ძუძუმწოვრებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. მათ ღრმა ჭრილობები მალევე უშუშდებათ და იშვიათად ინფიცირდებიან. აღსანიშნავია, რომ ზარმაცას იმუნური სისტემის უკეთ შესწავლა სამედიცინო კვლევებს მნიშვნელოვნად წაადგება. და მეორე, ურიგო არ იქნება, თუ ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად გადარბენაზე და სტრესის ქვეშ არიან, ცოტათი მაინც თუ მიჰბაძავენ ზარმაცას და შეანელებენ ცხოვრების ტემპს (გამოგზავნილია).

[ჩარჩო⁄სურათები 15 გვერდზე]

„ჩინებული მასპინძელი“

ზარმაცას გაბურძგნულ ბეწვს მწვანე ელფერი იმიტომ დაჰკრავს, რომ თითოეული ბეწვის მთელ სიგრძეზე წყალმცენარეები ეზრდება. ზარმაცა ამ წყალმცენარის კარგი მასპინძელია, თუმცა არც წყალმცენარე რჩება ვალში — ზარმაცა საკვებ ნივთიერებებს იღებს მისგან, როცა ბეწვს ილოკავს ან ამ ნივთიერებებს პირდაპირ კანიდან იწოვს. რუხი-მომწვანო ფერის ზარმაცა ხის გამხმარ ფოთლებს წააგავს, რითაც შესანიშნავად ინიღბება. რაც უფრო დიდხანს ცოცხლობს ზარმაცა, მით უფრო მწვანე ფერს იძენს.

[საავტორო უფლებები]

Top right: © Michael and Patricia Fogden: bottom: © Jan Ševčík