არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გნებავთ რიკშათი მგზავრობა?

გნებავთ რიკშათი მგზავრობა?

გნებავთ რიკშათი მგზავრობა?

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ჩასვლისთანავე აუცილებლად შენიშნავთ რაღაც უჩვეულოს. ხალხმრავალ ქუჩებში უამრავ ველოსიპედიან რიკშას დაინახავთ, რომელთაც ხალხი გადაჰყავთ ან ბარგი გადააქვთ.

დაკაში რიკშა ჯერ კიდევ პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა. მართალია ქალაქში 80 000 რიკშაა რეგისტრირებული, მაგრამ ბევრის აზრით, ყოველდღე ქალაქის ქუჩებში გაცილებით მეტი რიკშა მოძრაობს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ დაკა რიკშების დედაქალაქად იქცა!

პირველი რიკშა

რიკშას მსგავს საზიდრებს საფრანგეთში ლუდოვიკო XIV-ის მეფობის დროს (1638—1715) იყენებდნენ. ზოგი ფიქრობს, რომ რიკშა გამოიგონა ამერიკელმა ჯონათან გობლმა, რომელიც იაპონიაში მისიონერად მსახურობდა XIX საუკუნის 70-იან წლებში. ამბობენ, რომ მან გადაადგილების ეს საშუალება თავისი მეუღლისთვის გამოიგონა, რომელსაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. რიკშას თავდაპირველად იაპონურ ენაზე „ჯინრიკიშა“ ეწოდებოდა, რაც ისეთ ტრანსპორტს ნიშნავს, რომელსაც ადამიანი მიათრევს. საბოლოოდ მას ინგლისურად რიკშა ეწოდა. დროთა განმავლობაში მთელ აზიაში გავრცელდა სხვადასხვა სახის რიკშა, რომელიც იაფი სატრანსპორტო საშუალება გახდა. 1912 წელს, როდესაც ბიბლიის მკვლევართა (ასე ეწოდებოდათ იეჰოვას მოწმეებს) ხელმძღვანელი ჩარლზ ტეიზ რასელი (მარჯვნივ) იაპონიას ეწვია, ბიბლიის მკვლევარებისგან შემდგარ დელეგაციასთან ერთად ქვეყანაში რიკშებით მოგზაურობდა.

დაკას ქუჩებში სამთვლიანი რიკშები პირველად XX საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდა. იმ რიკშებისგან განსხვავებით, რომელსაც ლატნებს მოჭიდებული ადამიანი მიაგორებდა, ეს რიკშა სამთვლიან ველოსიპედს მოგაგონებდათ. რიკშისტი პედლებს ატრიალებდა და მიჰყავდა რიკშა. ეს მას საშუალებას აძლევდა, გადატვირთულ ქუჩებში უფრო ადვილად გადაეყვანა მგზავრები ან გადაეტანა ბარგი.

ხელოვნების ნიმუში

დაკაში ერთ რიკშასაც ვერ ნახავთ, მთლიანად მოხატული რომ არ იყოს. საიდან იღებს სათავეს რიკშების მორთვა-მოკაზმვის ტრადიცია? რიკშების გამოჩენამდე დაკაში მგზავრები გადაჰყავდათ და ტვირთი გადაჰქონდათ ურმებით ანუ „ტომტომებით“, რომლებშიც ცხენები იყო შებმული. როგორც ჩანს, მგზავრების მისაზიდად რიკშას მფლობელებმა თავიანთი ტრანსპორტის მორთვა დაიწყეს. ნახატებითა და რეკლამებით აჭრელებული რიკშა ბოლოს ხელოვნების ნიმუშად იქცა.

რიკშა ძალიან შთამბეჭდავი ტრანსპორტია. მას თამამად შეიძლება ეწოდოს ხელოვნების „მოარული“ ნიმუში. ბანგლადეშელმა ხელოვნებათმცოდნემ სიედ მანზურულ ისლამმა დაკას რიკშებს „მოძრავი გალერეა“ უწოდა. თითოეული რიკშა გარედან სხვადასხვა ფერის ორნამენტებითა და ნახატებით არის გაფორმებული. ფოჩები, ბრჭყვიალა თვლები და მძივები გვერდებზე ან დასაკეც ჩარდახზე აქვს ჩამოკიდებული.

თითოეულ მხატვარს თავისი სტილი და საყვარელი თემატიკა აქვს. ზოგი რიკშა სარეკლამო დაფას მოგაგონებთ, რომელზეც ინდოეთისა და ბანგლადეშის ძველი თუ ახალი კინოფილმების სცენებია ასახული. რიკშებზე აგრეთვე ასახულია სოფლის ცხოვრება, პეიზაჟები, ზოგიერთზე, საზოგადოებრივი ცხოვრება თუ პოლიტიკური თემატიკა, ამასთანავე, ცხოველები, ფრინველები, ნადირობის სცენები თუ ქალაქური ცხოვრების ორომტრიალი.

XX საუკუნის 50-იან წლებში მხოლოდ რამდენიმე მხატვარი თუ იყო რიკშის მოხატვით დაკავებული. დღეს კი ხელოვნების ამ უნიკალურ ნიმუშებს 200-დან 300-მდე მხატვარი ქმნის. რიკშების აწყობა სპეციალურ სახელოსნოებში ხდება. ხშირად მათ ასაწყობად ნახმარ მასალას იყენებენ. მაგალითად, ზეთის ცარიელ თუნუქის ქილებს ან სხვა გამოუყენებელ ნარჩენებს. ნახატი რომ მკაფიო გამოვიდეს, მხატვარი ემალის საღებავს იყენებს. რიკშა ბანგლადეშის ხალხური ხელოვნების ნიმუშია. მასზე შესრულებული ნახატები თავისი უნიკალურობით ყველას ხიბლავს.

რიკშისტი

რიკშისტის სამუშაო დიდ ენერგიას მოითხოვს. წარმოიდგინეთ, რომ მთელი დღის განმავლობაში გიწევთ პედლების ტრიალი და ხალხის გადაყვანა ან მძიმე ტვირთის გადატანა. რიკშას მგზავრებს შორის ნახავთ დიასახლისებს, სკოლის მოწაფეებს, საქმიან თუ სურსათ-სანოვაგით დატვირთულ ადამიანებს. ხშირად რიკშათი ორი, სამი ან მეტი ადამიანი მგზავრობს. მისი მეშვეობით ასევე გადააქვთ ბრინჯით, კარტოფილით, ხახვით სავსე ტომრები და სანელებლები ბაზარში გასაყიდად. ზოგჯერ მგზავრები თავიანთ ბარგს ზედ ასხედან. უცხო თვალისთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ასეთი დატვირთული რიკშას ტარება. და მაინც, მცხუნვარე მზეში თუ წვიმიან ამინდში ეს თავმდაბალი რიკშისტები უდრტვინველად ასე მძიმედ შრომობენ.

რიკშისტების უმრავლესობა ქალაქში ღარიბი სოფლებიდან ჩამოდის, რადგან სოფლებში უჭირთ თავის რჩენა. ისინი ტოვებენ თავიანთ ოჯახებს და რადგან მაღალანაზღაურებად სამუშაოს ვერ შოულობენ, ქალაქში რიკშისტებად იწყებენ მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ ასე მძიმედ შრომობენ, დღეში რამდენიმე დოლარის ეკვივალენტს გამოიმუშავებენ.

უნიკალური ტრანსპორტი

რიკშისტების რაოდენობა დაკაში მატულობს, რადგან ეს ქალაქი ვაკეზეა გაშენებული. იქ ბევრი ვიწრო ქუჩა და შუკაა, სადაც სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს უჭირს გადაადგილება. ბევრს მიაჩნია, რომ ეს ტრანსპორტი არა მარტო ეკოლოგიურად სუფთაა, არამედ მისით მგზავრობა სასიამოვნოცაა.

აზიის ბევრ ქალაქში რიკშების რაოდენობა კატასტროფულად მცირდება. ხალხი თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით არჩევს მგზავრობას, ამიტომ რიკშა მოძველებულად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ის მოდიდან გადასულია, დიზაინის გაუმჯობესებით მაინც ცდილობენ მგზავრების მიზიდვას.

დაკაში შეგიძლიათ იმგზავროთ სხვადასხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაგალითად, ავტობუსით, ტაქსით, მოტოციკლით, ძრავიანი ან ნაირფერი ველოსიპედიანი რიკშათი. თუ დაკას ხალხმრავალ ქუჩებში ამ უკანასკნელით იმგზავრებთ, ეს თქვენთვის დაუვიწყარი იქნება!

[გვერდი 23 დათმობილი აქვს სურათს]