არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენი საოცარი სამყარო

ჩვენი საოცარი სამყარო

ჩვენი საოცარი სამყარო

ზუსტად ერთი საუკუნის წინ მეცნიერებს სჯეროდათ, რომ მთელი სამყარო მხოლოდ ჩვენი გალაქტიკა „ირმის ნახტომისგან“ შედგებოდა. მაგრამ XX საუკუნეში ასტრონომიის, ფიზიკისა და ტექნიკის პროგრესმა ნათელი მოჰფინა სამყაროს გამაოგნებელ მასშტაბებს. ზოგი აღმოჩენა მოკრძალებასაც კი იწვევს. მაგალითად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ სამყაროს 90 პროცენტზე მეტი ჯერ კიდევ გამოუკვლეველია. გარდა ამისა, ამ აღმოჩენებმა მეცნიერებს ფიზიკის ძირითადი წარმოდგენებისა და ცნებების გადასინჯვის აუცილებლობა დაანახვა. ამგვარი რამ მეცნიერებისთვის უცხო არ არის.

მაგალითად, XIX საუკუნის ბოლოს ფიზიკოსებმა სინათლის სიჩქარეზე დაკვირვებით უცნაური რამ შენიშნეს. მათ აღმოაჩინეს, რომ დამკვირვებელთან მიმართებაში სინათლის სიჩქარე ყოველთვის ერთნაირია იმისდა მიუხედავად, თუ რა სისწრაფით მოძრაობს დამკვირვებელი. ეს კი ალოგიკური ჩანდა. ამ თავსატეხს ახსნა მას შემდეგ მოეძებნა, რაც 1905 წელს ალბერტ აინშტაინმა აღმოაჩინა ფარდობითობის თეორია, რომლის თანახმადაც მანძილი, დრო და მასა ფარდობითია. 1907 წელს აინშტაინს დაებადა ახალი აზრი, რასაც მან თავისი ცხოვრების „უბრწყინვალესი იდეა“ უწოდა. მან განავითარა ფარდობითობის ზოგადი თეორია და 1916 წელს გამოაქვეყნა. ამ რევოლუციურ ნაშრომში აინშტაინმა ახსნა გრავიტაციის, სივრცისა და დროის ურთიერთქმედება და დახვეწა ისააკ ნიუტონის მიერ აღმოჩენილი ფიზიკის კანონები.

სამყაროს გაფართოება

იმდროინდელი შეხედულებებიდან გამომდინარე აინშტაინს სჯეროდა, რომ სამყარო სტატიკურია — არც ფართოვდება და არც იკუმშება. მაგრამ 1929 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლმა წარმოადგინა იმის მტკიცებები, რომ სამყარო ფართოვდება.

ჰაბლმა ნათელი მოჰფინა მეცნიერებისთვის დიდი ხნის მანძილზე ამოუხსნელ საიდუმლოს, კერძოდ, რას წარმოადგენდა მკრთალი მნათი ლაქები, რომლებიც ღამით მოწმენდილ ცაზე ჩანდა. აირის ამ გიგანტურ ღრუბლებს ნისლეულები ეწოდა. მაგრამ იყო ეს ნისლეულები ჩვენი გალაქტიკის ნაწილი, თუ ისინი ჩვენი გალაქტიკის გარეთ მდებარეობდა, როგორც ამას საუკუნით ადრე ბრიტანელი ასტრონომი, სერ უილიამ ჰერშელი (1738—1822) ვარაუდობდა?

ჰაბლმა გამოთვალა მანძილი ერთ-ერთ ნისლეულამდე, კერძოდ, ანდრომედეს თანავარსკვლავედში შემავალ ანდრომედეს ნისლეულამდე, და დაასკვნა, რომ სინამდვილეში ეს იყო მილიონობით სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკა. აქედან გამომდინარე, ეს ნისლეული საკმაოდ შორს უნდა ყოფილიყო „ირმის ნახტომიდან“, რომლის დიამეტრიც „სულ რაღაც“ 100 000 სინათლის წელიწადია. ჰაბლმა გამოთვალა მანძილი სხვადასხვა ნისლეულამდე, რითაც ფარდა ახადა სამყაროს გრანდიოზულ მასშტაბებს და რევოლუცია მოახდინა ასტრონომიასა და კოსმოლოგიაში. *

ჰაბლმა მალე ისიც დაინახა, რომ შორეული გალაქტიკები სულ უფრო გვშორდებიან, რაც იმის ნიშანია, რომ სამყარო ფართოვდება. დაკვირვების საფუძველზე ის მიხვდა, რომ რაც უფრო შორსაა გალაქტიკა ჩვენგან, მით უფრო სწრაფად გვშორდება. მისი აღმოჩენების საფუძველზე იმის თქმა შეიძლება, რომ სამყარო დღეს უფრო დიდია, ვიდრე გუშინ იყო. 1929 წელს ჰაბლმა გამოაქვეყნა თავისი ნოვატორული ნაშრომი, რამაც ნიადაგი მოუმზადა სამყაროს წარმოშობის შესახებ „დიდი აფეთქების“ თეორიის განვითარებას. ამ თეორიის თანახმად, სამყარო დაახლოებით 13 მილიარდი წლის წინათ წარმოიშვა კოსმოსური აფეთქების შედეგად. მაგრამ მეცნიერებმა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან სამყაროს შესახებ.

რა სიჩქარით ფართოვდება სამყარო?

ჰაბლის შემდეგ ასტრონომები ცდილობდნენ, რაც შეიძლება ზუსტად გამოეთვალათ სამყაროს გაფართოების სიჩქარე, რასაც მათ „ჰაბლის მუდმივა“ უწოდეს. რატომ იყო ამის გამოთვლა ასე მნიშვნელოვანი? თუ ასტრონომები გამოთვლიდნენ სამყაროს გაფართოების სიჩქარეს, ისინი სამყაროს არსებობის ასაკსაც დაადგენდნენ. უფრო მეტიც, სამყაროს გაფართოების სიჩქარის გამოთვლა მნიშვნელოვანია მისი მომავლის განსასაზღვრავადაც. მეცნიერები ამბობენ, რომ თუ სამყარო ძალიან ნელა ფართოვდება, მაშინ მიზიდულობის ძალა იმძლავრებს, რის შედეგადაც გალაქტიკები ერთმანეთს შეეჯახება და ყველაფერი განადგურდება. მაგრამ, თუ სამყარო ძალიან სწრაფად ფართოვდება, დროთა განმავლობაში ის მთლიანად გაიფანტება.

მართალია, ზუსტი გამოთვლები ზოგ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ არ წყდება ახალი კითხვების ტალღა. ეს კითხვები ეჭვქვეშ აყენებს მატერიისა და ბუნების კანონების შესახებ დღემდე არსებულ ჩვენს ცოდნას.

ბნელი ენერგია და ბნელი მატერია

1998 წელს მეცნიერებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ ერთი ზეახალი ვარსკვლავიდან ანუ აფეთქებული ვარსკვლავიდან მომდინარე სინათლეს, დაადგინეს, რომ სამყაროს გაფართოების სიჩქარე დღითი დღე იზრდება. * ამ მოსაზრებას მეცნიერები თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ მალე სულ უფრო მეტი დამამტკიცებელი ფაქტი გამოჩნდა. მათ აინტერესებდათ, რა ენერგიის ხარჯზე ხდებოდა გაფართოების პროცესის აჩქარება. როგორც ჩანს, ერთი მხრივ, ეს ენერგია ეწინააღმდეგება მიზიდულობის ძალას და მეორე მხრივ, დღემდე არსებული თეორიებით შეუძლებელია მისი ახსნა. იდუმალებით მოცულ ამ ენერგიას სათანადოდ უწოდეს ბნელი ენერგია. ჩვენი სამყაროს თითქმის 75 პროცენტს შესაძლოა ეს ენერგია შეადგენს.

ბნელი ენერგია ბოლო დროს აღმოჩენილი იდუმალებით მოცული ერთადერთი ფენომენი არ არის. 80-იანი წლების ბოლოს ასტრონომებმა არაერთი გალაქტიკა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ეს გალაქტიკები, ისევე როგორც ჩვენი გალაქტიკა, ძალიან სწრაფად მოძრაობენ, მაგრამ არ შორდებიან ერთმანეთს. აშკარაა, რომ მათ რაღაც სხვა მატერია უნდა აძლევდეს საჭირო მიზიდულობის ძალას. რა მატერიაა ეს? მეცნიერებს წარმოდგენა არა აქვთ, რა არის ეს. ამიტომ, მას პირობითად ბნელი მატერია უწოდეს. ის არ შთანთქავს, არ ასხივებს და არ ირეკლავს რადიაციულ გამოსხივებას. * რა რაოდენობის ბნელი მატერიაა სამყაროში? გამოთვლების თანახმად, სამყაროს მასის დაახლოებით 22 პროცენტს ბნელი მატერია შეადგენს.

გამოთვლების თანახმად, სამყაროს მასის 4 პროცენტს ჩვეულებრივი მატერია შეადგენს. სამყაროს დანარჩენი ნაწილი დღემდე იდუმალებით მოცულ ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიას უკავია. აქედან გამომდინარე, სამყაროს დაახლოებით 95 პროცენტი მეცნიერებისთვის ამოუცნობ საიდუმლოდ რჩება. *

უპასუხო კითხვების უსასრულობა

მეცნიერები პასუხებს ეძებენ, მაგრამ ძალიან ხშირად მიგნებული პასუხები სხვა კითხვებს ბადებს. ეს ფაქტი ბიბლიაში, ეკლესიასტეს 3:11-ში ჩაწერილ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას გვახსენებს: „მან [ღმერთმა] ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე. მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში, რათა ადამიანებს თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაეგოთ, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა“.

უდავოა, რომ ხანმოკლე სიცოცხლის გამო ჩვენი ცოდნა შეზღუდულია. გარდა ამისა, ეს ცოდნა ხშირად ვარაუდებს ეფუძნება და ადრე თუ გვიან შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება, რადგან ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს მარადიულ სიცოცხლეს ჰპირდება სამოთხეში დედამიწაზე. ასეთ პირობებში მათ უსასრულოდ ექნებათ ღვთის შემოქმედების კვლევის შესაძლებლობა, რის შედეგადაც ისინი ნამდვილ ცოდნას შეიძენენ (ფსალმუნი 37:11, 29; ლუკა 23:43).

აქედან გამომდინარე, არ უნდა გვაშინებდეს სამყაროს მომავალთან დაკავშირებული პესიმისტური ვარაუდები. მეცნიერებს ხომ მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა აქვთ სამყაროზე, მაშინ როცა მისმა შემოქმედმა ყველაფერი იცის (გამოცხადება 4:11).

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 ასტრონომია შეისწავლის ციურ სხეულებსა და მატერიას. ერთი ენციკლოპედიის თანახმად, კოსმოლოგია არის ასტრონომიის დარგი, „რომელიც შეისწავლის სამყაროს აგებულებას, განვითარებასა და კოსმოსში მოქმედ ძალებს. კოსმოლოგები იკვლევენ სამყაროს წარმოშობას, განვითარებასა და მომავალს“ (The World Book Encyclopedia).

^ აბზ. 13 აფეთქებულ ვარსკვლავებს უწოდებენ Iა ტიპის ზეახალ ვარსკვლავებს. მცირე ხნით მათი სიკაშკაშე მზის სიკაშკაშეს 1 მილიარდჯერ აღემატება. ასტრონომები ზეახალ ვარსკვლავებს საზომი ერთეულის სტანდარტად იყენებენ.

^ აბზ. 14 ბნელი მატერიის არსებობის იდეა ჯერ კიდევ 30-იან წლებში წამოაყენეს და 80-იანი წლების ბოლოს დაამტკიცეს. დღესდღეობით ასტრონომები იკვლევენ, თუ რა რაოდენობის ბნელი მატერიაა გალაქტიკების გროვაში. ამ მიზნით ისინი აკვირდებიან, როგორ უცვლის გალაქტიკების გროვა შორეული სხეულებიდან მომავალ სინათლეს მიმართულებას.

^ აბზ. 15 2009 წელი „ასტრონომიის საერთაშორისო წლად“ გამოცხადდა. ამ წელს აღნიშნავენ გალილეო გალილეის მიერ პირველი ასტრონომიული ტელესკოპის გამოყენებიდან 400 წლისთავს.

[ჩარჩო 17 გვერდზე]

შეხედეთ ზეცას და თავი დაიმდაბლეთ

ძველ დროში მცხოვრები ღვთის ერთი მსახური ღამით მოწმენდილ ცას მოწიწებით შეჰყურებდა. თავისი გრძნობები მან ფსალმუნის 8:3, 4-ში შემდეგნაირად აღწერა: „როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი, ვფიქრობ: რა არის მოკვდავი კაცი, რომ გახსოვს, ანდა მისი ძე, რომ ზრუნავ მასზე?“. ფსალმუნმომღერალს არც ტელესკოპი ჰქონია და არც სხვა რაიმე მსგავსი ხელსაწყო. ჩვენ მით უმეტეს უნდა ვავლენდეთ ღვთისადმი მოწიწებას!

[დიაგრამა 18 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

74% ბნელი ენერგია

22% ბნელი მატერია

4% ჩვეულებრივი მატერია

[სურათის საავტორო უფლება 16 გვერდზე]

Background: Based on NASA photo

[სურათის საავტორო უფლება 18 გვერდზე]

Background: Based on NASA photo