არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მზრუნველი და შეხმატკბილებული მშობლები

მზრუნველი და შეხმატკბილებული მშობლები

მზრუნველი და შეხმატკბილებული მშობლები

▪ სამხრეთ აფრიკის მაღალ ველდზე ანუ პლატოზე ტემპერატურა თითქმის ნულამდე ეცემა. მესამე სართულზე მდებარე თბილი ოფისიდან თვალყურს ვადევნებდი, როგორ არხევდა ფოთლებშემოძარცვულ ხეს ზამთრის სუსხიანი ქარი. ტოტებს შორის აშენებულ ბუდეში დედალ-მამალი პატარა გვრიტი (Streptopelia senegalensis) თავს ევლებოდა სამი დღის გამოჩეკილ ბარტყებს.

კვერცხების დადებამდე გვრიტები ბუდის აშენებას იწყებენ. მამალს გამხმარი რტოები მოაქვს, დედალი კი ბუდეს წნავს. ისინი შესანიშნავად ართმევენ საქმეს თავს, რადგან ზამთრის ცივი ქარები ვერაფერს აკლებს მათ ბუდეს, რომელშიც ორი კვერცხი დევს. დედალი ღამღამობით ზის კვერცხებზე, მამალი — დღისით. ორი კვირის შემდეგ ბარტყებიც იჩეკებიან. ორიოდე კვირაში ბარტყები ისე მოძლიერდებიან, რომ დამოუკიდებლად შეძლებენ ფრენას.

ბუდიდან გვრიტების სასიამოვნო ღუღუნი ისმის, რომელიც ადამიანის ხითხითს მოგვაგონებს. დედალ გვრიტს ჩიჩახვით საჭმელი მოაქვს მშიერი ბარტყებისთვის, იქვე ახლოს ტოტზე ჯდება და თავის მეწყვილეს ღუღუნით აუწყებს, რომ ახლა თავად იზრუნებს ბარტყებზე. მას შემდეგ, რაც ბარტყები ფრენას ისწავლიან, მშობლები კვლავ გააგრძელებენ მათზე ზრუნვას, სანამ ისინი დამოუკიდებლად არ შეძლებენ საზრდოს მოპოვებას.

ხშირად გავოცებულვარ იმით, თუ რა შეხმატკბილებულად და სათუთად ზრუნავენ ფრინველები თავიანთ ბარტყებზე. ამას ისინი ინსტინქტურად აკეთებენ და ასე ხდება თაობიდან თაობაში. ამან ფსალმუნის 86:8-ში ჩაწერილი სიტყვები გამახსენა: „არავინ არის შენი მსგავსი . . . იეჰოვა, ვერავინ აკეთებს შენებრ საქმეებს“.

ბიბლიაში, თავის წერილობით სიტყვაში, იეჰოვა ღმერთმა შვილებზე ზრუნვასთან დაკავშირებით მითითებები მისცა მშობლებს. ისინი ისეთივე სანდოა, როგორც ფრინველებში ჩადებული ინსტინქტი. მაგალითად, ბიბლია დედებს მოუწოდებს, „უყვარდეთ შვილები“ (ტიტე 2:4). მამებს კი ეუბნება: „ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იზრუნეთ მათზე — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფესოელები 6:4; 1 ტიმოთე 5:8). ღმერთი ძალიან აფასებს მშობლებს, რომლებიც ითვალისწინებენ ამ რჩევებს.