არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჰეროდე დიდი დიდებული მშენებელი

ჰეროდე დიდი დიდებული მშენებელი

ჰეროდე დიდი დიდებული მშენებელი

ორი ათას წელზე მეტი ხნის წინათ მან დაახლოებით 30 წელი იმეფა. მისი სამეფო მოიცავდა იუდეასა და მის გარშემო არსებულ ზოგიერთ ტერიტორიას. ისტორიაში ის ჰეროდე დიდის სახელით შევიდა.

ჰეროდეს სახელის ხსენებაზე ბევრს თვალწინ წარმოუდგება საკუთარი ოჯახის წევრებისა და უმწეო ბავშვების მკვლელი შურიანი მეფე. როდესაც აღმოსავლეთიდან მისულმა ასტროლოგებმა მომავალი მეფის დაბადება აცნობეს, ჰეროდემ თავი ისე მოაჩვენა მათ, თითქოს სურდა ბავშვისთვის თაყვანი ეცა. მან სთხოვა ასტროლოგებს, ბავშვი მოეძებნათ და როცა იპოვიდნენ, მისთვისაც შეეტყობინებინათ. მაგრამ ღმერთმა გააფრთხილა ასტროლოგები, რომ მეფესთან არ დაბრუნებულიყვნენ. ამიტომ ჰეროდემ ბრძანა, მოეკლათ ორ წლამდე ასაკის ყველა ბავშვი ბეთლემში (სადაც ასტროლოგებმა იესო ნახეს) და მის შემოგარენში (მათე 2:1—18).

თუმცა აღსანიშნავია, რომ ჰეროდემ ახალგაზრდობაში სახელი გაითქვა შთამბეჭდავი სამშენებლო პროექტებით. მან ააშენა ტაძრები, ამფითეატრები, იპოდრომები და აკვედუკები, აგრეთვე სამეფო სასახლეები მდიდრული აბანოებით. მისი პროექტები დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ინჟინრებზე.

ჰეროდემ შენობების ასაგებად ისეთი ადგილები შეარჩია, სადაც ისინი საუცხოოდ შეერწყა გარემოს. მის სასახლეებს ამშვენებდა გულდასმით შესრულებული ფრესკები, მობათქაშებული კედლები და მოზაიკით მოპირკეთებული იატაკები. ჰეროდემ იუდეაში აგრეთვე ააშენა რომაული სტილის აბანოები, სადაც ცხელი და თბილი წყლის ოთახები იყო და იატაკქვეშ ცენტრალური გათბობის სისტემა გადიოდა. როგორც ცნობილია, მან მთლიანი ქალაქები გააშენა, რომელთაგანაც ერთს ნავსადგურიც კი ჰქონდა.

საპორტო ქალაქი კესარეა

კესარეაში ჰეროდემ რომის იმპერიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტი ააგო. მისი ფართობი დღეს არქეოლოგების გაოცებას იწვევს. პორტში ერთდროულად ას გემს შეეძლო გაჩერება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კესარეა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი იყო.

ნავმისადგომები და ტალღასაჭრელები იმ დროისთვის საუკეთესოდ იყო გაკეთებული. მეცნიერები გაოცებულები არიან, თუ როგორ შეძლეს 15 მეტრი სიგრძის, 3 მეტრი სიმაღლისა და 3 მეტრი სიგანის დიდი ბლოკების დალაგება, რომლებსაც პირველი საუკუნის ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი აღწერს. ახლახანს მყვინთავებმა აღმოაჩინეს ასეთი ბლოკები, რომლებიც ჩვეულებრივი ბეტონისგან იყო ჩამოსხმული. ნავმისადგომებისა და ტალღასაჭრელების ასაგებად, მუშები ხის ყალიბში ასხამდნენ ბეტონს, წყალში უშვებდნენ და ამაგრებდნენ.

კარგად დაპროექტებულ საპორტო ქალაქში აგრეთვე იყო სასახლე, იპოდრომი, 4 000-ადგილიანი თეატრი და კეისარ ავგუსტუსის ტაძარი. ქალაქს მიწისქვეშა საკანალიზაციო სისტემაც ჰქონდა. აკვედუკებითა და გვირაბებით კესარეას სასმელი წყალი მიეწოდებოდა თითქმის 6 კილომეტრით დაშორებული ქარმელის მთის წყაროებიდან.

იერუსალიმი და ჰეროდეს ტაძარი

ჰეროდეს უდიდეს პროექტს წარმოადგენდა ტაძარი, რომელიც მან იერუსალიმში ააშენა. ამ ადგილზე არსებული პირველი ტაძარი ააგო მეფე სოლომონმა იმ გეგმის მიხედვით, რომელიც მამამისს, დავითს ღმერთმა შთააგონა (1 მეფეები 6:1; 1 მატიანე 28:11, 12). სოლომონის ტაძარი ჰეროდემდე დაახლოებით 420 წლით ადრე ბაბილონელებმა გაანადგურეს. 90 წლის შემდეგ ის იუდას მმართველმა ზერუბაბელმა ააშენა, თუმცა ის ისეთი შთამბეჭდავი აღარ იყო, როგორიც უწინ.

იმ ტაძრის შესახებ, რომელიც ჰეროდემ სოლომონის ტაძრის ადგილზე ააშენა, იოსებ ფლავიუსი წერდა: „ის ყველა მხარეს დაფარულია ოქროთი. როგორც კი მზის სხივი მოხვდება, ანარეკლი იმდენად თვალისმომჭრელია, თითქოს პირდაპირ მზეს უყურებ. შორიდან ტაძარი თეთრ მთასავით მოსჩანს, რადგან ის ადგილები, რომლებიც ოქროთი არ არის დაფარული, თეთრად ელვარებს“.

ათასობით კაცი მუშაობდა ტაძრის კედლების აღდგენაზე, რომელიც დასავლეთით დაახლოებით 500 მეტრი სიგრძისა იყო. უზარმაზარ ქვებს ერთმანეთზე დუღაბის გარეშე ალაგებდნენ. ერთი ასეთი ქვა დაახლოებით 400 ტონას იწონიდა და როგორც ერთი მეცნიერი ამბობს, „ძველ მსოფლიოში ასეთი ზომის ქვები სხვაგან არსად მოიპოვებოდა“. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ მოახდინა იესოს მოწაფეებზე დიდი შთაბეჭდილება ამ ქვების დანახვამ (მარკოზი 13:1). კედლებზე ზემოდან გააკეთეს ბაქანი, რომელსაც ტაძრის მთას უწოდებდნენ. ეს ბაქანი იმ დროს მსოფლიოში ყველაზე დიდი იყო. მისი ზომა 25 ფეხბურთის მოედნის ზომას აღემატებოდა.

ჰეროდემ იერუსალიმში სხვა შენობებიც ააგო. ერთ-ერთი მათგანი იყო ანტონიუსის ციხესიმაგრე, რომელიც ტაძრის მომიჯნავედ იდგა. ჰეროდემ აგრეთვე ააშენა სასახლე და სამი მრავალსართულიანი კოშკი ქალაქის შესასვლელში.

სამარია და იერიხონი

ჰეროდემ კეისარ ავგუსტუსისგან საჩუქრად მიიღო უძველესი ქალაქი სამარია, რომელსაც სახელი შეუცვალა და სებასტა დაარქვა. ჰეროდემ ქალაქი სხვადასხვა ნაგებობით დაამშვენა, მათ შორის შესაძლოა იყო სტადიონიც, რომელსაც გარშემო კოლონადები ჰქონდა შემოვლებული. მან აგრეთვე ააშენა დიდი შენობები და ფრესკებით მოახატვინა.

იერიხონი ზღვის დონიდან დაახლოებით 250 მეტრით დაბლა იორდანის ველზე მდებარეობდა და სუბტროპიკული კლიმატით გამოირჩეოდა. მისი ფართობი დაახლოებით 1 000 ჰექტარი იყო. ჰეროდემ იქ ზამთრის სასახლე ააშენა, რომელიც მწვანეში იყო ჩაფლული. მან გააერთიანა სამი სასახლე და ერთ დიდებულ სასახლედ აქცია. თითოეულ შენობას ჰქონდა მისაღები დარბაზები, აბანოები, ბაღები და საცურაო აუზები. გასაკვირი არაა, რომ იერიხონში შესანიშნავი პირობები იყო ზამთრის გასატარებლად.

უნიკალური ციხესიმაგრეები

ზამთრის გასატარებლად ჰეროდეს სხვა ადგილიც ჰქონდა. მან კლდოვან პლატოზე, რომელიც მკვდარი ზღვის დონიდან 400 მეტრით მაღლა მდებარეობდა, აღმართა მასადას სახელით ცნობილი ციხესიმაგრე. ამ ადგილზე მან ააგო სამტერასიანი შესანიშნავი სასახლე, რომელსაც საცურაო აუზები ჰქონდა. აგრეთვე ააშენა კიდევ ერთი სასახლე, რომელსაც ჰქონდა რომაული სტილის აბანო ცხელი წყლის სისტემით და საკანალიზაციო სისტემით აღჭურვილი საპირფარეშო.

ამ უდაბნოში ჰეროდემ ისეთი პირობები შექმნა, რომ დაესვენა და ჯანმრთელობაზე ეზრუნა. მან გააკეთებინა ცისტერნები, რომლებიც 40 000 000 ლიტრ წყალს იტევდა. ციხესიმაგრეში წყლის სისტემა ისე იყო გაკეთებული, რომ წვიმის წყალი გროვდებოდა, ამიტომ იქ წყალი საკმარისი იყო მოსავლის მოსაყვანად, საცურაო აუზების ასავსებად და აბანოებისთვის.

ჰეროდეს მიერ განხორციელებული კიდევ ერთი საინჟინრო პროექტი იყო ჰეროდიუმის ციხესიმაგრე, რომელიც ბეთლემიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით ხუთ კილომეტრში ბორცვზე იდგა. ციხესიმაგრე ორ ნაწილად იყოფოდა — ზემო და ქვემო ჰეროდიუმად. ზემო ჰეროდიუმი იყო შთამბეჭდავი ციხესიმაგრე, რომელსაც აღმოსავლეთით ჰქონდა ხუთსართულიანი კოშკი (ამჟამად მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი), საიდანაც ხელისგულივით ჩანდა ყველაფერი. ორი წლის წინ საერთაშორისო პრესა იუწყებოდა, რომ ზემო ჰეროდიუმის ფერდობზე აღმოაჩინეს ჰეროდეს აკლდამის ნანგრევები, რითაც დადასტურდა იოსებ ფლავიუსის ჩანაწერი, რომ ამ ადგილზე ჰეროდე დაკრძალეს.

სასახლის კომპლექსი ქვემო ჰეროდიუმში იყო. მთავარ სანახაობას წარმოადგენდა რომაული ბაღი, რომელიც სვეტებით იყო დამშვენებული. ბაღში იყო ძალიან დიდი აუზი, რომლის შუაშიც ხელოვნური კუნძული იყო გაკეთებული. აუზის ზომა თითქმის ორჯერ აღემატებოდა ოლიმპიური აუზის ზომას. მას ძირითადად წყალსაცავად იყენებდნენ, თუმცა მასში ბანაობდნენ და ნავებითაც კი დაცურავდნენ. აუზში აკვედუკების საშუალებით წყალი ჩაედინებოდა წყაროდან, რომელიც ხუთი კილომეტრით იყო დაშორებული.

რამდენიმე წლის წინ ერთმა ტურისტმა იქაური ლანდშაფტის შესახებ თქვა: „აქედან აღმოსავლეთით მკვდარ ზღვამდე ყველაფრის დანახვა შეიძლება. დიდი ხნის წინ აქ იყო იუდეის უდაბნო, სადაც დავითი თავის მდევნელს, საულს ემალებოდა. ამ ადგილების დანახვისას გასაგები ხდება, თუ როგორ შეძლო დავითმა საულისგან დამალვა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მას ახალგაზრდობიდანვე კარგად უნდა სცოდნოდა ეს ადგილები. ჩვენი აზრით, როცა დავითი ცხვარს მწყემსავდა, ის შესაძლოა ხშირად ამოდიოდა ამ გორაზე, რომ დამტკბარიყო თვალწარმტაცი ხედებით“.

ბევრი წიგნი დაიწერა ჰეროდეს სამშენებლო მიღწევებზე. სხვადასხვა მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ რატომ წამოიწყო მან ასეთი გრანდიოზული მშენებლობა. ზოგს მიაჩნია, რომ ჰეროდეს საკუთარი თავის განდიდება ან პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება სურდა. რაც უნდა ყოფილიყო მიზეზი, ამ მოკლე მიმოხილვიდან ჩანს, რომ სასტიკი მმართველი ჰეროდე დიდი ისტორიაში დიდებული მშენებლის სახელითაც შევიდა.

[სურათი 25 გვერდზე]

კესარეა

(მხატვრის წარმოსახვა)

[სურათი 25 გვერდზე]

სასახლე იერუსალიმში (მოდელი)

(მოდელი)

[სურათი 25 გვერდზე]

ჰეროდეს ტაძარი

(მოდელი)

[სურათი 26 გვერდზე]

მასადა

(სამტერასიანი სასახლის ნანგრევები)

[საავტორო უფლება]

Pictorial Archive (Near Eastern History) Est.

[სურათი 26 გვერდზე]

ჰეროდიუმი (მხატვრის წარმოსახვა)

(მხატვრის წარმოსახვა)

[სურათის საავტორო უფლებები 25 გვერდზე]

Caesarea: Hiram Henriquez/National Geographic Stock; Palace: Courtesy of Israel Museum, Jerusalem, and Todd Bolen/Bible Places.com