არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„კურთხევაა თუ წყევლა?“

„კურთხევაა თუ წყევლა?“

„კურთხევაა თუ წყევლა?“

მძღოლი საჭეს ვერ იმორჩილებს, ავტომობილი ბოძს ეჯახება და მძღოლის გვერდით მჯდომი ქალბატონი სერიოზულად ზიანდება. მძღოლი მაშინვე მობილურით რეკავს და სასწრაფო დახმარებას იძახებს. რა იყო ამ ავტოავარიის მიზეზი? მძღოლმა წამიერად მოაცილა თვალი გზას, რომ მობილურზე ეპასუხა.

როგორც ამ მაგალითიდან ვხედავთ, თანამედროვე ტექნიკამ შეიძლება ზიანი მოგვიტანოს ან დიდი დახმარება გაგვიწიოს — ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვიყენებთ მას. ცხადია, არავინ მოისურვებდა მოძველებული აპარატურის გამოყენებას. ინტერნეტი თავიდან გვარიდებს ისეთ არასასიამოვნო პროცედურებს, როგორიცაა ყიდვა-გაყიდვა და საბანკო ოპერაციები, და გვეხმარება, რომ სხვებს იმეილით, ხმოვანი ფოსტით და ვიდეობმულით დავუკავშირდეთ.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ დილით სახლიდან გასული ოჯახის წევრები საღამომდე ერთმანეთს ვერ ეხმიანებოდნენ. მაგრამ დღეს „ცოლ-ქმრების 70 პროცენტი, ვისაც მობილურები აქვთ, ყოველდღე ურეკავენ ერთმანეთს, რომ უბრალოდ მოიკითხონ, 64 პროცენტი ერთმანეთს თავიანთ გეგმებს ატყობინებს, მშობლების 42 პროცენტი კი ყოველდღე ეხმიანება შვილებს“, — ნათქვამია „იუ-ეს-ეი ტუდეიში“.

თვალს ნუ დახუჭავთ უარყოფით მხარეებზე

შეიძლება ტექნიკის არასათანადოდ და მეტისმეტად ხშირად გამოყენებამ გონებრივი და ფიზიკური ზიანი მოგვაყენოს? განვიხილოთ დასავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში მცხოვრები ახალდაქორწინებული წყვილის შემთხვევა. როგორც ახალ ამბებში გადმოსცეს, ისინი „ავტომობილსა თუ სპორტდარბაზში გამუდმებით ურეკავდნენ ერთმანეთს მობილურზე და თავიანთი სახლის ერთი ოთახიდან მეორე ოთახშიც კი ტელეფონით ლაპარაკობდნენ“. ზოგჯერ ეს ცოლ-ქმარი თვის განმავლობაში 4 000 წუთს, 66 საათზე მეტს, საუბრობდა მობილურით. მათ თქვეს, რომ მობილურის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. „ეს ტექნიკაზე დამოკიდებულების კლასიკური შემთხვევაა“, — აღნიშნა ფსიქოლოგმა ჰარის სტრატნერმა, შემდეგ კი დასძინა: „როგორც ჩანს, მათ ნივთის მეშვეობით აქვთ ურთიერთობა“.

შეიძლება იფიქროთ, რომ ეს წყვილი უკიდურესობამდეა მისული, მაგრამ ფაქტია, ეს შემთხვევა შემაშფოთებელ ტენდენციაზე მეტყველებს. ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ ერთი საათის მანძილზეც კი არავის დაუკავშირდეს. „მოთხოვნილებად გვექცა, ყოველთვის ვნახოთ იმეილი, ინტერნეტში ვიყოთ ჩართული და სწრაფი შეტყობინებების მეშვეობით მეგობრებთან მიწერ-მოწერა გვქონდეს“, — ამბობს 20 წლის გოგონა.

„თუ ტექნიკა უფრო და უფრო მეტ დროს გართმევთ და თქვენს ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს იკავებს, ეს ცუდის ნიშანია“, — თქვა ფსიქოლოგმა ბრაიან იაომ სინგაპურში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში (The Business Times of Singapore). უფრო მეტიც, ვინც ტექნიკას საათობით უზის, ხშირად ნაკლებს მოძრაობს, რის გამოც ემუქრება დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა ან სხვა სერიოზული დაავადების განვითარების საშიშროება.

ტექნიკის არასათანადოდ გამოყენებას სხვა საშიშროებებიც ახლავს თან, რამაც შეიძლება ადამიანს მაშინვე მიაყენოს ზიანი. მაგალითად, ახლახან ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ ავტომობილის მართვისას მძღოლებს, რომლებიც მობილურით ლაპარაკობენ, თუნდაც ამ დროს ყურსასმენს იყენებდნენ, ისეთივე შენელებული რეაქცია აქვთ, როგორც ნასვამ მძღოლებს. ავტომანქანის მართვისას მძღოლისთვის შეიძლება SMS-ების წერაც სასიკვდილო აღმოჩნდეს. ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 27 წლამდე მძღოლების დაახლოებით 40 პროცენტი საჭესთან ჯდომისას SMS-ებს წერს. თუ ავტომობილის მართვისას გინდათ, მობილურით დაელაპარაკოთ ვინმეს ან მესიჯი გაუგზავნოთ, გახსოვდეთ, რომ ავარიის შემთხვევაში პოლიციამ და სადაზღვევო კომპანიამ შეიძლება შეამოწმოს, ავარიამდე გამოიყენეთ თუ არა მობილური. ერთი დარეკვა ან ვინმესთვის ერთი-ორი სიტყვის მიწერა შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ! * კალიფორნიაში (აშშ) 2008 წელს სარკინიგზო კატასტროფას 25 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამოძიებამ დაადგინა, რომ კატასტროფამდე რამდენიმე წამით ადრე მემანქანეს SMS ჰქონდა გაგზავნილი. მან დამუხრუჭებაც კი ვერ მოასწრო.

უფრო და უფრო იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც მობილურებს, კომპიუტერებსა თუ სხვა ტექნიკურ საშუალებებს იყენებენ გასართობად. ამიტომ მათ უნდა ისწავლონ ტექნიკის გონივრულად და მიზანმიმართულად გამოყენება. შემდეგ სტატიაში განხილული იქნება, რა დაეხმარება მათ ამ მხრივ.

[სქოლიო]

^ აბზ. 9 ყველა, ვინც ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრებას ცდილობს, ერიდება ყველაფერს, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს (დაბადება 9:5, 6; რომაელები 13:1).

[სურათი 5 გვერდზე]

გართმევთ ტექნიკა დიდ დროს?