არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შესაძლებელია მტრების სიყვარული?

შესაძლებელია მტრების სიყვარული?

ბიბლიის თვალსაზრისი

შესაძლებელია მტრების სიყვარული?

„მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის, რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები, რადგან მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“, — თქვა იესო ქრისტემ (მათე 5:44, 45).

როგორ ფიქრობთ, რელიგია სიყვარულსა და მშვიდობას უწყობს ხელს თუ სიძულვილსა და შუღლს? ბევრის აზრით, რელიგია სიძულვილსა და შუღლს აღვივებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკაში ერევა და ხელს უწყობს ეთნიკურ დაყოფასა თუ ნაციონალიზმს. მაგრამ იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ ჭეშმარიტი ღვთის შვილები ბაძავენ ღმერთს სიყვარულის გამოვლენაში და თავიანთი მტრებიც კი უყვართ.

ღვთის ერთ-ერთმა მსახურმა თქვა: „თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე, თუ სწყურია, დაალევინე . . . არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით“ (რომაელები 12:20, 21). შესაძლებელია ასეთი სიყვარულის გამოვლენა ამ დაყოფილ მსოფლიოში? იეჰოვას მოწმეები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ნამდვილად შესაძლებელია. განვიხილოთ იესოსა და მისი მიმდევრების მაგალითი.

მათ უყვარდათ თავიანთი მტრები

იესო ღვთის შესახებ ჭეშმარიტებას ასწავლიდა და მრავალი სიამოვნებით უსმენდა მას. მაგრამ ბევრი ეწინააღმდეგებოდა, რომელთაგან ზოგი შეცდომაში იყო შეყვანილი (იოანე 7:12, 13; საქმეები 2:36—38; 3:15, 17). მიუხედავად ამისა, იესო განაგრძობდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობის გადაცემას ყველასთვის, მათ შორის მოწინააღმდეგეებისთვის (მარკოზი 12:13—34). მან იცოდა, რომ ზოგი შეიცვლებოდა, მას მესიად აღიარებდა და ღვთის სიტყვის თანახმად მოიქცეოდა (იოანე 7:1, 37—46; 17:17).

იმ ღამესაც კი, როცა შეიარაღებულმა ბრბომ იესო უსამართლოდ შეიპყრო, მან თავისი მტრებისადმი სიყვარული გამოავლინა. იესომ განკურნა მის შესაპყრობად მისული მღვდელმთავრის მონა, რომელსაც პეტრე მოციქულმა მახვილი დაჰკრა. ამ დროს იესომ მოიყვანა მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლითაც მისი მიმდევრები დღესაც ხელმძღვანელობენ. მან თქვა: „ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მათე 26:48—52; იოანე 18:10, 11). დაახლოებით 30 წლის შემდეგ პეტრემ დაწერა: „ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს . . . როცა იტანჯებოდა, არ იმუქრებოდა, არამედ . . . [ღმერთს] ჩააბარა თავი“ (1 პეტრე 2:21, 23). როგორც ამ მუხლიდან ჩანს, პეტრეს უკვე კარგად ესმოდა, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს უნდა ყვარებოდათ ყველა და სამაგიერო არავისთვის არ უნდა გადაეხადათ (მათე 5:9).

ყველა, ვინც ‘ერთგულად მიჰყვება იესოს ნაკვალევს’, სხვებისადმი ასეთ სიყვარულს ავლენს. ‘უფლის მონა არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი და თავშეკავებული უნდა იყოს, როცა ბოროტებას ხვდება’, — ნათქვამია 2 ტიმოთეს 2:24-ში. ამ თვისებებს ავლენენ ქრისტიანები, რომლებიც მშვიდობისმყოფელები არიან.

ქრისტეს მშვიდობისმყოფელი ელჩები

პავლემ თანამორწმუნეებს მისწერა: «ამიტომ ჩვენ ელჩები ვართ ქრისტეს ნაცვლად . . . ჩვენ ქრისტეს ნაცვლად გთხოვთ: „შეურიგდით ღმერთს“» (2 კორინთელები 5:20). ელჩები არ ერევიან იმ ქვეყნის საშინაო პოლიტიკასა და სამხედრო საქმეებში, სადაც დანიშნულები არიან. უფრო მეტიც, მათ ნეიტრალური პოზიცია უკავიათ. ისინი თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლები არიან და მის ინტერესებს იცავენ.

იმავეს თქმა შეიძლება ქრისტეს ელჩებსა და წარმომადგენლებზე. ისინი მეფედ აღიარებენ ქრისტეს და ქადაგებენ სასიხარულო ცნობას, რითაც ზეციერი სამეფოს ინტერესებს იცავენ (მათე 24:14; იოანე 18:36). სწორედ ამიტომ მისწერა პავლემ პირველი საუკუნის ქრისტიანებს შემდეგი სიტყვები: „თუმცა ხორცში დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით. ჩვენი საომარი იარაღი ხორციელი არ არის, რადგან მას ღვთისგან აქვს მიცემული ძალა . . . [რითაც] ვამხობთ აზრებს და ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართულ ყოველგვარ სიმაღლეს“ (2 კორინთელები 10:3—5; ეფესოელები 6:13—20).

როცა პავლემ ეს სიტყვები დაწერა, იმ დროს ქრისტიანებს ბევრ ქვეყანაში დევნიდნენ. რა თქმა უნდა, მათ შეეძლოთ მოწინააღმდეგეებისთვის სამაგიეროს გადახდა. მაგრამ ისინი სიყვარულს ავლენდნენ მტრებისადმი იმით, რომ ყველას უზიარებდნენ სასიხარულო ცნობას და მზად იყვნენ, ისინი ღმერთთან შეერიგებინათ. ერთ-ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „იესოს პირველი მიმდევრები არ მონაწილეობდნენ ომში და უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე“, რადგან მათ შეგნებული ჰქონდათ, რომ „ეს არ ეთანხმებოდა იესოს სწავლებას, ჰყვარებოდათ მტრები“ * (Encyclopedia of Religion and War).

პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად იეჰოვას მოწმეები იესოს მეფედ აღიარებენ. მათ აგრეთვე იციან, რომ იესო არის ღვთის სამეფოს მეფე. ეს სამეფო ზეციერი ხელისუფლებაა, რომელიც მალე დედამიწაზე მარადიულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას დაამყარებს (დანიელი 2:44; მათე 6:9, 10). ისინი ელჩებისა და წარმომადგენლების მსგავსად იმ საოცარ საქმეებზე ქადაგებენ, რომელსაც ღვთის სამეფო მოიმოქმედებს. იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, თავიანთი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები იყვნენ, იხდიან გადასახადებს და ემორჩილებიან ქვეყნის კანონებს, თუ ისინი ღვთის კანონს არ ეწინააღმდეგება (საქმეები 5:29; რომაელები 13:1, 7).

სამწუხაროდ, ისევე როგორც ადრეული ქრისტიანების შემთხვევაში იყო, დღესაც მოწმეებს ზოგჯერ არასწორად უგებენ, ცილს სწამებენ და სდევნიან. მაგრამ, ისინი სამაგიეროს არავის უხდიან და ცდილობენ ‘ყველასთან მშვიდობიანად იყვნენ’. მათ იმედი აქვთ, რომ ზოგი მოწინააღმდეგე ‘ღმერთს შეურიგდება’ და გაიხარებს მარადიული სიცოცხლით (რომაელები 12:18; იოანე 17:3). *

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 „კონსტანტინემდე [რომის იმპერატორი ახ. წ. 306—337 წწ.] ქრისტიანი მწერლები ერთსულოვნად გმობდნენ სისხლისმღვრელ ომებს“, — ნათქვამია ზემოხსენებულ ენციკლოპედიაში. ომისადმი ასეთი დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებმა განდგომილებამ მოიკიდა ფეხი (საქმეები 20:29, 30; 1 ტიმოთე 4:1).

^ აბზ. 15 პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების მსგავსად, იეჰოვას მოწმეები თავიანთი რელიგიური თავისუფლების დასაცავად კანონს მიმართავენ (საქმეები 25:11; ფილიპელები 1:7).

გიფიქრიათ?

▪ როგორ უნდა მოექცნენ ქრისტიანები მტრებს? (მათე 5:43—45; რომაელები 12:20, 21)

▪ როგორ რეაგირებდა იესო დევნის დროს? (1 პეტრე 2:21, 23)

▪ რატომ არ მონაწილეობდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები ომებში? (2 კორინთელები 5:20; 10:3—5)