არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სითბოს გამოვლენა აუცილებელია!

სითბოს გამოვლენა აუცილებელია!

სითბოს გამოვლენა აუცილებელია!

„ხშირად ჩაიხუტეთ ისინი“, — ასეთი რამ უთხრა ბავშვთა ფსიქოლოგმა მასთან რჩევისთვის მისულ ტყუპი შვილების ახალბედა დედას. პროფესორმა დასძინა, რომ „სიყვარულისა და თბილი გრძნობების გამოხატვა მრავალი რამით შეიძლება, მაგალითად გულში ჩაკვრით, კოცნით, თბილი სიტყვებით, გაგებით, სულგრძელობით, პატიებითა და თუ საჭიროა დასჯითაც კი. ნუ იფიქრებთ, რომ ბავშვები ისედაც მიხვდებიან, რომ გიყვართ ისინი“.

მაიამის (ფლორიდა, აშშ) ტაქტილური კვლევის უნივერსიტეტის დირექტორი ტიფანი ფილდიც ეთანხმება ზემოხსენებულ ფსიქოლოგს. ის აღნიშნავს: „შეხება ისეთივე მნიშვნელოვანია ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის, როგორც კვება და ვარჯიში“.

უფროსებსაც სჭირდებათ სითბო და მოფერება? რა თქმა უნდა. ფსიქოლოგმა კლოდ შტაინერმა დაკვირვებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ემოციური კეთილდღეობისთვის ყველა ასაკის ადამიანს სჭირდება, სიტყვიერად თუ ფიზიკურად შეიგრძნოს სხვების სითბო. ერთი მედდა, სახელად ლორა, რომელიც ხანდაზმულებზე ზრუნავს, ამბობს: „მინახავს, როგორ ცვლის მოხუცებს სითბო და მოფერება. როცა თავაზიანად ექცევი და ეფერები, ისინი ადვილად გენდობიან და გიჯერებენ. გარდა ამისა, თბილი მოპყრობა მათ ღირსების გრძნობას უმაღლებს“.

სითბოს გამოვლენა დადებითად მოქმედებს არა მარტო იმ ადამიანზე, ვის მიმართაც ვავლენთ, არამედ — ჩვენზეც. როგორც იესო ქრისტემ აღნიშნა, „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). განსაკუთრებით დასაფასებელია, როცა სითბოს მათ მიმართ გამოხატავ, ვინც დეპრესიაშია, თავს დაუცველად გრძნობს ან შეშფოთებულია. ბიბლიაში მრავალი შემთხვევაა აღწერილი, თუ როგორ იმოქმედა ასეთ ადამიანებზე სითბოს გამოვლენამ.

წარმოიდგინეთ, რა გრძნობები დაეუფლებოდა კეთროვან, საზოგადოებისგან გარიყულ მამაკაცს, როცა მას თვით იესო შეეხო! (ლუკა 5:12, 13; მათე 8:1—3).

დაფიქრდით, რას იგრძნობდა ხანდაზმული წინასწარმეტყველი დანიელი, როცა ღვთის ანგელოზი სამჯერ შეეხო, გაამხნევა და გააძლიერა. ძალაგამოცლილ დანიელს სწორედ ასეთი გამამხნევებელი სიტყვების მოსმენა და თბილი შეხება სჭირდებოდა (დანიელი 10:9—11, 15, 16, 18, 19).

მოციქულ პავლესთან შესახვედრად ერთხელ მისმა მეგობრებმა ეფესოდან მილეტამდე 50 კილომეტრი გაიარეს. ამ შეხვედრის დროს პავლემ მათ უთხრა, რომ შეიძლება მეტად ვეღარც კი შეხვედროდნენ ერთმანეთს. როგორ გამხნევდებოდა პავლე, როცა მისი ერთგული მეგობრები „ეხვეოდნენ და სიყვარულით კოცნიდნენ“ მას (საქმეები 20:36, 37).

ამგვარად, ბიბლიაში ჩაწერილი თუ თანამედროვე მაგალითები ადასტურებს, რომ სითბოს გამოვლენას დიდი ძალა აქვს. ადამიანი ფიზიკურად და ემოციურად თავს კარგად გრძნობს, როცა მას თბილად და სიყვარულით ეპყრობიან. აშკარაა, რომ სათანადოდ გამოვლენილი სითბო მხოლოდ ბავშვებს არ სჭირდებათ.