არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სამუშაოსადმი გაწონასწორებული დამოკიდებულება

სამუშაოსადმი გაწონასწორებული დამოკიდებულება

სამუშაოსადმი გაწონასწორებული დამოკიდებულება

დღევანდელი მწვავე ეკონომიკური კრიზისის პირობებში ადამიანთა მთავარი საფიქრალი ის არის, რომ ჰქონდეთ სტაბილური სამუშაო ანუ შემოსავლის მუდმივი წყარო. ეს არ არის ადვილი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ათასობით მუშა-მოსამსახურე დაითხოვეს სამსახურიდან. თუ ამ ნაკადში თქვენც მოყევით, ალბათ დიდი ძალისხმევა გჭირდებათ სხვა სამუშაოს მოსაძებნად (იხილეთ ჩარჩო მე-8 და მე-9 გვერდებზე).

და მაინც, ცხოვრება მხოლოდ სამსახური არ არის. „მოდი, რეალობას თვალი გავუსწოროთ. სიკვდილის წინ არავინ იტყვის, ნეტავ უფრო მეტი მემუშავაო“, — ამბობს ავსტრალიელი გლენი, რომელსაც ცოლ-შვილი ჰყავს. ფაქტია, დამაკმაყოფილებელი და აზრიანი ცხოვრება რომ გვქონდეს, დრო უნდა დავუთმოთ სამუშაოს. მაგრამ დრო ოჯახს, დასვენებასა და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც სჭირდება. როგორ გავაწონასწოროთ სამუშაო ისე, რომ ეს მნიშვნელოვანი მხარეები არ დავივიწყოთ?

ყველაფერს თავისი დრო აქვს

ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ვიმუშავოთ და ოჯახები ვარჩინოთ (ეფესოელები 4:28). მაგრამ იმასაც გვეუბნება, რომ ვჭამოთ, ვსვათ და სიამე ვნახოთ ჩვენს გარჯაში (ეკლესიასტე 3:13). ხანგრძლივი მუშაობა სათანადო დასვენებისა და გართობის გარეშე მრავალ სასიამოვნო წუთს წაგვართმევს. გარდა ამისა, ეს ჩვენს ჯანმრთელობასაც ავნებს.

ქრონიკული გადაღლილობა ხშირად ხდება სიმსუქნის, ალკოჰოლიზმის, გულის დაავადებების, საწარმოო ტრავმების, ნარკოტიკებზე დამოკიდებულების, შფოთის, დეპრესიისა და სტრესთან დაკავშირებული სხვა გართულებების მიზეზი. გადაღლილობა შეიძლება სიკვდილის მიზეზიც გახდეს. ერთი გამოთვლის თანახმად, იაპონიაში ყოველწლიურად დაახლოებით 10 000 ადამიანი კვდება არანორმალური გრაფიკის გამო ანუ იმდენივე, რამდენიც ავტოკატასტროფაში. ეს სინდრომი, რომელსაც „კაროში“ ანუ „გადაღლილობით გამოწვეული სიკვდილი“ უწოდეს, მხოლოდ იაპონიის პრობლემა არ არის.

ბიბლია გონივრულად გვირჩევს: „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6). გაწონასწორებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. იფრთხილეთ, რომ სამუშაო მანიად არ გექცეთ. გაუფრთხილდით თქვენს ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და ამისათვის საკმარისად დაისვენეთ და გაიხარეთ თქვენი გარჯის ნაყოფით.

„ჩვენ სამუშაოსთვის კი არ ვარსებობთ, სამუშაო არსებობს ჩვენთვის“, — ამბობს ენდრუ, სამი შვილის მამა. სამუშაოსა და დასვენებისთვის განკუთვნილი დროის გაწონასწორება ოჯახზე ზრუნვის საშუალებასაც მოგცემთ. თუმცა ამის გაკეთება იოლი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი გადასახადების გადახდა გიწევთ.

სამუშაო და ოჯახი

დღეს მრავალი ოჯახი გადატვირთული გრაფიკით ცხოვრობს, რის გამოც ოჯახის წევრებს ერთმანეთისთვის დრო არ რჩებათ. „მთელ ძალებს სამუშაო მაცლის, და ბავშვებისთვის თითქმის არაფერი მრჩება“, — ჩივის ერთი ინგლისელი ქალი. შეერთებულ შტატებში გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ 5-დან ერთი მოზარდი ყველაზე მეტად იმას განიცდის, რომ „მშობლებთან ძალიან ცოტა დროს ატარებს“. შეერთებულ შტატებში ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თუ ცოლიც მუშაობს და ქმარიც, ისინი დღეში მხოლოდ 12 წუთს საუბრობენ ერთმანეთთან.

ბევრი დააფიქრა ასეთმა სტრესულმა ცხოვრებამ. ისინი მიხვდნენ, რომ რაღაც უნდა შეეცვალათ. ორი მცირეწლოვანი ბავშვის მამა, ტიმოთი, ამბობს: „ხშირად ნორმაზე მეტს ვმუშაობდი, ჩემი მეუღლე კი შაბათ-კვირას მუშაობდა, რის გამოც ერთმანეთს იშვიათად ვხედავდით. ბოლოს, როგორც იქნა, იმ დასკვნამდე მივედით, რომ ცხოვრების სტილი უნდა შეგვეცვალა. ახლა უფრო ბედნიერი ოჯახი გვაქვს“. ბრაიენი, მაღაზიის გამგე, ამბობს: „მეორე ბავშვს ველოდებოდით, ამიტომ ისეთ სამუშაოს ვეძებდი, დრო ოჯახისთვისაც რომ დამრჩენოდა. მართალია ახალ სამსახურში წინა სამსახურთან შედარებით ნაკლებს მიხდიან, მაგრამ ეს მირჩევნია“. მელინამ ქალიშვილის დაბადების შემდეგ თავი დაანება სამსახურს. ის ამბობს: „ცოტა გაგვიჭირდა მხოლოდ ჩემი ქმრის ხელფასით ცხოვრება, მაგრამ ვარჩიეთ, რომ ემილისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ მე მოვუვლიდი და არა — ძიძა“.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მრავალ ოჯახს დიდი შრომის ფასად უჯდება ყოველთვიური ხარჯების დაფარვა. თავის სარჩენად ზოგ ცოლ-ქმარს ორ სამსახურში უწევს მუშაობა. როცა ორივე ცოლ-ქმარი სახლიდან გასულია, ბავშვებს პაპა-ბებიებთან ან საბავშვო ბაღებში ტოვებენ.

შეიძლება თქვენ უკეთ იცით, როგორ გააწონასწოროთ სამუშაო და ოჯახური პასუხისმგებლობები. მთავარია, ერთი რამ გახსოვდეთ: ნუ შესწირავთ სამუშაოს იმ სიხარულს, რაც ოჯახის წევრებთან ურთიერთობას მოაქვს.

გჯეროდეთ, რომ თუ სამუშაოს, დასვენებასა და ოჯახზე ზრუნვას ერთმანეთს შეუთავსებთ, დადებითი შედეგები არ დააყოვნებს. მომდევნო სტატიაში საუბარი იქნება გაწონასწორებული ცხოვრებისთვის აუცილებელ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე.

[ჩანართი 5 გვერდზე]

იფრთხილეთ, რომ სამუშაო მანიად არ გექცეთ

[ჩანართი 5 გვერდზე]

„ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6)

[ჩანართი 6 გვერდზე]

ნუ შესწირავთ სამუშაოს იმ სიხარულს, რაც ოჯახის წევრებთან ურთიერთობას მოაქვს

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

ფული თუ დასვენება?

მეოცე საუკუნეში ზოგი მეცნიერი ფიქრობდა, რომ ტექნოლოგიის განვითარება ადამიანის შრომას შეამსუბუქებდა და დაიწყებოდა „დასვენების არნახული ერა“.

პროფესორმა ჯულიან ჰაქსლიმ ჯერ კიდევ 1930-იან წლებში იწინასწარმეტყველა, რომ მომავალში კვირაში ორ დღეზე მეტს არავინ იმუშავებდა. ბიზნესმენი უოლტერ გიფორდი აცხადებდა, რომ ტექნოლოგიის წყალობით ყველა იმას გააკეთებდა, რასაც მოისურვებდა, ცხოვრებით დატკბებოდა და სულსა და გულს აამებდა.

როგორ წარმოედგინათ იმ დროისთვის ხალხის მატერიალური კეთილდღეობა? სოციოლოგი ჰენრი ფერჩაილდი იკვეხნიდა, რომ ფაბრიკა-ქარხნები ოთხ სამუშაო საათში იმაზე მეტ პროდუქციას აწარმოებდა, ვიდრე ამის მოხმარებას შევძლებდით.

გამართლდა მათი პროგნოზები? XX—XXI საუკუნეებში ეკონომიკა საოცრად სწრაფი ტემპით განვითარდა. თეორიულად ამას უნდა შეემსუბუქებინა ადამიანის ტვირთი. მაგრამ, რა მოხდა სინამდვილეში? ჰოლანდიელი ექსპერტი იონ დე გრააფი წერს: „ნაცვლად იმისა, რომ მწარმოებლურობის გაუმჯობესებით გამოთავისუფლებული დრო პირადი სიამოვნებისთვის გამოეყენებინათ, ადამიანებმა ის უფრო მეტი ფულისა და ქონების მოხვეჭას მოახმარეს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენმა საზოგადოებამ დროს ფული არჩია“.