არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გათავისუფლდით ზედმეტი ტვირთისგან

გათავისუფლდით ზედმეტი ტვირთისგან

გათავისუფლდით ზედმეტი ტვირთისგან

ზედმეტი ტვირთის გარეშე ცხოვრებას არაფერი ჯობია. მაგრამ პრაქტიკულად როგორ შეიძლება ამის მიღწევა? უპირველესად იმაზე დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ძირითადად რას მიაქვს ჩემი დრო? რას მინდა მივაღწიო?“. ქვემოთ ჩამოწერეთ თქვენი მთავარი მიზნები:

1. ․․․․․

2. ․․․․․

3. ․․․․․

მრავალი ადამიანი დღევანდელი დღით ცხოვრობს. ფაქტობრივად, ისინი ასეთ რამეს ამბობენ: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ (1 კორინთელები 15:32). მათი აზრით, ცხოვრებაში იმაზე უკეთესი არაფერია, რომ მეტი იმუშაო და მეტი შეიძინო. ბიბლია არ ეთანხმება ამ აზრს.

ერთხელ იესომ იგავი მოჰყვა კაცზე, რომელმაც ბევრი ქონება დააგროვა, მაგრამ ისე მოკვდა, რომ ეს ქონება ვერ მოიხმარა. „ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ არის მდიდარი“ (ლუკა 12:16—21). არასწორად იქცეოდა ის კაცი, თავის სარჩენად ამდენს რომ შრომობდა? ნამდვილად არა. არასწორი ის იყო, რომ მას მხოლოდ მომხვეჭელობა ამოძრავებდა და ღმერთზე არ ფიქრობდა. ამიტომაც წყალში ჩაეყარა მთელი შრომა, რაც ქონების დაგროვებას მოახმარა (ეკლესიასტე 2:17—21; მათე 16:26).

იესო გვირჩევს, რომ ვიშრომოთ იმისთვის, რაც ჩვენს მარადიულ კეთილდღეობას მოემსახურება. მან თქვა: „ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის რჩება“ (იოანე 6:27). ვიდრე ამას იტყოდა, მან აღნიშნა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). ამაზე უკეთესი ჯილდო რაღა უნდა იყოს!

როგორ გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ საზრუნავს?

ჩვეულებრივ ადამიანებს აწუხებთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ ირჩინონ თავი და როგორ გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები. იესოს კარგად ესმოდა ეს და ამიტომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები: „ნუღარ დაუწყებთ ძებნას, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუღარ წუხხართ, რადგან ყოველივე ამას უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით, თქვენმა მამამ კი იცის, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე. თქვენ კი ეძებეთ მისი სამეფო და ეს ყველაფერი შეგემატებათ“ (ლუკა 12:29—31).

ამ სიტყვებმა მრავალი ქრისტიანი აღძრა, რომ გაემარტივებინა ცხოვრება. ჯულიეტა, რომელიც მალაიზიაში ცხოვრობს, ამბობს: „სამუშაოს გამო ყოველთვის გადაღლილი და უკმაყოფილო ვიყავი. ამიტომ მე და ჩემი ქმარი ვლოცულობდით, რომ იეჰოვა დაგვხმარებოდა ცხოვრების გამარტივებაში. მისმა პასუხმაც არ დააყოვნა. ერთ თვეში არასრულგრაფიკიანი სამუშაო შემომთავაზეს. უნარდაქვეითებული ბავშვებისთვის უნდა მესწავლებინა“. ავსტრალიაში მცხოვრებმა სტივმა, რომელიც შენობების გადახურვის სპეციალისტია, სამუშაო გრაფიკი ისე შეცვალა, რომ ოჯახისა და ღვთის მსახურებისთვის მეტი დრო დარჩენოდა. მისი მეუღლე მორინი ამბობს: „ახლა ყველანი გაცილებით ბედნიერები და კმაყოფილები ვართ. ბავშვებიც ძალიან ხარობენ. მოიშორეთ ზედმეტი ტვირთი, თუ გინდათ, რომ ბედნიერი ოჯახი გქონდეთ“.

თუ სამუშაო დაკარგეთ და ახლა სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე ხართ, ძლიერი რწმენა დაგჭირდებათ, რომ იესოს მითითება გაითვალისწინოთ. ამის მიუხედავად, თუ ღვთის მსახურებას პირველ ადგილზე დააყენებთ და ღმერთს მიენდობით, თქვენც შეძლებთ იცხოვროთ უბრალო და გაწონასწორებული ცხოვრებით. ეს დაგეხმარებათ მოიპოვოთ ჭეშმარიტი ანუ მარადიული სიცოცხლე ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში, სადაც ყველანაირი სამუშაო სასიამოვნო შესასრულებელი იქნება და ყველანაირი შრომა დაფასდება (1 ტიმოთე 6:17—19; ესაია 65:21—23).

გსურთ, მეტი გაიგოთ იმ სიცოცხლის შესახებ, რომელსაც ბიბლია გვპირდება? დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს ან მისწერეთ მათ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

[ჩანართი 9 გვერდზე]

ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ყველანაირი სამუშაო სასიამოვნო და კმაყოფილების მომგვრელი იქნება

[ჩარჩო 8 გვერდზე]

როგორ შეგიძლიათ დაისაქმოთ თავი

ქვემოთ მოცემულია იმ სამუშაოების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება პრაქტიკული აღმოჩნდეს თქვენთვის:

• ბავშვის, ავადმყოფის ან მოხუცის მოვლა.

• მაღაზიების, ოფისების და სახლების დალაგება; ახალგარემონტებული სახლების, ბინებისა და ხანძრით დაზიანებული შენობების დასუფთავება; ფანჯრების გაწმენდა (დაწესებულებებსა და სახლებში).

• მანქანების ან ელექტროხელსაწყოების შეკეთება.

• სახლებისა და ბინების რემონტი, კარადების და კარების აწყობა, შემოღობვა, გადახურვა.

• ბარვა, თოხნა, დარგვა, თესვა, მოსავლის აღება, ხილის კრეფა.

• დაწესებულებებსა და კერძო სახლებში ეზოებისა და ბაღების მოვლა.

• შენობების დაცვა (ზოგჯერ დარაჯებს საცხოვრებლითაც უზრუნველყოფენ).

• იატაკის დაგება-დასუფთავება, ხალიჩების რეცხვა.

• ჟურნალ-გაზეთების, სარეკლამო ფურცლების ან ქვითრების მიტანა დაწესებულებებსა და სახლებში.

• ტვირთის გადაზიდვა.

• გამწვანება, ხეების გასხვლა და მოჭრა, გაზონების მოვლა.

• სკოლის ავტობუსზე ან სამარშრუტო ტაქსზე მუშაობა.

• ფოტო ან ვიდეოგადაღება.

• მანქანის აქსესუარებით ვაჭრობა.

• ერთი მომსახურების სანაცვლოდ სხვა მომსახურების შეთავაზება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1996 წლის 8 მარტის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 3—11 (რუს.)

[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]

თვითდასაქმება სახლის პირობებში

გაარკვიეთ თქვენს სამეზობლოში, რა უფრო სჭირდება ხალხს. გამოავლინეთ ინიციატივა.

• ბავშვის მოვლა.

• საკუთარი ხილ-ბოსტნეულით, ყვავილებით ვაჭრობა.

• ტანსაცმლის კერვა და გადაკეთება, ფეხსაცმელების შეკეთება.

• ფირმის შეკვეთების შესრულება.

• ცხობა, საჭმლის მომზადება.

• საბნების კერვა, ქარგვა, ქსოვა, სუვენირებისა და სამკაულების დამზადება და სხვა ხელსაქმე.

• ავეჯის გადაკვრა.

• საბუღალტრო საქმე, კომპიუტერული მომსახურება სახლიდან გაუსვლელად.

• ბავშვების მომზადება.

• თმის შეჭრა და დავარცხნა.

• ბინის ან სხვა კერძო ფართის გაქირავება.

• ფირმებისთვის დოკუმენტების აკინძვა, წიგნების რესტავრაცია.

• მანქანების რეცხვა და გაპრიალება (როცა პატრონს თქვენთან სახლში მოჰყავს მანქანა).

• სადურგლო სამუშაოები.

• საკეტების შეკეთება და გასაღებების დამზადება.

შენიშვნა: თქვენი მომსახურების შესახებ რეკლამა უფასოდ ან დაბალ ფასში შეგიძლიათ განათავსოთ რომელიმე გაზეთში ან განცხადებებისთვის განკუთვნილ სხვა ადგილებში.