არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ორქიდეა მოთმინების საზღაური

ორქიდეა მოთმინების საზღაური

ორქიდეა მოთმინების საზღაური

ორქიდეების მოშენება ბევრისთვის სასიამოვნო საქმედ იქცა. მისი მოტრფიალეები საათობით სწავლობენ საყვარელი ჯიშების ლათინური სახელწოდებების სწორად წარმოთქმას. რატომ ხიბლავს ბევრს ორქიდეები ასე ძალიან?

ორქიდეების უამრავი სახეობა არსებობს. ველურ ბუნებაში დაახლოებით 25 000 სახეობაა აღმოჩენილი, ხოლო ოფიციალური მონაცემებით 100 000-ზე მეტი ხელოვნური გზით გამოყვანილი ჰიბრიდი არსებობს. ხელოვნური ჰიბრიდი იმას არ ნიშნავს, რომ მიწის, წყლისა და ჰაერისგან ბოტანიკოსებმა სრულიად ახალი ცოცხალი ორგანიზმი შექმნეს. ასეთი ჰიბრიდები ჯვარედინი დამტვერვის შედეგად იქმნება.

ორქიდეები სხვადასხვა ზომისაა იმისდა მიუხედავად, ველურ ბუნებაშია გაზრდილი თუ ხელოვნური გზით არის გამოყვანილი. არსებობს პაწაწინა ორქიდეები, რომელთა კარგად დანახვაც მხოლოდ გამადიდებელი შუშითაა შესაძლებელი, შედარებით მოზრდილები კი ფანჯრის რაფებზე იწონებენ თავს. ორქიდეის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ინდონეზიის ტროპიკულ ტყეში ხარობს, 500 კილოგრამზე მეტს იწონის.

ორქიდეები ფერთა მდიდარი გამითა და ფორმათა მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ზოგი ფორმით ძალიან ჰგავს ფუტკარს, პეპელას ან ჩიტს. ზოგ მათგანს იმდენად უცნაური ფორმა აქვს, რომ რთულია რამეს შეადარო. ისინი სილამაზით გამოირჩევიან და სელექციონერების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობენ. წლების განმავლობაში ამ ლამაზ ყვავილებზე ხელი მხოლოდ მდიდრებს მიუწვდებოდათ, მაგრამ დღეს ის ფუფუნების საგნად აღარ ითვლება. მოდით, თვალი გადავავლოთ მშვენიერი ორქიდეების საინტერესო ისტორიას.

„ორქიდეების ციებ-ცხელება“

ხალხს ოდითგანვე ხიბლავდა ორქიდეები, მაგრამ მათი გამოყვანის ეფექტურ გზებს შედარებით გვიან მიაგნეს. 1856 წელს ხელოვნური გზით გამოყვანილმა პირველმა ჰიბრიდმა გაიხარა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომხიბლავი, მაგრამ საკმაოდ პრეტენზიული ყვავილის მოშენება ხშირ შემთხვევაში უფრო დამქანცველი საქმე იყო, ვიდრე სასიამოვნო.

ორქიდეის თესლი მცირე ზომისაა, ზოგჯერ მტვრის ნაწილაკივით პატარა. ამის გამო დღემდე რთულია მისი გახარება, უფრო რთული კი — მისი გაზრდა. წლების მანძილზე სელექციონერები ცდილობდნენ, ორქიდეების თესლის აღმოსაცენებლად შესაფერისი პირობები შეექმნათ. 1922 წელს, დოქტორმა ლუის კნუდსონმა, რომელიც შეერთებულ შტატებში კორნელის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, აღმოაჩინა, რომ წყლის, შაქრისა და აგარის (ჟელეს მსგავსი ნივთიერება, რომელიც ზღვის წყალმცენარისგან მიიღება) ნაზავში თესლი კარგად ღივდებოდა და ხარობდა. მალე ორქიდეის მოყვარულებმა უამრავი ჰიბრიდი შექმნეს. „ციებ-ცხელება“ დღესაც გრძელდება და ყოველ წელს ჯერ არნახული ჯიშები გამოჰყავთ.

დიდი ხნით ადრე, სანამ ხელოვნურად მოაშენებდნენ, ორქიდეა ველურ პირობებში იზრდებოდა. როგორ იქმნებოდა ორქიდეების ჰიბრიდები ბუნებრივ პირობებში?

ორქიდეები ველურ ბუნებაში

როცა ორი ან მეტი სახეობის მონათესავე ორქიდეა ახლო-ახლოს ყვავილობს, ბუნებრივი გზით ახალი ჰიბრიდის წარმოქმნის ალბათობა იზრდება. ბუნებრივ გარემოში მწერები დამმტვერავის ფუნქციას ასრულებენ. როცა მწერი ორქიდეაზე ნექტრის მოსაპოვებლად ჯდება, მტვერი მის სხეულს ეკრობა და სხვა მასპინძელ ორქიდეებს მტვერავს. დამტვერილი ორქიდეა შეიძლება განაყოფიერდეს. ამ შემთხვევაში თესლის პარკი წარმოიშობა.

დროთა განმავლობაში თესლის პარკი მწიფდება, იხსნება და ათასობით, ზოგჯერ კი მილიონობით თესლს აბნევს. ზოგი თესლი მიწაზე ვარდება, ზოგი კი ქარს მიაქვს. იმ თესლსაც კი, რომელიც ფესვს იდგამს, გადარჩენის ნაკლები შანსი აქვს. ამიტომ საბოლოოდ მხოლოდ ცოტა თუ ხარობს. როცა ერთი სახეობის ყვავილიდან მეორე სახეობის ყვავილი იმტვერება, წარმოიქმნება ყვავილი, რომელსაც ბუნებრივი ჰიბრიდი ეწოდება. მაგრამ როგორ გამოჰყავთ ჰიბრიდები ხელოვნური გზით?

ჰიბრიდის გამოყვანა

თითოეული ჰიბრიდი თავისი მშობლებისგან გარკვეულ ნიშან-თვისებებს იღებს. აქედან გამომდინარე, სელექციონერი წინასწარ ფიქრობს იმაზე, როგორი ყვავილი უნდა რომ მიიღოს. შეიძლება მას სურს, რომ ყვავილს სპეციფიკური ფერი, ზოლები ან ხალები ჰქონდეს. მას შეუძლია გამოიყვანოს დიდი ან პატარა ზომის ყვავილები, რომლებსაც ყველა ეს ნიშან-თვისება ექნება. სურნელი კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია. სელექციონერი ითვალისწინებს ამ ყველაფერს და ირჩევს ორ ორქიდეას, რომლებიც თავიანთ შთამომავალს სავარაუდოდ სასურველ ნიშან-თვისებებს გადასცემენ. მაგალითად, მან ერთ-ერთ მშობლად შეიძლება შეარჩიოს ორქიდეის სახეობა Paphiopedilum armeniacum, რომელიც 1979 წელს ჩინეთში აღმოაჩინეს. ხშირ შემთხვევაში ეს ორქიდეა თავის ჰიბრიდულ შთამომავლებს მოოქროსფერო ყვითელი ფერით აჯილდოვებს. ზოგიერთი მათგანი საოცრად ლამაზია.

მას შემდეგ, რაც სელექციონერი მომავალი ჰიბრიდის მშობლებს შეარჩევს, იმ ორქიდეას, რომელიც მეორე ორქიდეის მტვრით უნდა დაიმტვეროს, წინასწარ მთლიანად აცლის მტვერს. კბილის საჩიჩქნით ან სხვა მსგავსი იარაღით, სელექციონერი მეორე ორქიდეის მტვერს პირველი ორქიდეის ყვავილის სვეტის ძირში ათავსებს. ჯვარედინი დამტვერვით მიღებულ ჰიბრიდს ის ორივე მშობლის სახელსა და დამტვერვის თარიღს აწერს.

მთავარია მოთმინება

თუ განაყოფიერება მოხდა, მაშინ დამტვერილი მშობლის ყვავილში საოცარი პროცესი დაიწყება. ძაფისებური მილები სვეტიდან ჩაიზრდება ბუტკოს იმ ნაწილში, რომელსაც ნასკვი ჰქვია. შედეგად ნასკვი გაჯირჯვდება და თესლის პარკს წარმოქმნის. მასში ასობით ან ათასობით მცირე ზომის თესლი ვითარდება, რომლებიც მტვრის მილებთან არიან დაკავშირებული. თვეები და შეიძლება წელზე მეტიც დასჭირდეს თესლის პარკის მომწიფებას. მომწიფებულ თესლებს სელექციონერი ათავსებს სტერილურ ჭურჭელში, რომელშიც აგარისა და საკვები ნივთიერების ნაზავია. თუ თესლები გაღივდა, მალე პაწაწინა ორქიდეები მწვანე ხალიჩასავით მოეფინება.

რამდენიმე თვის შემდეგ სელექციონერი ღივებს ჭურჭლიდან იღებს და ერთ საერთო ქოთანში გვერდიგვერდ რგავს. ის მზრუნველობას არ აკლებს ღივებს და ხშირად რწყავს. დროთა განმავლობაში სელექციონერი ორქიდეებს ცალ-ცალკე ქოთნებში რგავს. მოთმინება ახლა უფრო საჭიროა, რადგან ორქიდეის აყვავებას შეიძლება ათი წელიც კი დასჭირდეს.

წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებს სელექციონერი, როცა თავის გამოყვანილ ორქიდეაზე ყვავილს შენიშნავს. თუ ეს ახალი ჰიბრიდია, სელექციონერს შეუძლია ოფიციალური სახელი თავად შეურჩიოს მას. ამგვარად იმავე სახეობის მშობლებისგან მიღებულ ყველა ჰიბრიდს მომავალში ეს სახელი დაერქმევა.

ზოგჯერ სელექციონერებს ისეთი იდეალური კომბინაცია გამოსდით, რომ ეს ორქიდეების მოყვარულთა აღფრთოვანებას იწვევს. ასეთ სელექციონერებს აჯილდოებენ და მათი ყვავილები ძალიან ძვირი ღირს. რომ აღარაფერი ვთქვათ შემოსავალზე, სელექციონერისთვის ერთ რამედ ღირს თავისი შრომის ნაყოფით ტკბობა.

როგორც დავინახეთ, დიდი დრო და მოთმინება სჭირდება თვალწარმტაცი ორქიდეების გამოყვანას. მაგრამ სინამდვილეში ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც იეჰოვამ, ყოველივე ცოცხალის დიდებულმა შემოქმედმა გააკეთა. თითოეულ მცენარეში მან ჩადო რთული გენეტიკური კოდი, რისი წყალობითაც შეგვიძლია დავტკბეთ ამ უმშვენიერესი ყვავილებით. ჩვენ მხოლოდ მოწმენი ვართ იმ სიყვარულის, რაც ორქიდეათა ჰიბრიდების გასაოცარ მრავალფეროვნებაში ვლინდება. ჭეშმარიტია სიტყვები, რომლებიც ფსალმუნმომღერალმა დავითმა დაწერა: „რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყველაფერი სიბრძნით შექმენი. სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით“ (ფსალმუნი 104:24).

[სურათი 17 გვერდზე]

ჰიბრიდი Beallara

[სურათი 17 გვერდზე]

ჰიბრიდი Doritaenopsis

[სურათი 18 გვერდზე]

ჰიბრიდი Brassidium