არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გონივრულია გვჯეროდეს, რომ ღმერთი არსებობს?

გონივრულია გვჯეროდეს, რომ ღმერთი არსებობს?

გონივრულია გვჯეროდეს, რომ ღმერთი არსებობს?

გიფიქრიათ ოდესმე, რატომ იმართება ყველაფერი, უმცირესი ატომური ნაწილაკებით დაწყებული უზარმაზარი გალაქტიკებით დამთავრებული, ზუსტი მათემატიკური კანონებით? გაოცებთ სიცოცხლის მრავალფეროვნება, სირთულე და შთამბეჭდავი დიზაინი? ბევრი თვლის, რომ სამყარო და სიცოცხლე დიდი კოსმოსური აფეთქების და ევოლუციის შედეგად გაჩნდა. ზოგი კი თვლის, რომ ყველაფერი გონიერი შემოქმედის ნახელავია. რომელი ვერსია უფრო მისაღებია თქვენთვის?

მნიშვნელობა არა აქვს, რომელ შეხედულებას ემხრობით, ორივე შემთხვევაში რწმენაა საჭირო. ღვთის არსებობას რწმენის გარეშე ვერ დავიჯერებთ, რადგან ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“ (იოანე 1:18). მსგავსადვე, არც ერთ ადამიანს არ უნახავს, როგორ შეიქმნა სამყარო და როგორ გაჩნდა სიცოცხლე. არც ის უნახავს ვინმეს, რომ სიცოცხლის ერთი ფორმიდან უფრო დახვეწილი ან სრულიად განსხვავებული სიცოცხლის ფორმა ჩამოყალიბებულიყო. პალეონტოლოგიური მონაცემებიდან ჩანს, რომ ცხოველთა ძირითადი ჯგუფები ერთდროულად გაჩნდა და მას შემდეგ თითქმის არ შეცვლილა. * აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: რა უფრო სარწმუნოა, ევოლუცია თუ შემოქმედის არსებობა?

აქვს თქვენს რწმენას მტკიცე საფუძველი?

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ნამდვილი რწმენა „აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“ (ებრაელები 11:1). ფაქტია, რომ ყველას გვჯერა რაღაც უხილავი სინამდვილის.

მაგალითად, ისტორიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი და იესო ქრისტე ოდესღაც არსებობდნენ. საფუძვლიანია მათი რწმენა? დიახ, რადგან მათი რწმენა სარწმუნო ისტორიულ წყაროებზეა დაფუძნებული.

მეცნიერებსაც სჯერათ უხილავი სინამდვილისა, რადგან არსებობს ამ სინამდვილის „აშკარა მტკიცება“. მაგალითად, მე-19 საუკუნის რუსი ქიმიკოსი, დიმიტრი მენდელეევი გააოცა სამყაროს შემადგენელ ნაწილაკებს შორის არსებულმა კავშირმა. მათ შორის არსებული მსგავსება იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ისინი ატომური მასისა და ქიმიური თვისებების მიხედვით დაეჯგუფებინათ. მენდელეევს სწამდა, რომ ამ ჯგუფებს შორის არსებობდა რაღაც კავშირი, რის შედეგადაც მან შექმნა ელემენტთა პერიოდული სისტემა და ზუსტად იწინასწარმეტყველა იმ დროისთვის უცნობი ელემენტების არსებობა.

არქეოლოგებს ძველ ცივილიზაციებზე წარმოდგენა იმ ნაპოვნი ნივთების საფუძველზე ექმნებათ, რომლებიც ათასობით წელი ინახებოდა მიწაში. დავუშვათ, არქეოლოგმა აღმოაჩინა ერთ ზომაზე გათლილი და ერთმანეთზე დიდი სიზუსტითა და გეომეტრიული ფორმით დაწყობილი ლოდები, რაც ჩვეულებრივ ბუნებაში არ გვხვდება. რა დასკვნამდე მივა ის? საეჭვოა, რომ მან ეს ყველაფერი შემთხვევითობას მიაწეროს. ის დაასკვნის, რომ ეს ადამიანის ნახელავია, რაც გონივრული იქნება.

როცა ბუნებაში არსებულ საოცარ წესრიგს ვხედავთ, განა იგივე დასკვნამდე არ უნდა მივიდეთ?! ბევრი თვლის, რომ ამ ყველაფრის მიღმა ვიღაც დგას. ამ აზრს ცნობილი მეცნიერებიც იზიარებენ.

ბრმა შემთხვევითობა თუ მიზანმიმართული ჩანაფიქრი?

წლების წინ ინგლისელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი და ასტრონომი სერ ჯეიმზ ჯინზი წერდა, რომ მეცნიერული ცოდნის მატებასთან ერთად უფრო ნათელი ხდება, რომ „სამყაროს არსებობა დიდ ინტელექტთან უნდა იყოს დაკავშირებული და არა უმართავ მექანიზმთან“. მისი აზრით სამყარო „უბადლო მათემატიკოსის შექმნილს“ ჰგავს, რომლის უნარიცა და თვისებებიც ჩვენში პოულობს გამოძახილს.

მას შემდეგ, რაც ჯინზმა ეს სიტყვები დაწერა, სხვა მეცნიერებიც მსგავს დასკვნამდე მივიდნენ. „იმან, თუ ზოგადად სამყარო როგორ არის ორგანიზებული, მრავალი თანამედროვე ასტრონომი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ სამყარო შემოქმედებასთან უნდა იყოს დაკავშირებული“, — წერდა ფიზიკოსი პოლ დეივისი. ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიზიკოსი და მათემატიკოსი ალბერტ აინშტაინი წერდა: „სასწაულია ის ფაქტი, რომ [ბუნება] შეცნობადია“. ბევრი თვლის, რომ ეს სასწაული თვით სიცოცხლეა, მისი არსებობისთვის აუცილებელი ძირითადი ელემენტებით დაწყებული ადამიანის ტვინით დამთავრებული.

დნმ და ადამიანის ტვინი

დნმ ცოცხალი ორგანიზმების გენეტიკური მასალაა და მოლეკულურ დონეზე განსაზღვრავს მათ მემკვიდრეობითობას. * ამ რთული აგებულების მჟავას ხშირად ადარებენ გეგმას ან რეცეპტს, რადგან დნმ-ში ინფორმაცია ქიმიური ფორმით არის კოდირებული და იმ მოლეკულურ გარემოშია შენახული, რომელსაც შეუძლია გაშიფროს ეს კოდი და შესაბამისად იმოქმედოს. რამხელა ინფორმაციას ინახავს დნმ? თუ მის ძირითად შემადგენელ ნაწილებს, ნუკლეოტიდებს ანბანის ასოებად გარდავქმნით, როგორც ერთ ნაშრომშია ნათქვამი, ისინი „საშუალო ზომის წიგნის მილიონზე მეტ გვერდს გაავსებს“.

ორგანიზმების უმეტესობაში დნმ ძაფისებური წარმონაქმნების სახით გვხვდება ქრომოსომებში, რომლებიც ყველა უჯრედის ბირთვში ინახება. ბირთვის დიამეტრი საშუალოდ 5 მიკრომეტრია. * დაფიქრდით: თქვენი უნიკალური სხეულის განვითარებისთვის საჭირო ინფორმაცია ჩაწერილია ამ ნამცეცა „სათავსებში“, რომელთა დანახვაც მხოლოდ მიკროსკოპით არის შესაძლებელი. ერთმა მეცნიერმა სწორად შენიშნა, რომ ცოცხალ ორგანიზმებს „ინფორმაციის შენახვისა და მოძებნის ყველაზე კომპაქტური სისტემა“ აქვთ. თუ გავითვალისწინებთ, რამხელა ინფორმაციას იტევს კომპიუტერი, DVD და სხვა მსგავსი საშუალებები, ჩვენი დნმ ნამდვილად უნიკალურია. ამას ემატება ისიც, რომ დნმ-ის შესახებ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. „ყოველი ახალი აღმოჩენის შემდეგ, ვხვდებით, რომ ყველაფერი გაცილებით რთულია“, — აღნიშნულია ერთ-ერთ ჟურნალში (New Scientist). *

გონივრული იქნება, თუ ასეთ სრულყოფილ დიზაინს და მაღალორგანიზებულობას შემთხვევითობას მივაწერთ? თუ შემთხვევით იპოვით მილიონგვერდიან ინსტრუქციას, რომელშიც ინფორმაცია კოდირებულია, დაასკვნით, რომ ეს წიგნი თავისით დაიწერა? რას იფიქრებთ, თუ წიგნი იმდენად პატარაა, რომ მისი წაკითხვა მხოლოდ ძლიერი მიკროსკოპითაა შესაძლებელი? თან თუ ეს წიგნი შეიცავს ინსტრუქციას ისეთი ინტელექტუალური მანქანის შესაქმნელად, რომელსაც აქვს თვითაღდგენის უნარი და შედგება მილიარდობით ნაწილისგან, რომლებიც ზუსტად დადგენილ დროს და დადგენილი წესით უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს? რა თქმა უნდა, არავის აზრადაც არ მოუვა იმის თქმა, რომ წიგნი თავისით გაჩნდა.

ერთ დროს ათეიზმის თავგამოდებულმა დამცველმა, ბრიტანელმა ფილოსოფოსმა ანტონი ფლუმ, მას შემდეგ, რაც გაეცნო უჯრედში მიმდინარე პროცესებს, განაცხადა: „წარმოუდგენლად რთული პროცესები, რომლებიც (სიცოცხლის) წარმოშობისთვისაა აუცილებელი [იმაზე მეტყველებს], რომ ამ ყველაფერში ინტელექტი უნდა იყოს ჩარეული“. ფლუ არ აპირებს აზრის შეცვლას მიუხედავად იმისა, რომ ამ მოსაზრებამ მთელი მისი მრწამსი შეცვალა. ახლა მას სჯერა ღმერთის არსებობის.

მრავალ მეცნიერს ადამიანის ტვინიც საგონებელში აგდებს. ტვინს, რომელიც დნმ-ის წყალობით ვითარდება, „სამყაროში ყველაზე რთული ობიექტი“ უწოდეს. ამ კილონახევრიან, რუხი ფერის, ნეირონებისა და სხვა სტრუქტურებით დაქსაქსულ მასასთან შედარებით, სუპერთანამედროვე კომპიუტერიც კი პრიმიტიული ჩანს. ერთ-ერთი ნევროლოგის აზრით, რაც უფრო მეტს იგებენ მეცნიერები ტვინსა და გონებაზე, „მით უფრო საოცარი და ჩაუწვდომელი ხდება ის“.

დაფიქრდით: ტვინი საშუალებას გვაძლევს, ვისუნთქოთ, ვიცინოთ, ვიტიროთ, ამოვხსნათ თავსატეხები, შევქმნათ კომპიუტერები, ვატაროთ ველოსიპედი, დავწეროთ ლექსები და ღამით, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მოწიწებით ვუყუროთ. განა გონივრულია, რომ ადამიანის ყველა ეს უნარი და შესაძლებლობა ევოლუციას მივაწეროთ?

რწმენა, რომელიც ფაქტებს ეფუძნება

იმის გასაგებად, თუ ვინ ვართ, ევოლუციონისტებივით მაიმუნების და სხვა ცხოველების გამოკვლევა უნდა დავიწყოთ, თუ ღმერთს უნდა მივმართოთ? ფაქტია, რომ ბევრი რამ გვაქვს საერთო ცხოველებთან. მაგალითად, ჩვენც ვჭამთ, ვსვამთ, გვძინავს და წარმოვშობთ შთამომავლობას. მაგრამ ჩვენ მაინც ბევრი რამით განვსხვავდებით ცხოველებისგან. ჩვენ გაგვაჩნია მრავალი ისეთი თვისება, რომელიც უფრო მაღალი ინტელექტისგან, ღვთისაგან მომდინარეობს. ბიბლია უბრალო ენით ამბობს, რომ ღმერთმა ადამიანები თავის „ანარეკლად შექმნა“, რაშიც არა ფიზიკური, არამედ შინაგანი თვისებებით მსგავსება იგულისხმება (დაბადება 1:27). ღვთის ზოგიერთი თვისების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგი მუხლები: კანონი 32:4; იაკობი 3:17, 18; 1 იოანე 4:7, 8.

უშემოქმედმა „მოგვცა გონება“, რომ შევიმეცნოთ ჩვენ გარშემო არსებული სამყარო და ვიპოვოთ დამაკმაყოფილებელი პასუხები კითხვებზე (1 იოანე 5:20). ამასთან დაკავშირებით ფიზიკოსმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა, უილიამ ფილიპსმა დაწერა: „როცა ვაკვირდები როგორი მოწესრიგებული, შეცნობადი და ლამაზია სამყარო, ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი მაღალი ინტელექტის მქონე არსების შექმნილია. ფიზიკის კანონების ურთიერთკავშირი და მისი პრინციპების სიმარტივე მე, როგორც მეცნიერს, მიმტკიცებს ღვთის რწმენას“.

დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ, ბუნებაზე დაკვირვების შემდეგ ერთმა მამაკაცმა დაწერა: „მისი [ღვთის] უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომაელები 1:20). ეს სიტყვები ეკუთვნის ქრისტიან მოციქულ პავლეს, რომელიც განათლებული და მოსეს კანონში კარგად ჩახედული კაცი იყო. პავლეს ყველანაირი საფუძველი ჰქონდა იმისთვის, რომ დაეჯერებინა ღვთის არსებობა და სამართლიანად განედიდებინა ღმერთი შემოქმედებისთვის.

გულწრფელად გვსურს, თქვენც დარწმუნდეთ, რომ ღვთის რწმენა ნამდვილად არ არის უსაფუძვლო. მაგრამ მხოლოდ იმის დაჯერება, რომ ღმერთი არსებობს, საკმარისი არ არის. პავლესა და სხვა მილიონობით ადამიანის მსგავსად, თქვენც შეგიძლიათ დაინახოთ, რომ იეჰოვა ღმერთი არის სულიერი, მაგრამ რეალური პიროვნება, რომელსაც არაჩვეულებრივი თვისებები გააჩნია. სწორედ ეს თვისებები აღგვიძრავს იმის სურვილს, რომ უფრო მეტად დავუახლოვდეთ მას (ფსალმუნი 83:18; იოანე 6:44; იაკობი 4:8).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 იხილეთ 2006 წლის სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“, „ევოლუციური მოძღვრება — არის ის ფაქტებზე დაფუძნებული?“.

^ აბზ. 14 დნმ-ში იგულისხმება დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა.

^ აბზ. 15 მიკრომეტრი არის მეტრის მემილიონედი.

^ აბზ. 15 როდესაც ჩარლზ დარვინმა ევოლუციის თეორია ჩამოაყალიბა, მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა იმაზე, თუ რამდენად რთულია ცოცხალი უჯრედების აგებულება.

[ჩარჩო 24 გვერდზე]

ღირს რელიგიის სახელით ჩადენილი დანაშაულის გამო ღმერთზე უარის თქმა?

ბევრს არ სწამს შემოქმედის არსებობა იმ არასასიამოვნო ფაქტების გამო, რომლებიც მრავალი რელიგიის ისტორიას ლაქად ატყვია. ღირს ამის გამო ღმერთზე უარის თქმა? ანტონი ფლუს წიგნის შესავალში როი აბრაამ ვარგეზი აღნიშნავს: „რელიგიის უკიდურესობები და სისასტიკე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი არ არსებობს ისევე როგორც ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხე ეჭვქვეშ არ აყენებს ფორმულის E=mc2 სიზუსტეს“ (There Is a God). *

[სქოლიო]

^ აბზ. 32 ენერგია უდრის მასა გამრავლებული სინათლის სიჩქარის კვადრატზე.

[სურათები 23 გვერდზე]

თუ უძველესი ნაგებობის სტრუქტურით ვხვდებით, რომ ამაში ადამიანის ხელი ურევია, რა დასკვნამდე უნდა მიგვიყვანოს ბუნების სტრუქტურამ?

[სურათი 23 გვერდზე]

ალბერტ აინშტაინი

[სურათები 24, 25 გვერდებზე]

დნმ მიკროსკოპულ წიგნს ჰგავს, რომელშიც ჩაწერილია გონიერი არსებების შესაქმნელად საჭირო ინსტრუქცია

[სურათები 25 გვერდზე]

ადამიანის ტვინს „სამყაროში ყველაზე რთული ობიექტი“ ეწოდება

[სურათის საავტორო უფლება 22 გვერდზე]

© The Print Collector/age fotostock